ეტიოლოგია

ვირუსული მენინგიტი მრავალმა სხვადასხვა ვირუსმა შეიძლება გამოიწვიოს. ზოგიერთი ვირუსი საკმაოდ გავრცელებულია, ზოგი კი მხოლოდ კონკრეტული გეოგრაფიული რეგიონისთვისაა ენდემური. არაპოლიოვირუსული მენინგიტის ყველაზე ხშირი მიზეზია ადამიანის ენტეროვირუსები.​[1][4][13]​​ ჰერპესვირუსები იწვევს ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებათა მთელ სპექტრს, მაგ. მენინგიტს, მიელიტსა და ენცეფალიტს. დასავლურ სამყაროში მარტივი ჰერპესის ვირუსი(HSV)-1 ვირუსული ენცეფალიტის ყველაზე ხშირი მიზეზია, ხოლო მეორე ტიპის HSV-2 ჰერპესვირუსი უფრო ხშირად ვირუსულ მენინგიტთანაა ასოცირებული.[13] Varicella zoster ვირუსი ვირუსული მენინგიტის შედარებით გავრცელებული მიზეზია, რომელიც შეიძლება აღმოჩნდეს პირველადი ინფექციის ან სირსველის დროს, მაგრამ შეიძლება იყოს გამონაყარის გარეშე.[14][13] მენინგიტი არის ყბაყურის ხშირი გამოვლინება, რომელიც გვხვდება შემთხვევების 10%-მდე ნაწილში, თუმცა ამჟამად ყბაყურა იშვიათია ვაქცინირებულ პოპულაციებში.[15] არბოვირუსები ნევროლოგიურ ინფექციას იწვევენ მსოფლიოს მრავალ რეგიონში.[16] დასავლეთის ნილოსის ვირუსი აშშ-ში 1999 წელს გაჩნდა და 150 ადამიანიდან დაახლოებით 1 ადამიანი ინფიცირებული იყო და მათ უვითარდებოდათ ნეიროინვაზიური დაავადება, როგორიცაა მენინგიტი ან ენცეფალიტი.[12][17] ჩრდილოეთ ამერიკის უფრო იშვიათი არბოვირუსებია ცხენის აღმოსავლეთ და დასავლეთ ენცეფალიტის ვირუსები, ლა კროსის ვირუსი და წმ. ლუისის ენცეფალიტის ვირუსი.[18][19] ვირუსული მენინგიტი შეიძლება შეგვხვდეს სიმპტომური აივ სეროკონვერსიის ავადმყოფობის 10% შემთხვევებში.[19] ვირუსული მენინგიტი გრიპის იშვიათი გამოვლინებაა. შემთხვევების 50%-მდე ნაწილში არ არის გამოვლენილი ეტიოლოგიური აგენტი.[13]

პათოფიზიოლოგია

ენტეროვირუსები ვრცელდებიან ფეკალურ-ორალური გზით.[3] არა-პოლიო ენტეროვირუსები და არბოვირუსები თავდაპირველად მრავლდებიან ცენტრალური ნერვული სისტემის გარეთ, ისეთ ქსოვილებში, როგორიცაა კუნთი, ღვიძლი, სასუნთქი და საჭმლის მომნელებელი ტრაქტები. შემდგომ ვირუსები ჰემატოგენურად აღწევენ ცენტრალურ ნერვულ სისტემაში. ჰემატოენცეფალურ ბარიერში ვირუსული შეღწევა ხდება ენდოთელური უჯრედების, მიგრირებადი ლეიკოციტების, ქოროიდული წნულის ეპითელიუმის ან ლიმფური ქსოვილის ინფიცირებით.[16] უცნობია, თუ როგორც აინფიცირებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას მეორე ტიპის ჰერპესვირუსი - ჰემატოგენური გავრცელებით თუ პერიფერიულ ნერვებზე რეტროგრადული გავრცელებით.[20] ცენტრალურ ნერვულ სისტემაში მოხვედრის შემდეგ, ვირუსები ვრცელდებიან სუბარაქნოიდულ სივრცეში და იწვევენ მენინგიტს. შეიძლება დაინფიცირდეს ნეირონები და გლიური უჯრედებიც, რაც ენცეფალიტის ან მიელიტის სახით გამოვლინდება. ცენტრალური ნერვული სისტემის ინფექციაზე განვითარებული უჯრედული პასუხი იწვევს ლიმფოციტების დაგროვებას თავზურგტვინის სითხეში და ანთებითი ციტოკინების გამოთავისუფლებას, როგორიცაა ინტერლეიკინ-6 და სიმსივნის ნეკროზული ფაქტორი. ანთებითი პასუხი აძლიერებს ჰემატოენცეფალური ბარიერის განვლადობას, რაც მოცირკულირე იმუნოგლობულინებს თავზურგტვინის სითხეში შეღწევის საშუალებას აძლევს. უჯრედული პასუხის მნიშვნელობა მდგომარეობს ინფექციის კონტროლში, რასაც კარგად გამოხატავს ვარიცელა ზოსტერით და ციტომეგალოვირუსით გამოწვეული ინფექციების გაზრდილი ინციდენტობა და სიმძიმე იმ პაციენტებში, რომელთაც T-უჯრედული პასუხი დარღვეული აქვთ.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას