ეტიოლოგია

დასავლეთ ნილოსის ვირუსი გარსის მქონე, სფერული, ერთჯაჭვიანი რნმ არბოვირუსია Flaviviridae-ის ოჯახიდან, რომელიც მიეკუთვნება იაპონური ენცეფალიტის კომპლექსს. სხვა ფლავივირუსებია ყვითელი ცხელების, დენგეს, ზიკასა და სენტ-ლუისის ენცეფალიტის ვირუსები.[13] კუნჯინის ვირუსი არის დასავლეთ ნილოსის ვირუსის ქვეტიპი, რომელიც ენდემურია ოკეანეთის არეში.

ვირუსი მეტწილად ცირკულირებს ინფიცირებულ ფრინველებს (>130 სხვადასხვა სახეობა) შორის, რომელთაც კბენენ მწერები, მეტწილად კი მდედრი კოღოები. ინფიცირებული კოღოები ვირუსს ავრცელებენ სხვა ცხოველების (მაგ. ცხენი) ან ადამიანების კბენის გზით.[12]

იშვიათად, ვირუსი გადადის ინფიცირებული სისხლის ტრანსფუზიის გზით, ინფიცირებული ორგანოების ტრანსპლანტაციის საშუალებით ან ტრანსპლაცენტურად დედიდან ნაყოფზე. ტრანსმისიის სხვა, ასევე იშვიათი გზებია ინფიცირებული ნემსით ტრავმული დაზიანება, კონიუნქტივის ექსპოზიცია დაავადებულ სისხლთან, დიალიზი ან ძუძუთი კვება.[14][15][16][17][18][19]

პათოფიზიოლოგია

ძირითადად საინკუბაციო პერიოდი 3-6 დღის ფარგლებში გრძელდება და შესაძლოა გახანგრძლივდეს 14 დღემდე.[20] იმუნოკომპრომისულ პაციენტებში საინკუბაციო პერიოდი შესაძლოა კიდევ უფრო ხანგრძლივი (21 დღემდე) იყოს.[16] ადამიანის ორგანიზმში კოღოს ვირუსით გაჟღენთილი ნერწყვის მოხვედრისას, ნაკბენის ადგილას, დენდრიტულ უჯრედებში, სავარაუდოდ ხდება ვირუსის რეპლიკაცია, ხოლო შემდგომ ის ვრცელდება ლიმფურ კვანძებსა და სისხლის მიმოქცევის სისტემაში. სხვა შემთხვევებში ვირუსი ორგანიზმში აღწევს ინფიცირებულ სისხლთან ან ორგანოს ტრანსპლანტთან ექსპოზიციის დროს. მძიმე ინფექციის პათოგენეზი კარგად არ არის შესწავლილი. ნეიროინვაზიური დაავადების დროს ვირუსი გადის სისხლისა და თავის ტვინის ბარიერში და იჭრება ცენტრალურ ნერვულ სისტემაში, სადაც პირდაპირ აინფიცირებს ნეირონებს, განსაკუთრებით, თავის ტვინის ღრმა ბირთვებსა და რუხ ნივთიერებას, ტვინის ღეროს, ზურგის ტვინს, იწვევს ნეირონების ანთებას, დესტრუქციასა და სიკვდილს. ორგანიზმის მიერ ვირუსის მიმართ გამომუშავებული იმუნური პასუხი შესაძლოა ასევე იწვევდეს ნეირონულ დაზიანებას. გახანგრძლივებული დაავადების შემთხვევაში შესაძლოა განვითარდეს დემიელინიზაცია და გლიოზი.[21][22][23]

კლასიფიკაცია

კლინიკური კლასიფიკაცია

დასავლეთ ნილოსის ვირუსის ინფექცია, როგორც წესი, კლასიფიცირდება გამოვლინების საფუძველზე, თუმცა არ არსებობს ფორმალური კლასიფიკაციის სისტემა.

  • დასავლეთ ნილოსის ცხელება (WVF): გვხვდება პაციენტთა დაახლოებით 20%-ში და ხასიათდება გრიპისმაგვარი დაავადებით, რომელიც როგორც წესი გრძელდება 3-6 დღეს, თუმცა შესაძლოა გაგრძელდეს კვირების ან თვეების განმავლობაში.

  • დასავლეთ ნილოსის ნეიროინვაზიური დაავადება (WNND: გვხვდება პაციენტთა <1%-ში, როდესაც ვირუსი აინფიცირებს ცენტრალურ ნერულ სისტემას.[1] ქვეტიპებია:

    • დასავლეთ ნილოსის ვირუსული ენცეფალიტი

    • დასავლეთ ნილოსის ვირუსული მენინგიტი

    • დასავლეთ ნილოსის ვირუსული პოლიომიელიტი (იგივე მწვავე დუნე დამბლა).

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას