შემთხვევის ანამნეზი
შემთხვევის ანამნეზი #1
72 წლის კაცი უჩივის პროგრესირებად შეუძლოდ ყოფნას, სისუსტესა და კონფუზიას. მას აქვს ჰიპერტენზია, თუმცა დაავადება კარგად კონტროლირებადია თიაზიდური შარდმდენებითა და ACE ინჰიბიტორით. პაციენტს ასევე აქვს დიაბეტი, რომელსაც მკურნალობს მეტფორმინით. სხვა სამედიცინო პრობლემა მას არა აქვს და დამოუკიდებლად შეუძლია შეასრულოს ჩვეული ცხოვრების ყოველდღიური აქტივობები. პაციენტის ცოლი აღნიშნავს მეუღლის მდგომარეობის ზოგად გაუარესებას ბოლო 2 დღის განმავლობაში. პაციენტი გამოიყურება ძლიერ ავადმყოფურად, სუსტადაა და მოდუნებულია, არ შეუძლია ლაპარაკი. კანი აჭრელებული და მშრალია, კიდურები ცივი, აღენიშნება მსუბუქი ციანოზი. სუნთქვის სიხშირე - 24 სუნთქვა წუთში, პულსი - 94 დარტყმა წუთში, არტერიული წნევა - 87/64 მმ ვწყ.სვ., ტემპერატურა - 35.5°C (95.9°F). აუსკულტაციით ორივე ფილტვის ბაზალურ წილებში მოისმინება უხეში ხიხინი.
შემთხვევის ანამნეზი #2
45 წლის მამაკაცმა მიმართა გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილებას მუცლის ზედა კვადრანტის ტკივილითა და პეპტიკური წყლულის ანამნეზით. მან აღნიშნა, რომ ბინაზე ჰქონდა სისხლიანი ღებინება. პაციენტი სხვაგვარად კარგად არის, არ იღებს მედიკამენტებს და თავს იკავებს ალკოჰოლის მიღებისგან. გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილებაში მან აღებინა (ღია წითელი ფერის სისხლით საწოლთან მდებარე ჯამში) და თავბრუ დაეხვა. მისი არტერიული წნევაა 86/46 მმ.ვწყ.სვ., პულსი - 120 დარტყმა წუთში, ხოლო სუნთქვის სიხშირე - 24 წუთში. კანი შეხებით გრილი, ფერმკრთალი და აჭრელებულია.
სხვა გამოვლინებები
შოკის გამოვლინება დამოკიდებულია ეტიოლოგიაზე, მაგრამ როგორც წესი, ახასიათებს ჰიპოტენზია, შარდის გამოყოფის შემცირება და ცნობიერების დაბინდვა. კომპენსატორული ტაქიკარდია შესაძლოა აღინიშნოს ან არ იყოს გამოხატული. ჰემორაგიული შოკი (ჰიპოვოლემიური შოკის ფორმა) შეიძლება განვითარდეს ტრავმის შედეგად, ოპერაციის შემდეგ (რაზეც შესაძლოა მიუთითებდეს დრენირების არარსებობა), ასევე სისხლიანი პირღებინების ან რექტული სისხლდენის გამო. ეს შესაძლოა სწრაფად განვითარდეს. ჰიპოვოლემიური შოკის სხვა ფორმები შეიძლება გამოწვეული იყოს ტრანსცელულარული სითხის დაკარგვით პანკრეატიტის, დიარეისა და ღებინების, ექსტენსიური დამწვრობის ან ფარული სისხლდენის დროს, მაგალითად მუცლის აორტის ანევრიზმის გაგლეჯისას. ობსტრუქციული შოკი შესაძლოა უეცრად გამოვლინდეს ციანოზითა და სუნთქვის დარღვევით დაჭიმულ პნევმოთორაქსთან ერთად, ან ტრიადით: გულის ტონების მოყრუებით, დაბალი არტერიული წნევითა და შებერილი საუღლე ვენებით, რაც კლასიკურად ნანახია გულის ტამპონადის შემთხვევაში. სეპტიკურ შოკს ძირითადად ახასიათებს ჰიპოტენზია, გულის წუთმოცულობის გაზრდა და თბილი კიდურები, რაც განპირობებულია პერიფერული ვაზოდილატაციითა და ინფექციის საეჭვო წყაროთი. პაციენტს ხშირად აღენიშნება ცხელება. კარდიოგენური შოკი შესაძლოა განვითარდეს მიოკარდიუმის ინფარქტის, კარდიომიოპათიის ან გულის ფულმინანტური უკმარისობის შედეგად.[4]
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას