შემთხვევის ანამნეზი
შემთხვევის ანამნეზი #1
20 წლის მამაკაცი შემოვიდა გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში ჩივილებით: ტკივილი გულმკერდის მარცხენა ნაწილში და ჰაერის უკმარისობა ის ამბობს, რომ სიმპტომები უეცრად დაეწყო 4 დღის წინ, როცა იგი კომპიუტერთან მუშაობდა. თავდაპირველად მან იფიქრა, რომ დაეჭიმა გულმკერდის კუნთი, მაგრამ ვინაიდან ტკივილმა და დისპნოემ არ გაუარა, გადაწყვიტა სამედიცინო დახმარებისთვის მიემართა. პაციენტს მნიშვნელოვანი სამედიცინო ანამნეზი არ აღენიშნება, თუმცა იგი 16 წლიდან სიგარეტს ეწევა. მის უფროს ძმას 23 წლის ასაკში განუვითარდა პნევმოთორაქსი. პაციენტის სასიცოცხლო ნიშნები ნორმალურია. მას მსუბუქი დისკომფორტი აწუხებს. გულმკერდის გასინჯვით ჩანს გულმკერდის მარცხენა ნახევრის მცირე გაფართოება და გულმკერდის ექსკურსიის დაქვეითება. პერკუსიით გულმკერდის მარცხენა ნახევარი ჰიპერ-რეზონანსულია, ხოლო სუნთქვითი ხმიანობა გულმკერდის მარჯვენა ნახევართან შედარებით დაქვეითებულია. გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ პათოლოგია არ გამოვლინდა.
შემთხვევის ანამნეზი #2
65 წლის პაციენტი ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებით (ფქოდ) შემოვიდა გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში ჩივილებით სუნთქვის მზარდ უკმარისობასა და დისკომფორტზე გულმკერდის მარჯვენა მხარეს. ის აცხადებს, რომ ეს სიმპტომები მოულოდნელად კლინიკაში შემოსვლამდე 1 საათით ადრე გამოვლინდა. ცხელებას და შემცივნებას უარყოფს. იგი ასევე უარყოფს ნახველის გაძლიერებულ გამოყოფას და ნახველის ფერის ან კონსისტენციის ცვლილებას. ექიმის რეკომენდაციის მიუხედავად, იგი აგრძელებს სიგარეტის მოწევას. პაციენტის სისხლის წნევა არის 136/92 მმ.ვწყ.სვ., გულისცემის სიხშირე - 110 დარტყმა წუთში, ხოლო სუნთქვის სიხშირე - 24 ჩასუნთქვა წუთში. გულმკერდის ექსკურსია დაქვეითებულია უფრო მეტად მარჯვენა მხარეს, მარცხენასთან შედარებით. გულმკერდის მარჯვენა ნახევარი უფრო ჰიპერინფლირებულია, ვიდრე მარცხენა. გულმკერდის მარჯვენა ნახევარი პერკუსიით ჰიპერ-რეზონანსულია. სუნთქვითი ხმიანობა ორმხრივად შესუსტებულია, თუმცა მეტად მარჯვნივ.
სხვა გამოვლინებები
ატიპიური შემთხვევაა ატელექტაზური ფილტვის ადგილას პლევრული აირების დაგროვება (ცნობილია, როგორც პნევმოთორაქსი ex vacuo). ამ დროს პაციენტს შეიძლება აღენიშნებოდეს ხველა ან დისპნოე, რომელიც კოლაფსის ხარისხზეა დამოკიდებული.
ყურადღება მიაქციეთ პაციენტებს გულმკერდის ტკივილით, პლევრის დრენაჟის შემდგომი დისპნოეთი, რადგან ეს ასევე შეიძლება იყოს ex vacuo პნევმოთორაქსის ნიშანი.
კატამენიური პნევმოთორაქსი ვითარდება ახალგაზრდა ქალებში, მენსტრუაციამდე 72 საათით ადრე ან მენსტრუაციიდან 72 საათის შემდეგ. თვლიან, რომ ის შედარებით იშვიათია. სამედიცინო ლიტერატურაში აღწერილია დაახლოებით 250 შემთხვევა, თუმცა შეიძლება ყველა შემთხვევა ცნობილი არ იყოს. ეს პნევმოთორაქსი, ჩვეულებრივ, მარჯვენამხრივია.[6]
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას