ეპიდემიოლოგია

ბრონქიოლიტი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მწვავე დაავადებაა ჩვილ ბავშვთა შორის და ამ ასაკობრივ ჯგუფში ჰოსპიტალიზაციის წამყვან მიზეზს წარმოადგენს .[3][4][5]

2015 წელს, რესპირატორულ-სინციტიური ვირუსის (RSV) ქვედა სასუნთქი გზების მწვავე ინფექციის დაახლოებით 33,1 მილიონი ეპიზოდი დასრულდა დაახლოებით 3,2 მილიონი ჰოსპიტალიზაციით და 59 000 ჰოსპიტალური სიკვდილით 5 წლამდე ბავშვებში.[6] 6 თვემდე ასაკის ბავშვებში, რესპირატორულ-სინციტიური ვირუსით გამოწვეული ქვედა სასუნთქი გზების მწვავე ინფექციის შედეგად დაფიქსირდა 1.4 მილიონი ჰოსპიტალიზაცია და 27,300 სიკვდილი კლინიკაში.[6]

ბრონქიოლიტების ინციდენტობას ახასიათებს მკაფიო სეზონურობა, აშშ-ში შემთხვევების უმრავლესობა ნოემბრიდან აპრილამდე ვლინდება.[7] ინციდენტობის პიკი ჩვეულებრივ იანვარსა ან თებერვალზე მოდის. სამხრეთ-აღმოსავლეთით ინფექციის დასაწყისი და პიკი შედარბით ადრე დგება. მსგავსი, შუა ზამთარში ეპიდემიის აღმოცენების, ყოველწლიური ტენდეცია სხვა ტემპერატურულ სარტყლებშიც ვლინდება. შედარებისთვის, პარაგრიპ-1 ინფექციას (იწვევს კრუპს) ინციდენტობის მატების ორწლიანი პერიოდულობა ახასიათებს.

ბრონქიოლიტი თითქმის ექსკლუზიურად ჩვილებისთვის არის დამახასიათებელი, 3 წლის ასაკისთვის თითქმის ყველა ბავშვთან შეგვიძლია ვნახოთ სეროლოგიური დადასტურება იმისა, რომ ის RSV-ით იყო ინფიცირებული. RSV-ით პირველი ინფიცირება არ იძლევა დამცველობით იმუნიტეტს, ამიტომ ხშირია განმეორებითი ინფექციები. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვების უმრავლესობაში დაავადება მსუბუქად მიმდინარეობს და თვითგანკურნებადია, შეიძლება განვითარდეს მძიმე ფორმაც, განსაკუთრებით 6 თვის ასაკამდე პაციენტებში.[6] ბავშვებს რომელთაც ფონურად აღენიშნებათ მძიმე დაავადების რისკ ფაქტორები, როგორიცაა დღენაკლულობა, თანდაყოლილი გულის ან ფილტვის ქრონიკული დაავადებები, მეტი რისკი აქვთ, რომ ჰოსპიტალიზდნენ, თუმცა ჰოსპიტალიზირებულთა უმეტესობას წარმოადგენენ ბავშვები ფონური რისკ ფაქტორების გარეშე.[3]

ბრონქიოლიტის მწვავე ეფექტებთან ერთად, კვლევებმა აჩვენა, რომ რესპირატორულ-სინციტიური ვირუსით გამოწვეული ბრონქიოლიტის მქონე ჩვილების დიდ ნაწილს განმეორებით უვითარდება მსტვინავი სუნთქვა; რინოვირუსი სულ უფრო მეტად არის შესწავლილი და აღმოჩნდა, რომ მას აქვს კავშირი მორეციდივე მსტვინავ სუნთქვასთან და ასთმის დიაგნოზთან.[8][9][10][11][12] რისკ-ფაქტორები, როგორიცაა ასთმის ოჯახური ანამნეზი, ზრდის მომავალში ასთმის დიაგნოზის რისკს.[9][13]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას