მიდგომა
ტიპურად დიაგნოზი კლინიკურია: ხველა, ტაქიპნოე, რეტრაქცია და მსტვინავი ხიხინი ხშირი კლინიკური ნიშნებია. სხვა სიმპტომებია რინიტი, ცხელება, ცვალებადი კლინიკური მიმდინარეობა და აპნოე.[42] სადიაგნოსტიკო კვლევები ძირითადად გამოიყენება კლინიკური სურათის მიხედვით დასმული დიაგნოზის დასადასტურებლად ან დაავადების სხვა მიზეზების გამოსარიცხად.
კლინიკური გამოვლინება
ბრონქიოლიტი ძირითადად მცირე ასკის ბავშვებისთვის არის დამახასიათებელი და იშვიათად გვხვდება 3 წლის ასკის შემდეგ. უმეტესად მას რამდენიმე დღით წინ უსწრებს ზედა სასუნთქი ტრაქტის სიმპტომატიკა, ისეთი როგორიცაა მაგ. რინიტი და ხველა. ცხელბა დამახასიათებელია, თუმცა უმეტესად დაბალი ან საშუალო ინტენსიობის (<40°C [<104°F]).[48] ხველა თანდათანობით მატულობს და შეიძლება მიიღოს სველი ხასიათი ან ჩამოყალიბდეს კრუპი. მოგვიანებით ვლინდება ქვედა რესპირატორული ტრაქტის სიმპტომები, მათ შორის რეტრაქცია, მსტვინავი და გაძნელებული სუნთქვა. ამასთან, შეიძლება გამოვლინდეს ისეთი ზოგადი სიმპტომებიც, როგორიცაა საერთო სისუტე, გაღიზინებადობა და მადის დაქვეითება.
გასინჯვა
ჩვეულებრივ გამოავლენს ტაქიპნოეს, რეტრაქციას, მსტვინავ სუნთქვას, სველ ხიხინსა და ხანდახან თორაკოაბდომინალურ ასინქრონიას. ყველა ბავშვს არ უვლინდება მსტვინავი სუნთქვა ან ხიხინი. ზოგიერთი კლინიკური გაიდლაინით, გასინჯვით მიღებული ეს მონაცემები არ არის დიაგნოზის დასმის აუცილებელი პირობა.[42]
ბრონქიოლიტისთვის დამახასიათებელია კლინიკური ნიშნების გამოვლენის მერყეობა, ხშირად დროის მცირე მონაკვეთში.[49] ზოგიერთ ჩვილს რესპირატორულ-სინციტიური ვირუსული (RSV) ბრონქიოლიტით უვითარდება აპნოე.[1] დაავადების მძიმე მიმდინარეობის დროს შეიძლება განვითარდეს ჰიპოქსემია და მკვეთრად გაძნელებული სუნთქვა.
კვლევები
უმრავლეს შემთხვევაში ინფექციის დიაგნოსტირება შესაძლებელია კლინიკურად და დიაგნოსტიკური კვლევები საჭირო არ არის. მიუხედავად ამისა, დიაგნოსტიური ტესტების არასწორად გამოყენება პრევალენტური იყო მწვავე ბრონქიოლიტის დიაგნოზის მქონე ჰოსპიტალიზებულ ჩვილებში; ერთი ერთცენტრიანი კვლევით დადგინდა, რომ ატოპიური დერმატიტის პირადი ანამნეზი, ჰოსპიტალიზაციის უფრო ხანგრძლივი ვადა და სახლში და-ძმების რაოდენობა არასათანადო დიაგნოსტიკური ტესტებისა და მკურნალობის დამოუკიდებელ საპროგნოზო ფაქტორებს წარმოადგენს.[50]
პულსოქსიმეტრიით
პულს-ოქსიმეტრია მარტივი, არინვაზიური მეთოდია ჰიპოქსემიის შესაფასებლად და მისი გამოყენება მიზანშეწონილია მსუბუქზე მეტად გამოხატული სიმპტომატიკის მქონე ბავშვებში, როცა განიხილება ჰოსპიტალიზაციის საკითხი.[51] მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა გაიდლაინში არ არის კონსენსუსი, მათი უმრავლესობა რეკომენდაციას უწევს პულსოქსიმეტრის წყვეტილ და არა მუდმივ გამოყენებას.[52] ჰოსპიტალიზებულ პაციენტებში, რომელთაც არ აღენიშნებთ ჰიპოქსემია, პულს-ოქსიმეტრის წყვეტილად გამოყენება, მუდმივ მონიტორინგთან შედარებით, არ ცვლის მკურნალობის ესკალაციის და ოქსიგენოთერაპიის ხანგრძლივობის მაჩვენებლებს.[53]
სხვადასხვა გაიდლაინით რეკომენდებულია ყველაზე დაბალი, დასაშვები ოქსიჰემოგლობინის სატურაციის განსხვავებული ლიმიტები. ამერიკის პედიატრიის აკადემიის რეკომენდაციით, ჰიპოქსემიურ ბავშვებს დამატებითი ჟანგბადი ისე უნდა მიეცეთ, რომ ოქსიჰემოგლობინის სატურაცია (პერიფერიული ჟანგბადის სატურაცია, Sp`O₂) შენარჩუნებული იყოს სულ მცირე 90%-იან მაჩვენებელზე, რომელზეც O₂-ის პარციალური წნევის მცირე დაწევაც კი ასოცირდება SpO₂-ის მკვეთრ ცვლილებებთან.[42][54]
ერთ-ერთი რანდომიზებული კონტროლირებული კვლევის თანახმად, SpO2-ის სამიზნე მაჩვენებლად 90%-ის დადგენა იყო ისეთივე უსაფრთხო და ეფექტური, როგორც 94%-იანი სამიზნე მაჩვენებელი ვირუსული ბრონქიოლიტით ჰოსპიტალიზებულ ჩვილებში. მნიშვნელოვანი სხვაობა არ გამოვლენილა ორ ჯგუფს შორის სიმპტომების კუპირების დროის, ადექვატური კვების განახლების, რეჰოსპიტალიზაციის ან არასასურველი მოვლენების კუთხით. SpO2-ის სამიზნე მაჩვენებლად 90%-ის შემთხვევაში ჩვილებს სჭირდებოდათ დამატებითი ჟანგბადის უფრო ხანმოკლე კურსი და ექვემდებარებოდნენ უფრო დროულ გაწერას.[55]
არ ჩატარებულა ნერვული სისტემის განვითარების რაიმე გრძელვადიანი კვლევა, რომელიც შეადარებდა SpO₂-ს უფრო დაბალ და უფრო მაღალ (>94%) სამიზნე მაჩვენებლებს. ცხელებამ და აციდოზმა შესაძლებელია ოქსიჰემოგლობინის დესატურაციის მრუდი გადახაროს მარჯვნივ, ამიტომ ამ მდგომარეობების დროს მიზანშეწონილია SpO₂-ის სამიზნე მაჩვენებლის გაზრდა, მაგ. ზოგიერთი გაიდლაინების მიხედვით >92%-მდე.[56][57]
სუნთქვის დაქვეითებული ფუნქციის სხვა ნიშნები, როგორიცაა სუნთქვის გაძნელება ან რეტრაქციები, ის ფაქტორებია, რომლებიც გასათვალისწინებელია დამატებითი ჟანგბადის მიწოდების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას.
გულის ან ფილტვის ფონური დაავადების მქონე ჩვილებს შეიძლება ოქსიგენაციის საბაზისო პათოლოგია აღენიშნებოდეთ. ამ პაციენტებში დამატებითი O₂-ის გამოყენების ზღურბლი შეიძლება უფრო მაღალი იყოს.
რესპირატორულ-სინციტიურ ვირუსზე ტესტირება
შეიძლება გაკეთდეს სწრაფი ტესტები რესპირატორულ-სინციტიურ ვირუსზე და სხვა რესპირატორულ ვირუსებზე, თუმცა ბრონქიოლიტის დიაგნოზის დასადგენად ეს საავალდებულო არ არის. უკუტრანსკრიპციის პოლიმერაზას ჯაჭვური რეაქცია (RT-PCR) გამოავლენს ვირუსის ნუკლეინის მჟავას და ის ძალიან სპეციფიკური და ბევრად უფრო მგრძნობიარე ანალიზია ენზიმშეკავშირებულ იმუნოსორბენტულ ანალიზთან (ELISA) შედარებით.
ტესტის შედეგები შეგვიძლია გამოვიყენოთ ინფექციის კონტროლისთვის ჰოსპიტალურ პირობებში, თუმცა, ჯერ გაურკვეველია, აქვს თუ არა ტესტირებას დამატებითი სარგებელი, ინფექციის კონტროლის მხოლოდ რუტინულ პროფილაქიტკურ ზომებთან შედარებით.[49][56]
ტესტირება რეკომენდებულია პალივიზუმაბით პროფილაქტიკაზე მყოფი ბავშვებისთვის, რომლებსაც ბრონქიოლიტის "უეცრად განვითარებული" ეპიზოდი აღენიშნებათ. თუ რესპირატორულ-სინციტიური ვირუსი დადასტურდება, პალივიზუმაბით ყოველთვიური პროფილაქტიკა უნდა შეწყდეს, რადგან ნაკლებად მოსალოდნელია იმავე წელს იმავე ვირუსით ინფექციის განმეორება.[42]
ცალკეული პაციენტის შეფასების გარდა, ვირუსულ ტესტირებას შეუძლია რესპირატორული პათოგენების ეპიდემიოლოგიაზე წარმოდგენის შექმნა და ახალი პათოგენების იდენტიფიცირება, რომელიც შესაძლოა პოტენციური ეპიდემიის წყაროს წარმოადგენდეს.[52]
რადიოლოგიური და სხვა კვლევები
რადგან არ არსებობს ამ დაავადების რენტგენოგრაფიული პათოგნომური ნიშანი, ამ კვლევის ჩატარება მიზანშეწონილია მხოლოდ ბაქტერიულ პნევმონიაზე (მაგ. ცხელება >40°C [>104°F] და ხიხინის კერები) ან სხვა გართულებებზე (მაგ. პნევმოთოროქსი) საფუძვლიანი ეჭვის შემთხვევაში.[58]
სხვა ლაბორატორიული კვლევები,როგორიცაა მაგალითად სისხლის საერთო ანალიზი ან შრატის ქიმიური ანალიზი, არ არის აუცილებელი ბრონქიოლიტის დიაგნოსტირებისთვის, მაგრამ შესაძლოა საჭირო გახდეს მძიმე პაციენტების მდგომარეობის შესაფასებლად.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას