შემთხვევის ანამნეზი

შემთხვევის ანამნეზი #1

52 წლის ქალბატონი, ანამნეზში რევმატოიდული ართრიტით, აღნიშნავს სიმპტომების თანდათანობით გაუარესებას ბოლო 2 თვის განმავლობაში: დაღლილობას, შეუძლოდ ყოფნას, და "დილის შებოჭილობას" მაჯებისა და ხელის მტევნის სახსრებში. გასინჯვით აღინიშნება ბილატერალურად მაჯის, ნებ-ფალანგის და პროქსიმულ ფალანგთაშუა სახსრების არეში კანის სიმხურვალე, მტკივნეულობა და სინოვიალური გასქელება. პაციენტი საჭიროებისას იღებს ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატებს. სისხლის სრული ანალიზი გვიჩვენებს ჰემოგლობინის დაქვეითებას 123 გ/ლ-დან 96 გ/ლ-მდე (12.3 გ/დლ-დან 9.6 გ/დლ-მდე) ბოლო 3 თვის განმავლობაში და ერითროციტების საშუალო კორპუსკულურ მოცულობას 77 ფემტოლიტრი (fL).

შემთხვევის ანამნეზი #2

72 წლის მამაკაცი, რომელსაც ანამნეზში დაავადება არ აღენიშნება, უჩივის ცხელებას, შემცივნებას, ხველას და ქოშინს. გულმკერდის რენტგენოგრაფიით მარჯვენა ფილტვის შუა წილში ვლინდება ინფილტრატი. მას დაესვა პნევმონიის დიაგნოზი და დაენიშნა ინტრავენური ანტიბიოტიკები. სისხლის ბაქტერიოლოგიური კვლევით ამოითესა Streptococcus pneumoniae. ჰოსპიტალიზაციიდან მე-3 დღეს პაციენტი აფებრილურია, მაგრამ Hb-ის მაჩვენებელი არის 105 გ/ლ (10.5 გ/დლ), რაც შემცირებულია ჰოსპიტალიზაცის დროს განსაზღვრულ (124 გ/ლ (12.4 გ/დლ)) და 1 თვით ადრე არსებულ მაჩვენებლებთან (135 გ/ლ (13.5 გ/დლ)) შედარებით. პაციენტს არ აღენიშნება გასტროინტესტინური სისხლდენის ან აშკარა ჰემოლიზის რაიმე ნიშანი. ერითროციტები მიუთითებს ნორმოციტულ ნორმოქრომულ ანემიაზე.

სხვა გამოვლინებები

ქრონიკულ დაავადებასთან ასოცირებული ანემია ზოგჯერ ფონური ანთებითი დაავადების ერთადერთი მიმანიშნებელია. მაგალითად, არასპეციფიური ნიშნებისა და სიმპტომების მქონე პაციენტისათვის ნორმოციტული ნორმოქრომული ან მიკროციტული ჰიპოქრომული ანემია შესაძლოა იყოს რევმატული პოლიმიალგიის ერთადერთი გამოვლინება. გარდა ამისა, ლატენტურად მიმდინარე აბსცესი ან ოსტეომიელიტის კერა, რომელიც ხშირად უსიმპტომოა, შეიძლება გამოვლინდეს ქრონიკულ დაავადებასთან ასოცირებული ანემიით.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას