შემთხვევის ანამნეზი

შემთხვევის ანამნეზი #1

50 წლის შავკანიანი მამაკაცი, არანამკურნალევი ჰიპერტენზიის ანამნეზით შემოდის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილებაში სუბსტერნალურ არეში ზეწოლის ჩივილით. მას სიმპტომები დაეწყო ერთი დღის წინ. ტკივილი თავდაპირველად წყვეტილი ხასიათის იყო, თუმცა შემდეგ მუდმივი გახდა და გავრცელდა ყბისა და მარცხენა მხარის მიდამოში. იგი ასევე უჩივის თავბრუსხვევას და ქოშინს. პაციენტი უარყოფს ანამნეზში სხვა რაიმე სამედიცინო პრობლემას, გარდა ჰიპერტენზიისა, რომლის დიაგნოზიც 1 წლის წინ დაუსვეს. ის არ იღებს რომელიმე ანტიჰიპერტენზიულ მედიკამენტს. პაციენტი უარყოფს თამბაქოს, ან ალკოჰოლის, ან ნარკოტიკების მოხმარებას. ოჯახური ანამნეზი არ არის საყურადღებო. პაციენტის არტერიული წნევაა 230/130 მმ ვწყ. სვ. ვიტალური ნიშნები და სხვა მნიშვნელოვანი მონაცემები ნორმაშია. ეკგ გვიჩვენებს T კბილის დიფუზურ ინვერსიას და ST სეგმენტის დეპრესიას ლატერალურ განხრებში. ლაბორატორიულიკვლევები მნიშვნელოვანია ტროპონინის მომატების თვალსაზრისით, რაც მიგვანიშნებს მიოკარდიუმის ინფარქტზე.

შემთხვევის ანამნეზი #2

35 წლის ორსულს, გესტაციის 37 კვირაზე აღენიშნება ძლიერი თავის ტკივილი და მუცლის მწვავედ განვითარებული ტკივილი. 4 დღით ადრე მას ჩაურტარდა რუტინული ანტენატალური ვიზიტი, სადაც არ დაფიქისირებულა, ან დაკვირვებით არ გამოვლენილა რაიმე ნიშანი ან სიმპტომი. გასინჯვით მისი არტერიული წნევის მაჩვენებელია 165/110 მმ ვწყ სვ., ხოლო შარდის ანალიზით ვლინდება პროტეინურია (3+). პაციენტი გადაიყვანეს სტაციონარში და მკურნალობა დაიწყეს ლაბეტალოლით.

სხვა გამოვლინებები

მწვავე კორონარული სინდრომის გარდა, ჰიპერტენზიული კრიზი შეიძლება გამოვლინდეს, როგორც შემდეგი სამიზნე ორგანოების ახალი ან პროგრესირებადი დაზიანება: თავის ტვინის (მაგ., ინსულტი, გულყრა, გარდამავალი იშემიური შეტევა, თავის ტვინის ინფარქტი, ინტრაცერებრული ან სუბარაქნოიდული სისხლდენა, ჰიპერტენზიული ენცეფალოპათია, უკანა შექცევადი ლეიკოენცეფალოპათია); გულის/სისხლძარღვების (ფილტვის მწვავე შეშუპება, გულის მწვავე შეგუბებითი უკმარისობა, აორტის მწვავე აშრევება, მიკროანგიოპათიური ჰემოლიზური ანემია); თირკმლის (თირკმლის მწვავე დაზიანება); ბადურის (მხედველობის ნერვის დისკოს შეშუპება, სისხლდენა, ბადურის შეშუპება); პლაცენტის/საშვილოსნოსი (მძიმე პრეეკლამფსია ან ეკლამფსია).

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას