მიდგომა
სეფსისის ემპირიული ანტიმიკრობული მკურნალობა მართებულია, სანამ ჰანტავირუსული კარდიოპულმონური სინდრომის (HCPS) დიაგნოზი არ დაისმება. დიაგნოზის დადასტურდების მოლოდინში ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი მედიკამენტები ინიშნება. დიაგნოზის დასმის შემდეგ ანტიბიოტიკოთერაპია წყდება და დამხმარე მკურნალობა ინიშნება.
დაავადების კარდიოპულმონური ფაზაში პაციენტების მდგომარეობა შეიძლება სწრაფად გაუარესდეს; საჭიროა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში (ICU) ინტენსიური მეთვალყურეობა მექანიკური ვენტილაციის დაწყებით, რაც სუნთქვის უკმარისობის მკურნალობისთვისაა საჭირო. საჭიროა სითხის გადასხმა ვაზოპრესორების (მაგ. დობუტამინის და ნორადრენალინის [ნორეპინეფრინის]) თანხლებით, არტერიული წნევის შესანარჩუნებლად. გულის ინდექსის დაქვეითება კარდიოვასკულური კოლაფსის ნიშნებით ექსტრაკორპორალური მემბრანული ოქსიგენაციის (ECMO) ჩვენებაა.[46]
ინტენსიური თერაპიის ბლოკში მართვა
HCPS შეიძლება სწრაფად გადაიზარდოს კარდიოგენულ შოკში და პაციენტი დაიღუპოს, ამიტომ მართვა ინტენსიური თერაპიის ბლოკში უნდა მიმდინარეობდეს.[43]
სეფსისის ემპირიული ანტიმიკრობული მკურნალობა მართებულია, სანამ HCPS დიაგნოზი არ დადასტურდება.
შეიძლება ჟანგბადის მიწოდება და ინტუბაცია გახდეს საჭირო ხელოვნური სუნთქვის რეჟიმზე გადასაყვანად.
სითხის გადასხმა სასურველია, ფრთხილად ჩატარდეს მოცულობითი გადატვირთვის თავიდან ასაცილებლად.
კარდიოგენული შოკის სამკურნალოდ შეიძლება, ინოტროპული თერაპია გახდეს საჭირო.
ექსტრაკორპორალური მემბრანული ოქსიგენაცია (ECMO)
ექსტრაკორპორალური მემბრანული ოქსიგენაციის (ECMO-ს) გარეშე 100%-იან სიკვდილობასთან ასოცირებულია:[61]
გულის ინდექსი <2.5 ლ/წთ/მ²
შრატში > 4 მმოლ/ლ ლაქტატის შემცველობა
პარკუჭთა ფიბრილაცია, ტაქიკარდია ან უპულსო ელექტრული დისოციაცია
სითხეების ინფუზიისა და ვაზოაქტიური მკურნალობისადმი რეფრაქტერული შოკი.
გამოქვეყნებული მონაცემები ცხადყოფენ, რომ ECMO გამოყენების ფონზე HCPS მქონე სიკვდილობის მაღალი რისკის პაციენტთა დაახლოებით 72% ცოცხალი გაეწერა ჰოსპიტლიდან.[46][62]
ერთი კლინიკური შემთხვევის მონაცემებით ECMO წარმატებით იქნა გამოყენებული HCPS მძიმე ფორმის მქონე ორსული პაციენტის მკურნალობისას.[63]
მკურნალობა დადასტურებული სარგებელის გარეშე
ინტრავენური რიბავირინი როგორც ჩანს, არაეფექტურია HCPS სამკურნალოდ კარდიოპულმონურ ფაზაში. კარდიოპულმონური ფაზის დაწყებისას დაავადების დამძიმება და სიკვდილი იმდენად სწრაფად ხდება, რომ რიბავირინისაგან სარგებლის მიღწევა ვერ ესწრება. რიბავირინის გამოყენება პროდრომულ ფაზაში არ არის შესწავლილი, ძირითადად ამ ფაზაში მონაწილეთა ჩართვის სიძნელის გამო.[64] ჰანტავირუსული კარდიოპულმონური სინდრომის დროს რიბავირინის გამოყენების შემსწავლელმა ღია კვლევამ ვერ გამოავლინა მისი ეფექტურობა და ამასთან გამოვლინდა, რომ რიბავირინით ნამკურნალებთა 71%-ს ანემია განუვითარდა, მათგან 19%-ს ტრანსფუზია დასჭირდა.[65] აქედან გამომდინარე, ინტრავენური რიბავირინი სავარაუდოდ ეფექტური არ არის.
ჩილეში ანდების ვირუსით გამოწვეული HCPS მკურნალობისას დიდი დოზით გამოყენებული ინტრავენური მეთილპრედნიზოლონით მკურნალობის შემსწავლელმა ერთმა რანდომიზებულმა, ორმაგად ბრმა კონტროლირებადმა კვლევამ მკურნალობის სარგებელი ვერ გამოავლინა.[66]
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას