ეპიდემიოლოგია

ამერიკის შეერთებულ შტატებში გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი გვხვდება ზრდასრულების 10-15% ში და წარმოადგენს გასტროენტეროლოგთან გაგზავნის ყველაზე ხშირ მიზეზს (პაციენტების 50%).[4][5][6] დიდ ბრიტანეთში, დადგენილია, რომ პრევალენტობა 6.1%-დან 21.6%-მდეა, უფრო მაღალი გავრცელებით ქალებში, ვიდრე მამაკაცებში.[7][8][9] გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის (IBS) პრევალენტობა მსგავსია ევროპაში და დაბალია, თუმცა მზარდი ტენდენცია აქვს აზია-ოკეანეთის რეგიონში.[10] აფრიკიდან მოწოდებული მონაცემები განსხვავებულია, მაგრამ პრევალენტობის მაჩვენებლები 33%-მდეა დაფიქსირებული.[10]

ავსტრალიაში, საფოსტო კითხვარმა (4500 ადამიანი ≥18 წელზე მეტი ასაკის) აჩვენა IBS-ის გავრცელება მენინგის, Rome I და Rome II კრიტერიუმების მიხედვით, შესაბამისად 13.6%, 6.9% და 4.4%.[11] აზიაში ჩატარებული ანალოგიური საფოსტო გამოკითხვების შედეგად გამოვლინდა IBS-ის მსგავსი პრევალენტობის მაჩვენებლები სინგაპურში (11.0%, 10.4% და 8.6% Manning-ის [>1 კრიტერიუმი], Rome I და Rome II კრიტერიუმების მიხედვით, იმავე მიმდევრობით) და ჩინეთში (11.5%, 5.7% Manning და Rome II კრიტერიუმების მიხედვით, იმავე მიმდევრობით).[12]

ერთი მიმოხილვის თანახმად, ექიმის მიერ დიაგნოსტირებული სინდრომის ინციდენტობის მედიანა არის 38.5 ყოველ 10 000 პაციენტი/წელზე.[13]

მათ შორის, ვისაც დასჭირდა სამედიცინო დახმარება, ქალებმა გადააჭარბეს მამაკაცებს შეფარდებით 2:1.[14] გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის სიმპტომები შესაძლოა დაიწყოს მოზარდობისას ან ზრდასრულობის ადრეულ ასაკში. უჩვეულოა სიმპტომების დაწყება 50 წლის ასაკის შემდეგ.[15][16]

ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარებული ერთ-ერთი კვლევა აჩვენებს, რომ გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის სიმპტომთა პრევალენტობა გამოკითხულებში არის 19.5%.[17]

ერთი სისტემატური მიმოხილვის თანახმად, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის ჯამური პრევალენტობა მოსახლეობაზე დაფუძნებულ კვლევებში, რომლებიც იყენებდნენ რომის III კრიტერიუმებს, უფრო მეტი იყო, ვიდრე რომის IV კრიტერიუმებით მიმდინარე კვლევებში (შესაბამისად, 9.2% და 3.8%).[18] შერეული გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი (IBS-M) იყო ყველაზე გავრცელებული ქვეტიპი რომის III კრიტერიუმებით.

აგრეთვე ფიქსირდება სინდრომის ოჯახური აგრეგაციის ტენდენცია; რისკი იზრდება (შანსების თანაფარდობა [OR] 2.75) იმ შემთხვევაში, თუ პირველი რიგის ნათესავს აღენიშნება სინდრომი.[19] ფიზიკური ან სექსუალური ძალადობის ისტორია დაფიქსირდა IBS-ის მქონე პაციენტების 32%-44%-ში.[20][21][22] ენდომეტრიოზი შეიძლება იყოს რისკ-ფაქტორი, ერთი მეტა-ანალიზი აჩვენებს IBS-ის 3-ჯერ გაზრდილ გავრცელებას ენდომეტრიოზის მქონე ქალებში, ამ მდგომარეობის გარეშე ქალებთან შედარებით.[23] გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი შესაძლოა აგრეთვე განვითარდეს ენტერული ინფექციის შემდეგ.[24]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას