სკრინინგი

ორსულების სკრინინგი ახალშობილებში B ჯგუფის სტრეპტოკოკული ინფექციის საპრევენციოდ

B ჯგუფის სტრეპტოკოკი ნეონატალური სეფსისის წამყვანი მიზეზია და ორგანიზმში აღწევს ბავშვის დაბადებამდე, დედის საშოს მაკოლონიზებელი ბაქტერიებიდან. კვლევების მიხედვით, კოლონიზაციის აქტიურმა სკრინინგმა, ასევე ბაქტერიის მტარებლებისთვის და რისკის მქონე ჯგუფებისთვის მშობიარობის დროს ანტიბიოტიკების მიცემამ შეამცირა ადრეული გამოვლინების B ჯგუფის სტრეპტოკოკული ინფექციის ინციდენტობა და აღნიშნული რეკომენდაციები აშშ-ში დაავადების პრევენციის მთავარი მიმართულებებია.[6][55][56][72] ერთ-ერთი სისტემური მიმოხილვის თანახმად, B ჯგუფის სტრეპტოკოკით კოლონიზებულ ორსულებში ანტიბიოტიკების ფონზე ადრეული გამოვლინების ინფექციის შემცირებული სიხშირე შეიძლება უკავშირდებოდეს კვლევის დიზაინში და შესრულებაში არსებულ მიკერძოებას.[57] ამერიკის მეან-გინეკოლოგთა კოლეჯი რეკომენდაციას უწევს სკრინინგის სტრატეგიას ადრეული გამოვლინების ინფექციის საპრევენციოდ.[6]

B ჯგუფის სტრეპტოკოკზე სკრინინგისა და მშობიარობისას ანტიბიოტიკოთერაპიის დაწყების შემდეგ, ადრეული გამოვლინების ინფექციის ინციდენტობა 80%-ით შემცირდა.[6][23] ამ დროის განმავლობაში B ჯგუფის სტრეპტოკოკების იზოლატებში გაიზარდა რეზისტენტობა მაკროლიდების წინააღმდეგ.[73] მშობიარობისას ანტიბიოტიკოთერაპიას არ ჰქონდა გავლენა მოგვიანებითი გამოვლინების დაავადებაზე.

B ჯგუფის სტრეპტოკოკული ინფექციების შემთხვევები კვლავ გვხვდება სკრინინგის მიუხედავად, თუმცა უნივერსალური სკრინინგი მაინც უმჯობესია ადრეული გამოვლინების დაავადების წინააღმდეგ ვიდრე რისკზე დაფუძნებული მიდგომა, რადგანაც ეს უკანასკნელი არ გვაძლევს მშობიარობისას ანტიბიოტიკოთერაპიის საშუალებას.[11][56] შემთხვევათა უმეტესობა (სკრინინგის სტრატეგიის დაცვის შემთხვევაში) გვხვდება ჩვილებში, რომელთა დედებსაც B ჯგუფის სტრეპტოკოკზე უარყოფითი კულტურა ჰქონდათ სკრინინგზე (64%), თუმცა უმეტესობას აღენიშნა რისკფაქტორი მშობიარობისას.[74] ჩასახვიდან 35-37-ე კვირაზე უარყოფითი კულტურის მქონე ორსულთა დაახლოებით 4-6% დადებითი იქნება მშობიარობის დროისათვის.[75][76]

დაავადების ინციდენტობის განსხვავება და ერთი და იმავე ლიტერატურის სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაცია გახდა სხვადასხვა ქვეყნებში განსხვავებული პრევენციული პროტოკოლების მიღების მიზეზი.[3][6][21][62][72][77][78][79][80][81][82][83]

სკრინინგის პროგრამის შეფასებისას გამოვლინდა რამდენიმე საკითხი, რომელიც საჭიროებს გაუმჯობესებას და იძლევა საშუალებას, პრევენცია კიდევ უფრო გაძლიერდეს:[84]

  • ქალები, რომლებიც ნაადრევად მშობიარობენ და უცნობია კოლონიზაციის სტატუსი

  • ქალები, რომლებიც ალერგიულები არიან პენიცილინზე - უმჯობესია ცეფაზოლინის გამოყენება თუ ანაფილაქსიის რისკი დაბალია. თუ პენიცილინის ალერგიის რისკი მაღალია, ინიშნება კლინდამიცინი (თუ იზოლატი მგრძნობიარეა და არ ავლენს რეზისტენტობას ლაბორატორიული პროვოცირებისას) ან გლიკოპეპტიდი, მაგ. ვანკომიცინი (თუ რეზისტენტობა ან პროვოცირებადი რეზისტენტობა ვლინდება ან მგრძნობელობის შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს)

  • სკრინინგზე ცრუ უარყოფითი შედეგები (სკრინინგის მართვის პროცესების გაუმჯობესება).

როგორ ტარდება სკრინინგი

ნებისმიერი ორსულის შემთხვევაში (გარდა მიმდინარე GBS ბაქტერიურიისა და წინა ორსულობაზე GBS ინფექციის ანამნეზის მქონე ორსულებისა) ჩასახვიდან 36-37-ე კვირაზე ითესება ვაგინალური და რექტული ნიმუშების კულტურა.[6]

ნიმუშს იღებენ საშოს ქვედა ნაწილიდან და სწორი ნაწლავიდან და თესავენ გამდიდრებულ ბულიონში და შემდეგ გადააქვთ სელექტიურ გარემოში.[6][85] კულტურების მგრძნობელობა ყველაზე მაღალია მაშინ, როცა ნიმუშებს ინახავენ 4°C (39.2°F) ტემპერატურაზე მანამ, სანამ კულტურა დაითესება და დამუშავდება (შეგროვებიდან 24 საათის განმავლობაში).[85] ლაბორატორიებმა ნიმუშები ჯერ შესაბამის ბულიონში უნდა მოათავსონ, რათა კულტივირების შედეგები უფრო ოპტიმალური იყოს.[85] კლინიცისტის მიერ ნიმუშის აღების მისაღები და საკმაოდ ზუსტი ალტერნატივაა პაციენტის მიერ ნიმუშების შეგროვება.[86]

მგრძნობელობის ტესტირება საჭიროა ანტენატალურად, B ჯგუფის სტრეპტოკოკის იზოლატებზე იმ ორსულებში, რომლებიც ალერგიულები არიან პენიცილინის მიმართ და პენიცილინის ან ცეფალოსპორინის გამოყენების შემთხვევაში ანაფილაქსიის რისკი მაღალია. კლინდამიცინზე რეზისტენტობის პროვოცირების შემოწმება საჭიროა იზოლატებზე, რომლებიც ეკუთვნით პენიცილინზე ალერგიულ, ანაფილაქსიის მაღალი რისკის მქონე ქალებს, როცა იზოლატი მგრძნობიარე კლინდამიცინის მიმართ ან რეზისტენტულია ერითრომიცინის მიმართ.[6][85]

კლინიცისტებმა ლაბორატორიას უნდა შეატყობინონ ორსულების შარდის ნიმუშების გაგზავნის შესახებ. შარდი GBS-ზე დადებითია, თუ სუფთა ან შერეულ კულტურაზე აღინიშნება ≥10⁴ კოლონიის წარმომქმნელი ერთეული.[6]

რეაგირება დადებით პასუხზე

მშობიარობის დროს ანტიბიოტიკი ენიშნება ყველა ორსულს, რომელიც კოლონიზებულია B ჯგუფის სტრეპტოკოკით. ანტიბიოტიკები ასევე ნაჩვენებია ჩამოთვლილი პაციენტებისათვის:[6][55][63]

  • ორსულები, რომელთაც წინა მშობიარობისას ეყოლათ B ჯგუფის სტრეპტოკოკული ინფექციის მქონე ახალშობილი

  • B ჯგუფის სტრეპტოკოკებით კოლონიზაცია, ბაქტერიურია ან ინფექცია ორსულობის მიმდინარეობისას

  • უცნობი B ჯგუფის სტრეპტოკოკული სტატუსი (კულტურა არ გაკეთდა, არასრული იყო ან შედეგები უცნობია) და ერთი რომელიმე ნიშანი: მშობიარობისას ტემპერატურა ≥38.0°C (≥100.4°F); ამნიონური მემბრანა გაიხა >18 საათის წინ; ან მშობიარობა დაიწყო ჩასახვიდან <37 კვირამდე.

რეაგირება უარყოფით პასუხზე

ანტიბიოტიკები ნაჩვენებია მხოლოდ ჩამოთვლილი პაციენტებისთვის:[6][55][63]

  • ორსულები, რომელთაც წინა მშობიარობისას ეყოლათ B ჯგუფის სტრეპტოკოკული ინფექციის მქონე ახალშობილი

  • B ჯგუფის სტრეპტოკოკებით კოლონიზაცია, ბაქტერიურია ან ინფექცია ორსულობის მიმდინარეობისას

  • უცნობი B ჯგუფის სტრეპტოკოკული სტატუსი (კულტურა არ გაკეთდა, არასრული იყო ან შედეგები უცნობია) და ერთი რომელიმე ნიშანი: მშობიარობისას ტემპერატურა ≥38.0°C (≥100.4°F); ამნიონური მემბრანა გაიხა >18 საათის წინ; ან მშობიარობა დაიწყო ჩასახვიდან <37 კვირამდე.

სკრინინგის შეუსრულებლობის შემთხვევაში

ანტიბიოტიკები ნაჩვენებია მხოლოდ ჩამოთვლილი პაციენტებისთვის:[6][55][63]

  • ორსულები, რომელთაც წინა მშობიარობისას ეყოლათ B ჯგუფის სტრეპტოკოკული ინფექციის მქონე ახალშობილი

  • B ჯგუფის სტრეპტოკოკებით კოლონიზაცია, ბაქტერიურია ან ინფექცია ორსულობის მიმდინარეობისას

  • უცნობი B ჯგუფის სტრეპტოკოკული სტატუსი (კულტურა არ გაკეთდა, არასრული იყო ან შედეგები უცნობია) და ერთი რომელიმე ნიშანი: მშობიარობისას ტემპერატურა ≥100.4°F (≥38°C); ამნიონური მემბრანა გაიხა >18 საათის წინ; ან მშობიარობა დაიწყო ჩასახვიდან <37 კვირამდე.

მშობიარობის დაწყებისას B ჯგუფის სტრეპტოკოკის მტარებლობის სტატუსის შემოწმება

კულტურაზე დაფუძნებულ სკრინინგთან დაკავშირებული სირთულეების გამო და იმის გათვალისწინებით, რომ 36-37-ე კვირაზე შემოწმებული უარყოფითი კულტურების მქონე ქალების გარკვეული ნაწილი დადებით შედეგს ავლენს მშობიარობისას (დაახლ. 4%) ან პირიქით, დადებითი შედეგი ვლინდება უარყოფითი მშობიარობისას (დაახლ. 13%), ზოგიერთი მკვლევარი ცდილობს უფრო სწრაფი დიაგნოსტიური ტესტების მოპოვებას, რომლის შესრულება მშობიარობის დაწყების დროს იქნება შესაძლებელი.[75] პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის (PCR) ტესტირება ერთ-ერთი ასეთი შესაძლო მეთოდია, რომელსაც აქვს მაღალი მგრძნობელობა და სპეციფიკა და საჭიროებს 30-დან 45 წუთამდე დროს.[87] PCR წარმოადგენს ერთ-ერთ შესაძლო მეთოდს, რომელსაც მაღალი მგრძნობელობა და სპეციფიკურობა აქვს და შეიძლება ჩატარდეს 30-45 წუთში. თუმცა, არცერთი ხელმისაწვდომი ტესტი არ არის საკმარისად ზუსტი და ხარჯთეფექტური.[85] ასევე, პრაქტიკაში PCR კვლევის განხორციელების საჭიროება დღეში 24 საათის განმავლობაში, კვირაში 7 დღე, ხელს შეუშლის მის დანერგვას მრავალ დაწესებულებაში.[79] ტესტირება სამედიცინო მომსახურების ადგილზე (POC ტესტი) ასევე განიხილება, თუმცა არცერთი ტესტი არ არის რუტინულად მხარდაჭერილი რომელიმე ეროვნული გაიდლაინის მიხედვით. ნებისმიერი მსგავსი პროდუქტის გამოყენება უნდა შეფასდეს და დამტკიცდეს კლინიკურად.

B ჯგუფის სტრეპტოკოკზე სკრინინგი ნაადრევი მშობიარობის დაწყებისას ან მემბრანების ნაადრევი გახევისას უნდა ჩატარდეს იმ შემთხვევებში, როცა მტარებლობის სტატუსი უცნობია და არ შეფასებულა ბოლო 5 კვირის განმავლობაში. ანტიბიოტიკებით პროფილაქტიკა უნდა დაიწყოს და შეწყდეს უარყოფითი პასუხის შემთხვევაში ან იმ შემთხვევაში, თუ მემბრანების მთლიანობა შენარჩუნებულია და ორსულს არ აღენიშნება ჭეშმარიტი ჭინთვები. თუ მშობიარობა არ იწყება, სკრინინგი უნდა გამეორდეს ჩასახვიდან 36-37-ე კვირაზე.[6]

აშშ გაიდლაინებით რეკომენდებულია ნუკლეინის მჟავების ამპლიფიკაციის ტესტების გამოყენება მათი ხელმისაწვდომობის პირობებში. ნუკლეინის მჟავების ამპლიფიკაციის ტესტების გამოყენება შესაძლებელია ვაგინალური/რექტული ნიმუშების შესამოწმებლად მშობიარობის დროს იმ ქალებში, რომელთა B ჯგუფის სტრეპტოკოკული მტარებლობის სტატუსი უცნობია და რისკფაქტორები არ ვლინდება (ტემპერატურა > 38.0°C [>100.4°F] ან >18 სთ მემბრანების გაგლეჯიდან), მშობიარობა დროულია. მიზნობრივი ანტიბიოტიკოთერაპია ძირითადი მკურნალობაა B ჯგუფის სტრეპტოკოკით გამოწვეული დადასტურებული (ნუკლეინის მჟავების ამპლიფიკაციით) ინფექციის შემთხვევაში ან თუ ვლინდება რისკფაქტორი (ტესტის შედეგის მიუხედავად).[6][85]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას