ეტიოლოგია

იმუნურად გაშუალებული ანაფილაქსიის მიზეზი წინასწარ (პრე) სენსიტიზირებულ ადამიანებთან ალერგენთან ექსპოზიციაა. ხშირი ალერგენებია: მედიკამენტები, საკვები, მწერის ნაკბენი. ასევე შეიძლება გამოვლინდეს ვარჯიში, ალერგენთან ერთად ან მის გარეშე, როგორც მაპროვოცირებელი ფაქტორი. ზოგჯერ საჭიროა კოფაქტორი (მაგ. ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატი, ალკოჰოლი ან სხვა საკვები), რათა განვითარდეს საკვებთან ასოცირებული ან ვარჯიშით ინდუცირებული ანაფილაქსია.[22]

რეაქციების დაახლოებით ერთი მესამედიდან ერთ მოერედემდე გამოწვეულია საკვებით. მძიმე რეაქციის მიზეზი შეიძლება გახდეს საკვების აეროზოლის (მაგ. მიწის თხილის დამუშავებისას გამოყოფილი აეროზოლის, თევზის დამუშავებასთან, ან ცხობის დროს კვერცხის ფხვნილის გამოყენებასთან ასოცირებული აეროზოლის) შესუნთქვა და ასევე რეაქციის გამომწვევ საკვებთან (მაგ. მიწისთხილთან, თხილთან, კვერცხთან, რძესთან, თევზთან) შეხება.[23]​ საკვებთან ასოცირებული, ფიზიკური დატვირთვით ინდუცირებული ანაფილაქსია ვითარდება მაშინ, როდესაც პაციენტი ვარჯიშობს გარკვეული საკვების მიღებიდან 2-დან 4 საათის განმავლობაში (მაგ. ხორბალი, ნიახური, მოლუსკები, თუმცა შესაძლოა ნებისმიერი საკვების მიღების შემდეგ).[17]

მიუხედავად იმისა, რომ სენსიბილიზაცია საკვებისმიერ ცილებზე, როგორც მცენარეულ, ისე ცხოველური წარმოშობის საკვებში კვებითი ალერგიის ყველაზე გავრცელებული ფორმაა, აღწერილია ნახშირწყლების ეპიტოპების მიმართ სენსიბილიზაცია, რომელიც იწვევს ალერგიულ რეაქციას ძუძუმწოვრების ხორცზე. საკვებისმიერი ალერგიის ეს ფორმა გულისხმობს სენსიბილიზაციას ნახშირწყლების ეპიტოპზე გალაქტოზა-ალფა-1,3-გალაქტოზა (ალფა-გალი). ალფა-გალი არის ნახშირწყლოვანი ფრაგმენტი, რომელიც გვხვდება ყველა ძუძუმწოვრის უჯრედებსა და ქსოვილებში, გარდა უმაღლესი რიგის პრიმატებისა (ადამიანის ჩათვლით). ტკიპის ნაკბენმა შეიძლება გამოიწვიოს ალფა-გალის მიმართ ადამიანების სენსიტიზაცია, და შემდგომში ხორცის (მაგ., საქონლის, ღორის, ცხვრის ხორცი) მოხმარება იწვევს დაგვიანებულ ალერგიულ რეაქციას. რეაქცია, როგორც წესი, საკვების მიღებიდან 3-6 საათში ვლინდება. აღინიშნა ცეტუქსიმაბთანჯვარედინი რეაქტიულობა (ალფა-გალი მოცემულია კეტუქსიმაბის მძიმე ჯა ჭვის Fab ნაწილზე).[24]

ზოგიერთი მწერის ნაკბენი, მაგალითად ფუკტრების და კრაზანების, მთელს მსოფლიოში ძალიან ხშირია, ხოლო ზოგიერთი ტიპის ნაკბენი (მაგ. ობობის) გვხვდება კონკრეტულ გეოგრაფიულ რეგიონში.[25]

მედიკამენტური ანაფილაქსიური რეაქციები შეიძლება განვითარდეს როგორც ჰოსპიტალურ, ასევე საზოგადოებრივ პირობებში. ზრდასრულებში რეაქციას ხშირად იწვევს ანტიბიოტიკი, განსაკუთრებით პენიცილინი, ასევე ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები.[18][19][20]

ვაქცინაციის შემდეგ ანაფილაქსიის განვითარების რისკი დაბალია. ვაქცინების უასფრთხოობის მონაცემთა ბაზის მიმოხილვის თანახმად, ვაქცინაციის შემდეგ ანაფილაქსიის რისკი ყოველ მილიონ დოზაზე 1.31-ს უტოლდება.[21]

ანაფილაქსია ზრდასრულებში ანესთეზიის გაკეთებისას უხშირესად გამოწვეულია ნერვკუნთოვანი სისტემის მაბლოკირებელი აგენტებით, მაგრამ ასევე შეიძლება იყოს ინტრავენური საანესთეზიო საშუალებების, ოპიოიდური პრეპარატების, ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების, ლოკალური საანესთეზიო საშუალებების, კოლოიდების, ანტიბიოტიკების და ლატექსის ბრალიც.[26][27] ბავშვებში ანესთეზიის დროს განვითარებული ანაფილაქსია ხშირია ლატექსის გამო, ამიტომ აუცილებელია ლატექსისგან თავისუფალი გარემოს შექმნა.[28]

ადამიანის სპერმაზე ანაფილაქსიის შემთხვევები იშვიათია; უმეტესობა პლაზმურ ცილაზე E იმუნოგლობულინით (IgE) განპირობებული ალერგიული რეაქციაა. აღწერილია შემთხვევა, როცა პარტნიორი მამაკაცის სპერმაზე კანის სინჯი და შემდგომი დესენსიბილიზაცია ჩატარდა.

პათოფიზიოლოგია

კლინიკური სიმპტომები გამოწვეულია პრო-ანთებითი და ვაზოაქტიური მედიატორებით და ციტოკინებით, რომლებიც გამოთავისუფლდება ბაზოფილებისა და პოხიერი უჯრედების მასიური დეგრანულაციით. კლასიკურად, ეს კასკადი IgE-გაშუალებული ჰიპერმგრძნობელობის რეაქციით ინიცირდება.

ალერგენი ორგანიზმში შედის სხვადასხვა გზით: პერორალურად, ინჰალაციით, პარენტერალურად, კანზე კონტაქტით. პირველი ექსპოზიციის დროს ადამიანის მგრძნობიარე ორგანიზმი ანტიგენის საწინააღმდეგო სპეციფიურ IgE ანტისხეულებს გამოიმუშავებს. IgE ანტისხეულები ბაზოფილებსა და პოხიერ უჯრედებზე მაღალაფინურ Fc რეცეპტორებს უკავშირდებიან.

შემდეგი ექსპოზიციისას IgE ანტისხეულების მიერ ანტიგენის ჩაჭერა უჯრედების დაკავშირებას და პოხიერი უჯრედების დეგრანულაციას იწვევს. ჰისტამინს, პროსტაგლანდინ D2-ს, ლეიკოტრინებს, თრომბოციტების გამააქტიურებელ ფაქტორს, ტრიპტაზას, აზოტის ოქსიდს და ეოზინეფილებისა და ნეიტროფილების ქემოტაქტიკურ ფაქტორებს სხვადასხვა ეფექტები აქვთ სამიზნე ორგანოებზე, რაც ანაფილაქსიის კლინიკური სურათით გამოიხატება. აღნიშნული გამოვლინებებია სისხლძარღვოვანი განვლადობის მატება, ვაზოდილატაცია, მიოკარდიუმის დისფუნქცია, ჰიპოტენზია და გულსისხლძარღვთა კოლაფსი, ვინაიდან რამდენიმე წუთში სისხლძარღვშიდა შიგთავსის მოცულობის 50% შეიძლება სისხლძარღვგარე სივრცეში გადავიდეს. გლუვი კუნთების ტონუსის ცვლილება სასუნთქ გზებში ბრონქოსპაზმს და ასთმურ შეტევას იწვევს, და ასევე შეიძლება საშვილოსნოს სპაზმური შეკუმშვა გამოიწვიოს. აუტონომიური ნერვული სისტემის აქტივაცია იწვევს ტაქიკარდიას, შფოთვას და ლორწოს ჰიპერსეკრეციას. თრომბოციტების აგრეგაციის გაძლიერება და იმუნური უჯრედების შემდგომი მოზიდვა ასრულებს სისტემური ანთებითი რეაქციის სურათს.

ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები ასევე იწვევენ უჯრედულ გააქტიურებას არაქიდონის მჟავის მეტაბოლიზმის გაძლიერებით. კომპლემენტის გზის გააქტიურებით, კომპლემენტის პეპტიდები (ანაფილოტოქსინები), როგორიცაა C3a და C5a, მათი პირდაპირი მოქმედებით პოხიერ უჯრედებსა და ბაზოფილებზე, იწვევენ მედიატორების გამოთავისუფლებას, რის გამოც კლასიკური IgE-გაშუალებული რეაციის იდენტური სურათი ვლინდება.[29]

კლასიფიკაცია

ანაფილაქსიის კლასიფიკაცია გამომწვევი მექანიზმის მიხედვით[1]

IgE-ით გაშუალებული იმუნოლოგიური რეაქციები

  • საკვები

  • აეროგენული ალერგენები

  • ლატექსი

  • გველის შხამი

  • მედიკამენტები

  • ალფა-გალი

  • საკვებზე დამოკიდებული, ვარჯიშით პროვოცირებული ანაფილაქსია

  • ჰორმონები

  • სპერმის სითხე

  • საკონტრასტო ნივთიერება

არა-IgE-ით გაშუალებული იმუნოლოგიური რეაქციები

  • იმუნური აგრეგატები

  • ინტრავენური იმუნოგლობულინი

  • მედიკამენტები

  • საკონტრასტო ნივთიერება

არაიმუნოლოგიური რეაქციები

  • ოპიატები

  • ფიზიკური ფაქტორები (ვარჯიში, სიცივე, სითბო)

იდიოპათიური

  • პოხიერი უჯრედების სენსიტიურობის/დეგრანულაციის ზრდა

  • უცნობი ალერგენები

მიმიკრია (მსგავსი მდგომარეობები)

  • მიუნჰაუზენის სტრიდორი

  • სახმო იოგების ფუნქციის დარღვევა

ალერგიული დაავადებების რესურსცენტრის კლასიფიკაცია[2]

ალერგიული დაავადებების რესურსცენტრი შემდეგ მდგომარეობებს განასხვავებს:

  1. ანაფილაქსია: იმუნოლოგიური, განსაკუთრებით IgE-ით გაშუალებული იმუნოლოგიური რეაქციები

  2. არა-ალერგიული ანაფილაქსია: კლინიკურად ანაფილაქსიის იდენტურია; თუმცა, არ არის იმუნოლოგიურად გაშუალებული.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას