ეტიოლოგია

პეპტიკური დაწყლულოვნების ორი ძირითადი ეტიოლოგიური ფაქტორია კუჭის გრამ უარყოფითი პათოგენი ჰელიკობაქტერია პილორი და ასპირინისა და ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატების (NSAIDs) გამოყენება. არსებობს გარკვეული სინერგიზმი ამ ორ ძირითადად გამომწვევ მიზეზს შორის.[12]

უფრო იშვიათ მიზეზებს განეკუთვნება კუჭის იშემია ("სტრესული წყლული", რომელიც შესაძლოა მოხდეს ორგანოების მრავლობითი უკმარისობის მქონე პაციენტებში, რომლებიც ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადიან მკურნალობას), ზოლინგერ-ელისონის სინდრომი (კუჭის წვენის ჰიპერსეკრეციის სინდრომი, რომელიც გამოწვეულია გასტრინის გამომყოფი ნეირო-ენდოკრინული სიმსივნით), გარკვეული მედიკამენტები (მაგ. კალიუმის ქლორიდი, ბისფოსფონატები), ინფექციები (ციტომეგალოვირუსი აივ-ის მქონე პაციენტებში და ზოგჯერ მარტივი ჰერპეს ვირუსი) და კრონის დაავადება. პეპტიკური წყლულების მცირე, მაგრამ მზარდი წილი, როგორც ჩანს, იდიოპათიურია[13][14]

ფსიქოლოგიურმა სტრესმა შესაძლოა გარკვეული როლი შეასრულოს ზოგიერთ პაციენტში. პოპულაციაზე დაფუძნებული პერსპექტიული კვლევამ დანიაში, რომელიც მოიცავდა 3379 ადამიანს, აჩვენა, რომ ფსიქოლოგიური სტრესი ზრდის პეპტიური წყლულის სიხშირეს ნაწილობრივ ჯანმრთელობისე სარისკო ქცევაზე ზემოქმედებით.[15]​ წყლულოვანი დაავადების უფრო მაღალი სიხშირე ასევე დაფიქსირდა მწვავე ტრავმული მოვლენების შემდეგ, როგორიცაა დაბომბვა მეორე მსოფლიო ომის დროს და იაპონიის ცუნამის შემდეგ.[16]

პათოფიზიოლოგია

პეპტიკური წყლულები ვითარდება კუჭნაწლავის ტრაქტის ლორწოვანი გარსის დამაზიანებელ ფაქტორებსა და ამგვარი დაზიანებებისგან დაცვის მექანიზმებს შორის დისბალანსის შედეგად. აგრესიულ ფაქტორებს განეკუთვნება კუჭის წვენი (მათ შორის მარილმჟავა, პეპსინი და ნაღვლის მარილები, რომლებიც თორმეტგოჯას რეფლუქსის შედეგად ხვდება კუჭში), ჰელიკობაქტერია პილორი და ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები (NSAIDs).[17]​ ლორწოვანი გარსის დაცვა მოიცავს ლორწოს ბიკარბონატის ფენას, რომელიც გამოიყოფა ზედაპირული ლორწოვანი უჯრედებით,და რომლებიც ქმნიან ბლანტ გელს კუჭის ლორწოვანზე. ასევე მთავარია მტკიცე ბმები მიმდებარე ეპითელიურ უჯრედებს შორის; აღდგენის პროცესები, როდესაც ეპითელიუმის შრის ნებისმიერი რღვევა სწრაფად ივსება მიმდებარე ეპითელიური და სტრომის ლორწოვანი უჯრედებით, რომლებიც მიგრირებენ და ასწორებენ დაზიანებულ უბანს. ლორწოვანის დაცვა დიდწილად ეყრდნობა ადეკვატურ სისხლმომარაგებას.

ზოგადად, თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულები არის კუჭის მჟავას ჰიპერსეკრეციის შედეგი, რომელიც დაკავშირებულია ჰელიკობაქტერია პილორის(H pylori) ინფექციასთან (პაციენტთა უმრავლესობაში), ხოლო კუჭის წყლულების მქონე პაციენტებში სეკრეცია ნორმალური ან დაბალია.[17]

თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულისას, ქრონიკული ჰელიკობაქტერია პილორის(H pylori) ინფექცია, რომელიც ძირითადად კუჭის კარდიით შემოისაზღვრება, იწვევს სომატოსტატინის სეკრეციის დარღვევას და შედეგად გასტრინის გაძლიერებულ გამოყოფას, რასაც კუჭის მჟავე წვენის ჰიპერსეკრეცია მოყვება ზოლინგერ-ელისონის სინდრომის დროს, გასტრინის გამომყოფი ნეირო-ენდოკრინული სიმსივნე ასტიმულირებს კუჭის მჟავე წვენის გაძლიერებულ სეკრეციას.

კუჭის წყლულის დროს, ჰელიკობაქტერია პილორის (H pylori) ხანგრძლივი ინფექცია მთელ კუჭში, ძლიერ ანთებასთან ერთად, იწვევს კუჭის მუცინის დაშლას, კუჭის ეპითელიურ უჯრედებს შორის მტკიცე ბმების დარღვევას და კუჭის ეპითელიურ უჯრედების სიკვდილს. ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები (NSAID) აზიანებს კუჭს პირდაპირ (წყალბადის იონების შეკავების გზით) და არაპირდაპირ (სისტემური ეფექტი, ციკლო-ოქსიგენაზების, განსაკუთრებით COX-1-ის ინჰიბირებით) და ანტი-თრომბოციტული მოქმედებით ზრდის სისხლდენის რისკს.[12][18]​​

კლასიფიკაცია

ზოგადი

პეპტიკური წყლულები ზოგადად კლასიფიცირდება როგორც კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას