მიდგომა

ყივანახველას საფიქრებელია გახანგრძლივებული ხველით მიმდინარე დაავადების შემთხვევაში, განსაკუთრებით თუ აღნიშნება პაროქსიზმული ხველა, ჩასუნთქვისას "ყივილი", შეტევის შემდეგ ღებინება და ჩვილებში აპნოე ან ციანოზი.[10][27] დიაგნოზი შეიძლება დადასტურდეს დადებითი კულტურის მიღებით, ნუკლეინის მჟავას ამპლიფიკაციის ტესტის (NAAT) ან სეროლოგიის საშუალებით. ამ ტესტების მგრძნობელობა და სპეციფიურობა დამოკიდებულია დაავადების დაწყებიდან გასულ დროზე, პაციენტის ინდივიდუალურ მახასიათებლებზე და ნიმუშის შეგროვებისა და ტრანსპორტირების ხარისხზე.

ანამნეზი და ფიზიკური გასინჯვა

კლასიკურად, ჩვილებსა და ბავშვებში არჩევენ პირველადი ყივანახველას ინფექციის სამ განსხვავებულ ეტაპს.[1][2][10]

1-ლი სტადია: კატარული სტადია

  • ტიპურ შემთხვევებში მისი ხანგრძლივობა 1-2 კვირას შეადგენს.

  • სიმპტომები დამახასიათებელია ზედა სასუნთქი გზების ინფექციებისთვის და შესაძლოა მოიცავდეს რინორეას, ცემინებას და მსუბუქ ხველას. ცხელება შესაძლოა არ აღინიშნებოდეს, ან იყოს დაბალი (სუბფებრილური).

  • ამ ეტაპზე პაციენტები ყველაზე მეტად ინფექციურები არიან.

მე-2 სტადია: პაროქსიზმული სტადია:

  • ტიპურ შემთხვევებში მისი ხანგრძლივობა 1-6 კვირას შეადგენს, თუმცა შესაძლებელია გახანგრძლივება 10 კვირამდე.

  • ხველა თანდათან უფრო და უფრო მძიმე ფორმას იღებს პირველი 1-2 კვირის განმავლობაში, რჩება ერთ დონეზე მომდევნო 2-3 კვირის მანძილზე და შემდეგ თანდათან იკლებს.

  • ხველების პაროქსიზმებს ხშირად ახლავს სუნთქვის "ყივილი" და შეტევის ბოლოს ღებინება. ეს სიმპტომები მეტად დამახასიათებელია დაავადებისთვის და უნდა გამოიწვიოს ყივანახველაზე კლინიკური ეჭვის გაჩნა. დიაგნოზი უპირატესად ამ ეტაპზე ისმება.

მე-3 სტადია: გამოჯანმრთელების სტადია

  • ტიპურ შემთხვევებში მისი ხანგრძლივობა 2-3 კვირას შეადგენს.

  • ხველა ხდება ნაკლებად პაროქსიზმული და ნელ-ნელა ქრება, მაგრამ ხველის ეპიზოდები შეიძლება გაგრძელდეს მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში ზედა სასუნთქი გზების ახალი ინფექციების შედეგად.

  • დიაგნოსტიკური ტესტები არ არის მგრძნობიარე ინფექციის მეოთხე კვირის შემდეგ.

საერთო ჯამში, გართულებები გვხვდება პაციენტების დაახლოებით 6%-ში, მაგრამ 6 თვემდე ასაკის ბავშვების დაახლოებით მეოთხედში.[1]​​[10][28]​ ყველაზე გავრცელებული გართულებაა მეორადი ბაქტერიული პნევმონია, რომელიც შეიძლება კიდევ უფრო გართულდეს სუნთქვის უკმარისობით, ზოგჯერ თან ახლავს ფილტვის ჰიპერტენზია, მძიმე ლიმფოციტოზი და შოკი. აპნოე, რესპირატორული უკმარისობა, კრუნჩხვები და ენცეფალოპათია ასევე ხშირია ჩვილებში და შეიძლება დაკავშირებული იყოს ბაქტერიულ ტოქსინებთან ან ჰიპოქსიასთან, რომელიც დაკავშირებულია მძიმე ხველის ეპიზოდებთან.[10]

ვაქცინირებულ პირებს, მათ, ვისაც ადრე ჰქონდათ ყივანახველას ინფექცია, და მოზარდები და მოზრდილები შეიძლება იყვნენ ასიმპტომური, ან ჰქონდეთ მსუბუქი და არაპაროქსიზმული ხველა.[4][10][29] ამ პაციენტებში ყივანახველას კლასიკური სიმპტომების არარსებობამ შეიძლება გამოიწვიოს დიაგნოზის დასმის პრობლემა; დაავადებაზე ეჭვის არგაჩენამ ასიმპტომურ ან მსუბუქად დაავადებულ მოზარდებში და მოზრდილებში შეიძლება გამოიწვიოს მათი, როგორც დაავადების რეზერვუარის ჩამოყალიბება მცირეწლოვანი ბავშვების ინფექციისთვის, რომლებშიც დაავადება შეიძლება უფრო მძიმედ მიმდინარე აღმოჩნდეს.

1 წლამდე ასაკის ჩვილებში და განსაკუთრებით 6 თვეზე ნაკლები ასაკის ბავშვებში, ხველა შეიძლება არ იყოს ან არ იყოს პაროქსიზმული.​[1][2][10]​ ამ კოჰორტაში შეიძლება გამოვლინდეს ადრეული დაავადების სხვა ატიპიური სიმპტომები, მათ შორის მოკლე კატარალური სტადია, ღებინება, სუნთქვის გაძნელება ან აპნოე.[3]

ლაბორატორიული შეფასება

ყივანახველის დიაგნოზი ეფუძნება კლინიკურ ანამნეზსა და სპეციფიურ დიაგნოსტიკურ ლაბორატორიულ ტესტებს. ყივანახველას ყველაზე დამახასიათებელი ზოგადი ლაბორატორიული კვლევის შედეგებში მნიშვნლოვანია ლეიკოციტოზი და ლიმფოციტოზი, რომლებიც ვლინდება პაციენტების 75%-მდე, ყველაზე ხშირად ბავშვებში.[2] ლეიკოციტების რაოდენობა და ლიმფოციტოზი შეიძლება იყოს ხაზგასმული ახალგაზრდა ჩვილებში (ლეიკემოიდური რეაქცია) და შეიძლება პარალელურად იყოს კლინიკური დაავადების სიმძიმის მაჩვენებელი ამ ასაკობრივ ჯგუფში. გულმკერდის რენტგენოგრაფიით, როგორც წესი, არ არის შესამჩნევი ცვლილებები, ან შეიძლება გამოვლინდეს არასპეციფიკური პერიჰილარული ინფილტრატები ან ატელექტაზები.

დიაგნოზის საბოლოო ტესტი არის Bordetella pertussis-ის დადებითი კულტურის მიღება უკანა კედლის ნაზოფარინგეალური ნაცხიდან ან ცხვირ-ხახის ასპირატიდან.[1]​​[2][10][27][30]​​ მიუხედავად იმისა, რომ კულტურა უაღრესად სპეციფიკურია, მგრძნობელობა მცირდება, თუ ნიმუშები მიიღება იმ პაციენტებისგან, რომლებსაც აქვთ ნაწილობრივი იმუნიტეტი ყივანახველას მიმართ ან მიღებული აქვს ანტიმიკრობული საშუალებები, რომლებიც ეფექტურია ყივანახველას წინააღმდეგ, თუ კულტურები მიიღება ხველის დაწყებიდან > 2 კვირის შემდეგ, და ნიმუშების შეგროვებისა და ტრანსპორტირების დროს დარღვეულია წესები. მიუხედავად ამისა, დადებითი კულტურები უაღრესად სპეციფიკურია და შტამების იდენტიფიკაციის და ანტიმიკრობული საშუალებების მიმართ მგრძნობელობის შესწავლის საშუალებას იძლევა, ამიტომ ბაქტერიოლოგიური კვლევა უნდა ჩატარდეს, თუ ხველის დაწყებიდან <2 კვირაა გასული. უნდა იქნას გამოყენებული პოლიეთილენ ტერეფტალატის ან კალციუმის ალგინატის წკირები, ხოლო ნიმუშები უნდა განთავსდეს სატრანსპორტო ნიადაგში, თუ მათი დაუყოვნებელი დამუშავება შეუძლებელია.

ნუკლეინის მჟავას ამპლიფიკაციის ტესტებს, მათ შორის პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის (PCR) ტესტებს, აქვთ კულტურის მიღებასთან შედარებით მაღალი მგრძნობელობა და ტესტირება შეიძლება ჩატარდეს ხველის დაწყებიდან 4 კვირამდე პერიოდში.[30] ცრუ დადებითი შედეგი შეიძლება გამოწვეული იყოს გარემოს B pertussis დნმ-ით დაბინძურებით, მათ შორის B pertussis ვაქცინებით. თუ ვადები იძლევა საშუალებას (ანუ, ხველების დაწყებიდან <2 კვირა), ნიმუშების ბაქტერიოლოგიური კვლევისა და NAAT-ისთვის (ორივე) უნდა იქნას აღებული.[30] PCR ტესტირებისთვის ნაზოფარინგულ ნიმუშებს წარმოადგენს პოლიეთილენის ტერეფტალატის ნაცხის წკირებით შეგროვილი ნაზოფარინგეალური ნაცხი, ან ნაზოფარინგეალური ჩამონარეცხები, ან ასპირატი. კალციუმის ალგინატის წკირებმა შეიძლება გამოიწვიოს პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის (PCR) ინჰიბირება და არ უნდა იქნას გამოყენებული.[30]

ასევე ხელმისაწვდომია სეროლოგიური ტესტები, თუმცა ეს ტგესტები სტანდარტიზებული არ არის და ხშირად არ გამოიყენება. შრატში ყივანახველას ტოქსინის ანტისხეულების კონცენტრაცია >100 სე/მლ ხველის დაწყებიდან 2-8 კვირაში მიუთითებს ინფექციაზე, მაგრამ სეროლოგიური ტესტები შეიძლება დარჩეს დადებითი ხველის დაწყებიდან 12 კვირამდე.[10] ცრუ დადებითი შედეგები შეიძლება მიღბული იყოს ადამიანებში, რომლებიც ვაქცინირებულნი იყვნენ ყივანახველას შემცველი ვაქცინით წინა 6 თვიდან 1 წლამდე შუალედში.

ყივანახველას საწინააღმდეგო ტოქსინის იმუნოგლობულინის G (IgG) გამოვლენა ორალურ სითხეში გამოიყენება ყივანახველას დიაგნოსტიკისთვის დიდ ბრიტანეთში ბავშვებსა და მოზარდებში, რომლებსაც აქვთ ხველა 14 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში. ისევე როგორც შრატში ყივანახველას საწინააღდეგო IgG ანტისხეულების შემთხვევაში, ცრუ დადებითი შედეგები შეიძლება მიღებული იქნეს იმ ადამიანებში, რომლებიც ახლახან აცრილი არიან ყივანახველას შემცველი ვაქცინით.[27] დიაგნოსტიკისთვის B pertussis გამოკვლევა ცხვირ-ხახის სეკრეტში პირდაპირი ფლუორესცენტული მიკროსკოპიით არ არის რეკომენდებული ტესტის დაბალი მგრძნობელობისა და სპეციფიურობის გამო.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას