მიდგომა

მაობლიტირებელი ბრონქიოლიტი ორგანიზაციულ პნევმონიასთან ერთად (BOOP) წარმოადგენს ფილტვების ანთებით დაავადებას, შესაბამისად, ზოგადი მიდგომა მდგომარეობს ანთებითი პროცესის მკურნალობაში. საუკეთესო გზას წარმოადგენს კორტიკოსტეროიდული თერაპია. მკურნალობის მოცულობა და ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების სიმძიმეზე და პასუხზე მედიკამენტების მიმართ. რიგ ვითარებებში შესაძლებელია მონიტორინგი მკურნალობის გარეშე. თავდაპირველი ფაზის შემდეგ მიზანშეწონილია ფილტვის რეაბილიტაციის და სავარჯიშო პროგრამების ჩართვა.

ორგანიზაციული პნევმონიის სიმძიმე განისაზღვრება სუნთქვის გაძნელებით, რადიოგრაფიული ნიშნების გავრცელების ხარისხით, აგრეთვე ფილტვის ფუნქციური ტესტირეიბს მონაცემებით, როგორიცაა დიფუზიური ტევადობის შემცირება პროგნოზირებად 50%-ზე ნაკლებად, აგრეთვე ჟანგბადის დესატურაცია <85%-ზე სიარულისას.

სწრაფად პროგრესირებადი ორგანიზაციული პმევმონია

სწრაფად პროგრესირებადი BOOP იწყება გრიპის-მაგვარი ავადმყოფობით, რომელსაც მოსდევს სუნთქვის გაძნელების და რესპირატორული უკმარისობის სწრაფი პროგრესირება რამდენიმე დღის განმავლობაში. პაციენტი ჰოსპიტალიზებულია ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში (ICU), უზრუნველყოფილია სუნთქვის მხარდაჭერა მექანიკური ვენტილაციის გზით და დაწყებულია კორტიკოსტეროიდული თერაპია. აღნიშნული პათოლოგია აგრეთვე შესაძლებელია კვალიფიცირდეს, როგორც მწვავე ფიბრინოზული ორგანიზაციული პნევმონია (AFOP).[53]

ავტორის გამოცდილების თანახმად, ორგანიზაციული პნევმონიის აღნიშნული ტიპის მკურნალობა ზოგადად ხდება მწვავე ინტერსტიციური პნევმონიის მკურნალობის ანალოგიურად, თუმცა საჭიროებს კორტიკოსტეროიდების და ციკლოფოსფამიდის შედარებით მაღალ დოზებს.

კრიპტოგენური ორგანიზაციული პმევმონია

კორტიკოსტეროიდული თერაპია წარმოადგენს კრიპტოგენული ორგანიზაციული პნევმონიის პირველი რიგის მკურნალობას. პერორალური პრედნიზონი (პრედნიზოლონი) ინიშნება მაღალი დოზით (ანუ, 40-60 მგ/დღეში) და კლებულობს მომდევნო 6 თვის განმავლობაში.[54]

სიმძიმე განისაზღვრება სუნთქვის გაძნელების სიმპტომებით, რადიოგრაფიული ნიშნების გავრცელების ხარისხით, აგრეთვე დიფუზიური ტევადობის შემცირებით პროგნოზირებად <50%-ზე. საერთო ჯამში, 6 თვის ხანგრძლივობის მკურნალობა ეფექტურია პაციენტთა უმრავლესობისთვის, თუმცა შესაძლოა საჭირო გახდეს მისი გახანგრძლივება 1 წლამდე. პაციენტთა დაახლოებით 5%-ს შეიძლება დასჭირდეს წყვეტილი დოზები 3-დან 5 წლამდე და, როგორც ჩანს, ეს არ იმოქმედებს სიკვდილობაზე ან ავადობაზე.[54]

მსუბუქი დაავადება შეიძლება პასუხობდეს მაკროლიდურ ანტიბიოტიკებზე.[55] თუმცა, ყველა მიმდინარე კვლევა ობსერვაციული დიზაინისაა და საჭიროა კრიპტოგენული ორგანიზაცული პნევმონიის დროს მაკროლიდების გამოყენების შესწავლა კლინიკურ კვლევებში. ერითრომიცინი წარმატებით იყო გამოყენებული 6 იაპონელი ქალის შემთხვევაში, რომალთაგან 1-ს აღენიშნა მკურნალობაზე პასუხი 2 თვის შემდეგ, ხოლო 5-ს პასუხი გაუვითარდა 3 თვის შემდეგ.[56] აგრეთვე წარმატებით იყო გამოყენებული კლარიტრომიცინი.[55] აზიტრომიცინი ასევე შესაძლოა აღმოჩნდეს ეფექტური. მაკროლიდები შესაძლოა გამოსადეგი იყოს რეციდივების პრევენციისთვისაც.

მეორეული ორგანიზაციული პმევმონია

მედიკამენტების მიღებასთან დაკავშირებული ორგანიზაცული პნევმონია შექცევადია მედიკამენტების შეწყვეტასთან და/ან კორტიკოსტეროიდული თერაპიის დაწყებასთან ერთად, რაც აგრეთვე დამოკიდებულია დაავადების სიმძიმეზე. თუ სიმპტომები არ არის მძიმე ფორმის, მიზეზობრივი მედიკამენტის მიღების შეწყვეტისას შესაძლოა აღინიშნოს გარკვეული გაუმჯობესება. თუმცა, თუ სიმპტომები საშუალო ან მძიმე ფორმისაა, აუცილებელია მიზეზობრივი მედიკამენტის მიღების შეწყვეტა და კორტიკოსტეროიდების დაწყება დაუყონებლივ.

ტოქსინის ექსპოზიციასთან დაკავშირებული ორგანიზაცული პნევმონიის მკურნალობა ითვალისწინებს ტოქსინთან ყოველგვარი კონტაქტის დაუყონებლივ არიდებას და კორტიკოსტეროიდული თერაპიის დანიშნვას.

პოსტ-რადიაციული ორგანიზაცული პნევმონია შესაძლოა გამოვლინდეს ფილტვის ყველა წილში და ლაგდება მკურნალობის გარეშე, ან კორტიკოსტეროიდებით მკურნალობის ფონზე, ორგანიზაცული პნევმონიის სიმძიმიდან გამომდინარე.[22]

პოსტ-ინფექციური ორგანიზაცული პნევმონიის შემთხვევაში გამომწვევი ინფექცია შესაძლოა ალაგდეს თავისთავად (ზოგიერთი ვირუსული პნევმონიისას), ან განიკურნოს შესაბამისი ანტიბიოტიკების ან ანტიმალარიული საშუალებების გამოყენებით. კორტიკოსტეროიდული თერაპია, ჩვეულებრივ, ეფექტურია და შედეგად მოაქვს დაავადების სრული ალაგება.

როდესაც ორგანიზაცული პნევმონია დაკავშირებულია რევმატოლოგიურ ან შემაერთებელი ქსოვილის დაავადებებთან, იგი ხშირად პასუხობს კორტიკოსტეროიდულ თერაპიას.

კორტიკოსტეროიდული თერაპიის წარუმატებლობა

თუ პრედნიზონი (პრედნიზოლონი) არ იყო ეფექტური ან მისი დოზის შემცირება შეუძლებელი იყო 40 მგ/დღე-ზე ქვემოთ, აზათიოპრინი და ციკლოსპორინი გამოიყენებოდა განსხვავებული წარმატებით, როგორც კორტიკოსტეროიდების შემნახველი აგენტები.[57]

მსგავს ვითარებებში ძალიან მნიშვნელოვანია იმის დადასტურება, რომ პირველადი პროცესი წარმოადგენს ორგანიზაცულ პნევმონიას (არ ვლინდება ფიჭისებრი სურათი მაღალი რეზოლუციით კომპიუტერულ-ტომოგრაფიული სკანირებისას), რადგან კორტიკოსტეროიდების მიმართ ფაქტობრივი რეზისტენტობის მქონე ბევრ პაციენტს არ აღენიშნება პირველადი ორგანიზაცული პნევმონია, სამაგიეროდ აღენიშნება თანმხლები მაფიბროზებელი პროცესი, როგორიცაა ინტერსტიციული პნევმონია ან არა-სპეციფიკური ინტერსტიციული პნევმონია, რომელიც არ პასუხობს კორტიკოსტეროიდულ თერაპიას. ამ შემთხვევაში, ორგანიზაცული პნევმონია წარმოადგენს მეორად ანთებით პროცესს, რომელიც პასუხობს კორტიკოსტეროიდულ თერაპიას.

მორეციდივე ორგანიზაცული პნევმონიის მკურნალობა

ორგანიზაცული პნევმონია შესაძლებელია ხელახლა განუვითარდეს პაციენტების ერთ მესამედს. სიმპტომები ამ შემთხვევაში საწყისი ეპიზოდის მსგავსია და რადიოგრაფიული მონაცემები, ჩვეულებრივ, იმავე ნიშნებით ხასიათდება, თუმცა შესაძლოა პროცესის გავრცელება ფილტვების ახალ უბნებზე.

თუ ორგანიზაცული პნევმონიის რეციდივი ვლინდება სიმპტომების და რადიოგრაფიული მონაცემების რეციდიული განვითარებით და დიფუზიური ტევადობის გაუარესებით, პრედნიზონის (პრედნიზოლონის) ხელახლა გამოყენება იწყება რეციდივის დროს გამოყენებულ დოზაზე 20 მგ-ით უფრო მაღალი დოზით. აღნიშნული, ხელახალი დოზა ინიშნება 3 თვით, შემდეგ ხდება მისი თანდათანობრივი შემცირება.[54] მეორე და მესამე რეციდივის მკურნალობა შესაძლებელია იგივე გზით.

ძალიან იშვიათ შემთხვევებში, თუ პაციენტს არ აღენიშნა პასუხი მკურნალობაზე, ან აქვს უჩვეულო ან ჰიბრიდული ფორმა, შესაძლოა საჭირო გახდეს ფილტვის ტრანსპლანტაცია.

პულმონალური რეაბილიტაცია

რეაბილიტაცია წარმოადგენს ორგანიზაცული პნევმონიის შუა და გვიანი ფაზების მართვის მნიშვნელოვან ნაწილს (მკურნალობის საწყისი რამდენიმე დღის შემდეგ, პაციენტის ამბულატორულ ეტაპზე და სიმპტომების და რადიოგრაფიული ნიშნების გაუმჯობესების კვალდაკვალ). იგი ითვალისწინებს სავარჯიშო პროგრამას კუნთების ფორმის, კუნთთა ოქსიგენაციის ეფექტიანობის და ზოგადი კეთილდღეობის განცდის გაუმჯობესების მიზნით. პაციენტები აგრეთვე ღებულობენ ინსტრუქციებს სავარჯიშო პროგრამის გაგრძელებისთვის ბინაზე, ან კომერციულ სავარჯიშო დარბაზებში.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას