ანამნეზი და გასინჯვა

ძირითადი დიაგნოსტიკური ფაქტორები

ხშირი

რისკ-ფაქტორების არსებობა

ახალშობილებში ძირითადი რისკფაქტორებია: გამოვლენა ცხოვრების პირველ კვირაში, მემბრანების ნაადრევი გახევა, ნაადრევი მშობიარობა, ცხელება ორსულობის დროს, ქორიოამნიონიტი, დედმამიშვილებში B ჯგუფის სტრეპტოკოკის ინფექციის შემთხვევები, დედის ასაკი <20 წლამდე, დედის კოლონიზება (ბაქტერიურია). მოგვიანებითი ინფექციების შემთხვევაში არ ვლინდება სამეანო გართულებები.[6][11][21][22][34]

ჩვილებსა და ბავშვებში ძირითადი რისკფაქტორებია თირკმლის დაავადება, ნევროლოგიური დაავადება, ავთვისებიანი მდგომარეობა და იმუნოსუპრესია.[3]

ზრდასრულებში ძირითადი რისკფაქტორებია ასაკი >60 წ, შავკანიანი ეთნიკური წარმომავლობა, ცხოვრება ხანდაზმულთა გრძელვადიან საცხოვრებელში, ორსულობა, საშარდე გზების ინფექცია, დიაბეტი, სიმსუქნე, იმუნოსუპრესია, თირკმლის/ღვიძლის დაავადება, ცენტრალური ვენური კათეტერის ჩადგმა, ონკოლოგიური დაავადება, ნევროლოგიური დაავადება, ცენტრალური კათეტერის დიდხანს ქონა ან კანის მთლიანობის დარღვევა (მაგ. დიაბეტური ტერფის წყლულები, ნაწოლები).[3][6][19][20][36]

ცხელება

ცხელება ხშირი პირველი სიმპტომია, მსგავსად სხვა ბაქტერიული ინფექციებისა, თუმცა ხშირად არ ვლინდება ახალშობილებსა და ხანდაზმულებში.

ახალშობილებს ცხელების მაგივრად ხშირად ტემპერატურის არასტაბილური მაჩვენებლები აღენიშნებათ.

მენინგიტის სიმპტომები

მოიცავს თავის ტკივილს, ფოტოფობიას, კისრის ტკივილს ან გაშეშებას.

შეიძლება გამოწვეული იყოს მენინგეალური ანთებით და მიუთითებდეს მენინგიტზე.

მენინგეალური გარსების ანთების სიმპტომები ხშირად არ ვლინდება <2 წლამდე ბავშვებში.

მენინგიტის ნიშნები

გულყრა შეიძლება გამოვლინდეს მენინგიტის შედეგად, განსაკუთრებით ახალშობილებში.

ყიფლიბანდის ამობერვა მიუთითებს ინტრაკრანიული წნევის მატებაზე და მენინგიტზე ახალშობილებში.

კერნიგის დადებითი ნიშანი ასევე მიუთითებს მენინგიურ ანთებაზე და მენინგიტზე. პაციენტი წევს ზურგზე და იხრება თეძოს სახსარი, ტორსთან 90-გრადუსიანი კუთხით, ხოლო მუხლის სახსარი იშლება. ტკივილის გამო ფეხის გაშლის შეუძლებლობა მიუთითებს დადებით ნიშანზე.

ბრუძინსკის დადებითი ნიშანი ასევე მიუთითებს მენინგიურ ანთებაზე და მენინგიტზე. ლუმბოსაკრული ნერვის ფესვების ანთება. როცა კისერი სწრაფად და პასიურად მოიხრება, მენინგეალური გარსების გაღიზიანება იწვევს თეძოსა და მუხლების უნებლიე მოხრას.

მენინგეალური გარსების ანთების სიმპტომები ხშირად არ ვლინდება <2 წლამდე ბავშვებში.

სეფსისის სიმპტომები

კონფუზია.

სეფსისის ნიშნები

ჰიპოტენზია, ტაქიკარდია, კაპილარული პერფუზიის დაქვეითება, ტაქიპნოე.

ინტრავასკულური წნევა მცირდება ვაზოდილატაციით და დეჰიდრატაციით.

პნევმონიის სიმპტომები

პროდუქტიული ხველა, დისპნოე, ტაქიპნოე, პლევრის ტკივილი, სუნთქვის გაძნელება.

პნევმონიის ნიშნები

ციანოზი, ცხვირის ნესტოების დაბერვა, ნეკნების შეწევა, სუნთქვის ხმიანობის დაქვეითება, აუსკულტაციისას ხიხინი, პლევრის ხახუნი.

საშარდე გზების ინფექციის სიმპტომები

დიზურია, შარდვის გახშირება, გაძლიერებული მოთხოვნა, ჰემატურია, ზურგის/ფერდქვეშა ტკივილი.

საშარდე გზების ინფექციის ნიშნები

ბოქვენზედა მტკივნეულობა ან ნეკნთა-ხერხემლის კუთხის მტკივნეულობა.

ცელულიტის სიმპტომები.

კანის სიწითლე, გათბობა, დისკომფორტი, მტკივნეულობა ან შეშუპება.

ცელულიტის ნიშნები

წამოწეული სიწითლე განსაზღვრული კიდეებით, მაკულური ერითემა განუსაზღვრელი კიდეებით.

სეპტიკური ართრიტის სიმპტომები

სახსრების სიწითლე, შეშუპება, ტკივილი ან სახსრის მოძრაობის შეზღუდვა

სეპტიკური ართრიტის ნიშნები

სახსრის გათბობა, შეშუპება, მტკივნეულობა ეფუზიით.

კონიუნქტივიტის სიმპტომები

წყლიანი, ლორწოვანი ან ჩირქოვანი გამონადენი თვალიდან, თვალის მტკივნეულობა, ქუთუთოების შეწებება დილით.

სინუსიტის სიმპტომები

ცხვირიდან გამონადენი ან სახის ტკივილი.

სინუსიტის ნიშნები

ცხვირის ლორწოვანის სიწითლე.

შუა ყურის ანთების სიმპტომები

ოტალგია.

შუა ყურის ანთების ნიშნები

დაფის აპკის გამობერვა ან მირინგიტი.

ენდომეტრიტის სიმპტომები

მუცლის ქვედა ნაწილის ტკივილი.

ენდომეტრიტის ნიშნები

საშვილოსნოს მტკივნეულობა.

ქორიოამნიონიტის ნიშნები

ამნიონური სითხის პათოლოგია, ნაყოფის ტაქიკარდია ან გულისცემის ვარიაბელობის დაქვეითება, საშვილოსნოს მტკივნეულობა.

ამნიონურ სითხეს შეიძლება ცუდი სუნი გქონდეს ან იყოს ჩირქიანი.

სხვა დიაგნოსტიკური ფაქტორები

ხშირი

ინფექციის არასპეციფიკური ნიშნები ახალშობილებში

ლეთარგია, გაღიზიანებადობა, უმადობა/ცუდი კვება, ხმაურიანი სუნთქვა, სიფერმრკთალე, ჰიპოტონია, სუნთქვის გახშირება, სუნთქვის დარღვევა.

ინფექციის არასპეციფიკური ნიშნები ხანდაზმულებში

ჰიპოთერმია ან კონფუზია.

ინტრააბდომინური ინფექციის სიმპტომები

მუცლის ტკივილი, ნაწლავების მოძრაობის დაქვეითბა, გულისრევა ან ღებინება.

ინტრააბდომინური ინფექციის ნიშნები

მგრძნობიარე, გამაგრებული მუცელი, დეფანსი, მუცლის უკუცემითი ტკივილი, ნაწლავების ხმიანობის დაქვეითება ან გაქრობა.

გესტაციის შუა პერიოდის სპონტანური აბორტი ან ნაადრევი მშობიარობა

შესაძლოა შეგვხვდეს B ჯგუფის სტრეპტოკოკით ინფიცირებულ ორსულ ქალბეში.

რისკფაქტორები

ძლიერი

ასაკი- 0-დან 7 დღემდე

ბავშვებში B ჯგუფის სტრეპტოკოკული ინფექციების 80% გვხვდება სიცოცხლის პირველი 7 დღის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც მშობიარობისას ან მშობიარობამდე ახალშობილი ექსპოზირებულია ბაქტერიაზე. ექსპოზიცია მოიცავს დაბინძურებული ამნიონური სითხის ასპირაციას.[21]

დედის ცხელება მშობიარობის დროს

განისაზღვრება, როგორც ტემპერატურა ≥38°C (100.4°F).

ადრეული გამოვლინების დაავადების მქონე ახალშობილების დედების 18-48%-ს ჰქონდა ცხელება მშობიარობისას.[11][22]

დედის ცხელება ასევე გამოვლინდა დროულად დაბადებული ახალშობილების მესამედში, რომლებიც დაბადებისას უსიმპტომოები იყვნენ, ხოლო შემდეგ ადრეული დაწყების სეფსისი განუვითარდათ.[23]

ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ადრეული დაწყების B ჯგუფის სტრეპტოკოკული დაავადების რისკი მნიშვნელოვნად იზრდება, თუ დედის ცხელება აღემატება 38,3 °C-ს (101 °F), ხოლო ცხელება - 39 °C (102,5 °F) ასოცირებულია 4-ჯერ უფრო მაღალ რისკთან, ვიდრე ცხელება - 38,3°C (101°F).[24]

სანაყოფე მემბრანების ნაადრევი რღვევა (PROM)

ხელს უწყობს საშვილოსნოს აღმავალი ინფექციის განვითარებას და წარმოადგენს დამოუკიდებელ რისკფაქტორს ახალშობილთა ადრეული გამოვლინების ინფექციის განვითარებისთვის.[6][25]

ინფექციის რისკი იმატებს მემბრანების გახევიდან ახალშობილის დაბადებამდე გასული დროის პროპორციულად.

ერთი კვლევის მიხედვით, ადრეული გამოვლინების ინფექციების შემთხვევათა 13.8%-ში მემბრანები >18 საათის წინ დაირღვა, ხოლო სხვა კვლევის მიხედვით, ეს მაჩვენებელი >12 საათზე მიუთითებდა.[11][22]

ორსულები, რომელთაც წინა მშობიარობისას ეყოლათ B ჯგუფის სტრეპტოკოკული ინფექციის მქონე ახალშობილი

მომდევნო ორსულობისას უფრო მაღალია ახალშობილის ადრეული გამოვლინების ინფექციის რისკი, სავარაუდოდ რისკფაქტორების პერსისტირების გამო, როგორიცაა საშოს მასიური კოლონიზაცია და სეროტიპის სპეციფიკური ანტისხეულის დეფიციტი.[6][11][26]

დედის კოლონიზაცია B ჯგუფის სტრეპტოკოკით

ადრეული გამოვლინების B ჯგუფის სტრეპტოკოკული ინფექციის ცნობილი რისკფაქტორია.

თუ დედა კოლონიზებულია, ახალშობილების 1-2%-ს გამოუვლინდება ადრეული B ჯგუფის სტრეპტოკოკული ინფექცია.[6]

დაავადების რისკი უკავშირდება ჩვილის კოლონიზაციის ხარისხს, რაც პირდაპირ უკავშირდება დედის კოლონიზაციის სიმძიმეს.[6]

B ჯგუფის სტრეპტოკოკის ბაქტერიურია ორსულობის მიმდინარეობისას

მძიმე კოლონიზაციის მარკერია, რის გამოც ახალშობილში მეტია ინფექციის გადაცემისა და B ჯგუფის სტრეპტოკოკული დაავადების განვითარების რისკი.[6]

ნაადრევი მშობიარობა (<37 კვირა)

ადრეული გამოვლინების B ჯგუფის სტრეპტოკოკული ინფექციის ცნობილი რისკფაქტორია; ვლინდება შემთხვევათა 17-38%-ში.[22][25]

B ჯგუფის სტრეპტოკოკით კოლონიზაცია თავისმხრივ ასოცირებულია ნაადრევ მშობიარობასთან.[27]

დაბალი წონა დაბადებისას (<2500 გ)

დღენაკლულობის მარკერია, რაც ასოცირდება ადრეული გამოვლინების ინფექციასთან.[17][28]

ზოგიერთი კვლევით ნავარაუდებია, რომ დაბადებისას ძალიან დაბალი წონა (<1500 გ) ასოცირდება გვიან დაწყებულ B ჯგუფის სტრეპტოკოკულ დაავადებასთან, რომელიც ვლინდება სეფსისით, თუმცა საჭიროა დამატებითი მონაცემები ამ კორელაციის დასადასტურებლად.[29][30]

დროული მშობიარობისას დედის სპეციფიკური IgG ანტისხეულების დეფიციტი

დედის სპეციფიკური IgG ანტისხეულები ჩვილებს იცავენ B ჯგუფის სტრეპტოკოკული დაავადებისგან. IgG უნდა იყოს კაფსულის იმ სეროტიპისადმი სპეციფიკური, რომელიც მშობიარობისას დედის ორგანიზმში გვხვდება.[15][16][26]

რისკი პირდაპირ უკავშირდება ანტისხეულების კონცენტრაციას. მაგალითად, თუ IgG დონე ≥2 მიკროგრამი/ლ-ზე და მშობიარობა დაიწყო 34-ე კვირის შემდეგ, ადრეული გამოვლინების ინფექციის რისკი 75%-ით მცირდება; რისკი მცირდება 91%-ით, თუ IgG დონე ≥10 მიკროგრამი/ლ-ზე.[15]

ტყუპისცალი B ჯგუფის სტრეპტოკოკული დაავადებით

რისკი სავარაუდოდ მულტიფაქტორულია და მოიცავს ექსპოზიციის რისკს, დედის კოლონიზაციის სტატუსს, სამეანო გართულებებს, დღენაკლულობას და დედის სპეციფიკური ანტისხეულების არსებობას.[31]

ზუსტი რისკი უცნობია, თუმცა ერთი მცირემასშტაბიანი კვლევის მიხედვით, და-ძმების 50%-ს განუვითარდა დაავადება.[32]

ერთი შემთხვევის ანგარიში, გვიან დაწყებულმა ინფექციამ გამოიწვია ფატალური მენინგიტი ერთ ტყუპში, ხოლო მეორე ტყუპი სრულად გამოჯანმრთელდა. B ჯგუფის სტრეპტოკოკების იზოლატები იდენტური იყო. კლინიკური ცვლადები მოიცავდა ცხელების უფრო ხანგრძლივ მიმდინარეობას ანტიბიოტიკოთერაპიამდე და ნეიტროპენიის განვითარებას.[31]

პაციენტის და/ძმა ახლო დაკვირვების ქვეშ უნდა იყოს დაავადების მტკიცებულებების აღმოსაჩენად. ზოგიერთი ექსპერტი რეკომენდაციას უწევს გამოკვლევას და შემდეგ ემპირიულ ანტიბიოტიკოთერაპიას, სიმპტომების გამოვლენის/არგამოვლენის მიუხედავად.[32][33]

დედის ასაკი <20 წელი

ასოცირდება ადრეულ და მოგვიანებით დაავადებასთან. ასოციაციის მიზეზი კარგად არ არის გასაგები, მაგრამ ეს შეიძლება გამოწვეული იყოს ისეთი ფაქტორებით, როგორიცაა B ჯგუფის სტრეპტოკოკული კოლონიზაციის მაღალი მაჩვენებელი ახალგაზრდა დედებში.[34][35]

ქორიოამნიონიტი

ადრეული გამოვლინების ინფექციის რისკფაქტორია ახალშობილებში, რადგანაც B ჯგუფის სტრეპტოკოკზე ექსპოზიციის რისკი იზრდება. ამნიონური სითხის ასპირაციამ შესაძლოა რესპირატორული ინფექცია გამოიწვიოს.[6]

B ჯგუფის სტრეპტოკოკი შეიძლება არ იყოს ერთადერთი გამომწვევი მიკროორგანიზმი, რადგანაც საშოს კოლონიზაცია სხვა პოტენციურად პათოგენურ მიკროორგანიზმებსაც შეუძლიათ. ასაკი >60

ინვაზიური დაავადების რისკი იმატებს ასაკთან ერთად. ინვაზიური დაავადებების შემთხვევათა 57% გვხვდება >60 წლის არაორსულ მოზრდილებში.

ასაკი >60 წელზე

ასაკთან ერთად ინფექციის რისკის მატების ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა შეიძლება უკავშირდებოდეს უჯრედული იმუნიტეტის დაქვეითებას.[19]

ხანდაზმულ პაციენტებში არასპეციფიკური სიმპტომებისა და შეცვლილი ტემპერატურული რეაგირების გამო, შესაძლებელია სიკვდილობის მატება დიაგნოზის დაყოვნების მიზეზით.[36]

ხანდაზმულ პირებში ინვაზიური ინფექციების მაღალი სიხშირის მიზეზი უცნობია, თუმცა შეიძლება იყოს უჯრედული იმუნიტეტის დაქვეითების შედეგი. არასპეციფიკური სიმპტომები ხანდაზმულებში და ფებრილური რეაგირების შეზღუდვა შეიძლება ხელს უწყობდეს სიკვდილობას (დიაგნოსტიკის დაყოვნების გამო).[36]

ინვაზიური ინფექციების უმეტესობა ხანდაზმულებში დაკავშირებულია თანმხლებ დაავადებებთან, სავარაუდოდ სიკვდილობის მატებასთან.[37]

ორსულობა

B ჯგუფის სტრეპტოკოკული დაავადების კარგად ცნობილი რისკფაქტორია.

ორსულების დაახლოებით 10-30% კოლონიზებულია B ჯგუფის სტრეპტოკოკით სწორ ნაწლავში და საშოში.[6]

მრავლობითი მშობიარობა

კვლევებმა გამოავლინა კავშირი მრავლობით მშობიარობასა და დედის B ჯგუფის სტრეპტოკოკული კოლონიზაციის უფრო მაღალ სიხშირეს შორის.[38][39]

პირველი მშობიარობისას B ჯგუფის სტრეპტოკოკული კოლონიზაციის დადებითი ტესტის შედეგის შემდეგ, რეციდივის სიხშირე შეიძლება აღემატებოდეს 60%-ს მეორე, მესამე და მეოთხე მშობიარობაზე.[39]

შაქრიანი დიაბეტი

ინვაზიური B ჯგუფის სტრეპტოკოკული დაავადების კარგად ცნობილი რისკფაქტორია ნებისმიერ პოპულაციაში.[12][36][40]

მომატებული ინციდენტობის მიზეზებია იმუნური პასუხის დასუსტება, დაქვეითებული ფაგოციტოზი, ასევე B ჯგუფის სტრეპტოკოკისთვის ორგანიზმში შეღწევის გაადვილება პერიფერიული სისხლძარღვოვანი დაავადების, ტერფის წყლულების ან კანის მთლიანობის დარღვევის გამო, ასევე საშარდე გზების ინფექციების მაღალი რისკი და ჰოსპიტალიზაციისა და ინსტრუმენტების გამოყენების მაღალი სიხშირე.[25]

სიმსუქნე

ზრდის ინვაზიური B ჯგუფის სტრეპტოკოკული დაავადების რისკს არაორსულ მოზრდილებში და B ჯგუფის სტრეპტოკოკებით კოლონიზაციის რისკს ორსულობისას.[41][42][43]

არაორსულ მოზრდილებში ინვაზიური B ჯგუფის სტრეპტოკოკული დაავადების პოპულაციაზე მიკუთვნებული რისკი დაფიქსირდა, როგორც 27.2% სიმსუქნის მქონე პაციენტთა პოპულაციაში, ერთ-ერთი აშშ კვლევის მიხედვით.[41]

ღვიძლის შორსწასული დაავადება

ამ პოპულაციაში დაავადების მაღალი რისკი სავარაუდოდ უკავშირდება იმუნოსუპრესიას და ასციტის განვითარებას.

პოპულაციაზე დაფუძნებული კვლევების მიხედვით, B ჯგუფის სტრეპტოკოკული დაავადების შემთხვევათა დაახლოებით 15-35% დაკავშირებულია ღვიძლის დაავადებასთან.[19][20][44]

თირკმლის დაავადება

დაავადების მომატებული რისკი ასეთი ტიპის პაციენტებში შეიძლება დაუკავშირდეს იმუნოსუპრესიას, სხეულში მოთავსებულ ინსტრუმენტებს (მაგ. ცენტრალური ვენური კათეტერი, პერიტონეუმის დიალიზის კათეტერი), ჰოსპიტალიზაციის ხშირი საჭიროება და სხვა რისკფაქტორების არსებობა (მაგ. დიაბეტი, პერიფერიული სისხლძარღვების დაავადება).

ერთი კვლევის მიხედვით, 1-დან 14 წლამდე ბავშვებში ინვაზიური დაავადების შემთხვევათა დაახლოებით 13% დაკავშირებულია თირკმლის დაავადებასთან.[3]

არაორსულ მოზრდილებში ინვაზიური დაავადების შემთხვევათა დაახლოებით 14-21% დაკავშირებულია თირკმლის დაავადებასთან.[19][44][45]

ცენტრალური ვენური კათეტერის ჩადგმა

წარმოადგენს B ჯგუფის სტრეპტოკოკის შეღწევის პოტენციურ გზას.

მჭიდროდაა ასოცირებული ნოზოკომიურ ინფექციასთან.[20]

უროლოგიური დაავადებები

წარმოადგენს B ჯგუფის სტრეპტოკოკის შეღწევის გზას. არის საშარდე გზების ინფექციის ცნობილი გამომწვევი მიზეზი.

უროლოგიური დაავადებების ფონზე პაციენტებს საშარდე გზების დაავადების უფრო მაღალი რისკი აქვთ. უროლოგიური დაავადება აღენიშნება ინვაზიური ინფექციის მქონე არაორსული მოზრდილების 13-22%-ს.[19][20]

საზოგადოებაში შეძენილი დაავადების რისკფაქტორია ნეიროგენული შარდის ბუშტი.[20]

კანის მთლიანობის დარღვევა ან კანის წყლულები

მაგალითებია: დიაბეტური ტერფი და ნაწოლი წყლული.[46]

წარმოადგენს B ჯგუფის სტრეპტოკოკის შეღწევის გზას და ხშირადაა ასოცირებული ფონურ მდგომარეობასთან, რომელიც ზრდის B ჯგუფის სტრეპტოკოკული დაავადების რისკს (მაგ. დიაბეტი).

ნაწოლი წყლული რისკფაქტორად განისაზღვრა პოპულაციაზე დაფუძნებულ კვლევაში, რომელშიც არაორსულ მოზრდილებში ინვაზიური დაავადება შეაფასეს.[20]

ნევროლოგიური დაავადება

ასოცირებულია ინვაზიურ დაავადებასთან 1-14 წლამდე ბავშვებში.[3]

ასევე ასოცირებულია არაორსული მოზრდილების დაავადებასთან. ასპირაცია ან შესაძლო ასპირაცია და შემდგომი პნევმონია ხშირია ამ ჯგუფში.[20]

აღნიშნული კავშირის ზუსტი მიზეზი შესწავლილი არ არის, თუმცა სავარაუდოდ მულტიფაქტორულია და მოიცავს ასპირაციის რისკს, ექსპოზიციას ჯანდაცვის დაწესებულებებთან და კათეტერების ხანგრძლივ გამოყენებას.

იმუნოსუპრესია

ასოცირებულია ინვაზიურ დაავადებასთან ბავშვებსა და მოზრდილებში.[3][47]

ზედამხედველობის მონაცემების ერთ-ერთ ანალიზში, ინვაზიური B ჯგუფის სტრეპტოკოკული დაავადების მქონე 1-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვების 23%-ს ჰქონდა ფონური იმუნოსუპრესიული მდგომარეობა (დაკონკრეტებული არ არის).[3]

არაორსულ მოზრდილებში ნეიტროპენიამ და გლუკოკორტიკოიდების გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს B ჯგუფის სტრეპტოკოკული ინფექციის რისკი.[47]

ცხოვრება მოხუცებულთა საცხოვრებელში

დაავადებების ინციდენტობა უფრო მაღალია მოხუცებულთა საცხოვრებლებში, ვიდრე იმავე ასაკის მოხუცებში, რომლებიც სახლებში ცხოვრობენ.[36][48]

გაზრდილი ინციდენტობის მიზეზი უცნობია, თუმცა, სავარაუდოდ ეს უკავშირდება ფონურ დაავადებებს და შემცირებულ ფიზიკურ მარაგს მოვლის საცხოვრებლებში, რასაც თან ერთვის ტრანსმისიის სიმარტივე ასეთ დაწესებულებებში.[36][48]

შავკანიანები ან ლათინოამერიკელები

როგორც მოზრდილებში, ასევე ახალშობილებში ადრეული გამოვლინების B ჯგუფის სტრეპტოკოკული დაავადების მქონე ჩვილებში, ინციდენტობა დაახლოებით ორჯერ უფრო მეტია შავკანიანებში, ვიდრე თეთრკანიანებში.[19][22][28]

აშშ-ში ჩატარებული კვლევების უმრავლესობის მიხედვით დაავადებების ინციდენტობა შავკანიანებში (ნებისმიერი ასაკი) მეტია, ხოლო ინვაზიური დაავადების ინციდენტობა არის 12.8 ყოველ 100 000 მოსახლეზე (შედარებით 6.5 ყოველ 100 000 მოსახლეზე თეთრკანიანებში და სხვა რასებში- 5.1 ყოველ 100 000 მოსახლეზე).[3]

მაღალი ინციდენტობის ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა ნაწილობრივ მაინც ასახავს სოციოეკონომიკურ სტატუსს.

დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთმა ჯვარედინ სექციურმა კვლევამ აჩვენა, რომ ორსულობის დროს B ჯგუფის სტრეპტოკოკული კოლონიზაციის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად უფრო მაღალი იყო შავკანიან ქალებში, ვიდრე თეთრკანიან ან სამხრეთ აზიელ ქალებში, 39.5%, 27.4% და 23.3% მაჩვენებლებით (რიგითობა დაცულია).[38]

ასევე დადასტურებულია ადრეული ნეონატალური დაავადების გაზრდილი რისკი ესპანელ ჩვილებში (შავკანიანი ჩვილების რისკის მსგავსია).[28]

ავთვისებიანი მდგომარეობა

ასოცირებულია B ჯგუფის სტრეპტოკოკულ დაავადებასთან არაორსულ მოზრდილებსა და ბავშვებში.[3]

ავთვისებიანი მდგომარეობის ტიპი ვარირებს კვლევებს შორის, რაც სავარაუდოდ შემთხვევათა შერევას უკავშირდება.

ავთვისებიან მდგომარეობებთან ასოცირებული ფარდობითი რისკი იკლებს ასაკთან ერთად, ხოლო ინციდენტობა შესადარებელ პოპულაციაში იმატებს.[19]

ერთ კვლევაში, B ჯგუფის სტრეპტოკოკულ დაავადებასთან ასოცირებული იყო ძუძუს კიბო, თუმცა არა სხვა ავთვისებიანი დაავადებები.[20]

კიდევ ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ძუძუს კიბოს მქონე პაციენტებს ჰქონდათ განმეორებითი B ჯგუფის სტრეპტოკოკული ინფექციის უფრო მაღალი რისკი, მაგრამ მათ აღენიშნებოდათ უფრო იშვიათად B ჯგუფის სტრეპტოკოკული მძიმე დაავადება, ვიდრე სხვა ტიპის კიბოს მქონე პაციენტებს, მათ შორის ლიმფომის მქონე პაციენტებს.[49]

აღნიშნული კავშირის ზუსტი მიზეზი შესწავლილი არ არის, თუმცა სავარაუდოდ მულტიფაქტორულია და მოიცავს ასპირაციის რისკს, ექსპოზიციას ჯანდაცვის დაწესებულებებთან და კათეტერების ხანგრძლივ გამოყენებას.

სუსტი

სამეანო მანიპულაცია

დაკავშირებულია ადრეული გამოვლინების დაავადებასთან.

თეორიულად, სამეანო ჩარევას შეუძლია აღმავალი ინფექციისთვის ხელის შეწყობა კოლონიზაციის პირობებში; ზოგიერთ შემთხვევაში აღწერილია მსგავსი მექანიზმი (მაგ. B ჯგუფის სტრეპტოკოკით სკალპის მონიტორის აბსცესი).[19] თუმცა, არ ჩატარებულა რანდომიზებული კონტროლირებადი კვლევა ჩარევით და ჩარევის გარეშე მიმდინარე შემთხვევების შესადარებლად, ამიტომ მტკიცებულება სუსტია.

მანიპულაციასთან ასოცირებული რისკი რთული გამოსაყოფია გახანგრძლივებულ და/ან გართულებულ მშობიარობასთან ასოცირებული რისკებისგან, თუმცა არსებობს თეორია, რომ ჩარევის გარეშე მშობიარობა შეიძლება კიდევ უფრო გახანგრძლივდეს, რაც ინფიცირების რისკს გაზრდის.

შარდის ბუშტის კათეტერის არსებობა

წარმოადგენს B ჯგუფის სტრეპტოკოკის შეღწევის პოტენციურ გზას.

გვხვდება არაორსულ მოზრდილებში ინვაზიური დაავადების შემთხვევათა 15.7%-ში, თუმცა მულტივარიაბელური ანალიზით მნიშვნელოვანი ასოციაცია ვერ გამოვლინდა.[44]

HIV ინფექცია

ზოგიერთი კვლევის მიხედვით წარმოადგენს რისკფაქტორს, თუმცა სხვა კვლევებით მსგავსი ასოციაცია ვერ დგინდება, რაც სავარაუდოდ განპირობებულია შესასწავლი პოპულაციების შემთხვევათა შორის არსებული განსხვავებებით.[19][44]

მაღალაქტიური ანტირეტროვირუსული თერაპიის დანერგვა სავარაუდოდ ამცირებს აივ ინფექციასთან ასოცირებული დაავადების რისკს.

როგორც ჩანს, არ არის მნიშვნელოვანი განსხვავება B ჯგუფის სტრეპტოკოკული კოლონიზაციის მაჩვენებლებს შორის აივ ინფიცირებულ და არაინფიცირებულ ორსულ ქალებში, თუმცა ეს შეიძლება გამოწვეული იყოს აივ ინფიცირებულ ორსულ ქალებში ანტიბიოტიკური პროფილაქტიკის ეფექტით.[50][51][52]

ახალშობილებში, რომლებიც ექსპოზირებული არიან, მაგრამ არ არიან ინფიცირებულნი, აივ-ით შეიძლება უფრო მეტად განვითარდეს გვიან დაწყებული დაავადება. შესაძლო მექანიზმები მოიცავს ახალშობილთა ნაწლავის მიკრობიომის დარღვევას და აივ ინფიცირებული ქალების ჯგუფში ძუძუთი კვების ნაკლებ სიხშირეს.[51][52]

ტრავმა

წარმოადგენს B ჯგუფის სტრეპტოკოკის შეღწევის პოტენციურ გზას.

მჭიდროდ იყო ასოცირებული დაავადებასთან ინვაზიური დაავადების მქონე არაორსული ზრდასრულების პოპულაციურ კვლევაში, სამხრეთ აფრიკაში: პაციენტების 25%-ს ჰქონდა ტრავმის ანამნეზი, 60%-ს ჰქონდა პენეტრაციული დაზიანებები; 60%-ს ჰქონდა ტრავმასთან დაკავშირებული ჰოსპიტალური შემთხვევები.[53] ამ კვლევაში პაციენტთა საშუალო ასაკი (45.6) იყო უფრო დაბალი, ვიდრე სხვა კვლევების უმეტესობაში. დაავადებისა და ტრავმის ასოციაცია შეიძლება ასახავდეს დაავადების ეპიდემიოლოგიის თავისებურებებს განვითარებად ქვეყნებში.

ასთმა

ასოცირებულია ინვაზიურ დაავადებასთან ბავშვებში.[3] გვხვდება ინვაზიური დაავადების მქონე 1-14 წლამდე ბავშვების 13%-ში.[3] კავშირის მიზეზი შესწავლილი არ არის.

პლაცენტის კაფსულების მიღება

მოგვიანებითი B ჯგუფის სტრეპტოკოკული ინფექცია ჩვილებში დაკავშირებულია დედის მიერ დეჰიდრირებული პლაცენტის შემცველი კაფსულების მიღება.[54]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას