მიდგომა
ზღვის მრავალი ტოქსინი პოტენციურად საზიანოა ადამიანებისათვის. ტოქსინებმა, რომლებიც ახდენენ ნატრიუმის არხების ბლოკირებას, მათ შორის საქსიტოქსინი, ტეტროდოტოქსინი და კონოტოქსინი, შეიძლება სწრაფად გამოიწვიოს მზარდი ნევროლოგიური გართულება სასუნთქი გზების დამცავი რეფლექსების დაკარგვით და შედეგად - აპნოე.[25]
ზღვის ტოქსინებთან კონტაქტის ამოცნობისას უნდა დადგინდეს კონტაქტის პოტენციური გზები და იდენტიფიცირდეს მზარდი ნევროლოგიური გაუარესება. ზღვის ტოქსინთან ექსპოზიციის შემთხვევების უმეტესობა ფიქსირდება ადგილობრივად. ზღვის ადგილობრივი ტოქსიკური ორგანიზმების ტოქსინებით გამოწვეული გავრცელებული სინდრომების და მათი მართვის ცოდნა მნიშვნელოვანია სანაპირო რეგიონებში მომუშავე ჯანდაცვის მუშაკებისთვის. მოგზაურობა, ზღვის პროდუქტების ხელმისაწვდომობა და ზღვის ორგანიზმების შეგროვების სიყვარული ხალხში, კიდევ უფრო გამოკვეთავს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჯანდაცვის მუშაკებმა იცოდნენ ზღვის ტოქსინებით გამოწვეული სინდრომების შესახებ. ზღვის ტოქსინთან ექსპოზირების მრავალი შემთხვევა ზღვიდან მოშორებითაც დაფიქსირდა.[12] გლობალური დათბობა ასევე ზრდის ზღვის ტოქსინებთან ექსპოზიციის რისკს იმ რეგიონებში, სადაც ადრე მსგავსი შემთხვევები არ ვლინდებოდა.[2] ტოქსიკური წყალმცენარეების ყვავილობა და ზღვის ძირითადი ორგანიზმები საჭიროებს თბილ წყლებს. ზღვის ტემპერატურის გაზრდასთან ერთად იზრდება ზღვის ტოქსინების ზემოქმედების.[22]
ზღვის ტოქსინთან კონტაქტის დადასტურება უმეტესად ხდება შესაბამისი ორგანოების მიერ მოლუსკში ან თევზში ტოქსინის გამოვლინებით.
ანამნეზი
ზღვის ტოქსინთან კონტაქტი ხდება დაბინძურებული ზღვის პროდუქტის მოხმარების შედეგად ან ზღვის ცხოველების მიერ ტოქსინების შეშვებით ორგანიზმში, რაც თავდაცვით მექანიზმს წარმოადგენს. მნიშვნელოვანია ზღვის პროდუქტთან კონტაქტის და ნიჟარას შეგროვების, ზღვაში ცურვის ან შესვლის, ყვინთვის, აკვარიუმის მოვლისა და მოგზაურობის ანამნეზის განსაზღვრა. დაბინძურებული ზღვის პროდუქტის მოხმარების შემთხვევაში მნიშვნელოვანია გამოვლინდეს, თუ რომელი ზღვის პროდუქტის მოხმარება მოხდა, როდის, საიდან არის ეს ზღვის პროდუქტი და როგორ მომზადდა. წესისამებრ, რესტორნები აფიქსირებენ წყაროს და კომერციული წყაროსგან შეძენილი მოლუსკის პარტიის ნომერს.
სპეციფიკური ზემოქმედების ტიპებია:
საქსიტოქსინით პოტენციურად დაბინძურებული მოლუსკის მოხმარება
ხორკლიანი თევზის (ფუგუ) მიღება
მოყვითალო კიბორჩხალას მოხმარება
ლურჯრგოლებიანი რვაფეხას მიერ ტეტროდოტოქსინის ინექცია
კონუსის მიერ კონოტოქსინის შეშხაპუნება.
სიმპტომები:
ჩვეულებრივ, გამოვლინდება ორალური დაბუჟება, შფოთვა, სისუსტე, ყლაპვის გაძნელება, ლაპარაკის გაძნელება, არასაკმარისი კოორდინაცია, სიარულის გაძნელება, დამბლა და ქოშინი. სიმპტომები კონტაქტის შემდეგ მალევე ვლინდება და გაცილებით სწრაფად ვითარდება, როდესაც ზემოქმედება ძლიერია.
ხშირია გულისრევა, ღებინება და დიარეა.
შეიძლება გამოვლინდეს თავბრუსხვევა, პოსტურული არასრული-სინკოპე, სინკოპე და ჰიპოვოლემიის სხვა სიმპტომები.
კონუსისებრი ლოკოკინას შხამით ინტოქსიკაციით გამოწვეული უკიდურესი ტკივილი.
იმ პაციენტებში, რომლებიც ნევროლოგიურ სიმპტომებს უჩივიან და ზღვის პროდუქტების მოიხმარენ, მნიშვნელოვანია ქრონოლოგიის დადგენა. ზღვის ტოქსინების უმეტესობის გამოვლინება სწრაფად იწყება (კონტაქტიდან 30 წუთის განმავლობაში) და ნევროლოგიური ნიშნები და სიმპტომები სწრაფად ვითარდება; შესაბამისი მართვის პირობებში გამოჯანმრთელება 24-დან 48 საათის განმავლობაში ხდება.
ფიზიკური გამოკვლევა
სასიცოცხლო ნიშნები ნორმალურია და შეიძლება შენარჩუნდეს მანამ, სანამ დამბლა არ გამოიწვევს ჰიპერკაპნიას, ჰიპოქსიას და გულსისხლძარღვთა უკმარისობას.
ფიზიკური გამოკვლევა მიმართული უნდა იყოს სისუსტის ამოცნობაზე და სასუნთქი გზების დაცვისა და ვენტილაციის ადეკვატურობის უზრუნველყოფაზე. ზღვის ტოქსინთან კონტაქტის შემდეგ, ადრეული გასინჯვით მდგომარეობა შეიძლება იყოს ნორმის ფარგლებსი. სინდრომთან ერთად სწრაფადვე ვითარდება კუნთოვანი სისუსტეც და შეიძლება პროგრესირდეს ელვისებურად. უნდა ჩატარდეს გამოკვლევა და განმეორებითი გამოკვლევა შემდეგი ნიშნების ამოსაცნობად:
ხმის შეცვლა, ნერწყვის გამოყოფა და ღებინების რეფლექსის შენარჩუნება
პროქსიმული კუნთოვანი სისუსტე, გულმკერდის კედლის სისუსტე და ვენტილაციის შენარჩუნება.
დეჰიდრატაციის ნიშნებზე გამოკვლევა უნდა ჩატარდეს იმ პირებისთვის, რომლებსაც შეენიშნებათ ღებინება და დიარეა. საქსიტოქსინით მოწამვლა ხშირად იწვევს ჰიპერტენზიას. მიუხედავად იმისა, რომ ჰიპერტენზია ასოცირებული არ არის ტეტროდოტოქსინთან ან კონოტოქსინთან, აღწერილია იშვიათი შემთხვევები ტეტროდოტოქსინით პაციენტის მოწამვლის ჰიპერტენზიული გამოვლინების შესახებ.[26]
საწყისი კვლევები
ლაბორატორიული და რადიოლოგიური კვლევები, როგორც წესი, არ ამჟღავნებენ ზღვის ტოქსინთან კონტაქტს. არ არსებობს საყოველთაოდ ხელმისაწვდომი ტესტები ადამიანის სისხლში ან შარდში ტოქსინების გამოსავლენად.
დიაგნოზი კლინიკურია; ეფუძნება ნიშნებსა და სიმპტომებს და ზღვის პროდუქტების ან მოლუსკების მიღების ანამნეზს ან მოლუსკების შეგროვების, ზღვაში ცურვის ან შესვლის, ყვინთვის ან აკვარიუმის მოვლის ანამნეზს. ზღვის ტოქსინთან კონტაქტის დადასტურება უმეტესად ხდება შესაბამისი ორგანოების მიერ მოლუსკში ან თევზში ტოქსინის გამოვლინებით მაღალი ხარისხის თხევადი ქრომატოგრაფიის გამოყენებით.[27] ამ გამოკვლევების ჩატარებას ხშირად რამდენიმე დღე ან კვირა სჭირდება; კლინიკური სურათის სწორად ამოცნობა და დამხმარე მართვა მნიშვნელოვანია ზღვის ტოქსინთან კონტაქტების შემთხვევების თავდაპირველი მართვისთვის.
სხვა გამოკვლევები
პულსოქსიმეტრია, კაპნოგრაფია, ფილტვის სერიული ფუნქციური ტესტები (როგორიცაა, ფორსირებული სასიცოცხლო ტევადობა (FVC), ჩასუნთქვის უარყოფითი ძალა, ამოსუნთქვის მაქსიმალური სიჩქარე და CO₂-ის დონე ამოსუნთქვის ბოლოს) და არტერიული სისხლის ტესტები ინფორმატიულია მოწამვლის სიმძიმის შესაფასებლად და სასუნთქი გზების კონტროლისა და რესპირატორული მხარდაჭერის საჭიროების მონიტორინგისთვის.
სხვა გასათვალისწინებელი გამოკვლევებია:
გულმკერდის რენტგენი იმ პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ სასუნთქი გზების კონტროლის დაკარგვა და ფილტვისმიერი ასპირაცია.
ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია იმ პაციენტებთან, რომლებსაც შეენიშნებათ გაურკვეველი გამოვლინებები და შესაძლო ინტრაკრანიალური პროცესები.
სისხლის შრატის ელექტროლიტების ტესტები იმ პაციენტებთან, რომლებთანაც მოსალოდნელია გასტროინტესტინურ ტრაქტთან დაკავშირებულ მნიშვნელოვანი გართულებები და შესაძლო დეჰიდრატაცია; აღნიშნული ტესტები შეიძლება ასევე სასარგებლო იყოს პარესთეზიის სხვა მიზეზების შეფასებისას.
მომავალი კვლევები
შრატში ან შარდში ტოქსინის ანალიზი წარმოადგენს პოტენციურ ტესტს ზღვის ტოქსინების აღმოსაჩენად, მაგრამ მსგავსი კვლევები ფართოდ ხელმისაწვდომი არ არის.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას