მიდგომა

როზეოლას დიაგნოზი, როგორც წესი, დგინდება კლასიკური სურათის მიხედვით - მანამდე ჯანმრთელი ჩვილი, 6-24 თვის, რომელსაც 3-4 დღეა აღენიშნება მაღალი ტემპერატურა. ცხელების ალაგება ასოცირებულია დისკრეტული წითელი მაკულებისა და პაპულების გამოვლენასთან ტანსა და კიდურებზე. კლასიკური გამოვლინების შემთხვევაში კლინიკური დიაგნოზი ემყარება გასინჯვით მიღებულ მონაცემებს და ანამნეზს (როგორც წესი, ცხელების ალაგების დროს). ასევე აღწერილია დიარეა და ზედა სასუნთქი გზების სიმპტომები, თუმცა არა დიაგნოსტიკური. ლაბორატორიული კვლევა იშვიათადაა საჭირო. სისხლის საერთო ანალიზით (ლეიკოციტური ფორმულით) თავდაპირველად შეიძლება გამოვლინდეს ლეიკოციტოზი, რომელიც შემდგომში ლეიკოპენიად გარდაიქმნება და ვლინდება შედარებითი ნეიტროპენია და ატიპური ლიმფოციტოზი.[10] როზეოლას მქონე ზოგიერთ ჩვილს შეიძლება აღენიშნოს სტერილური პიურია.[13]

ფიზიკური გამოკვლევა

გასინჯვით მიღებული მონაცემები დაავადების ადრეულ სტადიაზე შეზღუდულია, თუმცა ბავშვების დაახლოებით 15% შეიძლება აღნიშნავდეს ფებრილური გულყრის ეპიზოდს. აღწერილია ენანთემა (ინტრაორალური გამონაყარი), რომელიც შედგება წითელი პაპულებისგან რბილ სასასა და ნაქზე (ნაკაიამას ლაქები).[10][14] ტიპური ეგზანთემა, რომელიც ავადმყოფობის გამოვლენიდან 3-5 დღეში ჩნდება, შედგება ვარდისფერი-წითელი მაკულებისა და პაპულებისგან ტანზე, კისერსა და პროქსიმულ კიდურებზე, ზოგჯერ სახეზეც. ეგზანთემა ფერმკრთალდება რამდენიმე საათში ან დღეში. როზეოლასთან ასოცირებული სხვა ნიშნებია: დაფის აპკის ანთება, პერიორბიტული ედემა, წინა ყიფლიბადის ამობერილობა, ლიმფადენოპათია (კისრის, ყურის უკანა და/ან კეფის) და მუცლის ტკივილი.[15]

ლაბორატორული გამოკვლევები

სეროლოგია იშვიათად ტარდება და შეიძლება საჭირო გახდეს გართულებული ფაქტორების არსებობისას (მაგ. ენცეფალიტი). IgM-ის დონის განსაზღვრა სანდო არ არის ადამიანის ჰერპესვირუსით (HHV6 ან HHV7) გამოწვეული ინფექციის სადიაგნოსტიკოდ. IgG-ს დიაგნოსტიკური როლი აქვს HHV-6/HHV-7-ის პირველადი ინფექციების შემთხვევაში, როცა თავიდან აღმოჩენა შეუძლებელია და შემდეგ დადებითი ხდება.[9] ვირუსული დნმ-ის პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის გამოვლენა შეიძლება იყოს გამოსადეგი, განსაკუთრებით იმუნოსუპრესირებულებში (მაგ. ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის შემდგომ) და არის სეროლოგიური ანალიზის დამხმარე საშუალება. თუმცა, აქტიური და ლატენტური ინფექციის განსხვავება შეიძლება იყოს პრობლემური; მიუხედავად ამისა, ხელმისაწვდომია სპეციალური პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის ანალიზები, რათა განსხვავდეს ლატენტური (ქრომოსომულად ინტეგრირებული ადამიანის ჰერპესვირუსი-6 [ciHHV-6]) და აქტიური ინფექცია. სხვა დიაგნოსტიკური ინსტრუმენტებია: ვირუსული კულტურა, ელექტრული მიკროსკოპია, თუმცა მწვავე კლინიკურ პირობებში იშვიათად გამოიყენება. ვირუსული კულტურა ხშირად არ გამოიყენება, რადგანაც იზოლირებულად იგი ვერ განასხვავებს მწვავე პირველად ადამიანის ჰერპესვირუსი-6/ადამიანის ჰერპესვირუსი-7 ინფექციას ლატენტური ან პერსისტენტული ინფექციისაგან. ასევე, იგი კომერციულად ხელმისაწვდომი არ არის.[16]

კანის ბიოფსია

იშვიათად ტარდება. დაზიანებული კანის ბიოფსიით ვლინდება არასპეციფიკური ვირუსული ეგზანთემა გაფანტული ლიმფოციტური პერივასკულური და დერმული ინფილტრატებით.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას