მიდგომა
დიაგნოზი დაფუძნებულია helicobacter pylori-ს არსებობის ტესტზე, ანამნეზში ყურადღება გამახვილდეს ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატების (NSAID) გამოყენებასა და მუცლის ზედა არეში ტკივილის არსებობაზე.
პაციენტებში ≥60 წელზე (≥55 წელთან ასოცირებული წონის დაკლებით დიდ ბრიტანეთში) დისპეფსიით, უნდა დაინიშნოს ენდოსკოპია.[43] ენდოსკოპია დიაგნოსტიკურია და შეიძლება გამოავლინოს კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის პროქსიმული წყლული. დისპეპტიკური სიმპტომების მქონე 60 წელზე ნაკლები ასაკის პაციენტებში უნდა ჩატარდეს H pylori ტესტირება.[44][მტკიცებულების დონე A]
ანამნეზი.
ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატების (NSAIDs) გამოყენება, H pylori ინფექცია, მოწევა, მომატებული ასაკი, პეპტიკური წყლულის პერსონალური ან ოჯახური ანამნეზი და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მკურნალობა ძირითად რისკფაქტორებს წარმოადგენს.
ტიპიურ კლინიკურ სურათს წარმოადგენს დისპეპსია, ქრონიკული ან განმეორებითი მუცლის ტკივილი, ან დისკომფორტის შეგრძნება ლოკალიზაციით მუცლის ზედა არეში.[44] ეს სიმპტომები ხშირად დაკავშირებულია საკვების მიღებასთან, ასევე ხშირად ვითარდება ღამით. თუმცა, ეპიგასტრიული ტკივილის არარსებობა დიაგნოზს არ გამორიცხავს. თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის მქონე პაციენტებში მუცლის ტკივილი შეიძლება ძლიერი იყოს და, წყლულის პოსტერიორულად პანკრეასში პენეტრაციის შედეგად, შეიძლება ზურგში ირადირებდეს.
გულისრევა და ღებინება იშვიათია; უკანასკნელი შესაძლოა მოგვარდეს საჭმლის მიღებით. თუ ღებინებაა, ჩვეულებრივ ჭამის შემდეგ ვითარდება. შეიძლება ასევე გამოვლინდეს წონის კლება და ანორექსია.
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების გამოყენების ანამნეზი და ანტაციდების გამოყენების შემდეგ სიმპტომების შემსუბუქება შესაძლოა იყოს დიაგნოზის დამადასტურებელი ერთ-ერთი ნიშანი. თუმცა, ეს მაჩვენებლები არც სენსიტიური და არც სპეციფიკური არ არის. უნდა აღინიშნოს, რომ დისპეპსიის მქონე ადამიანების უმეტესობას პეპტიკური წყლული არა აქვს.[44]
თუ სახეზეა ასევე დიარეა, ეს შეიძლება ზოლინგერ-ელისონის სინდრომზე მიუთითებდეს. იშვიათად, გულისრევა, ღებინება და სწრაფი დანაყრების შეგრძნება პილოროსტენოზზე მიუთითებს (პეპტიკური წყლულის გართულება).
მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ პეპტიკური წყლული შეიძლება უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს, განსაკუთრებით ხანდაზმულებში და ადამიანებში, რომლებიც იღებენ NSAID-ებს.
გასინჯვა
პალპაციით შეიძლება აღინიშნებოდეს ეპიგასტრიუმის მტკივნეულობა, თუმცა გასინჯვისას სხვა ნიშნები შეიძლება არც გამოვლინდეს. პაციენტი ტკივილის ადგილს ჩვეულებრივ ერთი თითით აჩვენებს ("თითით ჩვენების ნიშანი").
გვხვდება აგრეთვე პეპტიკური წყლულის ატიპური გამოვლინებებიც. კუჭის და თორმეტგოჯას წყლულმა შეიძლება გამოიწვიოს ფარული სისხლდენა და რკინადეფიცტური ანემია. თუმცა დაავადება შეიძლება უეცრდად გამოვლინდეს, სისხლდენის ნიშნებით (ჰემატემეზისი და/ან მელენა და შოკი) ან პერფორაცია პერიტონიტით.
იშვიათად, პილოროსტენოზის მქონე პაციენტებში შეიძლება ისმინებოდეს შხეფის ხმიანობა (გამოწვეული პილორული ხვრელის ობსტრუქციით).
ენდოსკოპია
პეპტიკურ წყლულზე ეჭვის გაჩენის შემთხვევაში ვიყენებთ კლინიკურ გაიდლაინებს, რომლებიც გვეხმარება დისპეფსიის მქონე პაციენტების შეფასებაში.[44][45][46] თუ პაციენტი არის ≥60 წლის (≥55 წლის ასოცირებული წონის დაკლებით დიდ ბრიტანეთში) დისპეფსიური სიმპტომებით, ნაჩვენებია სწრაფი ენდოსკოპია.[43][44] ეს არის პეპტიური წყლულოვანი დაავადების და კუჭ-ნაწლავის (GI )ზედა ტრაქტის ნეოპლაზმების საბოლოო დიაგნოსტიკური ტესტი. დებატები გრძელდება იმის შესახებ, 60 წელზე ნაკლები ასაკის პაციენტებს, რომლებსაც აქვთ დისპეპსიის "საგანგაშო" სიმპტომები (მაგ. წონის კლება, ანემია, ღებინება, სწრაფი დანაყრების შეგრძნება ან დისფაგია) ესაჭიროებათ თუ არა ენდოსკოპია გასტროინტესტინური ტრაქტის ზედა ნაწილის სიმსივნის გამოსარიცხად; ენდოსკოპიის საჭიროება უნდა შეფასდეს კონკრეტული შემთხვევების საფუძველზე.[44]
ენდოსკოპია ფართოდ არის ხელმისაწვდომი და უფრო სენსიტიური და სპეციფიკურია პეპტიკური წყლულის შემთხვევაში, ვიდრე ბარიუმიანი რადიოგრაფია. გარდა ამისა, ის ბიოფსიის საშუალებას იძლევა (ავთვისებიანი მდგომარეობის დიაგნოსტირებისა და H pylori-ის დასადგენად).
ბარიუმიანი რადიოგრაფია კეთდება იმ პაციენტებში, რომლებსაც არ შეუძლიათ ან არ სურთ ენდოსკოპიის გაკეთება. რუტინულად ის რეკომენდებული არ არის.
H pylori-ის ანალიზის
აშშ-ს გზამკვლევი რეკომენდაციას უწევს H pylori-ისთვის არაინვაზიურ ტესტირებას (მაგ. ურეაზას სუნთქვის ტესტი ან განავლის ანტიგენის ტესტი) 60 წლამდე ასაკის დისპეპსიის მქონე პაციენტებში.[44][47] სეროლოგიური (ანტისხეულების) ტესტირება იძლევა ნაკლებად ზუსტ შედეგებს და არ შეუძლია განასხვავოს აქტიური და წარსული ინფექცია.[47][48][49][50]
ჰისტოლოგია და ბიოფსიის ურეაზული ტესტი (სწრაფი ურეაზას ტესტი) ინვაზიურია და განკუთვნილია პაციენტებისთვის, რომელთატვისაც ჩვენებაა ენდოსკოპია. ორივე ტესტს შეუძლია H pylori დადგენა; თუმცა ჰისტოლოგიას შეუძლია დაადგინოს არის თუ არა წყლული ნეოპლაზმური (ძალზე იშვიათად) და/ან არის თუ არა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები (NSAIDs) წყლულის სავარაუდო გამომწვევი მიზეზი.
პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებს, ბისმუტს ან სხვა წამლებს შესაძლოა გავლენა ჰქონდეთ H pylori სადიაგნოსტიკო ტესტის შესრულებაზე. ასეთ დროს შესაძლებელია ენდოსკოპიამდე 2 კვირით ადრე H2 ანტაგონისტებზე გადართვა, განსაკუთრებით თუ პაციენტს საგანგაშო ნიშნები არა აქვს.
სხვა გამოკვლევები
სისხლის საერთო ანალიზი ნაჩვენებია, თუ კლინიკურად პაციენტი ანემიურია ან აქვს გასტროინტესტინური სისხლდენის ნიშნები.
თუ პაციენტს აქვს მრავლობითი ან მორეციდივე წყლულები, დიარეა, წყლულები თორმეტგოჯა ნაწლავის დისტალურად ან 1-ლი ტიპის მრავლობითი ენდოკრინული სიმსივნის ოჯახური ანამნეზი, ასეთ შეთხვევაში მხედველობაშია მისაღები ზოლინგერ-ელისონის სინდრომის არსებობის შესაძლებლობა. ასეთ პაციენტებში ნაჩვენებია უზმოზე სისხლის შრატში გასტრინის დონის განსაზღვრა, გასტრინის ჰიპერსეკრეციის გამოსავლენად. პაციენტებმა უნდა შეწყვიტონ პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორების(PPI) მიღება ტესტის ჩატარებამდე
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას