მიდგომა

თითოეული სამხრეთ ამერიკული ჰემორაგიული ცხელება (SAHF) საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესაბამისი უწყებისთვის შეტყობინებადი დაავადებაა.

მკურნალობის მთავარი საყრდენი არის მდგომარეობის სწრაფი იდენტიფიკაცია და შესაბამისი საიზოლაციო და კარგი დამხმარე მოვლის შესაძლებლობების მქონე ჯანდაცვის დაწესებულებაში მოთავსება. არ ჩატარებულა ფართომასშტაბიანი კლინიკური კვლევები, რომლებიც აფასებენ საუკეთესო პრაქტიკას დამხმარე მოვლის დროს. მიუხედავად იმისა, რომ სამხრეთ ამერიკული ჰემორაგიული ცხელებისთვის (SAHF) აღწერილი არაა ინტენსიურ თერაპიაზე გადაყვანა ორგანოების მხარდაჭერით, ის უკუნაჩვენები არ არის, თუ მკურნალობა განხორციელდება უსაფრთხოდ და მედიცინის მუშაკების ოპტიმალური დაცვით. მაგალითად, ებოლას ვირუსით დაავადებული პაციენტების მართვამ, ინტენსიური მოვლის პირობებში კარგად-აღჭურვილ ქვეყნებში გამოავლინა, რომ ის უსაფრთხოა მედიცინის მუშაკებისთვის და მნიშვნელოვნად აუმჯობესებს გადარჩენადობის მაჩვენებლებს.[26]

სამხრეთ ამერიკული ჰემორაგიული ცხელებების (SAHF) მართვისთვის კონკრეტული თერაპიების შესახებ მტკიცებულებები ეხება მხოლოდ გამოჯანმრთელების პერიოდის პლაზმას (იმუნური) არგენტინული ჰემორაგიული ცხელებისთვის.[3] ანტივირუსული წამალი რიბავირინიც ასევე იქნა მოაზრებული არგენტინული, ბოლივიური და ბრაზილიური ჰემორაგიული ცხელების მართვისთვის. რიბავირინის გამოყენება სამხრეთ ამერიკული ჰემორაგიული ცხელებების (SAHF) დროს კვლავ კვლევის პროცესშია, თუმცა ის ეფექტური აღმოჩნდა ლასას ცხელების მკურნალობის დროს. შესაბამისად, ის გამოიყენება სამხრეთ ამერიკული ჰემორაგიული ცხელების მქონე ზოგიერთ პაციენტში ამ დაავადებებთან დაკავშირებული მტკიცებულებების ნაკლებობის მიუხედავად.[1][3][7][27]

იზოლაცია და ინფექციის კონტროლი

პაციენტები, რომლებსაც აღენიშნებათ სამხრეთ ამერიკული ჰემორაგიული ცხელების (SAHF) მაღალი რისკი, მოთავსებულ უნდა იქნან სათანადო იზოლაციის (მათ შორის ცალკე აბაზანის) და კარგი დამხმარე მოვლის შესაძლებლობების მქონე სამედიცინო დაწესებულებაში, შეძლებისდაგვარად. მედიცინის ყველა მუშაკმა, რომელიც პაციენტს უვლის, უნდა გამოიყენოს სრული პირადი დაცვის საშუალებები (PPE) და გაიაროს ტრენინგი მათი მოხმარების შესახებ. პირადი დაცვის საშუალებები (PPE) გამოიყენება პაციენტთან ან მის კუთვნილ საგნებთან ნებისმიერი კონტაქტის დროს. ყველა საგანი (მაგ. ტანსაცმელი, საწოლის თეთრეული) და ნარჩენები უნდა ჩაითვალოს დაბინძურებულად და სათანადოდ უნდა იქნას დამუშავებული. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO), აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრებმა (CDC), და გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის დეპარტამენტმა (DoH) გამოსცეს სახელმძღვანელო პირადი დაცვის საშუალებების (PPE) შესახებ.

არ არსებობს რაიმე კონკრეტული სახელმძღვანელო სამხრეთ ამერიკული ჰემორაგიული ცხელებასთან (SAHF) დაკავშირებით, თუმცა შესაძლებელია გამოყენებულ იქნას მეთოდური რეკომენდაციები ფილოვირუსული ჰემორაგიული ცხელებების კონტექსტში პირადი დაცვის საშუალებების (PPE) შესახებ.[20][21][22]

აღებულ უნდა იქნას სინჯები ლაბორატორიული კვლევებისთვის და გაიგზავნოს ბიოუსაფრთხოების მე-4 დონის (BSL-4) პათოგენის დამუშავებისთვის საჭირო სათანადო საშუალებებით აღჭურვილ ლაბორატორიაში, მაღალი რისკის შემცველი სინჯების შესახებ ადგილობრივი და ნაციონალური პოლიტიკების შესაბამისად და სინჯების გასაგები ეტიკეტირებით, ლაბორატორიის თანამშრომლების დასაცავად. ისეთი ადგილობრივი ანალიზებისთვის გასაგზავნი სინჯები, როგორიც არის სისხლის საერთო ანალიზი და ბიოქიმიური ანალიზი, ასევე გარკვევით უნდა იქნას ეტიკეტირებული. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) გამოსცა სახელმძღვანელო მაღალინფექციური პათოგენების შემცველი სისხლის ნიმუშების დამუშავების შესახებ:

ინვაზიური კვლევების და ვენის განმეორებითი პუნქციის შემცირება შესაძლოა უზრუნველყოფილ იქნას დაავადების ადრეულ ეტაპზე ცენტრალური ვენის ხაზის ჩადგმის გზით.

სამხრეთ ამერიკული ჰემორაგიული ცხელებების (SAHF) ნოზოკომიური გადაცემა ძირითადად დაფიქსირებულია ბოლივიური ჰემორაგიული ცხელების დროს[1] და ზოგჯერ არგენტინული ჰემორაგიული ცხელების შემთხვევაში.[4] ლაბორატორიული გადაცემა აღწერილია ბრაზილიური ჰემორაგიული ცხელების დროს.[7] მიუხედავად იმისა, რომ ნოზოკომიური გადაცემა უფრო იშვიათად გვხვდება, ვიდრე ფილოვირუსული ჰემორაგიული ცხელებებისას (მაგ.: ებოლა და მარბურგის დაავადება), არსებობს ინფიცირების მცირე რისკი პათოგენით, რომელიც იწვევს დაავადების მძიმე ფორმას და სიკვდილობის მაღალ მაჩვენებლებს. სწორედ ამიტომ რეკომენდებულია პირადი დაცვის საშუალებების (PPE) სრული ნაკრების გამოყენება.[4]

დამხმარე მკურნალობა

სამხრეთ ამერიკული ჰემორაგიული ცხელების მქონე ყველა სიმპტომური პაციენტის მოვლის მთავარი საყრდენია დამხმარე (დეჰიდრატაციისთვის ან შოკისთვის) და სიმპტომური მართვა.

მიუხედავად იმისა, რომ სამხრეთ ამერიკული ჰემორაგიული ცხელების (SAHF) დროს დიარეა და ღებინება არ არის ისეთი ძლიერი, როგორიც ფილოვირუსული დაავადების შემთხვევაში, პაციენტებში მაინც შესაძლოა განვითარდეს დეჰიდრატაცია ან კლინიკური შოკი. სითხის და ელექტროლიტების ჩანაცვლება არსებითია მართვისთვის და უნდა განხორციელდეს ყურადღებით. საჭიროა ელექტროლიტებისა და სითხის შესვლის და გამოსვლის მჭიდრო მონიტორინგი. ორალური რეჰიდრატაციის საშუალებები შესაძლოა ადეკვატური იყოს ამ მიზნით პაციენტებში, რომლებსაც აქვთ დეჰიდრატაციის მსუბუქი ნიშნები და შეუძლიათ მიიღონ სათანადო მოცულობის პერორალური სითხეები. იმ პირებისთვის, ვისაც მწვავე დეჰიდრატაცია აქვთ ან ვერ ითვისებენ პერორალურ სითხეებს, ინტრავენურად უნდა გაკეთდეს 0.9%-იანი მარილის ან ჰარტმანის ხსნარი/ლაქტატის რინგერი, რეკომენდაციის მიხედვით. მძიმე ფორმის და პერსისტენტული დარღვევის შემთხვევებში განხილულ უნდა იქნას ელექტროლიტების ჩანაცვლება.

ამჟამად არ არსებობს რაიმე სპეციფიკური მეთოდური რეკომენდაციები სამხრეთ ამერიკული ჰემორაგიული ცხელებების მართვისთვის; შესაბამისად, ისეთი სიმპრტომების მართვა, როგორიც არის ცხელება, ტკივილი, გულისრევა, დიარეა, ღებინება და გულყრები უნდა განხორციელდეს ადგილობრივი გაიდლაინების შესაბამისად. მაგალითად, ცხელების ან ტკივილის დროს შესაძლოა მიეცეს ტკივილგამაყუჩებელი/სიცხის დამწევი (მაგ.: პარაცეტამოლი). გულისრევის ან ღებინების დროს შესაძლოა განხილულ იქნას ღებინების საწინააღმდეგო პრეპარატები. ანტიკონვულსანტი (კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალება) უნდა იქნას გამოყენებული გულყრის დროს ადგილობრივი პროტოკოლების და ხელმისაწვდომობის შესაბამისად. ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები უკუნაჩვენებია სისხლდენის მატებისა და ნეფროტოქსიკურობისკენ მიდრეკილების გამო, განსაკუთრებით დეჰიდრატაციის დროს.

კონვალესცენტური პლაზმა

გამოჯანმრთელების პერიოდის პლაზმა (ანუ დაავადების მიმართ იმუნიტეტის მქონე პაციენტების სისხლიდან) გამოყენებულ იქნა არგენტინული ჰემორაგიული ცხელების მწვავე ეტაპზე მკურნალობის მიზნით. მაქსიმალური სარგებლის მისაღებად, გამოჯანმრთელების პერიოდის პლაზმის შეყვანა უნდა მოხდეს არგენტინული ჰემორაგიული ცხელების სიმპტომების დაწყებიდან 8 დღის განმავლობაში.[3] რანდომიზებული, პლაცებო-კონტროლირებადი კვლევა ჩატარდა 1974-დან 1978 წლამდე პერიოდში და მან გამოავლინა სიკვდილობის შემცირება 16.5%-დან (პლაცებოს მიმღებ ჯგუფში, სადაც მოხდა ნორმალური პლაზმის გადასხმა) 1.1%-მდე (მკურნალობის ჯგუფში, სადაც გამოიყენეს იმუნური პლაზმა).[3] შეყვანილი საწყისი დოზა შეადგენდა იმუნური პლაზმის 500 მლ-ს სიმპტომების გამოვლენიდან პირველი 8 დღის განმავლობაში. თუმცა, განისაზღვრა არგენტინული ჰემორაგიული ცხელების გადამტანი პაციენტების იმუნურ პლაზმაში ანტისხეულების კონცენტრაციის ფართო ცვალებადობა. ამ მიზეზით განხორციელდა მცდელობები იმუნური პლაზმიდან მიღებული ანტისხეულების დოზების სტანდარტიზაციის მიზნით.[3] იმუნურ პლაზმაში ანტისხეულების კონცენტრაციაზე დაფუძნებული შედეგების შეფასების კვლევებით დადგინდა, რომ სხეულის ერთ კილოგრამზე შეყვანილ უნდა იქნას გამანეიტრალებელი ანტისხეულების 3500 'თერაპიული ერთეულების' დოზა.[3] იმუნური პლაზმის შეყვანა არგენტინული ჰემორაგიული ცხელების კონტექსტში ასოცირებულ იქნა გვიანი ნევროლოგიური სინდრომის (LNS) განვითარებასთან, ფებრილური ეპიზოდებით, ნათხემისმიერი ნიშნებით და კრანიული ნერვების დამბლის ნიშნებით პაციენტების დაახლოებით 10%-ში. ამ სინდრომის განვითარება უფრო მეტად მოსალოდნელია სიმპტომების დაწყებიდან 8-ზე მეტი დღის გასვლის შემდეგ იმუნური პლაზმის შეყვანის შემთხვევაში.[3]

იმუნური პლაზმა არ არის შესწავლილი სხვა სამხრეთ ამერიკულ ჰემორაგიულ ცხელებასთან (SAHF) მიმართებაში. ის გამოყენებულ იქნა ბოლივიური ჰემორაგიული ცხელების კლინიკურ შემთხვევებში, მაგრამ არ არსებობს კლინიკური მონაცემები უსაფრთხოებასთან ან ეფექტურობასთან დაკავშირებით.[1] ბოლივიური ჰემორაგიული ცხელების მქონე არაადამიანური პრიმატების კვლევებით გამოვლინდა, რომ ბევრ მათგანს განუვითარდა მოგვიანებითი ნევროლოგიური სინდრომი (LNS), არგენტინული ჰემორაგიული ცხელებისას იმუნური პლაზმის მიმღები რამდენიმე პაციენტის მსგავსად. ერთ კვლევაში მოგვიანებითი ნევროლოგიური სინდრომის (LNS) მქონე 4 პრიმატიდან 3 დაიღუპა ბოლივიური ჰემორაგიული ცხელების კლინიკური ნიშნების შემცირების შემდეგ. შემდგომმა კვლევამ რეზუს მაიმუნებში გამოავლინა კონვალესცენტური პლაზმით მკურნალობის შემდეგ ლეტალური ქრონიკული ნევროლოგიური დაავადება.[1]

კონვალესცენტური პლაზმა ერთადერთი ხელმისაწვდომი საშუალებაა არგენტინისა და ბოლივიის ენდემურ რეგიონებში, თუმცა არგენტინული ჰემორაგიული ცხელებისთვის მისი მცირე მარაგი არსებობს Candid#1 ვაქცინის დანერგვის შემდგომი შემთხვევების მნიშვნელოვანი შემცირების გამო.[3][4] ბოლივიაში აღინიშნა დაავადების მცირე შემთხვევები ბოლო წლების განმავლობაში. ამიტომ, პლაზმის ხელმისაწვდომობა სავარაუდოდ დაბალია.[1] იმუნური პლაზმა არ არის აღწერილი ვენესუელური ჰემორაგიული ცხელების კონტექსტში, ხოლო ჩაპარეს ვირუსის და ბრაზილიური ჰემორაგიული ცხელების შემთხვევების არასაკმარისი რაოდენობის გამო იმუნური პლაზმა, როგორც სამკურნალო საშუალება, ხელმისაწვდომი არ არის.[5][6][7]

რიბავირინი

არგენტინული ჰემორაგიული ცხელების მქონე პაციენტებში ჩატარდა გუანოზინის ანალოგი რიბავირინის კვლევა, რომელმაც გამოავლინა ეფექტურობა ლასას ცხელების დროს. იმის გამო, რომ უკვე არსებობს დამტკიცებული მკურნალობა, რიბავირინი შეყვანილ იქნა მხოლოდ იმ პაციენტებში, რომლებსაც გამოვლენამდე 8 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში ჰქონდათ სიმპტომები და იმუნური პლაზმისთვის თერაპიული ფანჯრის გარეთ იმყოფებოდნენ. ამ კვლევამ არ გამოავლინა მნიშვნელოვანი ცვლილებები სიკვდილობის მაჩვენებლებში, რომელიც მკურნალობის ჯგუფში 28.6%-ს შეადგენდა.[3] მიუხედავად იმისა, რომ გადარჩენის მაჩვენებელი არ გაუმჯობესებულა, არსებობს ანტივირუსული ეფექტის მტკიცებულება, ვირუსული ტიტრების დაუფიქსირებელ დონემდე ვარდნით მკურნალობის დაწყებიდან 4 დღის განმავლობაში.[3] არგენტინული ჰემორაგიული ცხელების მკურნალობის მიზნით რიბავირინის კვლევის შესაფასებლად ზღვის გოჭების მოდელში გამოვლინდა სიკვდილობის მაჩვენებლის მნიშვნელოვანი შემცირება.[28] ადრეული მკურნალობა (სიმპტომების პირველი 8 დღის განმავლობაში) რიბავირინით შესაძლოა სასარგებლო იყოს სამხრეთ ამერიკული ჰემორაგიული ცხელებებისთვის, თუმცა ეს საკითხი სრულად არ გამოკვლეულა ადამიანებზე განხორციელებულ კვლევებში. რიბავირინი ასევე გამოყენებულ იქნა ბოლივიური ჰემორაგიული ცხელებისთვის, თუმცა პაციენტების მხოლოდ შეზღუდულ რაოდენობაში, ასე რომ მისი ეფექტურობა ვერ დადასტურდა. ამის მიუხედავად, ადრეული კვლევები იმედის მომცემია.[1][29] ბრაზილიური ჰემორაგიული ცხელების შემთხვევა აშშ-ში: ჩატარდა რიბავირინით მკურნალობა აშკარა კარგი შედეგით პაციენტთან, რომელიც აფებრილური და უსიმპტომო გახდა მკურნალობიდან 48 საათის განმავლობაში, სისხლის კულტურაში დაუფიქსირებელი ვირუსით.[7]

არ არსებობს რაიმე სპეციფიკური მითითება პოპულაციის ისეთი ქვეჯგუფების მართვასთან დაკავშირებით, როგორებიცაა ბავშვები ან ორსულები. სამხრეთ ამერიკული ჰემორაგიული ცხელება (SAHF) უმეტესად გვხვდება მოზრდილი მამაკაცების პოპულაციაში; თუმცა, სათანადოდ უნდა იქნას განხილული ბავშვებისა და ფეხმძიმე ქალების მართვის თავისებურებები. მაგალითად, რიბავირინი ტერატოგენულია და არ შეიძლება მისი ორსულებისათვის მიცემა. რიბავირინს ასევე უნდა მოვერიდოთ მეძუძურ დედებთან და მათთან, ვისაც სურვილი აქვს განაგრძოს ძუძუთი კვება, თუმცა ამ კონტექსტში პოტენციური სარგებელი პაციენტისთვის უნდა შეფასდეს ჩვილის ძუძუთი კვების შეწყვეტის რისკის გათვალისწინებით.

ჰემორაგიული დაავადება

ჰემორაგიული დაავადება გვხვდება პაციენტთა დაახლოებით 30%-ში.[1][3][4][5] სამხრეთ ამერიკული ჰემორაგიული ცხელებების ჰემორაგიული ნიშნები არ შეესაბამება დისემინირებულ სისხლძარღვშიდა შედედებას (DIC). სისხლდენა მოიაზრება თრომბოციტოპენიით, ანომალური თრომბოციტების ფუნქციით, კოაგულაციის ფაქტორების დონეების ცვლილებით (VIII და IX ფაქტორების გამოფიტვა, V და ფონ ვილებრანდის ფაქტორის მატება) და ფიბრინოგენის აქტივირებით გამოწვეულ მოვლენად.[3][2]  აქედან გამომდინარე, ჰემორაგიული სიმპტომების მართვა არ ემთხვევა დისემინირებული სისხლძარღვშიდა შედედების (DIC) სტანდარტულ მართვას. თრომბოციტების გადასხმა მიზანმიმართულია თრომბოციტოპენიისა და აქტიური სისხლდენის კონტექსტში, ადგილობრივი პროტოკოლების შესაბამისად, და შემდგომი მართვა ახალი გაყინული პლაზმით შესაძლოა ასევე შესაფერისი იყოს აქტიური ჰემორაგიის კონტექსტში. არ არსებობს რაიმე მტკიცებულება ხელმისაწვდომობის შემთხვევაში სისხლის შედედების ფაქტორების ჩანაცვლების სარგებლის ან ზიანის შესახებ.

სეფსისი

სეფსისის იდენტიფიცირება დროულად უნდა მოხდეს და პაციენტს სასწრაფოდ უნდა მიეცეს ფართო სპექტრის ანტიბიოტიკები, იმ შემთხვევაში, თუ არსებობს სეფსისზე, როგორც დიფერენციული დიაგნოზზე ან თანამდევ ეტიოლოგიაზე, ეჭვი. დადასტურებული სეფსისის მართვა უნდა განხორციელდეს ადგილობრივი გაიდლაინების შესაბამისად, პათოგენის საწინააღმდეგო სათანადო ანტიბიოტიკოთერაპიის გამოყენებით. ყურადღება უნდა მიექცეს რეჰიდრატაციას, სასუნთქი გზების მართვას და შარდის სათანადო გამოყოფის მართვას. შესაბამისი ანტიბიოტიკები შეირჩევა ადგილობრივი პროტოკოლებით, თუმცა ისინი უნდა იყოს ფართო სპექტრის და მოიცავდეს გრამ-უარყოფით ორგანიზმებს, რადგან შესაძლებელია ნაწლავური ტრანსლოკაცია. შესაბამისი ხელმისაწვდომობის და შესაძლებლობის შემთხვევაში, განხილულ უნდა იქნას დახმარება ინტენსიური თერაპიის გამოყენება.

მალარიის კოინფექცია

პაციენტები გამოკვლეულ უნდა იქნან მალარიაზე იმ შემთხვევაში, თუ ისინი ჩამოვლენ მალარიის ენდემური ტერიტორიებიდან. მალარიის კოინფექციის მქონე პაციენტებმა უნდა მიიღონ მკურნალობა იმ რეგიონებისთვის შესაბამისი ანტიმალარიული თერაპიის გამოყენებით, რომლებშიც ისინი ცხოვრობდნენ, ადგილობრივი მგრძნობელობის გათვალისწინებით.

ინტენსიური თერაპია

იმის მიუხედავად, რომ თირკმლების და ღვიძლის ფუნქციის დარღვევა ნაკლებად გვხვდება სამხრეთ ამერიკული ჰემორაგიული ცხელებების დროს ფილოვირუსული დაავადებასთან შედარებით, პაციენტთა დაახლოებით 20%-ს შესაძლოა მაინც განუვითარდეს დაავადების რთული ფორმა მულტიორგანული უკმარისობით.[1][2][3][4]ინტენსიური თერაპია არ არის აღწერილი სამხრეთ ამერიკული ჰემორაგიული ცხელებების კონტექსტში, და ის მხოლოდ ახლო წარსულში გახდა ფილოვირუსული ჰემორაგიული ცხელების მართვის ნაწილი, როდესაც ის ხელმისაწვდომია. მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს რაიმე მტკიცებულება ამ კონკრეტული დაავადების კონტექსტში, ინტენსიური თერაპიის სარგებელი ცალსახაა მაშინ, როდესაც აშკარაა ორგანოების დახმარების საჭიროება; ებოლას ვირუსული დაავადების პაციენტების მართვამ გამოავლინა მნიშვნელოვანი გაუმჯებესობა გადარჩენადობის მაჩვენებელში.[26] ინტენსიურ თერაპიას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს, როდესაც ხელმისაწვდომია შესაბამისი საშუალებები და ეს უსაფრთხოა მედიცინის მუშაკებისთვის.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას