პროგნოზი

ხანგრძლივი ეფექტები

მართალია არსებობდა ვარაუდი, რომ სასუნთქი გზების ანთებასა და რემოდელირებას შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირია, თუმცა ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მოპოვებული ამჟამინდელი მტკიცებულებით რემოდელირება დამოუკიდებელი პარალელური პროცესია, რომელიც არ რეაგირებს ანტიანთებით მედიკამენტებზე როგორიც საინჰალაციო კორტიკოსტეროიდებია. ბავშვთა ასთმის გრძელვადიანი დაკვირვება ზრდასრულ ასაკში გვიჩვენებს, რომ ზოგიერთ ასთმიან პაციენტში რემოდელირება იწყება დაავადების პროცესის დასაწყისში, რაც იწვევს ჰაერის ნაკადის ფიქსირებულ ობსტრუქციას. ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის ზოგადი პოპულაციების ამ კოჰორტულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ბავშვებში ასთმის მუდმივი სიმპტომებით, ფილტვების ფუნქციის ზრდის უმეტესი დეფიციტი უკვე 6-დან 9 წლამდე დაფიქსირდა, შემდგომ კი ფილტვის ფუნქციაზე ასთმის გავლენა უმნიშვნელო იყო.[135][136] ეს შეესაბამება ზრდასრულთა მონაცემებს, სადაც 9000-ზე მეტ ადამიანზე ჩატარებულმა ხანგრძლივმა კვლევამ დაადგინა, რომ ასთმიან არამწეველებს ფორსირებული ამოსუნთქვის მოცულობა 1 წამში (FEV1) შემცირებული ჰქონდათ 19 წლის ასაკში, ასთმის არმქონე არამწეველების მონაცემებთან შედარებით და შემდგომ ასაკში იგივე მონაცემის მხოლოდ მინიმალური დამატებითი შემცირება გამოვლინდა.[137] ამით შეიძლება, ვივარაუდოთ, რომ სასუნთქი გზების რემოდელირება მათ შეუქცევად ობსტრუქციასთან ერთად მდგრადი ასთმის დროს ადრეულ ბავშვობაში ვითარდება, მაგრამ შემდგომში სტაბილურ ფიზიოლოგიურ ფენოტიპად ჩამოყალიბდება. ამასთან, ფილტვის ფუნქციის დაჩქარებული გაუარესება ქრონიკული მძიმე ფორმის ასთმის დროს გამოვლინდა, კერძოდ ხშირი და მძიმედ მიმდინარე გამწვავებების დროს.[138][139]

სიცოცხლის ხანგრძლივობა

მართვადი ასთმის ფონზე სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა ისეთივეა, როგორც ასთმის არმქონე პოპულაციაში.

დანიაში მოზრდილებთან ჩატარებული კოჰორტული კვლევით დადგინდა, რომ მამრობითი სქესი, მარტოხელა ოჯახური მდგომარეობა და ჰიპერტენზია ასთმის მქონე პირებთან დაკავშირებულია ყველა მიზეზით სიკვდილობის უფრო მაღალ რისკთან.[140] პირიქით, მაღალი ფიზიკური აქტივობა ასოცირდება ყველა მიზეზით სიკვდილობის დაბალ რისკთან.[140]

რემისია

მაღალეფექტური ანთების საწინააღმდეგო, დაავადების მამოდიფიცირებელი, ასთმის საწინააღმდეგო საშუალებები (არახშირი კორტიკოსტეროიდები [ICS], ბიოლოგიური საშუალებები, ალერგენული იმუნოთერაპია) რემისიის პერსპექტივას მკურნალობის რეალურ შედეგად აქცევს.[141]​ აშშ-ს კონსენსუსის მიხედვით პაციენტები, რომლებიც აკმაყოფილებენ შემდეგ კრიტერიუმებს 12 თვის განმავლობაში (მათ შორის, ვინც იღებს მონოკლონური ანტისხეულების თერაპიას) შეიძლება ჩაითვალონ რემისიის პერიოდში:[142]

  • გამწვავებების არარსებობა

  • სამსახურის ან სკოლის გაცდენის ეპიზოდები არ არის

  • სტაბილური და ოპტიმიზებული ფილტვის ფუნქციური მაჩვენებლები ≥2 გაზომვაზე

  • კონტროლირებადი თერაპიის გაგრძელება, მხოლოდ ICS-ის დაბალი საშუალო დოზით, ან ნაკლებით

  • ასთმის კონტროლის ტესტი >20, ასთმის მდგომარეობის გაუარესების და რისკის კითხვარი <2, ან ასთმის კონტროლის კითხვარი <0.75 ≥2 გაზომვაზე

  • სიმპტომები, რომლებიც საჭიროებენ ერთჯერად შემამსუბუქებელ თერაპიას არა უმეტეს თვეში ერთხელ

ეს მიმდინარე დებატების თემაა.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას