ეპიდემიოლოგია

ყვითელი ცხელება ენდემურია აფრიკის სუბსაჰარულ ქვეყნებში, ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში, კარიბის ზღვის აუზში. თუმცა შემთხვევათა უმრავლესობა (დაახლოებით 90%) აფრიკაში ვითარდება. მთელ მსოფლიოში ყოველწლიურად დაახლოებით ინფექციის 84 000 - 170 000 მძიმე ფორმა ვითარდება, რაც სიკვდილის 29 000-დან 60 000-მდე შემთხვევას იწვევს.[3] ისეთი ფაქტორები, როგორებიცაა ხელმისაწვდომი დიაგნოსტიკური საშუალებების ნაკლებობა ან ეპიდაფეთქების გეოგრაფული რეგიონების სიშორე, ხელს უშლის დაავადების რეალური ტვირთის აღრიცხვას.

CDC: yellow fever maps Opens in new window

WHO: countries with risk of yellow fever transmission and countries requiring yellow fever vaccination Opens in new window

ECDC: yellow fever distribution and areas of risk in Brazil Opens in new window

ბოლო ეპიდაფეთქება დაფიქსირდა მალიში. 2019 წლის 26 დეკემბრის მდგომარეობით აღრიცხულია 3 დადასტურებული შემთხვევა (2 სიკვდილი), 9 შესაძლო შემთხვევა და 3 სავარაუდო შემთხვევა.[4]

2017 წლის შემდეგ ეპიდაფეთქებები აღირიცხა ნიგერიაში.[5] 2018 წელთან შედარებით 2019 წელს დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა თითქმის სამჯერ გაიზარდა, რაც გადაცემის ინტენსივობის ზრდაზე მეტყველებს. 2019 წლის 1 იანვრიდან 10 დეკემბრამდე სულ დაფიქსირდა 4189 შესაძლო შემთხვევა, მ.შ. 115 დადასტურებული შემთხვევა, ხოლო 23 სიკვდილი.[6]

დიდი ეპიდაფეთქება დაფიქსირდა ანგოლასა და კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში 2015 წლის დეკემბერსა და 2016 წლის ივლისის თვეს შორის, 7300-ზე მეტი შესაძლო და 900 დადასტურებული შემთხვევით.[7] 2016 წელს ეპიდაფეთქებები ჩინეთში (11 შემთხვევა ანგოლადან იყო იმპორტირებული), უგადასა და კენიაშიც დაფიქსირდა.

ბრაზილიაში ეპიდაფეთქების დაწყება დაფიქსირდა 2016 წლის სექტემბერში, ხოლო დასრულება 2017 წლის სექტემბერში. თუმცა, 2017 წლის დეკემბრის შემდეგ ადგილი ჰქონდა შემთხვევებს ადამიანებში, ხოლო 2017 წლის სექტემბრის შემდეგ გაიზარდა არაპრიმატული ეპიზოოტური შემთხვევები. 2018 წლის ივნისის მდგომარეობით დაფიქსირდა 1266 დადასტურებული შემთხვევა ადამიანებში და 415 სიკვდილის შემთხვევა. შემთხვევები დაფიქსირდა სან პაულოში, მინას გერაისში, ესპირიტო სანტოში, რიო დე ჟანეიროში და ფედერალურ ოლქში. რამდენიმე შემთხვევა დადასტურდა არავაქცინირებულ მოგზაურებში, რომლებიც დაბრუნდნენ ბრაზილიიდან, საიდანაც ერთი შემთხვევა გაერთიანებულ სამეფოში დაფიქსირდა.[8]

ყვითელ ცხელებას სწრაფი გავრცელება შეუძლია იმ ქვეყნებიდან ჩამოსული მოგზაურების მიერ, სადაც გავრცელებულია Aedes aegypti. აღნიშნული ფენომენის მაგალითია 2016 წელს დაფიქსირებული 11 შემთხვევა, როდესაც ინფიცირებული მოგზაურები ანგოლადან ჩინეთში გადავიდნენ და შედეგად, არავაქცინირებულ მოსახლეობას ინფიცირების დიდი საშიშროება შეუქმნეს. საბედნიეროდ, ადგილობრივი გავრცელება არ მოხდა.[9]

აშშ-ში ყველა შემთხვევა იმპორტირებულია და ვითარდება აუცრელ მოგზაურებში, რომლებმაც სარისკო რეგიონებში მოგზაურობისას არ მიმართეს კოღოსგან დაცვის ზომებს. 1970-დან 2015 წლამდე ინფექციის თერთმეტი შემთხვევა დაფიქსირდა არავაქცინირებულ მოგზაურებში, რომლებიც აშშ-სა და ევროპიდან დასავლეთ აფრიკასა და სამხრეთ ამერიკაში მოგზაურობდნენ; ამ პაციენტთაგან 8 შემთხვევა ლეტალურად დასრულდა. მხოლოდ ერთ მოგზაურს ჰქონდა ვაქცინაციის დოკუმენტირებული ისტორია და ის ადამიანი გადარჩა. ანგოლასა და ბრაზილიაში 2016 წლიდან 2018 წლის შუა პერიოდამდე ეპიდაფეთქებამ გამოიწვია მოგზაურობასთან დაკავშირებული 35 შემთხვევა, რომელიც დაფიქსირდა არავაქცინირებულ მოგზაურებში, რომლებიც იყვნენ არაენდემური ტერიტორიების ან ქვეყნების მაცხოვრებლები.[10]

მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის კონტინენტის ენზოოტური რეგიონების მქონე ქვეყნებში ყვითელი ცხელების საწინააღმდეგო ვაქცინა უკვე აქტიურად გამოიყენება ბავშვების რუტინული იმუნიზაციისას, 2010 წელს 22 დადასტურებული შემთხვევა მაინც დაფიქსირდა კონტინენტზე (ბოლივია, ბრაზილია და პერუ). ლეტალობა საკმაოდ მაღალი იყო - 77.3% (17 სიკვდილი). ქალაქებში ინფექციის შემთხვევები არ დაფიქსირებულა.[11] მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ შემთხვევათა რაოდენობა ყველაზე მცირეა, რაც კი დაფიქსირებულა 1967 წლის შემდეგ, ცენტრალური ამერიკის თითქმის ყველა დიდ ქალაქში ხელახლა გამრავლდა Aedes aegypti, რამაც საფრთხე შეუქმნა ქალაქის მაცხოვრებლებს და მოგზაურებს იმუნიზაციის დაბალი მოცვის გამო. 2017 წელს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა: "დღესდღეობით ლათინური ამერიკა ურბანური ეპიდემიის განვითარების ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ იმყოფება, ვიდრე აქამდე ყოფილა ბოლო 50 წლის განმავლობაში".[12]

WHO: disease outbreak news - yellow fever Opens in new window

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას