ეტიოლოგია
პარაცეტამოლით ზედოზირება, როგორც წესი, ვითარდება თვითდაზიანების მცდელობის, ან თერაპიული შეცდომის შედეგად. თვით-დაზიანებად მოიაზრება ჭარბი ოდენობით მედიკამენტის გადაყლაპვა როგორც ერთმომენტურად, ისე დროის გახანგრძლივებულ პერიოდში. თერაპიულ შეცდომად მოიაზრება უფრო მცირე დოზების მრავალჯერადი მიღება, როდესაც ჯამური (კუმულაციური) დოზა ბევრად აღემატება რეკომენდებულ მაქსიმალურ დღიურ დოზას. თერაპიული შეცდომა შესაძლოა მოჰყვეს პარაცეტამოლის შემცველი სხვადასხვა ფორმის პრეპარატის მრავალჯერად მიღებას ისეთი მდგომარეობების სამკურნალოდ, როგორიცაა ტკივილის სინდრომი ან ხველით და გაციებით მიმდინარე ავადმყოფობა. პედიატრიული ზედოზირება ძირითადად მოსდევს თერაპიულ ჩავარდნებს და მშობლების მხრიდან არასწორ დოზირებას.
პათოფიზიოლოგია
პარაცეტამოლის მეტაბოლიზმი ასაკ- და დოზადამოკიდებულია. თერაპიული დოზის მიღების შემდეგ, პარაცეტამოლი განიცდის ღვიძლისმიერ სულფატირებას და გლუკურონიდაციას, ხოლო შედეგად მიღებული არატოქსიური მეტაბოლიტები გამოიყოფა შარდთან ერთად. თერაპიული დოზის დაახლოებით 4% მეტაბოლიზდება ციტოქრომ P450-ის, ძირითადად CYP2E1-ის მიერ პოტენციურად ტოქსიურ შუალედურ მეტაბოლიტ N-აცეტილ-p-ბენზოქინონ იმინად (NAPQI). CYP2E1 ყველაზე მაღალი კონცენტრაციით თავმოყრილია ცენტრილობულურ ჰეპატოციტებში ცენტრალური ვენის გარშემო (ანუ, პერივენურად ან მე-3 ზონაში) და განაპირობებს ღვიძლის პირველად დაზიანებას პარაცეტამოლის გავლენის შედეგად. ნორმალურ პირობებში და თერაპიული დოზების გამოყენებისას, NAPQI უერთდება უჯრედშიდა გლუტათიონს არატოქსიური მერკაპტურატის დერივატივის წარმოქმნით, რაც გამოიყოფა შარდთან ერთად. თუმცა, ზედოზირების შემდეგ ნორმალურ პირობებში ნაკლებმნიშვნელოვანი CYP2E1 გზა ხდება მნიშვნელოვანი. როდესაც NAPQI-ს წარმოქმნა აჭარბებს მისი დეტოქსიფიკაციის პოტენციალს, ნარჩენი NAPQI უერთდება უჯრედოვან კომპონენტებს, რასაც სდევს მიტოქონდრიული დაზიანება და, საბოლოოდ, ჰეპატოციტის სიკვდილი. თუ მიღებულია საკმარისად მაღალი დოზა, ჰეპატოციტების სიკვდილი შესაძლოა მასიური გახდეს და განაპირობოს ღვიძლის მწვავე უკმარისობის განვითარება. თირკმლებში CYP2E1-ის არსებობა შესაძლოა წარმოადგენდეს თირკმლის დაზიანების განმაპირობებელ ფაქტორს, რაც იშვიათად ვლინდება პარაცეტამოლით ზედოზირების შემდეგ.[13][14][15]
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას