ანამნეზი და გასინჯვა

ძირითადი დიაგნოსტიკური ფაქტორები

ხშირი

არტერიული წნევა (BP) >180/120 მმ ვწყ. სვ.

ჰიპერტენზიული კრიზის დროს არტერიული წნევა ჩვეულებრივ >180/120 მმ ვწ.ყ სვ.; ამასთან, მთავარი განმსაზღვრელია სამიზნე ორგანოს ახალი დაზიანება ან მისი ფუნქციის გაუარესება.[1][57]​​​ იმ ორსულებისთვის, რომელებიც ადრე ნორმოტენზიულები იყვნენ და აღენიშნებოდათ პროტეინურია ან სისტემური დაზიანების ნიშნები (მაგალითად, თირკმლის უკმარისობა, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, ნევროლოგიური, ჰემატოლოგიური გართულებები), ჰიპერტენზია დიაგნოსტიკურია პრეეკლამფსიისთვის.[45][58]​​ პრეეკლამფსია გასათვალისწინებელია თავის ტკივილის მქონე პაციენტებში, გესტაციის ასაკით სულ მცირე, 20 0/7 კვირით, ან პოსტნატალური პერიოდის 6 კვირის განმავლობაში, და რომელთა სისტოლური არტერიული წნევა ≥140 მმ ვწყ სვ., ან დიასტოლური ≥90 მმ ვწყ სვ.[52]​ უნდა გაკეთდეს სულ მცირე, ორი გაზომვა, მინიმუმ 4 საათიანი ინტერვალით.[45]

რისკ-ფაქტორების არსებობა

რისკფაქტორებია: ჰიპერტენზიის არაადეკვატური მკურნალობა, ხანდაზმული ასაკი, შავკანიანთა ეთნიკური ჯგუფი, მამრობითი სქესი, სიმპათომიმეტური პრეპარატების და მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორების გამოყენება.

სხვა დიაგნოსტიკური ფაქტორები

ხშირი

ნევროლოგიური სიმპტომები

ნევროლოგიური დარღვევები, როგორიცაა მხედველობის ცვლილებები, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, დიზართრია, გულყრები, ფსიქიკური მდგომარეობის ცვლილება, დისფაგია, მგრძნობელობის დაკარგვა ან პარესთეზია და მოძრაობის უნარის დაკარგვა ის სიმპტომებია, რომლებიც ხშირად ასოცირდება ჰიპერტენზიულ კრიზთან.[37] პრეეკლამფსიის თავის ტკივილის ხშირი დამახასიათებელი ნიშნებია ძლიერი ბილატერალური ტკივილი შუბლის არეში და მხედველობის დაბინდვა, რომელიც შეიძლება პროგრესირდეს ბილატერალურ კორტიკალურ სიბრმავემდე.[52][53]​​ თავის ტკივილი, ჩვეულებრივ, ვითარდება პრეეკლამფსიის დაწყებასთან ერთდოულად, ან არსებითად უარესდება ან უმჯობესდება პრეეკლამფსიის გაუარესების ან გაუმჯობესების პარალელურად.[52]

გულთან დაკავშირებული სიმპტომები

კარდიული დარღვევები (მაგ., ტკივილი გულმკერდის არეში, ქოშინი, ორთოპნოე, ღამის პაროქსიზმული ქოშინი, გულის ფრიალი, შეშუპება) ხშირად ასოცირდება ჰიპერტენზიულ კრიზთან.[37]

კარდიოპულმონური პათოლოგია გასინჯვისას

შეიძლება გამოვლინდეს ახლად გაჩენილი შუილები, ხახუნის ხმიანობა, S3 "გალოპის რითმი", საუღლე ვენის დაჭიმვა, ხიხინი ან ქვედა კიდურების შეშუპება.

მიგნებები მუცლის გასინჯვისას

პალპაციით მტკივნეულობა მარჯვენა ზედა კვადრანტში ვლინდება მძიმე პრეეკლამფსიისა და HELLP სინდრომის (ჰემოლიზი, ღვიძლის ფერმენტების მომატება, თრომბოციტების დაქვეითებული რაოდენობის) დროს.[58][59]​ ფეოქრომოციტომა შეიძლება დაკავშირებული იყოს მუცლის ღრუს წარმონაქმნებთან. მძიმე ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ აბდომინური შუილი და/ან თირკმლის მდგომარეობის აუხსნელი გაუარესება ანგიოტენზინგარდამქმნელი ენზიმის (ACE) ინჰიბიტორით მკურნალობისას, ეჭვი უნდა მივიტანოთ რენოვასკულურ ჰიპერტენზიაზე, თუმცა გასათვალისწინებელია მისი ცვალებადი კლინიკური გამოვლინება.

ოლიგურია ან პოლიურია

შარდწარმოქმნის ნებისმიერი ცვლილება შეიძლება მიუთითებდეს თირკმლის დაზიანებაზე.[21]

პათოლოგია ფუნდოსკოპიური გამოკვლევისას

ჰიპერტენზიურ რეტინოპათიაზე შეიძლება მიუთითებდეს შემდეგი ნიშნები: არტერიოლების სპაზმი, ბადურის შეშუპება, სისხლჩაქცევა ბადურაში, ბადურის ექსუდატი, მხედველობის ნერვის დისკოს შეშეუპება, ბადურის ვენების სისხლსავსეობა.[66]

პათოლოგიური ნევროლოგიური გასინჯვა

პათოლოგიური ნიშნები კოგნიტიურობის, კრანიული ნერვის ფუნქციის, მოტორული ძალის, უხეში სენსორული ფუნქციის და სიარულის მხრივ შეიძლება ხშირად ჰიპერტენზიული კრიზის შედეგი იყოს.

რისკფაქტორები

ძლიერი

ჰიპერტენზიის არაადექვატური მკურნალობა

ხშირად აღინიშნება ჰიპერტენზიის არაადექვატური მკურნალობის ანამნეზი.[15][18][19][20]

აშშ-ში სამედიცინო დაზღვევის ან ოჯახის ექიმთან წვდომის პრობლემები კავშირშია ჰიპერტენზიული კრიზის ალბათობის გაზრდასთან.[19]

თირკმლის ქრონიკული დაავადება (CKD)

ჰიპერტენზიისა და მისი ჰიპერტენზიულ კრიზად პროგრესირებისთვის თირკმლის ქრონიკული დაავადება ძლიერი რისკფაქტორია როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.[10][15]​​[21][22][23][24]​​

თირკმლის არტერიის სტენოზი

თირკმლის არტერიის სტენოზი ძლიერ არის დაკავშირებული მეორეულ ჰიპერტენზიასთან.[25]

თირკმლის ტრანსპლანტი

თირკმლის ტრანსპლანტაცია ჩვეულებრივ, ასოცირდება ჰიპერტენზიასთან, რომლის მიზეზი ყველაზე ხშირად ტრანსპლანტის უკმარისობაა.[26] ტრანსპლანტირებული თირკმლის არტერიის სტენოზი გადანერგვის შემდეგ ჰიპერტენზიის 1% - 5% მიზეზია.[27] შესაძლოა ასევე გარკვეული როლი ითამაშოს ტრანსპლანტის მოცილების საწინააღმდეგო მედიკამენტებმა (მაგ., კალცინევრინის ინჰიბიტორებმა).[28][36]

ენდოკრინული დარღვევები ცნობილი ჰიპერტენზიული ეფექტებით

ჰიპერტენზიულ კრიზთან დაკავშირებულია მთელი რიგი ენდოკრინული დარღვევა. ესენია: პირველადი ალდოსტერონიზმი, ფეოქრომოციტომა, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა, კუშინგის სინდრომი, აკრომეგალია, ჰიპერპარათირეოზი, კარცინოიდული სიმსივნე, თირკმელზედა ჯირკვლის თანდაყოლილი ჰიპერპლაზია ან რენინის მაპროდუცირებელი სიმსივნე.[28][32][33]​​[34] გარკვეული ენდოკრინული დარღვევის მკურნალობამ შესაძლოა ასევე გამოიწვიოს ჰიპერტენზიული კრიზი. მაგალითად, ფეოქრომოციტომის მქონე პაციენტში ბეტა ბლოკერის გამოყენებამ, ალფა-ადრენერგული რეცეპტორის ბლოკერის დანიშვნამდე შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერტენზიული კრიზი.[43][44]

ორსულობა

პრეეკლამფსია, ეკლამფსია და HELLP სინდრომი (ჰემოლიზი, ღვიძლის ფერმენტების მომატება, თრომბოციტების დაქვეითება) შეიძლება ჰიპერტენზიული კრიზის მიზეზი გახდეს.[28][45]

სუსტი

უფროსი ასაკი

ხანდაზმულები უფრო მიდრეკილნი არიან ჰიპერტენზიული კრიზის განვითარებისკენ.[7][8][9][10]

შავკანიანთა ეთნიკური ჯგუფი

შავკანიანებში, თეთრკანიან ადამიანებთან შედარებით უფრო მეტია ჰიპერტენზიული კრიზის განვითარების ალბათობა.[8][9]

მამრობითი სქესი

მამაკაცებში უფრო მეტად სავარაუდოა ჰიპერტენზიული კრიზის არსებობა, ვიდრე ქალებში.[8][9]

სიმპათომიმეტური მედიკამენტების გამოყენება

სიმპათომიმეტური ქუჩის ნარკოტიკების (მაგალითად, კოკაინის, LSD, ამფეტამინების, ექსტაზის) გამოყენებისას მეტია ჰიპერტენზიული კრიზის განვითარების ალბათობა.[15]

ფარმაკოთერაპია ცნობილი ჰიპერტენზიული ეფექტით

ბევრმა მედიკამენტებმა შეიძლება გამოიწვიოს ან გაამწვავოს ჰიპერტენზია, რაც განაპირობებს ჰიპერტენზიული კრიზის განვითარებას. ასეთი მედიკამენტებია: ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები, პერორალური კონტრაცეპტივები, სიმპათომიმეტური საშუალებები, ნარკოტიკული მედიკამენტები, გლუკოკორტიკოიდები, მინერალოკორტიკოიდები, კალცინევრინის ინჰიბიტორები, ერითროპოეტინი, მცენარეული დანამატები, სისხლძარღვთა ენდოთელური ზრდის ფაქტორის ინჰიბიტორები და წამლების ან საკვების შემთხვევითი ურთიერთქმედება მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორებთან (MAOIs).[28][36] თუ პაციენტები იღებენ თირამინით მდიდარ საკვებს მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორებთან ერთად, აღნიშნულმა შეიძლება პროვოცირება მისცეს ჰიპერტენზიული კრიზის განვითარებას (ე.წ. "რეაქცია თირამინზე").

ძილის ობსტრუქციული აპნოე

ძილის ობსტრუქციული აპნოე დაკავშირებულია მეორეულ ჰიპერტენზიასთან, რომელმაც მკურნალობის ჩაუტარებლობისას, შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერტენზიული კრიზი.[29][30][31]

ვასკულიტი და შემაერთებელი ქსოვილის დაავადებები

ჰიპერტენზიასა და ჰიპერტენზიულ კრიზთან დაკავშირებულია სხვადასხვაგვარი ვასკულიტი და შემაერთებელი ქსოვილის დაავადებები. აღნიშნულს მიეკუთვნება: სკლეროდერმა, სისტემური წითელი მგლურა, ტაკაიასუს არტერიტი და გიგანტურუჯრედოვანი არტერიტი.[28][46][47][48]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას