მიდგომა

თითოეული სამხრეთ ამერიკული ჰემორაგიული ცხელება (SAHF) შესამჩნევი დაავადებაა, და მათი შემთხვევები უნდა წარედგინოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესაბამის უწყებას.

სამხრეთ ამერიკული ჰემორაგიული ცხელებები (SAHF) მოიცავს 5 განსხვავებულ დაავადებას, რომლებიც გამოწვეულია B კლადის ახალი მსოფლიოს არენავირუსების 5 განსხვავებული ვირუსით. სამხრეთ ამერიკის სხვადასხვა რეგიონებში გავრცელებულია განსხვავებული ვირუსები (ხუნინის ვირუსი არგენტინაში; მაჩუპოს და ჩაპარეს ვირუსები ბოლივიაში; გუანარიტოს ვირუსი ვენესუელაში და საბიას ვირუსი ბრაზილიაში). ვირუსი ადამიანებზე გადადის მღრღნელებიდან, რომლებიც ვირუსის ბუნებრივ რეზერვუარებს და ბუნებრივ ვექტორებს წარმოადგენენ.[1][2][4][5][6][7]

თითოეული სამხრეთ ამერიკული ჰემორაგიული ცხელება (SAHF) ზოგადად გამოვლინდება მსგავსი ფორმით, თუმცა არსებობს შეზღუდული კლინიკური მონაცემები ორ დაავადებასთან დაკავშირებით (ჩაპარეს ვირუსის ინფექცია და ბრაზილიური ჰემორაგიული ცხელება). დაავადება, რომელთან დაკავშირებითაც არსებობს ყველაზე მეტი კლინიკური ინფორმაცია, არის არგენტინული ჰემორაგიული ცხელება, რაც იმით არის განპირობებული, რომ 1958 წლის შემდეგ ადგილი ჰქონდა ყოველწლიურ ეპიდაფეთქებას ვაქცინა Candid#1-ის შემუშავებამდე.[2][3][4] დიაგნოზი ეფუძნება კლინიკურ ეჭვს, ანამნეზს და გასინჯვას, დიაგნოზის დასადასტურებლად ლაბორატორიულ კვლევასთან ერთად. ეჭვს უნდა ზრდიდეს ისეთი კლინიკური ნიშნების არსებობა, როგორიც არის ცხელება, თავის ტკივილი, შეუძლოდ ყოფნა, ართრალგია და მიალგია, ახლო წარსულში მოგზაურობის, ენდემურ რეგიონებში მუშაობის ან ცხოვრების ანამნეზი.

იზოლაცია და პირადი დაცვის საშუალებები (PPE)

სამხრეთ ამერიკულ ჰემორაგიულ ცხელებაზე ეჭვის მიტანის შემთხვევაში პაციენტები იზოლირებულ უნდა იქნან კერძო აბაზანის მქონე პალატაში. მედიცინის ყველა მუშაკმა, რომელიც პაციენტს უვლის, უნდა გამოიყენოს სრული პირადი დაცვის საშუალებები (PPE) და გაიაროს ტრენინგი მათი მოხმარების შესახებ. პირადი დაცვის საშუალებები (PPE) გამოიყენება პაციენტთან ან მის კუთვნილ საგნებთან ნებისმიერი კონტაქტის დროს. ყველა საგანი (მაგ. ტანსაცმელი, საწოლის თეთრეული) და ნარჩენები უნდა ჩაითვალოს დაბინძურებულად და სათანადოდ უნდა იქნას დამუშავებული. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO), აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრებმა (CDC), და გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის დეპარტამენტმა (DoH) გამოსცეს სახელმძღვანელო პირადი დაცვის საშუალებების (PPE) შესახებ:

არ არსებობს რაიმე კონკრეტული მითითება სამხრეთ ამერიკულ ჰემორაგიულ ცხელებებთან (SAHF) დაკავშირებით, თუმცა შესაძლებელია გამოყენებულ იქნას ფილოვირუსული ჰემორაგიული ცხელებების კონტექსტში პირადი დაცვის საშუალებების (PPE) გაიდლაინები.[20][21][22]

ანამნეზი

დეტალური ანამნეზი, სამუშაოსა და ახლო წარსულში მოგზაურობის ჩათვლით, არსებით საკითხებს წარმოადგენს სამხრეთ ამერიკული ჰემორაგიული ცხელებების (SAHF) იდენტიფიცირებისთვის. მღრღნელი მასპინძლები ძალიან სპეციფიკურ რეგიონებში არიან განთავსებული არგენტინაში, ბოლივიაში, ვენესუელასა და ბრაზილიაში, და ამ რეგიონების მხოლოდ მცირე ნაწილში არიან მღრღნელები, რომლებიც შესაბამისი ვირუსის გადამტანებად მოიაზრებიან. იმის განსაზღვრა, თუ სად ცხოვრობდა ან მოგზაურობდა პაციენტი, დაგეხმარებათ იმის დადგენაში, არის თუ არა ის სამხრეთ ამერიკული ჰემორაგიული ცხელების (SAHF) რისკის ქვეშ და თუ კი, რომელი მათგანია უფრო მეტად სავარაუდო.

ექსპოზიციის რისკი

მღრღნელი გადამტანები იშვიათად გვხვდებიან ადამიანების საცხოვრებელ ადგილებში ან მათ ირგვლივ, რადგან ისინი, ჩვეულებრივ, ცხოვრობენ მაღალ ბალახში, მინდვრების პერიფერიებზე.[4][5] ამ მიზეზით, სასოფლო-სამეურნეო სფეროს მუშაკები სოფლის ტიპის დასახლებებში განსაკუთრებული რისკის ქვეშ არიან.[1][4][5][6]

თუ სტაციონარში აღნიშნება სამხრეთ ამერიკული ჰემორაგიული ცხელების (SAHF) შემთხვევები, რომლებიც არ არიან სათანადოდ იზოლირებული, გათვალისწინებულ უნდა იქნას მედიცინის მუშაკებისა და პაციენტების ექსპოზიციის რისკი.[1] ეს განსაკუთრებით ეხება ბოლივიურ ჰემორაგიულ ცხელებას, რომლის შემთხვევაშიც აღინიშნება ნოზოკომიური და ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის უფრო მაღალი რისკი სხვა სამხრეთ ამერიკულ ჰემორაგიულ ცხელებებთან შედარებით.[1] ლაბორატორიის მუშაკებიც ასევე უნდა მოიაზრებოდნენ რისკის ქვეშ, განსაკუთრებით არგენტინული, ბოლივიური და ბრაზილიური ჰემორაგიული ცხელებების კონტექსტში.[7][12] მიუხედავად იმისა, რომ გამოცდილება გარკვეულწილად მცირეა, აღრიცხულია ბრაზილიური ჰემორაგიული ცხელებით ლაბორატორიაში ინფიცირება ბრაზილიასა და აშშ-ში.[7]

ის სამი დაავადება, რომელთა დიდი რაოდენობით შემთხვევები აღწერილი (არგენტინული, ბოლივიური და ვენესუელური ჰემორაგიული ცხელება) უმეტესად მოზრდილ მამაკაცებში გვხვდება.[1][4][5][9] ეს ძირითადად იმ მამაკაცების დემოგრაფიული მონაცემებით არის გამოწვეული, რომლებიც მუშაობენ სასოფლო-სამეურნეო მუშებად, მაშინ, როდესაც ქალები კულტურულად დიასახლისებად მოიაზრებიან. ასევე იშვიათად ინფიცირდებიან ბავშვები და ყველა დაავადება არის ან იშვიათი ან არასაკმარისად დოკუმენტირებული <5 წლამდე ასაკის ბავშვებში.[1][4][5]

სიმპტომები

სამხრეთ ამერიკული ჰემორაგიული ცხელებების (SAHF) ვირუსების ინკუბაციური პერიოდი დაახლოებით 3-დან 16 დღემდეა, თუმცა განსხვავდება დაავადებებს შორის. არგენტინული ჰემორაგიული ცხელება ხასიათდება 6-14-დღიანი ინკუბაციური პერიოდით,[2][3] ხოლო ბოლივიური ცხელება 3-16 დღიანი ინკუბაციური პერიოდით.[1] დანარჩენი 3 ჰემორაგიული ცხელების ინკუბაციური პერიოდები არ არის ფორმალურად დადგენილი, თუმცა შემთხვევების აღწერებიდან გამომდინარე, სავარაუდოა მსგავსი ინკუბაციური პერიოდები, ხოლო ვენესუელური ჰემორაგიული ცხელების ერთი შემთხვევა გამოვლინდა სავარაუდო ექსპოზიციიდან 19 დღის შემდეგ.[1][4][5][6][7]

როგორც სხვა ვირუსული ჰემორაგიული ცხელებების დროს, ადრეული სიმპტომები ხშირად არასპეციფიკურია მაღალი ტემპერატურით (ხშირად 38°C-ზე მეტი), შეუძლოდ ყოფნით, მიალგიით, ართრალგიით, და თავის ტკივილით; შესაბამისად დაავადება შესაძლოა წააგავდეს გრიპს ან დენგეს ცხელებას.[1][4][5] ადრეული სიმპტომების (ე.ი. ავადმყოფობის მეორე კვირის განმავლობაში) გამოვლინებიდან დაახლოებით 5-7 დღეში ზოგიერთ პაციენტს უვითარდება კუჭ-ნაწლავის სიმპტომები (მაგ. მუცლის ტკივილი და გულისრევა/ღებინება, დიარეით ან დიარეის გარეშე), რასაც შესაძლოა მოჰყვეს ჰემორაგიული სიმპტომები (მაგ. პეტექიები, სისხლმდენი ღრძილები, და სისხლდენა კუჭ-ნაწლავიდან), ასევე მწვავე შემთხვევებში ნევროლოგიური სიმპტომები (მაგ. გონების არევა, ატაქსია, პროსტრაცია, და გულყრა).[1][4][5] იმ პაციენტებს, რომლებშიც დაავადება პროგრესირდება მწვავე ჰემორაგიული სიმპტომებით ან ნევროლოგიური სიმპტომებით, ახასიათებთ ცუდი პროგნოზი და მათი უმეტესობა ვერ გადარჩება.[3][4] ბრაზილიურ ჰემორაგიულ ცხელებასთან და ჩაპარეს ვირუსულ ინფექციასთან დაკავშირებით არასაკმარისი მონაცემები არსებობს, თუმცა აღწერილი შემთხვევები მსგავსია და ნიშნები და სიმპტომები წააგავს სხვა სამხრეთ ამერიკულ ჰემორაგიულ ცხელებებს (SAHF).[6][7]

ყველაზე ხშირი ნიშნები და სიპტომები, რომლებიც დაფიქსირებულია არგენტინულ ჰემორაგიულ ცხელებასთან და ვენესუელურ ჰემორაგიულ ცხელებასთან დაკავშირებით (ვენესუელურ ჰემორაგიულ ცხელებასთან დაკავშირებული პროცენტული მაჩვენებელი) მოიცავს შემდეგ:[4][5]

  • ცხელება (დაახლოებით 90%)

  • შეუძლოდ ყოფნა (74%)

  • თავის ტკივილი (58%)

  • სისხლმდენი ღრძილები (52%)

  • ართრალგია (52%)

  • ღებინება (34%)

  • მუცლის ტკივილი (30%)

  • მიალგია (30%)

  • დიარეა (27%)

  • გულყრები (18%)

  • პეტექიები (16%).

ხველა და ყელის ტკივილი დაფიქსირებულია ვენესუელური ჰემორაგიული ცხელებისას,[5] თუმცა იშვიათია სხვა ჰემორაგიული ცხელებების დროს.[1][3][4] ნებისმიერი სამხრეთ ამერიკული ჰემორაგიული ცხელების (SAHF) მქონე პაციენტების დაახლოებით 20%-30%-ს უვითარდება ჰემორაგიული სიმპტომები, თუმცა მონაცემები შეზღუდულია ბრაზილიური ჰემორაგიული ცხელების და ჩაპარეს ვირუსის ინფექციის შემთხვევაში.[1][4][5]

ფიზიკური გამოკვლევა

შეძლებისდაგვარად უნდა ჩატარდეს სრული გასინჯვა იმისათვის, რომ მოხდეს მედიცინის მუშაკების ექსპოზიციის პრევენცია. ეს შესაძლოა დაგეხმაროთ სიმპტომების სხვა პოტენციური გამომწვევი მიზეზების გამორიცხვაში და სასურველია მოიცავდეს პაციენტის შემოწმებას სეფსისზე და სხვა ისეთ მდგომარეობებზე, რომლებიც სწრაფ ინტერვენციას საჭიროებენ.

გასინჯვით მიღებული მონაცემები შესაძლოა მოიცავდეს:

  • ცხელება (>37.5°C მაგრამ ხშირად >38°C), რომელიც პაციენტების დაახლოებით 90%-ში გვხვდება. სხვა ნიშნებია: შედარებითი ბრადიკარდია დაავადების საწყის ეტაპებზე, რომელიც შესაძლოა გადაიზარდოს ტაქიკარდიაში ავადმყოფობის მიმდინარეობის პარალელურად. ღრმა ჰიპოტენზიის ფონზე, დაავადების ბოლო ეტაპებზე შესაძლოა შოკის ნიშნების განვითარებაც[1][4][5]

  • დეჰიდრატაციის ნიშნები ღებინებისა და დიარეის მქონე პაციენტებში[4][5]

  • ლიმფადენოპათია გვხვდება პაციენტების დაახლოებით 25%-ში[5]

  • ხშირად გვხვდება პეტექიები, განსაკუთრებით არგენტინული ჰემორაგიული ცხელების დროს, ძირითადად სიმპტომების პირველ კვირაში რბილ სასაზე, იღლიის ქვეშ და გულმკერდის ზედა ნაწილსა და მკლავებზე[1][4][5]

  • ღრძილები შესაძლოა გაღიზიანებული იყოს და მსუბუქად ზეწოლისას შესაძლოა დაიწყოს სპონტანური სისხლდენა. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სისხლდენა, როგორიც არის მელენა, სისხლდენა სწორი ნაწლავიდან, ან სისხლიანი პირღებინება, შესაძლოა განვითარდეს მოგვიანებით, ავადმყოფობის მეორე კვირაში.[4][5] ქალებში ასევე ხშირია მეტრორაგია[4]

  • კონიუნქტივის ჰიპერემია/ინექცია და პერიორბული შეშუპება გვხვდება ვენესუელური ჰემორაგიული ცხელებით დაავადებული პაციენტების დაახლოებით 15%-ში, და ასევე დაფიქსირებულია არგენტინული და ბრაზილიური ჰემორაგიული ცხელებების შემთხვევაშიც[3][4][5][7]

  • დაავადების მეორე კვირაშიშესაძლოა განვითარდეს ნევროლოგიური ნიშნები გულყრების ჩათვლით, რაც ცუდი პროგნოზის მიმანიშნებელია. ზოგ პაციენტს შესაძლოა განუვითარდეს პროსტრაცია და დაუქვეითდეს ცნობიერების დონე[1][3][4][5]

  • ჰეპატომეგალია და სპლენომეგალია იშვიათი და უჩვეულო სიმპტომებია; ჰეპატომეგალია გვხვდება ვენესუელური ჰემორაგიული ცხელების მქონე პაციენტთა მხოლოდ 5%-ში, ხოლო სპლენომეგალია ვენესუელური ჰემორაგიული ცხელების მქონე პაციენტების 2%-ზე ნაკლებში.[4][5]

საწყისი კვლევები

ყველა სინჯი აღებულ უნდა იქნას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მითითებების შესაბამისად, რომლებიც ეხება სისხლმბადი პათოგენების შემცველი სინჯების აღებას. WHO: how to safely collect blood samples from persons suspected to be infected with highly infectious blood-borne pathogens (e.g., Ebola) Opens in new window სინჯები სათანადოდ უნდა იქნას ეტიკეტირებული იმის უზრუნველსაყოფად, რომ ლაბორატორიის მუშაკები გათვითცნობიერებულნი იყვნენ შიგთავსისა და ნიმუშთან დაკავშირებული პოტენციური რისკის შესახებ. ნიმუშები უნდა დამუშავდეს ბიოუსაფრთხოების მე-4 დონის (BSL-4) პირობების გათვალისწინებით.

სამხრეთ ამერიკული ჰემორაგიული ცხელებების (SAHF) დამადასტურებელი მთავარი კვლევაა უკუტრანსკრიპტაზას პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია (RT-PCR).[1][2][6][7] მიუხედავად იმისა, რომ ის პოტენციურად ხელმისაწვდომია დაზარალებულ ქვეყნებში, შესაძლოა რთული იყოს შესაბამისი პრაიმერების მიღება ადგილობრივ პირობებში და, შესაბამისად, მხოლოდ რეფერალურ ლაბორატორიებს აქვთ უკუტრანსკრიპტაზას პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის (RT-PCR) განსაზღვრის შესაძლებლობა.[1]

ენზიმშეკავშირებული იმუნოსორბენტული ანალიზი (ELISA) ტარდება მაშინ, როდესაც უკუტრანსკრიპციის პოლიმერაზას ჯაჭვური რეაქცია (RT-PCR) ხელმისაწვდომი არ არის. ენზიმშეკავშირებულმა იმუნოსორბენტულმა ანალიზმა (ELISA) შესაძლოა გამოავლინოს იმუნოგლობულინი M და იმუნოგლობულინი G ანტისხეულები ვირუსების წინააღმდეგ, მაგრამ იშვიათად, როდესაც დაავადების დაწყებიდან გასულია 12 დღე. ამ მიზეზით შესაძლოა შეფერხდეს დიაგნოზის დადგენა.[1][2][4][5][7] ფატალურ შემთხვევებში, დაავადების სწრაფი განვითარების ფონზე, არ აღინიშნება ჰუმორული იმუნური პასუხის განვითარება. შედეგად, ვიღებთ ცრუ-უარყოფით პასუხს ELISA-ზე.[4] ზოგიერთ ლაბორატორიაში შესაძლოა გადაწყვიტონ ELISA-ს ჩატარება უკუტრანსკრიპტაზას პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია (RT-PCR) ანალიზის პარალელურად; თუმცა, შესაძლოა საჭირო გახდეს მისი გამეორება მოგვიანებით ეტაპზე, თუ თავდაპირველი ჩატარდა სიმპტომების გამოვლენის საწყის ეტაპზე და შედეგები უარყოფითი იყო.

უკუტრანსკრიპტაზას პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის (RT-PCR) არარსებობის შემთხვევაში მოთხოვნილ უნდა იქნას ELISA და სისხლის საერთო ანალიზი. სისხლის საერთო ანალიზი შესაძლოა სასარგებლო იყოს დიაგნოსტიკის პროცესში და გახდეს სკრინინგის დამხმარე საშუალება, რადგან სამხრეთ ამერიკული ჰემორაგიული ცხელების (SAHF) მქონე პაციენტებს ხშირად აქვთ შესამჩნევი ლეიკოპენია და თრომბოციტოპენია.[2][4][5][7] ეს ასევე სასარგებლოა პაციენტის პროგრესის შემოწმებისთვის.

სხვა გამოკვლევები

ყველა კვლევა უნდა ჩატარდეს ისეთ ლაბორატორიაში, რომელსაც შესწევს უნარი მართოს BSL-4 პათოგენები ან შესაბამის შემთხვევაში ადგილზე აქვს უსაფრთხოების სათანადო ზომები ლაბორატორიის თანამშრომლების დასაცავად.

შემდგომი კვლევები უნდა მოიცავდეს ისეთ კვლევებს, რომლებიც გამორიცხავენ სხვა დიაგნოზებს ან თანმდევ დაავადებებს, როგორიც არის მალარიის ტესტი; უკუტრანსკრიპტაზას პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია (RT-PCR) დენგეს ცხელების, ჩიკუნგუნიას, ზიკას დაავადების, ყვითელი ცხელების, ჰანტავირუსის, წითელას და გრიპის ვირუსებისთვის; პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია (PCR) ლეპტოსპიროზის და რიკეტსიის ინფექციისთვის; განავლის კულტურა Salmonella enterica-სთვის (ტიფის ცხელება); და სეფსისის სკრინინგი. გათვალისწინებულ უნდა იქნას, რომ მალარიის დადებითი ტესტი და სისხლის კულტურა საკმარისი არ არის სამხრეთ ამერიკული ჰემორაგიული ცხელების (SAHF) გამოსარიცხად, რადგან პაციენტში მალარია შესაძლოა იყოს კოინფექცია, ხოლო ჰემორაგიული ცხელების მოგვიანებით ეტაპებზე შესაძლოა განვითარდეს ბაქტერიული სეფსისი.[2][4]

სხვა კვლევები მოიცავს:

  • თირკმლის ფუნქციების ანალიზს და ელექტროლიტებს

    • დეჰიდრატაციის და დიარეის კონტექსტში მნიშვნელოვანია ელექტროლიტების კონტროლი. თირკმელების ფუნქციების დარღვევა იშვიათია, გარდა დაავადების ტერმინალური ეტაპისას ან ძლიერი შოკის დროს[4]

  • ღვიძლის ფუნქცია

    • არსებობს მონაცემები ზომიერად მომატებული ღვიძლის ფერმენტების შესახებ, თუმცა გამოხატული ტრანსამინიტი იშვიათია.[4][7]

  • კოაგულაციური სკრინინგი

    • კოაგულაციური ტესტი მნიშვნელოვანია ჰემორაგიული დაავადების მქონე პაციენტებში, ჰემორაგიული დაავადების განვითარების რისკის ქვეშ მყოფ პაციენტებზე დაკვირვების მიზნით. გააქტიურებული ნაწილობრივი თრომბოპლასტინის დრო ხშირადაა გახანგრძლივებული, მომატებული ფიბრინოგენის თანხლებით, მწვავე შემთხვევებში. მიკროცირკულაციაში არ არის ფიბრინული ნადები და პროთრომბინის და სისხლის შედედების ფაქტორების ცვლილება გამორიცხავს პათოგენეზის ხელშემწყობ დისემინირებულ სისხლძარღვშიდა კოაგულაციას[2]

  • ლაქტატდეჰიდროგენაზა

    • სისხლის ლაქტატი ხშირად მსუბუქიდან საშუალო დონემდე იმატებს სამხრეთ ამერიკული ჰემორაგიული ცხელების (SAHF) მქონე პაციენტებში.[3]

  • კრეატინ ფოსფოკინაზა

    • კრეატინ ფოსფკინაზა შესაძლოა ზომიერად იყოს მომატებული სამხრეთ ამერიკული ჰემორაგიული ცხელების (SAHF) მქონე პაციენტებში[3]

  • არტერიული სისხლის აირები

    • დაავადების მძიმე ფორმის მქონე პაციენტებში ეს პარამეტრები შესაძლოა სასარგებლო იყოს პაციენტების თერაპიის ინტენსივობის გაზრდის (მაგ. ინტენსიური მოვლა ორგანოების მხარდაჭერით) საჭიროების განსაზღვრისას. მიუხედავად იმისა, რომ ინტენსიური თერაპიის საკითხები არ არის აღწერილი სამხრეთ ამერიკული ჰემორაგიული ცხელების (SAHF) მქონე პაციენტებთან მიმართებაში, ის უკუნაჩვენები არ არის თუ თერაპია განხორციელდება უსაფრთხოდ და მედიცინის მუშაკების ოპტიმალური დაცვით. ჰემორაგიული სიმპტომების მქონე პირების არტერიული სისხლის აირების ნიმუშის აღებისას სიფრთხილე უნდა იყოს დაცული

  • გულმკერდის რენტგენოლოგიური კვლევით

    • სამხრეთ ამერიკულ ჰემორაგიულ ცხელებებს (SAHF) რესპირატორული სიმპტომები არ ახასიათებთ, თუმცა თუ არსებობს რესპირატორული სიმპტომები, გულმკერდის რენტგენი, შესაძლოა, სასარგებლო იყოს სხვა პათოლოგიების გამოსავლენად.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას