ანამნეზი და გასინჯვა

ენდეთ მითითებებს

ebpracticenet პრიორიტეტი მიანიჭეთ ჩამოთვლილ ადგილობრივ გაიდლაინებს:

Prévention de l’Influenzaავტორი: Groupe de travail Développement de recommandations de première ligneბოლო გამოქვეყნება: 2018Preventie van influenzaავტორი: Werkgroep Ontwikkeling Richtlijnen Eerste Lijn (Worel)ბოლო გამოქვეყნება: 2018

ძირითადი დიაგნოსტიკური ფაქტორები

ხშირი

ზამთრის სეზონი

გრიპს ახასიათებს სეზონური ეპიდაფეთქებით მიმდინარეობა, ეპიდემიით, რაც ჩვეულებრივ მოიცავს პერიოდს გვიანი შემოდგომიდან გაზაფხულის დასაწყისამდე. გრიპის სეზონურობა ნაკლებად კარგად არის განსაზღვრული ტროპიკულ ქვეყნებში.[83][84]

გრიპის ახლახან არსებული ეპიდაფეთქება

ეჭვი სეზონურ გრიპზე მაღალი უნდა იყოს საზოგადოებაში დაფიქსირებული ეპიდაფეთქების შემთხვევაში. გრიპის სეზონის განმავლობაში აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრები (CDC) ყოველკვირეულად ინტერნეტით აქვეყნებს განახლებებს, რომელშიც შეჯამებულია ინფორმაცია გრიპის აქტივობის შესახებ. CDC: FluView - weekly influenza surveillance report Opens in new window ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) ასევე თვალს ადევნებს და აღრიცხავს გრიპის ინციდენტობის მაჩვენებელს. WHO: influenza update Opens in new window

აუცრელი

პაციენტებს უნდა ჰკითხოთ, იტარებენ, თუ არა გრიპის ვაქცინაციას ყოველწლიურად. ჯანმრთელ აცრილ მოზრდილებს, რომელთაც ვაქცინაცია ჩაუტარდათ ინტრამუსკულარული ინაქტივირებული ვაქცინით, აქვთ A ან B ტიპის გრიპის ინფექციის და გრიპისმაგვარი ავადმყოფობის განვითარების შემცირებული რისკი, მიუხედავად იმისა, რომ აბსოლუტური ეფექტი შეიძლება იყოს საშუალოდ გამოხატული.[41][64][65] ჯანმრთელ ბავშვებში ვაქცინაცია (ცოცხალი ატენუირებული ან ინაქტივირებული ვაქცინით) ამცირებს გრიპის და გრიპისმაგვარი ავადმყოფობის რისკს; ვაქცინის ეფექტის შესახებ მონაცემები განსხვავდება პოპულაციების მიხედვით.[43]

ცხელება ხველით

ხანდაზმულებში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ცხელებისა და ხველის მწვავე გამოვლინებას არაჰოსპიტალიზებულ პაციენტებში გრიპის სადიაგნოსტიკოდ აქვს მხოლოდ 30%-იანი დადებითი პროგნოზული მაჩვენებელი, ხოლო ჰოსპიტალიზებულ პაციენტებში - 53%.[95][96]

ფილტვის ქრონიკული დაავადების მქონე ვაქცინირებული ხანდაზმულების კვლევამ აჩვენა, რომ ხველა არ იყო ლაბორატორიულად დადასტურებული გრიპის ინფექციის პროგნოზული მაჩვენებელი, თუმცა ცხელებისა და მიალგიის დადებითი პროგნოზული მაჩვენებელი 41%-ს შეადგენდა.[97]

ხველა და ცხელება შეიძლება ნაკლებად გამოხატული სიმპტომები იყოს მცირეწლოვან ბავშვებში.[94]

თუ ცხელება და ხველა დამძიმდა და გამოვლინდა ჩირქოვანი ნახველი და დისპნოე, სავარაუდოა მეორეული ბაქტერიული პნევმონია.

მეორეული ბაქტერიული პნევმონია გრიპის მნიშვნელოვანი გართულებაა და მასზე მოდის გრიპთან დაკავშირებული ყველა სიკვდილობის დაახლოებით 25%.[98]

სხვა დიაგნოსტიკური ფაქტორები

ხშირი

ყელის ტკივილი

ოროფარინული სიმპტომები, გარდა ყელის ტკივილისა და მასთან დაკავშირებული ჰიპერემიისა, არ არის ხშირი.

იშვიათი

კისრის ლიმფადენოპათია

არასპეციფიკური ნიშანი, რომელიც შეიძლება უფრო ხშირი იყოს ბავშვებში.[99]

ქოშინი

იშვიათი სიმპტომი, რომელიც საჭიროებს შეფასებას გრიპის ისეთი გართულების აღმოსაჩენად, როგორიცაა ბაქტერიული პნევმონია, განსაკუთრებით მაშინ, როცა ის ცხელებას, ხველას და ჩირქოვან ნახველს უკავშირდება.[98]

რისკფაქტორები

ძლიერი

ასაკი ≥65 წელზე

ახალგაზრდა, ჯანმრთელ მოზრდილებთან შედარებით, 65 წლის და მასზე უფროსი ასაკის პირებში უფრო მაღალია გრიპის სერიოზული გართულებების რისკი. ასევე უფრო ხშირია თანმხლები მდგომარეობების გამწვავების რისკი, რომლის გამოვლენასაც ხელს უწყობს გრიპის ინფექცია. გამოთვლილია, რომ აშშ-ში ყოველწლიურად სეზონურ გრიპთან დაკავშირებული სიკვდილობის 90% და სეზონურ გრიპთან დაკავშირებული ჰოსპიტალიზაციის შემთხვევათა 60%-ზე მეტი გვხვდება 65 წლის და მასზე უფროსი ასაკის პირებში.[14][15] ასაკის მატებასთან ერთად იმუნიტეტის დაქვეითებისას გრიპი შეიძლება ძალიან მძიმე დაავადება იყოს. ასაკის მატებასთან ერთად ასევე მაღალია იმის ალბათობა, რომ გრიპის გამო შეიძლება გამწვავდეს თანმხლები მდგომარეობები.[16]

6-დან 59 თვემდე ასაკი

მიუხედავად იმისა, რომ ბავშვებს, ისეთი ქრონიკული (კლინიკური) მდგომარეობებით, როგორიცაა, მაგ., ფილტვის, თირკმლის ან გულის დაავადებები, აქვთ გრიპის გართულებების განვითარების მაღალი რისკი, სხვა შემთხვევაში ჯანმრთელი ბავშვები ასეთი რისკის ქვეშ უბრალოდ მათი ასაკის გამო არიან. 5 წლამდე ასაკის ბავშვებში, უფროს ბავშვებთან შედარებით უფრო მაღალია ჰოსპიტალიზაციის ალბათობა; გრიპთან დაკავშირებული გართულებების რისკი მომატებულია 2 წლამდე ასაკში.[17]

გულსისხლძარღვთა ან რესპირატორული სისტემის ქრონიკული მდგომარეობები

ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების საშუალო ან მძიმე ფორმის მქონე პაციენტების ზედა სასუნთქი გზების სეკრეტებში ნებისმიერი ვირუსის არსებობა მკაცრად ასოცირდება ფქოდ-ის გამწვავებასთან. მონაცემებით დასტურდება ფქოდ-ის გამწვავებაში საზოგადოებაში მოცირკულირე ვირუსების როლი.[18][19]

ხანდაზმულებში გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაკავშირებულია გულის, ცერებროვასკულური დაავადებით და პნევმონიით ან გრიპით გამოწვეული ჰოსპიტალიზაციის რისკის შემცირებასთან ისევე, როგორც გრიპის სეზონის დროს ყველა მიზეზით გამოწვეულ სიკვდილობის რისკის შემცირებასთან. აღნიშნული მონაცემები ხაზს უსვამს ვაქცინაციის სარგებელს და მხარს უჭერს აცრის სიხშირის გაზრდას ხანდაზმულებში.[19][20][21] [ Cochrane Clinical Answers logo ] [ Cochrane Clinical Answers logo ]

დიაბეტი

დიაბეტიან პაციენტებში უფრო მაღალია გართულებების განვითარების რისკი.[22] დიაბეტის შემთხვევაში გრიპის ინფექციით სიკვდილობა იზრდება 5-12%-ით, რაც სავარაუდოდ განპირობებულია მეტაბოლური დარღვევით, კეტოაციდოზით, იმუნური პასუხის პათოლოგიით, სტაფილოკოკითა და სტრეპტოკოკით გამოწვეული ინფექციების მტარებლობის მაღალი სიხშირით.[23]

ჰემოგლობინოპათია

ჰემოგლობინოპათიები, როგორიცაა ნამგლისებრუჯრედოვანი დაავადება, მოიცავს დარღვევებს არა მხოლოდ ერითროციტებში, არამედ სისხლძარღვის ენდოთელიუმის, ლეიკოციტების ფუნქციის, სისხლის შედედებისა და ანთებითი რეაქციის მხრივ. ინფექციის პრევენციისთვის რეკომენდებულია გრიპის რუტინული ვაქცინაცია.[24]

იმუნოკომპრომისული სტატუსი

იმუნოკომპრომისულ პაციენტებში (მაგ. ჰემოპოეზური სისტემის/მყარი ორგანოს ტრანსპლანტის მიმღებ პაციენტებსა და აივ ინფიცირებულებში) ინფექცია ავადობისა და სიკვდილობის წამყვანი მიზეზია.[25][26][27]​ იმუნოდეფიციტის მქონე ადამიანებს აქვთ გრიპის ინფექციით გამოწვეული გართულებების მაღალი რისკი და უნდა აიცრან ნებისმიერი ლიცენზირებული, რეკომენდებული, ასაკის შესაბამისი ინაქტივირებული ვაქცინით. ინაქტივირებული ვაქცინა სიფრთხილით უნდა გამოიყენოთ პაციენტებში მძიმე იმუნოკომპრომისული მდგომარეობით, მაგ., ქიმიოთერაპიის, სხივური თერაპიის, სხვა ტიპის იმუნოსუპრესიული თერაპიის შემთხვევაში (რაც მოიცავს მაღალი დოზით კორტიკოსტეროიდების მიღებას), ვინაიდან ვაქცინაციაზე პასუხი შეიძლება დაქვეითებული იყოს. თუმცა, ადიუვანტური ვაქცინა უსაფრთხო და იმუნოგენურია ტრანსპლანტის მიმღებ პოპულაციაში.[28] ინტრანაზალური ცოცხალი შესუსტებული ვაქცინა უკუნაჩვენებია პაციენტებში იმუნოსუპრესიული ან იმუნოკომპრომისული მდგომარეობით. ასევე, ძლიერ დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე პირებს, რომელთაც ესაჭიროებათ მოვლა დაცულ გარემოში, აგრეთვე ოჯახის წევრებს, სამედიცინო პერსონალს და მათ, ვინც მჭიდრო კონტაქტშია იმუნოსუპრესიული მდგომარეობის მქონე პაციენტებთან, უმჯობესია ვაქცინაცია ჩაუტარდეთ ინაქტივირებული გრიპის ვირუსის ვაქცინით, ვიდრე ცოცხალი ვირუსის ვაქცინით.[29]

თირკმლის ქრონიკული დაავადება (CKD)

თირკმლის ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტებს აქვთ გრიპის გართულებების მომატებული რისკი.[16] აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების (CDC) იმუნიზაციის პრაქტიკის მრჩეველთა კომიტეტი (ACIP) ამჟამად რეკომენდაციას უწევს გრიპის ვაქცინას თირკმლის ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტებისთვის (გაითვალისწინეთ, რომ ამ პაციენტებში ცოცხალი დასუსტებული გრიპის ვაქცინა სიფრთხილით უნდა იყოს გამოყენებული).[30]​ ობსერვაციულ კვლევებში გრიპზე ვაქცინაცია დაკავშირებულია გრიპის გამო ჰოსპიტალიზაციის, სიკვდილობისა და ექიმთან ვიზიტების შემცირებულ რისკთან.[31]

ორსულობა

ორსულებს, იმუნური, რესპირატორული და გულსისხლძარღვთა სისტემების ცვლილებებით აქვთ გრიპის უფრო მძიმე ფორებში გამოვლენის რისკი.[32] გრიპის მქონე ორსულ ქალებს აქვთ დედის ავადობის და ასევე სამეანო გართულებების დიდი რისკი, როგორიცაა ნაადრევი მშობიარობა.[33]​​[34][35]​​ ორსულებში შეიძლება ნებისმიერი ლიცენზირებული, რეკომენდებული, ასაკთან შესაბამისი ინაქტივირებული ვაქცინის გაკეთება; არ უნდა გამოიყენოთ ცოცხალი შესუსტებული ვაქცინა.[30][33]​ იხილეთ პირველადი პრევენცია.

მაღალი რისკჯგუფების მომვლელები და საოჯახო კონტაქტები

მიზანია მაღალი რისკის პაციენტებისთვის ვირუსის გადაცემის პრევენცია.

ძლიერ დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე პირებს, რომელთაც ესაჭიროებათ მოვლა დაცულ გარემოში, აგრეთვე ოჯახის წევრებს, სამედიცინო პერსონალს და მათ, ვინც მჭიდრო კონტაქტშია იმუნოსუპრესიული მდგომარეობის მქონე პაციენტებთან, უმჯობესია ვაქცინაცია ჩაუტარდეთ ინაქტივირებული გრიპის ვირუსის ვაქცინით, ვიდრე ცოცხალი ვირუსის ვაქცინით.

სამედიცინო პერსონალი

სამედიცინო პერსონალი მნიშვნელოვან როლს ასრულებს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვაში. დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების (CDC) იმუნიზაციის პრაქტიკის მრჩეველთა კომიტეტის (ACIP) რეკომენდაციით სამედიცინო პერსონალმა ყოველწლიურად უნდა ჩაიტაროს გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, რათა შეიზღუდოს ინფექციის გავრცელება.[36] ძლიერ დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე პირებს, რომელთაც ესაჭიროებათ მოვლა დაცულ გარემოში, აგრეთვე ოჯახის წევრებს, სამედიცინო პერსონალს და მათ, ვინც მჭიდრო კონტაქტშია იმუნოსუპრესიული მდგომარეობის მქონე პაციენტებთან, უმჯობესია ვაქცინაცია ჩაუტარდეთ ინაქტივირებული გრიპის ვირუსის ვაქცინით, ვიდრე ცოცხალი ვირუსის ვაქცინით.

სამედიცინო პერსონალის ვაქცინაცია დამატებითი დაცვაა, რათა არ მოხდეს ვირუსის შესაძლო ტრანსმისია როგორც ოჯახის წევრებზე სახლში, ისევე სამსახურში პაციენტებზე. არსებობს კავშირი კლინიკებსა და ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებებში გრიპის ეპიდაფეთქებასა და სამედიცინო პერსონალის ვაქცინაციის დაბალ მაჩვენებელს შორის.[37]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას