ანამნეზი და გასინჯვა

ენდეთ მითითებებს

ebpracticenet პრიორიტეტი მიანიჭეთ ჩამოთვლილ ადგილობრივ გაიდლაინებს:

Richtlijn acute rinosinusitisავტორი: Werkgroep Ontwikkeling Richtlijnen Eerste Lijn (Worel)ბოლო გამოქვეყნება: 2023Guide de pratique clinique rhinosinusite aiguëავტორი: Groupe de travail Développement de recommandations de première ligneბოლო გამოქვეყნება: 2023

ძირითადი დიაგნოსტიკური ფაქტორები

ხშირი

სიმპტომების ხანგრძლივობა <10 დღეზე (მწვავე ვირუსული სინუსიტი)

თუ სიმპტომები ვლინდება 10 დღეზე ნაკლები დროის განმავლობაში, ეს საფიქრებელს ხდის მწვავე ვირუსული სინუსიტის არსებობას. ჩვეულებრივ, სიმპტომები პიკს აღწევს ადრეულ ეტაპზე და შემდეგ თანდათან უკუგანვითარებას განიცდის.[1][24][25]

სიმპტომების ხანგრძლივობა >10 დღეზე, თუმცა <4 კვირაზე (მწვავე ბაქტერიული სინუსიტი)

სიმპტომების არსებობა 10 დღეზე მეტი დროის განმავლობაში ყოველგვარი გაუმჯობესების გარეშე შესაძლოა მიანიშნებდეს ბაქტერიული ინფექციის არსებობაზე, თუმცა ანტიბიოტიკოთერაპიის ეფექტურობა ასეთი პაციენტებისთვის ნაკლებადაა მოსალოდნელი იმ პაციენტებთან შედარებით, რომელთაც დებიუტშივე აღენიშნა მძიმე ფორმის სიმპტომები, ან აღენიშნა სიმპტომების გაუარესება საწყისი გაუმჯობესების კვალდაკვალ.[1][2]

სიმპტომები, რომელნიც განიცდის გაუარესებას საწყისი გაუმჯობესების კვალდაკვალ (მწვავე ბაქტერიული სინუსიტი)

სიმპტომების გაუარესება საწყისი გაუმჯობესების შემდეგ (ე.წ. "მეორე ტალღა") მიანიშნებს მეორადი ბაქტერიული ინფექციის შესაძლებლობაზე. ტიპიური სცენარის მიხედვით, პაციენტს აღენიშნება ვირუსული სინუსიტის სიმპტომები, რომელნიც უმჯობესდება 5 დღის შემდეგ, რათა კვლავ გაუარესდეს 2-3 დღის დაყოვნებით.[1][2][24][25]

ჩირქოვანი გამონადენი ცხვირიდან

შეესაბამება შემღვრეულ ან შეფერილ (მოყავისფრო, მოყვითალო, მომწვანო) ცვხირის ლორწოვან სეკრეტს. შესაძლოა აღინიშნოს პაციენტის მიერ, ან გამოვლინდეს ფიზიკალური გასინჯვისას (მაგ. ცხვირის ღრუში, შუა გასასვლელში, ან ხახის უკანა კედელზე). წარმოადგენს არა-სპეციფიურ სიმპტომს, რომელიც შესაძლოა ახლდეს როგორც ვირუსულ, ისე ბაქტერიულ სინუსიტს.

ნაზალური ობსტრუქცია

შეესაბამება შეგუბებას, დახშობას, ან ბლოკირებას. გასინჯვისას შესაძებელია ძგიდის ან ნიჟარის შეშუპებული ლორწოვანი გარსის ხილვა. არა-სპეციფიური სიმპტომი, რომელიც შესაძლოა ასოცირდებოდეს როგორც ვირუსულ, ან ბაქტერიულ სინუსიტთან, ასევე ალერგიულ რინიტთან.

სახის არეში ტკივილი/ზეწოლის შეგრძნება

აღინიშნება პაციენტის მიერ, როგორც თავის ტკივილი ან დისკომფორტი სახის წინა არეში ან პერიორბიტალურად.[1] არა-სპეციფიური სიმპტომი, რომელიც შესაძლოა ასოცირდებოდეს როგორც ვირუსულ, ისე ბაქტერიულ სინუსიტთან.[1]

იშვიათი

მძიმე ფორმის სიმპტომები დაავადების დებიუტში (მწვავე ბაქტერიული სინუსიტი)

სიმპტომები, რომელნიც მძიმე ფორმითაა წარმოდგენილი დაავადების დებიუტში, საფიქრებელს ხდის ბაქტერიული ინფექციის არსებობას.[24]

კბილის ტკივილი

შესაძლოა აღინიშნოს პაციენტის მიერ, ან გამოვლინდეს ფიზიკალური გასინჯვისას ზედა ყბის კბილების პერკუსიით. მიანიშნებს მწვავე მაქსილარული სინუსიტის არსებობაზე.

სხვა დიაგნოსტიკური ფაქტორები

ხშირი

ხველა

შესაძლოა განვითარდეს მეორადად, პოსტ-ნაზალური დრენაჟის, ან სინუსიტის შემდეგ ასთმის გამწვავების შედეგად; განსაკუთრებით ხშირია ბავშვთა ასაკში.

მიალგია

ჩვეულებრივ, ასოცირებულია მწვავე ვირუსულ სინუსიტთან.

ყელის ტკივილი

როგორც წესი, ასოცირდება მწვავე ვირუსულ სინუსიტთან პოსტნაზალური ჩამონადენის შედეგად და მასთან დაკავშირებული ხველასთან.

ჰიპოსმია

ყნოსვის დაკარგვა შეიძლება გამოვლინდეს მწვავე სინუსიტის დროს, როგორც ვირუსული, ასევე ბაქტერიული ეტიოლოგიის შემთხვევაში.

შეშუპებული ცხვირის ნიჟარები

ასოცირდება ცხვირის ღრუს გარსის ნებისმიერ ანთებით პროცესთან, არის ეს ალერგიული, ვირუსული, თუ ბაქტერიული ეტიოლოგიის. ნიჟარის შეშუპების მოხსნა აუცილებელია შუა გასავალში დაჩირქების აღმოსაჩენად ინსპექციის ჩატარებამდე.[17]

იშვიათი

ცხელება

შესაძლოა ვლინდებოდეს მწვავე ვირუსული სინუსიტის დროს, თუმცა ზრდასრულებთან შედარებით უფრო ხშირია ბავშვთა ასაკში. ბაქტერიული სინუსიტი ვირუსულ სინუსიტთან შედარებით ნაკლებადაა გავრცელებული, თუმცა ცხელების უეცარი გამოვლენა და სიმპტომების გაუარესება საწყისი გაუმჯობესების კვალდაკვალ მწვავე რინოსინუსიტის დროს მიანიშნებს ბაქტერიული სინუსიტის არსებობაზე.

რისკფაქტორები

ძლიერი

ზედა სასუნთქი გზების ვირუსული ინფექცია

ზედა სასუნთქი გზების ვირუსული წარმოშობის ინფექციების დაახლოებით 0.5%-დან 2%-მდე განიცდის პროგრესირებას მწავე ბაქტერიულ სინუსიტამდე. ყოველწლიურად მხოლოდ შეერთებულ შტატებში სავარაუდო მწვავე ბაქტერიული სინუსიტის დაახლოებით 20 მილიონი შემთხვევა ფიქსირდება.[1]

ალერგიული რინიტი

განაპირობებს ლორწოვანი გარსის ანთებას, რომელიც თავისმხრივ იწვევს სინუსის გამომტანი ხვრელის გაუვალობას და სინუსის ვენტილაცია და დრენაჟი შეუძლებელია.[10] ალერგიული რინიტის მკურნალობა შესაძლოა ამ რისკს ამცირებდეს.

სუსტი

გასტრო-ეზოფაგური რეფლუქსური დაავადება(GORD)

გასტრო-ეზოფაგური რეფლუქსის არსებობას ცხვირხახაში შესაძლოა მოჰყვეს ისეთი სიმპტომების განვითარება, რომელიც წააგავს სინუსიტს. პედიატრიულ პოპულაციაში იგი ასოცირდება ქრონიკულ სინუსიტთან, თუმცა არ განაპირობებს მწვავე სინუსიტის განვითარებას.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას