ეპიდემიოლოგია
ასთმის გლობალური პრევალენტობის, ავადობის, სიკვდილობის მაჩვენებლები და დაავადების ეკონომიკური ტვირთი ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში პროგრესულად გაიზარდა. ამჟამად მთელ მსოფლიოში დაახლოებით 300 მილიონ ადამიანს აქვს ასთმა და მისი პრევალენტობა ყოველ ათ წელიწადში 50%-ით იზრდება. ასთმასთან დაკავშირებული სიკვდილობა, ყოველწლიურად, მთელი მსოფლიო მასშტაბით დაახლოებით 180,000-ს შეადგენს. ასთმით გამოწვეული სიკვდილობის უმეტესი ნაწილი ვლინდება 45 წლის ასაკიდან და შესაძლებელია მისი განვითარების პრევენცია. ასთმის გამო ჯანმრთელი სიცოცხლის დაკარგული წლების რაოდენობა მთელი მსოფლიო მასშტაბით წელიწადში დაახლოებით 15 მილიონს შეადგენს, რაც დიაბეტის მაჩვენებელს უტოლდება.[2]
ასთმის მქონე ადამიანებში დაავადების გამწვავებას შესაძლოა შევხვდეთ მიუხედავად მათი ასაკისა, ეთნიკურობისა ან დაავადების სიმძიმისა, ამასთან, გამწვავებამ შესაძლოა ხშირი ხასიათი მიიღოს. აშშ-ში დაახლოებით 11 მილიონ ადამიანს აღენიშნება ასთმის გამწვავება ყოველ წელს.[3] ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში მნიშვნელოვნად შეიცვალა გამწვავებების დროს გამოყენებული ჯანდაცვის მომსახურების სურათი, კერძოდ, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების და ურგენტული მოვლის განყოფილებებში გაიზარდა პაციენტთა ვიზიტების რაოდენობა, ხოლო შემცირდა ჰოსპიტალში მიღების მაჩვენებელი.[4]
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას