ანამნეზი და გასინჯვა
ძირითადი დიაგნოსტიკური ფაქტორები
ხშირი
რისკ-ფაქტორების არსებობა
ყველაზე ხშირი ფაქტორებია თამბაქოს გამოყენება, ახალგაზრდა ასაკი, ხანდაზმული ასაკი, რესპირატორული სისტემის დაავადებები, დაზიანება ან ინფექცია, გულის უკმარისობა და ჰიპერკოაგულაციური მდგომარეობები.
გულმკერდის და კისრის პირდაპირი ტრავმა
ხერხემლის კისრის ნაწილის დაზიანებამ შესაძლოა გამოიწვიოს სუნთქვის კუნთების მამოძრავებელი ნერვების ფუნქციის დაკარგვა. გულმკერდისა და მუცლის დაზიანებამ შესაძლოა გამოიწვიოს პნევმოთორაქსი, ჰემოთორაქსი და/ან ფიტლვის კონტუზია. გულმკერდისა და მუცლის ტრავმამ აგრეთვე, შესაძლოა გამოიწვიოს გულმკერდის კედლის და დიაფრაგმის სტრუქტურული დაზიანება, რაც ძალიან აქვეითებს სუნთქვით ფუნქციას.
ქოშინი
ქსოვილოვანი ჟანგბადის დაქვეითების კომპენსაციისთვის გაძლიერებული სუნთქვის ფიზიოლოგიური მოთხოვნილება ჰიპოქსემიაზე მიუთითებს. დისპნოე უნდა განვასხვავოთ ჰიპერვენტილაციისგან, რომელიც ვლინდება მეტაბოლური აციდოზითა (დიაბეტური კეტოაციდოზი) და პანიკის შეტევით.
დაბნეულობა
ჰიპერკაპნიური სუნთქვის უკმარისობამ შესაძლოა გამოიწვიოს ცნს-ის დათრგუნვა, რაც შესაძლოა გამოვლინდეს გონების დაბინდვისა და ძილიანობის სახით. გამოფიტვასა და გადაღლასთან დაკავშირებული სუთქვის ცენტრის ფუნქციის დაქვეითება ასევე უკავშირდება გონების დაბინდვასა და ძილიანობას.
ტაქიპნოე
ჰიპოქსემიური სუნთქვის უკმარისობა ხშირად ვითარდება, როდესაც გაძლიერებულია ვენტილაციის მოთხოვნილება და ჟანგბადის მიღება ჰაერიდან. სუნთქვის გახშირება რესპირატორული დისტრესის მგრძნობიარე ინდიკატორია, ვინაიდან ეს ერთ-ერთი უპირველესი ფიზიოლოგიური რეაქციაა ჰიპოქსიის მიმართ. თუ ოქსიგენოთერაპია დაწყებულია და სუნთქვის სიხშირე ნორმალიზდება, ეს დამატებითი მტკიცებულებაა მნიშვნელოვანი ჰიპოქსიური მდგომარეობის არსებობის გასამყარებლად. სუნთქვის მწვავე უკმარისობის პროგრესირებასთან ერთად პაციენტები შესაძლოა გადაიღალონ და დაუქვეითდეთ სუნთქვის სიხშირე. სუნთქვის სიხშირის დაქვეითება, განსაკუთრებით ძილიანობის განვითარებასთან ერთად, რაც შესაძლოა გამოწვეულია ჰიპერკაპნიით, მომავალში სუნთქვის უკმარისობის და გაჩერების სერიოზული ნიშანია.
დამატებითი სუნთქვის კუთების გამოყენება
გულმკერდის გაფართოების გასაძლიერებლად მუცლისა და კისრის კუნთების გამოყენება მძიმე სუნთქვით უკმარისობაზე მიუთითებს.
სტრიდორი
შესაძლოა მიუთითებდეს ზედა სასუნთქი გზების ობსტრუქციაზე. სასუნთქი გზების ობსტრუქცია შესაძლოა გავნითარდეს უცხო სხეულის, ინფექციის, სიმსივნის, სეკრეციების, ანაფილაქსიის ან გარე წარმონაქმნის შედეგად.
საუბრის უუნარობა
შესაძლოა მიუთითებდეს ზედა სასუნთქი გზების ობსტრუქციაზე. სასუნთქი გზების ობსტრუქცია შესაძლოა გავნითარდეს უცხო სხეულის, ინფექციის, სიმსივნის, სეკრეციების, ანაფილაქსიის ან გარეგანი წარმონაქმნის ზეწოლის შედეგად.
შესაძლოა აგრეთვე გამოვლინდეს უკიდურესი დისპნოეს დროს ზედა სასუნთქი გზების ობსტრუქციის გარეშე (მაგ: მძიმე ასთმის დროს).
ნეკნთაშორისი სივრცეების რეტრაქცია
ვლინდება ნებისმიერი ეტიოლოგიის სუნთქვის დარღვევის, მათ შორის ზედა სასუნთქი გზების ობსტრუქციის დროს.
ციანოზი
მწვავე ან ქრონიკული ციანოზი შესაძლოა განვითარდეს სისხლის ოქსიგენაციის დაქვეითების შედეგად. თავდაპირველად ვლინდება ცენტრალური ციანოზი (გასინჯვა ხდება ენის ქვეშ), შესაძლოა პროგრესირდეს და გადავიდეს პერიფერიულ ციანოზში (აღინიშნება სახეზე, კისერსა და კიდურებზე).
იშვიათი
სასუნთქი გზის/ყლაპვის რეფლექსის დაკარგვა
ვლინდება ენის დეპრესორის ან ლარინგოსკოპის პირის გამოყენებით. მიუთითებს გადაუდებელი ინტუბაციის აუცილებლობაზე.
სხვა დიაგნოსტიკური ფაქტორები
ხშირი
შფოთვა
თავის ტვინში არასაკმარისმა ჟანგბადის მიწოდებამ შესაძლოა გამოიწვიოს შფოთვა და აჟიტირება. პაციენტები, რომლებსაც აქვთ ჰიპოქსემია, ხშირად გრძნობენ არასპეციფიურ შფოთვას და შიშს.
თავის ტკივილი
არასპეციფიური, მაგრამ ხშირია ჰიპოქსემიური და ჰიპერკაპნიური სუნთქვის უკმარისობის დროს. ჰიპერკაპნიურმა სუნთქვის უკმარისობამ შესაძლოა გამოიწვიოს დიდი თავის ტვინის სისხლძარღვების დილატაცია და შიდა ქალის წნევის მომატება.
ჰიპოვენტილაცია
მძიმე ჰიპერკაპნიის მქონე პაციენტები ხშირად კომფორტულად გრძნობენ თავს და ისვენებენ, როცა პროგრესულ ჰიპოვენტილაციას განიცდიან.
პირებს, რომლებიც მოიხმარენ სუნთქვის ცენტრის დამთრგუნველი ეფექტის მქონე მედიკამენტებს, შესაძლოა განუვითარდეთ ჰიპოვენტილაცია და დაუქვეითდეთ ცნობიერების დონე. ჰიპოვენტილაციას არსებული აგენტებიდან ყველაზე ხშირად იწვევ ოპიოიდები.
გულის რითმის დარღვევები
მწვავე ჰიპოქსემიური სუნთქვის უკმარისობა იწვევს გულისცემის სიხშირის ფიზიოლოგიურ ზრდას სისხლის ნაკადის და ქსოვილებისადმი ჟანგბადის მიწოდების გსაზრდელად. გახანგრძლივებულმა ჰიპოქსემიამ შესაძლოა გამოიწვიოს ბრადიკარდია და მიოკარდიუმის გაღიზიანება პარკუჭოვანი ექტოპიით. ჰიპერკაპნიურმა მდგომარეობამ შესაძლოა გამოიწვიოს მიოკარდიუმის დეპრესია ბრადიკარდიითა და პარკუჭოვანი ექტოპიით.
ხანგრძლივი ფილტვის დაავადების მქონე პაციენტებს შესაძლოა განუვითარდეს წინაგულების ქრონიკული დიზრითმიები და ფილტვისმიერი გული.
იშვიათი
ფონური ნერვკუნთოვანი დაავადება
გულმკერდის შეზღუდული შლის და გაფართოების გამო დაქვეითებული ვენტილაცია შესაძლოა განპირობებული იყოს ნერვკუნთოვანი დაავადებებით, მათ შორის ავთვისებიანი მიასთენიით, პოლინეიროპათიით, მოტორული ნეირონის დაავადებით, პოლიომიელიტით და კუნთების დისტროფიით.
მედიკამენტების გამოყენება
ოპიოიდებით და სედატიური მედიკამენტებით სუნთქვის შემთხვევითმა ან განზრახ დაქვეითებამ შესაძლოა გამოიწვიოს მწვავე რესპირატორული უკმარისობა.
გულყრები
გამოხატულმა ცერებრულმა ჰიპოქსიამ შესაძლოა გამოიწვიოს გულყრას.
კომა
გამოხატულმა ცერებრულმა ჰიპოქსიამ და/ან ჰიპერკაპნიურმა სუნთქვის უკმარისობამ, რომელიც იწვევს მძიმე რესპირატორულ აციდოზს, შესაძლოა განაპირობოს სუნთქვის ცენტრის დათრგუნვა და კომა.
ასტერიქსისი
მაჯის ტრემორი შესაძლოა ჰიპერკაპნიის ნიშანი იყოს.
პაპილოედემა
ჰიპერკაპნია იწვევს ცერებრული სისხლძარღვების დილატაციას და შიდა ქალას წნევის მომატებას, რაც იწვევს მხედველობის ნერვის დისკოს შექცევად შეშუპებას.
რისკფაქტორები
ძლიერი
თამბაქოს მოხმარება
აშშ-ში, სიგარეტის, სიგარისა და ჩიბუხის მოწევა არის რესპირატორული დაავადებების და სუნთქვის უმარისობის მთავარი რისკფაქტორი, რაც განაპირობებს ნაადრევ სიკვდილს.[16]
სიგარეტის კვამლთან პირდაპირი ან მეორადი ექსპოზიცია არის დაკავშირებული ფილტვის დაავადებასა და მეორადი სუნთქვის უკმარისობის რისკთან. მწირი და არათანმიმდევრულია მონაცემები იმის თაობაზე, თუ რამდენად იწვევს კანაფის მოწევა ან საინჰალაციო ნიკოტინის შესუნთქვა მწვავე სუნთქვითი უკმარისობის რისკს.[17][18]
ახალგაზრდა ასაკი
სუნთქვის უკმარისობა შესაძლოა ნებისმიერ ასაკში გამოვლინდეს, მაგრამ ყველაზე ხშირია ახალგაზრდებსა და ხანდაზმულებში.
მცირეწლოვანი ბავშვები და მოხუცები განწყობილნი არიან სუნთქვის სისტემის ინფექციებისადმი, რაც მათ სუნთქვის უკმარისობისადმი განაწყობს.
უფროსი ასაკი
სუნთქვის უკმარისობა შეიძლება მოხდეს ნებისმიერ ასაკში, მაგრამ ყველაზე ხშირია ბავშვებში და ხანდაზმულებში.
მცირეწლოვანი ბავშვები და მოხუცები განწყობილნი არიან სუნთქვის სისტემის ინფექციებისადმი, რაც მათ სუნთქვის უკმარისობისადმი განაწყობს.
ასაკოვან პაციენტებს ხშირად დაქვეითებული აქვთ ფილტვის სასიცოცხლო ტევადობა და შესაძლოა განუვითარდეთ ფილტვის ქრონიკული მდგომარეობანი, რომლებიც ზრდიან სუნთქვის უკმარისობის რისკს.
ხანდაზმულები მედიკამენტებით გამოწვეული რესპირატორული დეპრესიისა და უკმარისობის განსაკუთრებული რისკის ქვეშ არიან.
ფილტვის ინფექცია
მწვავე რესპირატორული უკმარისობა ხშირად უკავშირდება ვირუსულ რესპირატორულ ინფექციას (მაგ. გრიპი, COVID-19), ასევე ბაქტერიულ ან, იშვიათ შემთხვევებში, სოკოვან პნევმონიას. პნევმონიამ შესაძლოა გამოიწვიოს მწვავე ჰიპოქსემიური სუნთქვის უკმარისობა ალვეოლების ინფილტრაციის მეშვეობით. ანალოგიურად, ვირუსულმა რესპირატორულმა ინფექციებმა შესაძლოა გამოიწვიოს ალვეოლების დისფუნქცია. ზემო სასუნთქი გზების ინფექციები იწვევს ჰაერის ნაკადის ობსტრუქციას და სუნთქვის ჰიპერკამნიულ უკმარისობას.
ხანდაზმულები და ქრონიკული დაავადებების მქონე პირები, რომლებიც გავლენას ახდენენ იმუნურ სისტემაზე, უფრო მაღალი რისკის ქვეშ არიან მწვავე რესპირატორული უკმარისობის განვითარებისთვის COVID-19-ით.[19] COVID-19 ინფექციამ ასევე შეიძლება გამოიწვიოს მიოკარდიუმის დაზიანება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კარდიოგენური შოკი და შემდგომში მწვავე რესპირატორული უკმარისობა.[20]
ფილტვის ქრონიკული დაავადება
ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, ცისტური ფიბროზი და ასთმა სუნთქვის უკმარისობის ძირითადი რისკფაქტორებია, ვინაიდან ამ დროს იზრდება მიდრეკილება ფილტვებისა და ქვემო სასუნთქი გზების ინფექციების მიმართ. პაციანტები, რომლებსაც ცუდად კონტროლირებადი ან მაღალრეატქიული ასთმა აქვთ, იმყოფებიან სუნთქვის უკმარისობის რისკის ქვეშ. მწვავე ვირუსული/ბაქტერიული რესპირატორული ინფექციებით გართულებული ასთმის დროს ყველაზე მაღალია რისკი, რომ განვითარდეს სუნთქვის უკმარისობა. ფილტვების ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტები იმყოფებიან სუნთქვის უკმარისობის განვითარების რისკის ქვეშ. ფილტვების ქრონიკული დაავადებან ხშირად რთულდება რესპირატორული ინფექციებით ან გულის უკმარისობით. ფილტვის ქრონიკული დაავადება აგრეთვე ზრდის მიდრეკილებას ფილტვის ემბოლიისადმი, რაც, თავის მხრივ, განაპირობებს სუნთქვის მწვავე უკმარისობას.
ზემო სასუნთქი გზების ობსტრუქცია
ზემო სასუნთქი გზების ობსტრუქცია შესაძლოა გამოვლინდეს მექანიკური ან სტრუქტურული მიზეზების გამო. ზედა სასუნთქი გზების სტრუქტურულ მიზეზებს შეადგენს მწვავე ალერგიით ან ანაფილაქსიით გამოწვეული რეტროფარინგეული აბსცესი, ეპიგლოტიტი და შეშუპება. მექანიკურ მიზეზებს მიეკუთვნება საკვებით ან შემთხვევით უცხო სხეულის ინჰალაციით გამოწვეული ობსტრუქცია. ზემო სასუნთქი გზების ობსტრუქციამ შესაძლოა დააინჰიბიროს ჰაერის შედინება ფილტვებში და გამოიწვიოს სუნთქვის უკმარისობა. ქვემო სასუნთქი გზების ობსტრუქციას უფრო ხშირად იწვევს ფილტვების ქრონიკული დაავადება.
ქვემო სასუნთქი გზების ობსტრუქცია
ასთმის დროს ზიანდება ქვემო სასუნთქი გზები და შესავამისადმსუნთქვის მწვავე უკმარისობის ხშირ მიზეზად გვევლინება. ანთება და სეკრეტის დაგროვება იწვევს საშუალო და მცირე ზომის სასუნთქი გზების ობსტრუქციას. ეს განაპირობებს ფილტვში აირცვლის ინჰიბირებას და, რიგ შემთხვევაში, იწვევს გულმკერდის გადაბერვას, რაც, თავის მხრივ, ხდება არაეფექტური ვენტილაციის მიზეზი. ცისტური ფიბროზი, ბრონქების ანთება და ინფექცია, ასევე, ქვემო სასუნთქი გზების ობსტრუქციის ფორმებია.
ალვეოლური დარღვევები
ალვეოლების დესტრუქციის ან ინფილტრაციის დროს მცირდება აირთა ცვლისათვის ხელმისაწვდომი ფართობი. მაგალითებია: ემფიზემა, პნევმონია, ფილტვის შეშუპება, ფილტვის ჰემორაგია, გუდპასჩერის სინდრომი, გრანულომატოზი პოლიანგიიტით (უწინ ვეგენერის გრანულომატოზის სახელით ცნობილი) და ტრავმა. გარდა ამისა, კუჭის შიგთავსის ან სითხეების ასპირაციამ შეიძლება შეაფერხოს ალვეოლური ზედაპირის გაზის გაცვლა.
პერფუზიული დარღვევები
მდგომარეობებმა, როგორიცაა ჰიპოვოლემია, შოკი და მძიმე ფორმის ანემია, შესაძლოა გამოიწვიოს თავის ტვინის, გულის და ფილტვების არასაკმარისი პერფუზია, რის შედეგადაც შესაძლოა განვითარდეს სუნთქვის უკმარისობა.
გულის უკმარისობა
გულის ქრონიკულმა და მწვავე უკმარისობამ ფილტვის მეორადი შეშუპებით ან სისხლის მცირე ნაკადით შესაძლოა გამოიწვიოს სუნთქვის უკმარისობა ალვეოლების დისფუნქციის გამო.
პერიფერიული ნერვების ანომალიები
ნევროლოგიურმა მდგომარეობებმა, როგორციაა გილენ-ბარეს სინდრომი, ავთვისებიანი მიასთენია და ამიტოტროფული ლატერალური სკლეროზი, შესაძლოა დათრგუნოს რესპირატორული კუნთის ფუნქცია და გამოიწვიოს სუნთქვის უკმარისობა.
კუნთოვანი სისტემის დარღვევები
კუნთების დისტროფიის მსგავსმა მდგომარეობებმა შესაძლოა დათრგუნოს რესპირატორული კუნთის ფუნქცია და გამოიწვიოს სუნთქვის უკმარისობა.
ოპიოიდური და სედატიური მედიკამენტები
ამ ტიპის მედიკამენტებით მოწამვლამ და ზედოზირებამ შესაძლოა შეამციროს რესპირატორული ცენტრის აქტივობა და გამოიწვიოს სუნთქივს უკმარისობა.
ტოქსიკური სუნები და გაზები
ქლორის, კვამლის, ნახშირორჟანგის და გოგირდწყალბადის ჩასუნთქვამ შესაძლოა გამოიწვიოს ზემო და ქვემო სასუნთქი გზების ან ალვეოლების დაზიანება.
ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანება
ზურგის ტვინის დაზიანებამ შესაძლოა გამოიწვიოს დიაფრაგმის ნერვის დაზიანება და ვენტილაციის უნარის დაკარგვა რესპირატორული კუნთის დარღვეული ფუნქციის გამო.
გულმკერდის ტრავმული დაზიანება
დაზიანებებმა, როგორიცაა ნეკნების მოტეხილობა, ფილტვის პენეტრაციული დაზიანებები, ფილტვის სისხლძარღვების პენეტრაციული დაზიანებები, დიაფრაგმნის დაზიანება და ფილტვის კონტუზია, შესაძლოა გამოიწვიოს სხვადასხვა სახის დარღვევები, რამაც შესაძლოა განაპირობოს სუნთქვის უკმარისობა.
ცენტრალური ნერვული სისტემის (ცნს) დარღვევები
ცნს-ის სხვადასხვა ტიპის კიბომ, თავის დაზიანებებმა, თავის ტვინის პირდაპირმა დაზიანებამ, ინფექციებმა, ცნს-ის პირველადმა დაავადებებმა და ინსულტმა შესაძლოა განაპირობოს სუნთქვის უკმარისობის განვითარება.
სისხლძარღვთა მწვავე ოკლუზია
ფილტვის არტერიის ემბოლიზაციამ შესაძლოა გამოიწვიოს არასაკმარისი სისხლის მიდინება მოფუნქციონირე ალვეოლებში, რაც განაპირობებს ვენტილაციურ-პერფუზიურ შეუთავსებლობას.
პნევმოთორაქსი
ჩვეულებრივ იწვევს სუნთქვის უკმარისობას ფილტვის ფონური დისფუნქციის დროს. ფილტვების არასაკმარისმა რეზერვმა შესაძლოა გამოიწვიოს სუნთქვის უკმარისობა. ბილატერალურმა პნევმოთორაქსმა შესაძლოა გამოიწვიოს მძიმე სუნთქვის უკმარისობა და გულის სწრაფი გაჩერება.
ჰიპერკოაგულაციური მდგომარეობანი
ფილტვის ემბოლია, ღრმა ვენების თრომბოზი, და/ან ჰიპერკოაგულაციური მდგომარეობა ოჯახურ ან ინდივიდუალურ ანამნეზში (მაგ: მემკვიდრეობითი ცილების დეფიციტი, ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი, სისტემური წითელი მგლურა) ზრდის ფილტვის მწვავე ემბოლიის რისკს, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს სუნთქვის უკმარისობა.
სუსტი
პულმონური გამონაჟონი
ინფექციის, ავთვისებიანი მდგომარეობების, ტრავმის, გულის უკმარისობის და სისხლძარღვების კოლაგენური დაავადების შედეგად განვითარებულმა გამონაჟონმა შესაძლოა განაპირობოს ფილტვის ქსოვილის კომპრესია და სუნთქვის უკმარისობა.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას