ანამნეზი და გასინჯვა
ძირითადი დიაგნოსტიკური ფაქტორები
ხშირი
რისკ-ფაქტორების არსებობა
მთავარი რისკფაქტორებია: უახლოეს წარსულში გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტი, ახლახან ჩატარებული ოპერაცია ან იმობილიზაცია, მძიმე ფორმის ინფექცია, სისხლდენა და ახალი მედიკამენტების გამოყენება (ანაფილაქსია).
ცნობიერების შეცვლა/აგზნება
აგზნება ახასიათებს შოკის ადრეულ, მსუბუქ სტადიას, მაშინ როცა, ცნობიერების დაბინდვა უფრო მძიმე ფორმის შოკზე მიუთითებს. ის ასევე შესაძლო მეორეულ ჰიპოქსიასა ან ჰიპოგლიკემიაზე მიანიშნებდეს.
ჰიპოტენზია
ჰიპოტენზია, ძირითადად განისაზღვრება, როგორც სისტოლური არტერიული წნევა <90 მმ.ვწყ.სვ. მოზრდილებში.[2][3] უფრო მაღალი არტერიული წნევა არ გამორიცხავს არაადეკვატურ პერფუზიას ან ადრეულ შოკს (მაგ., სისტოლური არტერიული წნევა <100 მმ.ვწყ.სვ. ადრეული სეპტიკური შოკის დროს). რუტინულ სფიგმომანომეტრიასთან შედარებით უპირატესია წნევის პირდაპირი გაზომვა ავტომატური მანჟეტიანი მოწყობილობებით ან არტერიული კათეტერით, რადგან არტერიული წნევის პირდაპირი გაზომვა უფრო ზუსტია და უწყვეტი მონიტორინგის საშუალებას იძლევა. არტერიული კათეტერის გამოყენება უზრუნველყოფს არტერიული სისხლის ნიმუშებთან წვდომას.[1]
სხვა დიაგნოსტიკური ფაქტორები
ხშირი
ტაქიპნოე
შესაძლოა იყოს ჟანგბადის გაზრდილ მიწოდებაზე კომპენსატორული ფიზიოლოგიური პასუხის ან ფონური ეტიოლოგიის (მაგ., დაჭიმული პნევმოთორაქსის ან სეფსისის) სიმპტომი.
ტაქიკარდია
ჰიპოტენზიაზე ფიზიოლოგიური პასუხი, გულის წუთმოცულობის შემოწმებისა და შენარჩუნებისთვის; შესაძლოა შეფერხებული იყოს გულის რეზერვით ან ისეთი ფარმაკოლოგიური აგენტებით, როგორებიცაა ბეტა ბლოკერები.
გახანგრძლივებული კაპილარული ავსება
გახანგრძლივებული კაპილარული ავსება ჩვეულებრივ, განისაზღვრება როგორც კანის გაფერმკრთალების უკუგანვითარება წნევის დაცემიდან 2-3 წამზე მეტი ხნის შემდეგ. აღნიშნული მიუთითებს კანის დაქვეითებულ პერფუზიაზე, თუმცა არა კონკრეტულად შოკზე (ის შესაძლოა გახანგრძლივებული იყოს ასაკის მატებასთან ერთად ან დაბალი ტემპერატურის დროს).
ოლიგურია
შარდის გამოყოფის სიჩქარე <0,5 მლ/კგ/სთ >6 საათზე მეტი ხნის განმავლობაში მიუთითებს თირკმლის ჰიპოპერფუზიაზე და მკურნალობის ჩაუტარებლობისას შეიძლება განვითარდეს თირკმლის მწვავე უკმარისობა.[40]
კუნთების სისუსტე
შესაძლოა გამოვლინდეს ბევრი შოკური მდგომარეობის დროს და მიანიშნებდეს სასიცოცხლო ორგანოებისა და კუნთების დაქვითებულ პერფუზიაზე.
ციანოზი
ციანოზური ან აჭრელებული კანი მიუთითებს კანის დაქვეითებულ პერფუზიაზე. ისევე როგორც გახანგრძლივებული კაპილარული ავსების შემთხვევაში, ეს ნიშანი, გარდა დისტრიბუციული ფორმისა, ხშირია მძიმე ფორმის შოკის დროს.
ცივი კიდურები
გრილი ხელები და ტერფები დაქვეითებულ პერიფერიულ პერფუზიაზე მიუთითებს, თუმცა არა კონკრეტულად შოკზე. ცივი კიდურები ხშირია მძიმე ფორმის შოკის დროს, გამონაკლისია დისტრიბუციული ფორმის შოკი.
ტრავმის ნიშანი
თუ შოკი ვითარდება ტრავმის დროს, განსახილველია: სისხლდენა, დაჭიმული პნევმოთორაქსი ან გულის ტამპონადა.
პეტექიური გამონაყარი
კლასიკური ნიშანი მენინგოკოკური სეპტიცემიის დროს.
ტკივილ გულმკერდის არეში
კლასიკურად თან ახლავს მიოკარდიუმის ინფარქტს, თუმცა ასევე შეიძლება იყოს დაჭიმული პნევმოთორაქსის ან ტრავმის ნიშანი, ან შოკის შედეგად განვითარებული გულის იშემიის მეორეული ნიშანი.
იშვიათი
ცხელება
შესაძლოა აღინიშნოს სეპქტიკური შოკის დროს.
მუცლის ტკივილი
არასპეციფიკური ნიშანია, მაგრამ შესაძლოა განვითარდეს მუცლის აორტის ანევრიზმის გაგლეჯის (კლასიკურად ვლინდება წელის ტკივილი) ან სეპტიკური შოკის შემთხვევაში, რომლის დროსაც ინფექციის წყარო მუცლის/მენჯის ღრუშია. მუცლის ტკივილი ასევე მგრძნობიარე სიმპტომია საშვილოსნოსგარე ორსულობის დროს; ამ დროს დამახასიათებელია უნილატერალური ტკივილი მუცლის ქვედა არეში, თუმცა შესაძლოა, ის გენერალიზებული ან მუცლის ზედა ნაწილში იყოს ლოკალიზებული.
საუღლე ვენის შებერილობა
საუღლე ვენის შებერილობა დამხმარეა შოკის სხვადასხვა გამომწვევი მიზეზების დიფერენცირებისთვის. გამოხატული შებერილობა მიუთითებს პერიკარდიუმის ტამპონადის, დაჭიმული პნევმოთორაქსის, ფილტვის მასიური ემბოლიის ან გულის მარჯვენამხრივი უკმარისობის არსებობაზე.
პერიფერული ედემა
კლასიკურად დაკავშირებულია გულის უკმარისობასთან, მაგრამ შესაძლოა ასევე გამოვლინდეს დისტრიბუციული შოკის დროსაც (მაგ., სეფსისი და ანაფილაქსია) როდესაც დაქვეითებულია სისხლძარღვთა სისტემური რეზისტენტობა.
სუნთქვის ხმიანობის არარსებობა უნილატერალურად
მიუთითებს პნევმოთორაქსზე (არ არის აუცილებლად დაჭიმული პნევმოთორაქსის დროს).
ტრაქეის დევიაცია
დაჭიმული პნევმოთორაქსის მოგვიანებითი ნიშანია.
გულის ტონების მოყრუება
გულის ტონების მოყრუება საუღლე ვენის შებერილობასა და ჰიპოტენზიასთან ერთად დამახასიათებელია გულის ტამპონადისთვის.
ქვედა კიდურების დუნე დამბლა
შოკის დროს კიდევ უფრო ამყარებს ნეიროგენული გამომწვევი მიზეზის არსებობას.
გულის შუილი
შესაძლოა მიუთითებდეს გულის სარქველების პათოლოგიაზე.
გადავსებული შარდის ბუშტი
შესაძლოა აღინიშნოს ნეიროგენული შოკის დროს.
სახისა და ენის შეშუპება
ანგიოედემა სხეულის ნებისმიერი ნაწილის შემოფარგლული შეშუპებაა. თუ შეშუპება სასუნთქ გზებს ეხება, საჭიროა დაუყოვნებელი მკურნალობა.
დაკავშირებულია ანაფილაქსიასთან.
ურტიკარიული გამონაყარი
ფართოდ გავრცელებული, ქავილის გამომწვევი, ერითემატოზული გამონაყარი. დაკავშირებულია ანაფილაქსიასთან.
რეპროდუქციული ასაკის ქალში მენჯის ტკივილი/ ვაგინალური სისხლდენა
შესაძლოა მიუთითებდეს გაგლეჯილ საშვილოსნოსგარე ორსულობაზე.
რისკფაქტორები
ძლიერი
ხანდაზმული ასაკი
მიოკარდიუმის ინფარქტი
კარდიომიოპათია
პროგრესირებადმა კარდიომიოპათიამ შეიძლება გამოიწვიოს გულის უკმარისობა და კარდიოგენული შოკის განვითარება.[4]
გულის სარქვლოვანი დაავადება
კარდიოგენულმა შოკმა შესაძლოა გამოიწვიოს გულის სარქველების ფუნქციის დარღვევა. აღნიშნული შესაძლოა მოჰყვეს მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტს დვრილისებრი კუნთის გაგლეჯასთან ერთად, ენდოკარდიტს სარქვლოვანი აპარატის დესტრუქციით ან სარქვლის ქრონიკული დილატაციით/სტენოზით.[4]
არითმიები
არითმიას შესაძლოაუშუალო გავლენა ჰქონდეს ტუმბოს ფუნქციაზე ავსების დროისა და წინაგულებსა და პარკუჭებს შორის კოორდინაციის ცვლილების გამო. დიასტოლის დროს ხდება კორონარული სისხლის დინება და არითმიამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს დიასტოლის დროსა და შესაბამისად, კორონარულ პერფუზიაზე. სისხლის დარტყმითი მოცულობისა და გულისცემის სიხშირის ცვლილება უშუალო გავლენას ახდენს არტერიულ წნევაზე და შესაბამისად, ხელს უწყობს შოკის განვითარებას.
ტრავმა
ტრავმამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლძარღვების დაზიანება, ლულოვანი ძვლების მოტეხილობა და/ან პარენქიმული ორგანოს გაგლეჯა, რასაც შესაძლოა მოჰყვეს ჰემორაგია და ჰიპოვოლემიური შოკი. გულმკერდის ტრავმამ შეიძლება გამოიწვიოს დაჭიმული პნევმოთორაქსი, რაც შედეგად იწვევს ობსტრუქციული შოკის განვითარებას. ნაწლავის პერფორაციამ შესაძლოა გამოიწვიოს პერიტონიტი და მეორეულად განვითარებული სეფსისი. თავის ტვინის ტრავმულმა დაზიანებამ შესაძლოა გამოიწვიოს ნეიროგენული (დისტრიბუციული) შოკი და რესპირატორული და კარდიული ძირითადი მექანიზმების დარღვევა.
სიხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან
შესაძლოა გამოიწვიოს ჰემორაგიის შემდგომი ჰიპოვოლემიური შოკი.
მუცლის აორტის ანევრიზმის გაგლეჯა
მუცლის აორტის ანევრიზმის გაგლეჯა ხშირად იწვევს ფარულ სისხლდენას მუცლის ღრუში. ქირურგიული ჩარევისა და ენდოვასკულური მეთოდების გამოყენების გარეშე შეიძლება განვითარდეს სწრაფი ჰიპოვოლემიური შოკი და სიკვდილი.
დამწვრობა/სითბური დაკვრა
ექსტენსიური დამწვრობა, კანის მთლიანობის დარღვევის გამო იწვევს დიდი რაოდენობით სითხის კარგვას. თუ არ მოხდა დაკარგული სითხის ადეკვატური გადასხმა, აღნიშნულმა შესაძლოა გამოიწვიოს ჰიპოვოლემიური შოკი. სითბურმა დაკვრამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპოვოლემია ოფლიანობისა და სხვა შეუმჩნეველი დანაკარგების გამო.
გასტროინტესტინური დანაკარგი: დიარეა და ღებინება
თუ არ მოხდა სითხის გადასხმა, დიარეა და გულისრევა შეიძლება გადაიზარდოს ჰიპოვოლემიურ შოკში.
პანკრეატიტი
ტრანსცელულარული სითხის კარგვამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპოვოლემიური შოკი.
სეფსისი
ანაფილაქსია/ მოწამვლა
აღნიშნულმა შესაძლოა გამოიწვიოს მასიური ვაზოდილატაცია და დისტრიბუციული შოკი ან ამ დროს ვერ მოხდეს უჯრედის ჟანგბადზე მოთხოვნილების დაკმაყოფილება, როგორც ეს ნანახია CO-თი მოწამვლის დროს.
ხერხემლის ან თავის ტვინის ღეროს დაზიანება
ხერხემლის ან თავის ტვინის ღეროს ტრავმამ შეიძლება გამოიწვიოს პერიფერიული სისხლძარღვების სიმპათიკური რეგულაციის დარღვევა, რაც განაპირობებს სისხლძარღვთა სისტემური რეზისტენტობის დაქვეითებას.
ენდოკრინული დაავადება
თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობამ, ჰიპოპიტუიტარიზმმა და ჰიპოთირეოზმა, ჰომეოსტაზური რეგულაციის მოშლის გამო შესაძლოა გამოიწვიოს დისტრიბუციული შოკი. შოკის ენდოკრინული მიზეზის დასადგენად არსებობს რამდენიმე კლინიკური ნიშანი, მაგრამ შესაძლოა ანამნეზში აღინიშნოს ენდოკრინული პრობლემა, რაც გასათვალისწინებელია სხვა გამომწვევი მიზეზის არარსებობისაას.
ფილტვის ემბოლია
ფილტვის ემბოლია აფერხებს ფილტვებისკენ სისხლის დინებას, რაც ობსტრუქციული შოკის მიზეზი ხდება.
გულის ტამპონადა
გულის ტამპონადა, განსაკუთრებით მწვავე, აფერხებს პარკუჭების ავსებას და ამცირებს გულის წუთმოცულობას. გულის ტამპონადის გამომწვევი შეიძლება ერთი ან რამდენიმე მიზეზი იყოს, მათ შორისაა, ტრავმა, ინფექცია ან აუტოიმუნური დაავადება.
სუსტი
თანმხლები მდგომარეობები
თანმხლები დაავადებები, სავარაუდოდ, გაზრდის შოკის განვითარების რისკს, ვინაიდან დამატებითი დაავადება ან ტრავმა აქვეითებს ორგანიზმის კომპენსაციის უნარს. ადამიანებს, რომელთაც გადატანილი აქვთ სპლენექტომია, ინფექციისა და სეპტიკური შოკის განვითარების უფრო მაღალი რისკი აქვთ იმ პაციენტებთან შედარებით, რომელთაც გაკეთებული არა აქვთ სპლენექტომია.[22]
ახალი მედიკამენტი (ანაფილაქსური შოკი)
ანაფილაქსიური შოკი შეიძლება განვითარდეს ახალ მედიკამენტზე ან არსებული წამლის ახალი ფორმულაციაზე რეაქციის შედეგად. ახლად შეყვანილმა ბეტა ბლოკერმა შესაძლოა გამოიწვიოს კარდიული დეპრესია ან ბრადიკარდია, საბოლოოდ კი - ტუმბოს უკმარისობა.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას