ეპიდემიოლოგია

ჰანტავირუსის კარდიოპულმონური სინდრომი (HCPS) პირველად იდენტიფიცირებული იყო აშშ-ში 1993 წელს ოთხი კუთხის (აშშ-ის სამხრეთ-დასავლეთი ნაწილი, რომელიც მოიცავს იუტას, კოლორადოს, ნიუ მექსიკოს და არიზონას) ეპიდაფეთქების დროს. ის ხდება აშშ-ში, კანადაში და ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში. ჰემორაგიული ცხელება რენული სინდრომით (HFRS) გვხვდება ევროპაში და აზიაში, მაგრამ არ არის აღნიშნული ჩრდილოეთ ამერიკაში.

აშშ-ში HCPS-ის გამომწვევ ჰანტავირუსის ქვეტიპებად იდენტიფიცირებულია:[2][3][5][6][7]

  • სინ ნომბრეს ვირუსი (SNV) იწვევს HCPS შემთხვევების უმეტესობას, რომლებიც თავდაპირველად გამოვლინდა ფორ კორნერს ეპიდაფეთქებისას და გადამტანად ჩაითვალა ირმის თაგვი (Peromyscus maniculatus)

  • ბაიუს ვირუსი (BAYV) უფრო იშვიათად იწვევს HCPS-ის, გამოვლენილია ლუიზიანაში და მისი მასპინძელი ბრინჯის ვირთაგვაა (Oryzomys palustris)

  • შავი მდინარის არხის ვირუსი (BCCV) თავდაპირველად ფლორიდაში გამოვლინდა და მისი მასპინძელი ბამბის ზაზუნაა (Sigmodon hispidus)

  • ნიუ იორკის ვირუსის (NYV) და მონონგაჰელას ვირუსის (MONV) მასპინძელია თეთრფეხება თაგვი (Peromyscus leucopus).

შეერთებულ შტატებში, 1993 წლიდან დაწყებული ზედამხედველობის პერიოდიდან ჰანტავირუსული დაავადების 833 შემთხვევა დაფიქსირდა. პაციენტების საშუალო ასაკი 37,5 წელია (დიაპაზონი 5-დან 84 წლამდე), შემთხვევების 62% მამაკაცებში და 38% ქალებში გვხვდება. ლეტალობის მაჩვენებელია 35%.[8] 2017 წლის იანვარში დაფიქსირდა სეულის ვირუსის ინფექციის აფეთქება რამოდენიმე შტატში, კერძოდ 7 შტატში 17 ადამიანი დაავადდა.[9]

2019 ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრის (ECDC) ანგარიშში ნათქვამია, რომ ევროპის 29 ქვეყანაში დაფიქსირდა ჰანტავირუსით ინფიცირების სულ 4046 შემთხვევა; ფინეთმა და გერმანიამ შეადგინეს ყველა დაფიქსირებული შემთხვევის 69%.[10]

წლიდან წლამდე შემთხვევების ვარიაბელობა სავარაუდოდ დაკავშირებულია გადამტანი მღრღნელების სიმრავლესთან, რაც განპირობებულია გარემო ტემპერატურის და ნალექების წლიური ცვლილებებით და გავლენას ახდენს მღრღნელების საკვების მარაგებზე.[11] ადამიანის რისკი დაკავშირებულია მღრღნელებთან კონტაქტზე, კერძოდ კი საკარმიდამოში საქმიანობაზე, მაგალითად სახლისა და მიმდებარე ტერიტორიის დალაგება, სადაც მღრღნელების ინვაზიის ნიშნებია, და სეზონურად დაკეტილი იმ სათავსოების დალაგება, ან ათვისება, სადაც მღრღნელები იყვნენ დაბუდებული.[12][13]

ლათინურ ამერიკაში ჰანტავირუსის ნაირსახეობა და გავრცელება საკმაოდ კომპლექსურია. ჰანტავირუსის ეპიდემიოლოგია ძირითადად დამოკიდებულია მისი რეზერვუარის, სიგმოდონტინის (Sigmodontinae) ქვეოჯახის მღრღნელების მიკროჰაბიტატზე. ლანდშაფტის შემადგენლობა, კლიმატური პირობები და სეზონურობა, ადამიანების სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები და გარემოს დაცვის გაუარესება ჰანტავირუსის ეპიდემიოლოგიის მნიშვნელოვანი ფაქტორებია. ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში ჰანტავირუსული კარდიოპულმონური სინდრომის (HCPS) გამომწვევი ჰანტავირუსები სამ მონოფილეტურ ჯგუფს მიეკუთვნება: ანდების, ლაგუნა ნეგრას და რიო მამორეს ჯგუფი. თითოეული მათგანი კლასიფიცირებულია, როგორც ცალკე სახეობა.[4]

HCPS-ის იდენტიფიკაციის შემდეგ, შემთხვევები დაფიქსირდა ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის ბევრ ქვეყანაში, დაფიქსირდა ჰანტავირუსების და მათი მასპინძელი მღრღნელების მზარდი რიცხვი. ეპიდაფეთქებები დაფიქსირდა არგენტინაში, ბოლივიაში, ჩილეში, ბრაზილიაში, პერუში, პარაგვაიში, საფრანგეთის გვიანაში, ურუგვაიში, პანამაში, ბარბადოსსა და ვენესუელაში. 2013 - 2018 წლებში, არგენტინაში, ყოველწლიურად საშუალოდ 100 დადასტურებული შემთხვევა იყო რეგისტრირებული. ყველაზე მეტი შემთხვევა იყო ბუენოს აირესში, სალტასა და ჟუჟუიში.[14]

2018 წელს, ანდების ვირუსის აშშ-ში პირველი იმპორტირებული შემთხვევა დაფიქსირდა ჩილედან და არგენტინიდან დაბრუნებულ მოგზაურში.[15]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას