შემთხვევის ანამნეზი
შემთხვევის ანამნეზი #1
4 საათის წინ, ვაგინალური მშობიარობით, ჩასახვიდან 36-ე კვირას გაჩნდა მამრობითი სქესის ბავშვი. დედამ შენიშნა, რომ ახალშობილი ხმაურიანად სუნთქავს. გასინჯვისას ახალშობილი გაღიზიანებული, ფერმკრთალი და მოდუნებულია. სუნთქვის სიხშირე მომატებულია (65 ჩასუნთქვა წუთში), ვლინდება ტაქიკარდია (170 დარტყმა წუთში) და დაბალი არტერიული წნევა (45/25 მმ.ვწყ.სვ.). ტემპერატურაა 36.2°C (97°F). სისხლის ანალიზზე ვლინდება ლეიკოპენია, ნეიტროპენია, თრომბოციტოპენია და გლუკოზის დონე- 2.5 მმოლ/ლ (45 მგ/დლ). ორსულობა იყო გაურთულებელი. ორსულობამ ნორმალურად ჩაიარა. თუმცა, მშობიარობისას აღინიშნა ამნიონური გარსების ნაადრევი გახეთქვა, მშობიარობამდე დაახლოებით 18 საათით ადრე. დედას ტემპერატურა ჰქონდა 38°C (100.4°F) მშობიარობამდე 3 საათით ადრე. B ჯგუფის სტრეპტოკოკის მტარებლობაზე სკრინინგი არ ჩატარებულა, თუმცა მშობიარობამდე 30 წუთით ადრე პაციენტმა მიიღო ანტიბიოტიკებით პროფილაქტიკა.
შემთხვევის ანამნეზი #2
72 წლის ქალბატონი, რომელსაც დიაბეტი აქვს, გადმოიყვანეს საცხოვრებლიდან ცხელებით 38.2°C (100.8°F), ტაქიკარდიით (110 დარტყმა/წთ), სუნთქვის გახშირებით (24 ჩასუნთქვა/წთ) და მსუბუქი კონფუზიით. გულმკერდის რენტგენზე პათოლოგიური ცვლილებები არ ვლინდება, გულის ტონები ნორმალურია. ბოლო 12 თვის განმავლობაში პაციენტს აწუხებდა საშარდე გზების განმეორებითი ინფექცია, თუმცა ბოლო დროს საშარდე სისტემის სიმპტომები არ ჰქონია. პაციენტს დაენიშნა ანტიბიოტიკები, სავარაუდო გულმკერდის ინფექციის ჩვენებით. მიღებიდან 24 საათში სისხლის კულტურა დადებითია B ჯგუფის სტრეპტოკოკზე, ხოლო მიკროსკოპულად ვლინდება ჯაჭვებად განლაგებული გრამ-დადებითი კოკები.
სხვა გამოვლინებები
გამოვლინება დამოკიდებულია პაციენტთა ჯგუფზე.
ახალშობილებში, ყველაზე ხშირი გამოვლინებაა უცნობი ეტიოლოგიის სეფსისი, მენინგიტი, საშარდე გზების ინფექცია და პნევმონია.
ჩვილებსა და ბავშვებში ყველაზე ხშირია უცნობი ეტიოლოგიის სეფსისი, მენინგიტი, პნევმონია, სეპტიკური ართრიტი და პერიტონიტი.[3]
ორსულ ქალებში ყველაზე ხშირი გამოვლინებაა საშარდე გზების ინფექცია, ქორიოამნიონიტი და პოსტნატალური სეფსისი. ენდომეტრიტი და ჭრილობის ინფექცია პოსტნატალური გამოვლინებებია. ასევე შეიძლება შეგვხვდეს სპონტანური აბორტი ორსულობის შუა პერიოდში და ნაადრევი მშობიარობა.[4]
არაორსულ მოზრდილებში ყველაზე ხშირი გამოვლინებებია უცნობი ეტიოლოგიის სეფსისი, კანისა და რბილი ქსოვილების ინფექცია, მენინგიტი და საშარდე გზების ინფექცია. შედარებით იშვიათია სეპტიკური ართრიტი, პნევმონია, კონიუნქტივიტი, სინუსიტი, შუა ყურის ანთება, მუცლისშიდა ინფექცია.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას