განხილვები პაციენტთან

ასთმის მქონე ყველა პაციენტი ინფორმირებული უნდა იყოს დაავადების თვითმართვის თაობაზე, მათ შორის, თუ როგორ უნდა განახორციელოს პაციენტმა სიმპტომების და/ან ფილტვის ფუნქციის მონიტორინგი, გამოიყენოს ასთმის გაწერილი სამოქმედო გეგმა და დაგეგმოს რეგულარული ვიზიტები ჯანდაცვის სპეციალისტთან. ასთმის გაწერილი სამოქმედო გეგმა ეხმარება პაციენტს დაავადების გაუარესების ამოცნობაში და შესაბამისი ზომების მიღებაში. ეს შეიძლება მოიცავდეს:​[1]

  • როგორ და როდის უნდა შეიცვალოს შემამსუბუქებელი მედიკამენტი

  • როგორ და როდის უნდა შეიცვალოს მაკონტროლებელი მედიკამენტი

  • როდის უნდა გამოიყენოს პერორალური კორტიკოსტეროიდები

  • როდის და როგორ უნდა დაუკავშირდეს ჯანდაცვის პროფესიონალს.

რჩევები და კრიტერიუმები ინდივიდუალურია ყველა პაციენტისთვის. პაციენტებისთვის, რომლებიც იღებენ საინჰალაციო კორტიკოსტეროიდების (ICS) მხოლოდ შემანარჩუნებელ მკურნალობას, შემანარჩუნებელი მკურნალობა ზოგადად უნდა გაიზარდოს, თუ კლინიკურად მნიშვნელოვანი ცვლილებაა პაციენტის მიერ ასთმის კონტროლის ჩვეული დონისგან: მაგალითად, თუ ასთმის სიმპტომები ხელს უშლის ნორმალურ საქმიანობას, ან პიკური ამოსუნთქვის მაჩვენებელი შემცირდა 20%-ზე მეტით 2 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში.​[1]

არაბრმა, რანდომიზებული კვლევის ფარგლებში, რომელშიც მონაწილეობდა ასთმით დაავადებული 1871 მოზრდილი და მოზარდი, განიხილეს ასთმის პერსონალიზებული სამოქმედო გეგმის ეფექტი, რაც გულისხმობდა ასთმის კონტროლის გაუარესებისას საინჰალაციო კორტიკოსტეროიდის დოზის დროებით გაოთხმაგებას. ამის შედეგად პაციენტებში ასთმის მძიმე გამწვავებების უფრო ნაკლები ეპიზოდი აღინიშნა, ვიდრე იმ გეგმის გამოყენებისას, რომელიც არ ითვალისწინებდა საინჰალაციო კორტიკოსტეროიდის დოზის გაზრდას.[90] აღნიშნული მიდგომა, მოზრდილებში ასთმის გამწვავებების თვითკონტროლის ფარგლებში, ამჟამად რეკომენდებულია ზოგიერთი ორგანიზაციის გაიდლაინით, როგორიცაა ასთმის გლობალური ინიციატივა (GINA), ბრიტანეთის თორაკალური საზოგადოება (BTS) და შოტლანდიის ინტერკოლეგიალური გაიდლაინების ქსელი (SIGN).[1][46]

ყურადღება უნდა გამახვილდეს ინჰალატორის სწორად გამოყენების, მედიკამენტური მკურნალობის რეჟიმისადმი დამყოლობის მნიშვნელობისა და ასთმის ტრიგერების თავიდან აცილების თაობაზე. პაციენტებს შესაძლოა მიეცეთ პიკ-ფლოუმეტრი, გამოყენების სათანადო ინსტრუქციით. ამასთან, მათი სამოქმედო გეგმა უნდა ეფუძნებოდეს პიკ-ფლოუმეტრიის მაჩვენებლების ცვლილებას.

თუ პაციენტის ბინაზე მკურნალობა სათანადოდ ვერ ხერხდება, დაავადების მართვა საჭიროა ჯანდაცვის პირველად რგოლში, მწვავე მოვლის დაწესებულებაში, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილებასა ან ჰოსპიტალში.

პაციენტს, ასთმის გამწვავების თვითმართვის შემდეგ რეკომენდებულია, ჩაუტარდეს ნახევრად ურგენტული შეფასება ჯანდაცვის პირველად რგოლში, 1-2 კვირის განმავლობაში, იდეალურ შემთხვევაში -პერორალური კორტიკოსტეროიდების მიღების შეწყვეტამდე.[1]​ თუ პაციენტს სჭირდებოდა მკურნალობა პირველადი ჯანდაცვის, ინტენსიური მოვლის, ან გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში ან საავადმყოფოში, მაშინ პაციენტთან შემდგომი მეტვალყურეობის ვიზიტი 2-დან 7 დღის განმავლობაში უნდა დაინიშნოს. შემდგომმა მეთვალყურეობით უნდა შეფასდეს:​[1]

  • მოხდა, თუ არა გამწვავების კუპირება

  • შეიძლება, თუ არა პერორალური კორტიკოსტეროიდების შეწყვეტა

  • პაციენტის მიერ სიმპტომების კონტროლის დონე

  • პაციენტის რისკფაქტორები

  • გამწვავების პოტენციური მიზეზები

  • ასთმის გაწერილი სამოქმედო გეგმა

  • ინჰალატორის გამოყენების ტექნიკა და დამყოლობა მკურნალობაზე.

გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილებაში პაციენტის ან პირველადი ჯანდაცვის პროვაიდერებისთვის განხორციელებულმა საგანმანათლებლო ჩარევებმა შესაძლოა, განამტკიცოს ასთმის გამწვავების ეპიზოდის შემდეგ პირველადი ჯანდაცვის დონეზე შემდგომი მეთვალყურეობის ვიზიტების აუცილებლობის მნიშვნელობა.[91]

ასთმის სიცოცხლისთვის საშიში გამწვავებების მაღალი რისკის მქონე პაციენტებისთვის რეკომენდებულია სამედიცინო დახმარების მიღება გამწვავების ადრეულ ეტაპზე. ასთმასთან დაკავშირებული სიკვდილის რისკფაქტორები მოიცავს:​[1]

  • ანამნეზში თითქმის ფატალური ასთმა, რომელიც საჭიროებდა ინტუბაციას და მექანიკურ ვენტილაციას

  • გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილებაში ასთმის გამო ჰოსპიტალიზაცია ან ვიზიტი ბოლო ერთი წლის განმავლობაში

  • პერორალური კორტიკოსტეროიდების ამჟამიდელი მიღება ან სულ ახლახანს შეწყვეტა

  • ამჟამად მკურნალობა საინჰალაციო კორტიკოსტეროიდების გამოყენების გარეშე

  • ხანმოკლე მოქმედების ბეტა-2 აგონისტების ჭარბად გამოყენება, განსაკუთრებით, სალბუტამოლის (ან მისი ეკვივალენტი პრეპარატის) თვეში ერთ ინჰალატორზე მეტის გამოყენება.

  • ფსიქიატრიული დაავადების ან ფსიქოსოციალური პრობლემების ანამნეზი

  • ცუდი დამყოლობა ასთმის მედიკამენტურ მკურნალობასა და/ან გაწერილი სამოქმედო გეგმის დაცვაზე ან აღნიშნული გეგმის არქონა

  • ასთმიან პაციენტში კვებითი ალერგია.

  • თანმხლები დაავადებები, მათ შორის პნევმონია, დიაბეტი და არითმიები.


პიკური დინების გაზომვა- ანიმაციური გზამკვლევი
პიკური დინების გაზომვა- ანიმაციური გზამკვლევი

როგორ გამოვიყენოთ პიკ-ფლოუმეტრი პიკური ამოსუნთქვის სიჩქარის გასაზომად.


ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას