მიდგომა

მკურნალობის ალგორითმის გამოყენება რეკომენდებულია დეჰიდრატაციის ხარისხზე დაყრდნობით.[Figure caption and citation for the preceding image starts]: ბავშვებში მწვავე გასტროენტერიტის მართვის ალგორითმიAdapted from Canadian Paediatric Society, Nutrition and Gastroenterology Committee. Oral rehydration therapy and early re-feeding in the management of childhood gastroenteritis. Paediatr Child Health. 2006;11:527-531. Used with permission [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@43d1c95f

ზოგადი მიდგომა ყველა პაციენტისთვის

მართვის ქვაკუთხედი არის პერორალური რეჰიდრატაციის თერაპიის (ORT) გამოყენება სათანადო პერორალური ხსნარებით (ORS), ასაკთან შესაბამისი კვების თანხლებით.[40][42] საშუალო დეჰიდრატაციის მქონე ბავშვებში პერორალური რეჰიდრატაციია იგივენაირად, ან უფრო, ეფექტურია, როგორც ინტრავენური გადასხმები.[48][49] ინტრავენურ თერაპიასთან შედარებით, პერორალური რეჰიდრატაცია ნაკლებად ტრავმული, იაფია და მისი ადმინისტრირება უფრო ადვილია. ასევე, მისი მიღება შეიძლება სხვა გარემოში, მათ შორის სახლში.[49][50]

არსებობს პერორალური რეჰიდრატაციის ხსნარების სხვადასხვა შემადგენლობა, რომლებიც კომერციულად ხელმისაწვდომია და უსაფრთხოა. არ არის რეკომენდებული იმ სითხეების მიღება, რომლებშიც შედის გლუკოზისა და ელექტროლიტების არაფიზიოლოგიური კონცენტრაციები (მაგ. გაზიანი სასმელები და ტკბილი ხილის წვენები), რადგან ამ სითხეებში დიდი რაოდენობით ნახშირწყლებია, ელექტროლიტები ცოტაა და ოსმოლარობა მაღალია.[51] ამ ჰიპეროსმოლური ხსნარების დიდი რაოდენობით მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ოსმოსური დიარეა. მშობლებს ასევე უნდა აუხსნათ, რომ არ მისცენ ბავშვებს ჩვეულებრივი წყალი მწვავე გასტროენტერიტის დროს, რადგან მხოლოდ წყლის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპონატრიემია და ჰიპოგლიკემია.

კვების ადრეული განახლება კლინიკური და ნუტრიციული სარგებლით ხასიათდება.[40][52] საკვების მიღება ააქტიურებს მომნელებელ ფერმენტებს, აუმჯობესებს საკვები ნივთიერებების შეწოვას, ელექტროლიტების წარმოქმნას, ხელს უწყობს დისაქარიდების აღდგენას, ამცირებს ნაწლავის განვლადობას ინფექციის ფონზე, ამცირებს დიარეის ხანგრძლივობას, ხელს უწყობს ზრდას და აუმჯობესებს ნუტრიციულ გამოსავალს.[51][53][54][55] რთული ნახშირწყლებით მდიდარი საკვები (ბრინჯი, ფაფა, პური, ხორბალი და კარტოფილი), მჭლე ხორცი, ხილი და ბოსტნეული კარგი ამტანობით ხასიათდება. მწვავე გასტროენტერიტის მქონე ბავშვების უმეტესობა, გარდამავალი მეორადი დისაქარიდაზას უკმარისობის მქონე ბავშვების ქვეჯგუფის გარდა, კარგად იტანენ რძესა და ლაქტოზას შემცველ დიეტას. არ არის რეკომენდებული მარტივი შაქრებისა და ცხიმების შემცველი საკვების მიღება.

სტანდარტული თერაპიული რეკომენდაციები

დეჰიდრატაციისთვის შესაბამისი სითხეების მიღების გარდა, ვირუსული გასტროენტერიტის მქონე პაციენტების მართვა მოიცავს შემდეგ საკითხებს.

  • სითხის შენარჩუნების დღიური მოცულობა არის 100 მლ/კგ პირველი 10 კგ წონაზე, 50 მლ/კგ მეორე 10 კგ-ზე და 20 მლ/კგ შემდეგ ყოველ 1 კგ-ზე 20 კილოგრამის ზემოთ. ამას თან უნდა ახლდეს ასაკის შესაბამისი დიეტა.

  • თუ ჩვილი ძუძუთი კვებაზეა, უნდა გაგრძელდეს კვება.

  • თუ ჩვილი ძუძუთი კვებაზე არ არის, არ არის აუცილებელი ხელოვნური რძის განზავება ან ლაქტოზასგან თავისუფალი რძის მიცემა.[40][42]

  • ჩვილებს უფრო ხშირად უნდა მიეწოდოთ საკვები (დედის ან ხელოვნური რძე).

  • ბავშვმა უნდა განაგრძოს ასაკის შესაბამისი კვება.[40][42]

ონდანსეტრონი

ონდანსეტრონის გამოყენება განიხილება მაშინ, როდესაც ღებინების გამო პერორალური რეჰიდრატაცია ვერ ხერხდება. შეძლებისდაგვარად, რეკომენდებულია პერორალური, ერთდოზიანი ონდანსეტრონი (ინტრავენურის ნაცვლად). ერთ რანდომიზებულ კონტროლირებად კვლევაში (n = 194), ონდანსეტრონის ერთმა დოზამ შეამცირა იმ ბავშვების წილი, რომლებსაც უგრძელდებოდათ ღებინება 4 საათის განმავლობაში 42.9%-დან 19.5%-მდე (95% სარწმუნოების ინტერვალი 0.20-დან 0.72-მდე) და ასევე შეამცირა ღებინების ეპიზოდების რაოდენობა 4 საათის განმავლობაში (ინციდენტობის სიხშირის თანაფარდობა 0,51 [95% სარწმუნოების ინტერვალი 0,29-დან 0,88-მდე]).[56] მედიკამენტი შეიძლება მიიღონ როგორც სტაციონარში, ასევე ამბულატორიულად, თუმცა აუცილებელია პაციენტის კლინიკური შეფასება. მედიკამენტი ფრთხილად უნდა დაინიშნოს ბავშვებში, რომელთაც ძლიერი დიარეა აქვთ, რადგან მის ფონზე შეიძლება დამძიმდეს დიარეა. გასტროენტერიტის დროს კლინიცისტმა უნდა შეაფასოს ღებინების საწინააღმდეგო თერაპიის სარგებელი და შესაბამისი გვერდითი ეფექტები და რისკები.[57][58][59][60] [ Cochrane Clinical Answers logo ]

ბავშვები, რომელთაც დეჰიდრატაცია არ აღენიშნებათ

მკურნალობის მიზანია შესაბამისი მოცულობის ხსნარის მიცემა გასტროინტესტინური დანაკარგის ჩასანაცვლებლად და დღიური საჭირო მოცულობის მისაწოდებლად.

<10 კგ ბავშვებმა უნდა მიიღონ 60-120 მლ პერორალური რეჰიდრატაციის ხსნარი ერთი ღებინების/დიარეის ეპიზოდზე, ხოლო >10 კგ ბავშვებმა უნდა მიიღონ 120-240 მლ ხსნარი ღებინების/დიარეის ერთ ეპიზოდზე. აღნიშნულ მოცულობებს ემატება ნორმალური დღიური მოცულობაც.[42]

საჭიროა სტანდარტული თერაპიული რეკომენდაციების გათვალისწინება.

მსუბუქი დეჰიდრატაციის მქონე ბავშვები (<5%)

მსუბუქი დეჰიდრატაციის ნიშნებია: ყურადღების უნარი ნორმაშია; მცირედ დაქვეითებულია გამოყოფილი შარდის მოცულობა; მცირედ მომატებულია წყურვილი; მცირედ გამომშრალია ლორწოვანი გარსები; მცირედ მომატებულია გულისცემის სიხშირე; კაპილარული ავსება ნორმაშია; კანის ტურგორი ნორმაშია; თვალები და წინა ყიფლიბადის მდგომარეობა ნორმაშია.[40] მსუბუქი დეჰიდრატაციის შემთხვევაში გამოიყენება პერორალური ხსნარი 50 მლ/კგ 4 საათის განმავლობაში.[40][42]

მიმდინარე დანაკარგი უნდა ჩანაცვლდეს პერორალური რეჰიდრატაციით. <10 კგ ბავშვებმა უნდა მიიღონ 60-120 მლ პერორალური ხსნარი ღებინების/დიარეის ერთ ეპიზოდზე; >10 კგ შემთხვევაში 120-240 მლ ხსნარი ერთ ეპიზოდზე.[42]

რეჰიდრატაციის შემდეგ უნდა დაიწყოს სტანდარტული თერაპიული რეკომენდაციების აღსრულება.

საშუალო დეჰიდრატაციის მქონე ბავშვები (5% to 10%)

საშუალო სიმძიმის დეჰიდრატაციის ნიშნებია: ყურადღების უნარი ნორმაშია, მაგრამ დაღლილი ან გაღიზიანებულია; დაქვეითებულია გამოყოფილი შარდის მოცულობა; საშუალოდ მომატებულია წყურვილი; გამომშრალია ლორწოვანი გარსები; მომატებულია გულისცემის სიხშირე; კაპილარული ავსება გახანგრძლივებულია; კანის ტურგორი დაქვეითებულია; თვალები ჩაცვენილია და წინა ყიფლიბადი დაწეულია.[40] საშუალო დეჰიდრატაციის შემთხვევაში გამოიყენება პერორალური ხსნარი 100 მლ/კგ 4 საათის განმავლობაში.[40][42]

მიმდინარე დანაკარგი უნდა ჩანაცვლდეს პერორალური რეჰიდრატაციით. <10 კგ ბავშვებმა უნდა მიიღონ 60-120 მლ პერორალური ხსნარი ღებინების/დიარეის ერთ ეპიზოდზე; >10 კგ შემთხვევაში 120-240 მლ ხსნარი ერთ ეპიზოდზე.[42]

რეჰიდრატაციის შემდეგ უნდა დაიწყოს სტანდარტული თერაპიული რეკომენდაციების აღსრულება.

მძიმე დეჰიდრატაციის მქონე ბავშვები (>10%)

მძიმე დეჰიდრატაციის ნიშნებია: აპათიური ან ლეთარგიული მდგომარეობა; მნიშვნელოვნად დაქვეითებულია გამოყოფილი შარდის მოცულობა ან არ გამოიყოფა შარდი; ძლიერად მომატებულია წყურვილი; ძალიან გამომშრალია ლორწოვანი გარსები; გამოხატულად მომატებულია გულისცემის სიხშირე; კაპილარული ავსება გახანგრძლივებულია ან მინიმალურია; კანის ტურგორი დაქვეითებულია; თვალები ძალიან ჩაცვენილია და წინა ყიფლიბადი ძალიან დაწეულია; კიდურები ცივია; ჰიპოტენზია; და კომა.[40] მძიმე დეჰიდრატაცია გადაუდებელი მდგომარეობაა და საჭიროებს დაუყოვნებლივ ინტრავენურ გადასხმებს და ჰოსპიტალიზაციას.

ნატრიუმის ქლორიდი ან რინგერის ლაქტატი, 20 მლ/კგ, გადაისხმება ინტრავენურად 1 საათის განმავლობაში.[40][42] საჭიროა სასიცოცხლო ნიშნების მონიტორინგი და პაციენტის ხელახალი შეფასება რეგულარულად. შეიძლება საჭირო გახდეს ინტრავენური სითხეების ბოლუსები მანამ, სანამ პულსი, პერფუზია და მენტალური სტატუსი ნორმას არ დაუბრუნდება.[42]

ანტიდიურეზული ჰორმონის სეკრეციის არაოსმოსური სტიმულირება ხშირია გასტროენტერიტის მქონე ბავშვებში.[61] ჰიპოტონიური ფიზიოლოგიური ხსნარი არ გამოიყენება ინტრავენური რეჰიდრატაციისთვის, რადგან არაოსმოსური ანტიდიურეზული ჰორმონის აქტივობა ინტრავენური გადასხმისას შეიძლება გახდეს განზავებითი ჰიპონატრიემიის მიზეზი.

პერორალური ჩანაცვლებითი თერაპია უნდა დაიწყოს როცა ბავშვი საკმარისად გამოჯანმრთელდება. მიმდინარე დანაკარგი უნდა შეივსოს პერორალური ან ნაზოგასტრალური რეჰიდრატაციით. <10 კგ ბავშვებმა უნდა მიიღონ 60-120 მლ პერორალური ხსნარი ღებინების/დიარეის ერთ ეპიზოდზე; >10 კგ შემთხვევაში 120-240 მლ ხსნარი ერთ ეპიზოდზე.[42]

რეჰიდრატაციის შემდეგ უნდა დაიწყოს სტანდარტული თერაპიული რეკომენდაციების აღსრულება.

პერორალური რეჰიდრატაციის აუტანლობა ან უარი

აუცილებელია გაითვალისწინოთ, რომ პერორალური ხსნარი მცირე მოცულობით და ხშირი ინტერვალებით უნდა მიეწოდოს ბავშვს. მოცულობა თანდათან უნდა გაიზარდოს.[43] ძალიან მცირეწლოვანი ჩვილებისთვის კოვზით ან საწვეთით სარგებლობა შეიძლება სასარგებლო იყოს ხსნარის მიწოდებისთვის. თუ ბავშვი უარს ამბობს სითხის მიღებაზე, შესაძლებელია შპრიცით სითხის შესხმა პირის ღრუში.

შეგიძლიათ სცადოთ გემოიანი სითხეები ან სითხის გაყინული ვარიანტი ("საწუწნი ყინული"). სითხისთვის გემოს დამატება (ვაშლის ან ფორთოხლის წვენით) არ აუმჯობესებს მიღებას, შედარებით კომერციულად გემოიან სითხეებთან. ასევე, მხოლოდ ძალიან მცირე რაოდენობით ვაშლის ან ფორთოხლის დამატება შეიძლება ელექტროლიტების შემადგენლობის და ოსმოლარობის დარღვევის გარეშე.[62]

თუ ბავშვი ზემოთჩამოთვლილი მეთოდებითაც არ იღებს სითხეს, შეიძლება ნაზოგასტრული ზონდის განხილვა ინტრავენურ მეთოდზე გადასვლამდე. ნაზოგასტრული რეჰიდრატაცია დაკავშირებულია ნაწლავური რეჰიდრატაციის ფიზიოლოგიურ სარგებელთან და არ მოიცავს ინტრავენური თერაპიის პოტენციურ გართულებებს.[49][63] ნაზოგასტრული ჰიდრატაცია განსაკუთრებით გამოსადეგია გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში, სადაც დეჰიდრატაციის სწრაფი კორეგირება შეიძლება იყოს ჰოსპიტალიზაციის პრევენციის საშუალება. ნაზოგასტრული დეჰიდრატაცია ასევე გამოსადეგია ნორმალური ფსიქიკური სტატუსის მქონე პაციენტებისთვის, რომლებიც ზედმეტად სუსტად არიან სითხის მიღებისათვის.[42]

პერორალური რეჰიდრატაციის უკუჩვენებები

პერორალური რეჰიდრატაციის უკუჩვენებებია: ღებინება მცირე მოცულობით და ხშირი მიწოდების მიუხედავად, მძიმე დეჰიდრატაცია შოკისმაგვარი მდგომარეობით, ცნობიერების დარღვევა, პარალიზური ილეუსი და მონოსაქარიდული მალაბსორბცია.[42] განავლის მიმდინარე დანაკარგი >10 მლ/კგ სხეულის წონაზე ერთ საათში აღარ ითვლება პერორალური რეჰიდრატაციის უკუჩვენებად, რადგან ბავშვების უმეტესობა მაინც პასუხობს რეჰიდრატაციაზე.

უკუჩვენებების არსებობის შემთხვევაში ინტრავენური თერაპია უნდა დაიწყოთ გამოთვლილი დეფიციტის შესავსებად, მიმდინარე დანაკარგებისა და დღიური საჭიროების გათვალისწინებით.

ნატრიუმის ქლორიდი 0.9% ან რინგერის ლაქტატი შეიძლება გამოიყენოთ მძიმე დეჰიდრატაციისთვის შოკის დროს ან მის გარეშე. 0.45%-იანი ნატრიუმის ქლორიდი 5%-იანი გლუკოზით გადანახულია მსუბუქი/საშუალო დეჰიდრატაციის შემთხვევებისთვის, ან როცა დეჰიდრატაცია არ ვლინდება, მაგრამ საჭიროა კომპენსაცია და დღიური საჭიროების შევსება.

მსუბუქი და საშუალო დეჰიდრატაციის მქონე ბავშვებში დეფიციტი უნდა აივსოს 4 საათში, ხოლო დანარჩენი მოცულობა მიეცეს 24 საათის განმავლობაში. მძიმე დეჰიდრატაციის შემთხვევაში გასათვალიწინებელია ზემოთ აღწერილი დებულებები.

პერორალური რეჰიდრატაცია და კვების განახლება რაც შეიძლება სწრაფად არის რეკომენდებული, როცა პაციენტის მდგომარეობა ამის საშუალებას მოგვცემს.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას