შემთხვევის ანამნეზი
შემთხვევის ანამნეზი
6 წლის ბავშვი კლინიკაში მოიყვანეს თებერვალში. მას აღენიშნება კაშკაშა წითელი მაკულები ლოყებზე და არშიისებური რეტიკულური გამონაყარი სხეულსა და კიდურებზე. დედა აღნიშნავს, რომ წინა კვირას ბავშვს მსუბუქი გაციების სიმპტომები ჰქონდა. გარდა ეგზანთემისა ბავშვს სხვა სიმპტომები არ აქვს.
სხვა გამოვლინებები
პარვოვირუს B19-ით ინფექციის დროს, მოზრდილებში ყველაზე ხშირი ჩივილია მცირე ზომის სახსრების თვითგანკურნებადი სიმეტრიული ართროპათია. მას შეიძლება ახლდეს ან არ ახლდეს ტიპური ეგზანთემა. ინფექციური ერითემის გარდა, B19 პარვოვირუსი სხვა ეგზანთემასაც იწვევს, რომელიც გამოვლინდება პაპულო-პურპურული „ხელთათმანებისა და წინდების" სინდრომის (PPGSS) სახით. აღნიშნული გამონაყარი, კლასიკურ შემთხვევებში, ხასიათდება მტკივნეული შეშუპებით, ქავილით და მკვეთრად გამოხატული საზღვრების მქონე პეტექიებითა და პურპურებით ხელებსა და ფეხებზე. არატიპური გავრცელებისას, „ხელთათმანებისა და წინდების სინდრომი“ შეიძლება მიმდინარეობდეს ცხელებით, კანსა და ლორწოვანის მორფოლოგიურად მსგავსი დაზიანებებით.[1] ინფექციური ერითემისგან განსხვავებით, აღნიშნული გამონაყარი ასოცირებულია თანმხლებ ვირემიასა და ინფექციურობასთან. იმუნოდეფიციტის მქონე პაციენტებს (მაგ. აივ ინფიცირება, ქიმიოთერაპია ან ტრანსპლანტის შემდგომი იმუნოსუპრესიული მკურნალობა, თანდაყოლილი იმუნოდეფიციტები) შეიძლება არ აღენიშნოთ ინფექციური ერითემის ტიპური სიმპტომები, მაგრამ პერსიტენტული ინფექციის შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს ქრონიკული ანემია/ჭეშმარიტი ერითროციტული აპლაზია.[2] გართულებები, როგორიცაა აპლაზიური კრიზი, შეიძლება შეგვხვდეს იმ პირებში, რომელთაც აღენიშნებათ ერითროციტების სწრაფი განადგურდება/დესტრუქცია (მაგ. თანდაყოლილი სფეროციტოზი, ნამგლისებრუჯრედული დაავადება, თალასემია, რკინადეფიციტური ანემია). ორსულებში ინფექციამ შეიძლება გამოწვიოს ნაყოფის მძიმე ანემია და წყალმანკი. იშვიათად, მაგრამ აღწერილია B19 პარვოვირუსული ინფექციით გამოწვეული ნეფრიტი, ჰეპატიტი და ნევროლოგიური დაავადება.[3][4][5][6] ასევე, პარვოვირუსი ბავშვებში ასოცირებულ იქნა კარდიომიოპათიასთან.[7]
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას