ანამნეზი და გასინჯვა
ძირითადი დიაგნოსტიკური ფაქტორები
ხშირი
ახლახანს გადატანილი "ქრეშ" დაზიანება
ტრავმის ანამნეზი კიდურის დეფორმაციითა და შეშუპებით.
პერიფერიული პულსები შესუსტებულია მეორე კიდურთან შედარებით.
კაპილარების ავსება გახანგრძლივებულია და დისტალურად შეფერილობა ფერმკრთალია.
გახანგრძივებული იმობილიზაცია
მეტად სავარაუდოა ალკოჰოლის ან ნარკოტიკების მოხმარების შემთხვევებში, რადგანაც პაციენტები უმოძრაოდ, ერთ პოზიციაში დიდი ხნის განმავლობაში რჩებიან.
სხვა რისკფაქტორების არსებობა
ძირითადი რისკფაქტორებია: ტრავმა, ალკოჰოლი, კოკაინი, ამფეტამინი, ფენციკლიდინი, ნარკოტიკები, შარდმდენები, სტატინები, სალიცილატების ტოქსიკურობა, ტოქსინები, მოშხამვა, ანთებითი დაავადებები, კუნთის ჰიპოქსია და გენეტიკური დაავადებები.
კუნთების ტკივილი ან სისუსტე
შეიძლება განვითარდეს ხილული ტრავმის ან ინტენსიური ვარჯიშის გამო, თუმცა შეიძლება იყოს ფარულიც. ხშირად ჩართული კუნთების ჯგუფებია კიდურების და წელის კუნთები.[2]
სხვა დიაგნოსტიკური ფაქტორები
იშვიათი
შეუძლოდ ყოფნა
ზოგადი ტკივილების, ლეთარგიისა და შეუძლოდ ყოფნის შეგრძნება.
მუქი ფერის შარდი
მუქი, წითელი შარდი. გამოწვეულია შარდში მიოგლობინის არსებობით. წითელი შარდის სხვა შესაძლო მიზეზებია: ჭარხლის, კენკრის და რევანდის მიღება და გარკვეული მედიკამენტების (სენა, დოქსორუბიცინი და ფენოთიაზინები) მოხმარება.[30]
კუნთების შეშუპება
დაზიანების ან კუნთის გადატვირთვის ადგილას კუნთის შეშუპება შეიძლება განვითარდეს.
კუნთის მტკივნეულობა
შეიძლება გამოწვეული იყოს კუნთის ზოგადი მტკივნეულობა.
პერიფერიული პულსის შესუსტება
მეორე კიდურთან შედარებით.
გახანგრძლივებული კაპილარული ავსება
მეორე კიდურთან შედარებით.
რისკფაქტორები
ძლიერი
ტრავმა
რაბდომიოლიზის ხშირი მიზეზია ტრავმული დაზიანებები; ერთმა კვლევამ აჩვენა რაბდომიოლიზის (კრეატინ კინაზას [CK] პათოლოგიური დონე) ბიოქიმიური მტკიცებულება კრიტიკული პაციენტების 85%-ში, რომლებიც ჰოსპიტალიზებულნი იყვნენ ტრავმის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში.[2][4] სისხლძარღვების დაზიანებების ან კუნთის იშემიის მქონე ტრავმულ პაციენტებში, შემდგომი რეპერფუზიით, არსებობს რაბდომიოლიზის მომატებული რისკი.[2]
კუნთის ფართო დაზიანებას იწვევს დამწვრობა და ელექტროშოკი.
გადატვირთვის მდგომარეობა ითვლება კუნთოვან ტრავმად. რაბდომიოლიზი აღწერილია მოყვარულ ათლეტებსა და სამხედროებში. ფიზიკური დატვირთვით გამოწვეული რაბდომიოლიზის დიაგნოზი დგინდება, როდესაც არსებობს კუნთების ძლიერი სიმპტომები (ტკივილი, გაშეშება და/ან სისუსტე) და კუნთების ლიზისის ლაბორატორიული მტკიცებულება (კრეატინ კინაზას დონე >5-ჯერ აღემატება ნორმის ზედა ზღვარს ან >1000 სე/ლ) ბოლოდროინდელი ფიზიკური დატვირთვის პირობებში.[19][20]
ალკოჰოლი
ეთანოლის ჭარბი მოხმარება რაბდომიოლიზის განვითარების ყველაზე ხშირი ეტიოლოგიური ფაქტორია.[1][3][5]
ითვლება, რომ იგი პირდაპირ ტოქსიკურია მიოციტების მემბრანებისთვის, აინჰიბირებს კალციუმის მიტაცებას უჯრედებში და ხელს უშლის ნატრიუმ-კალიუმის ადენოზინ ტრიფოსფატაზას ფუნქციონირებას.
ასევე მნიშვნელოვანია ალკოჰოლთან დაკავშირებული პრობლემები, რომლებიც თავისმხრივ იწვევენ რაბდომიოლიზს: ალკოჰოლური დელირიუმი, აბსტინენციის გულყრები, ხანგრძლივი იმობილიზაცია და კიდურის კომპრესია, სითხის მოცულობის შემცირება და ელექტროლიტური დარღვევები.
კოკაინი
შეიძლება გამოიწვიოს კუნთთა ჰიპერდინამიური მდგომარეობა.
ამფეტამინი
შეიძლება გამოიწვიოს კუნთთა ჰიპერდინამიური მდგომარეობა.
ფენციკლიდინი
შეიძლება გამოიწვიოს კუნთთა ჰიპერდინამიური მდგომარეობა.
ნარკოტიკული საშუალებები
შეიძლება გამოიწვიოს ქსოვილების ჰიპოპერფუზია და გახანგრძლივებული იმობილიზაცია და კიდურის კომპრესია.
შარდმდენები
შეიძლება გამოიწვიოს კალიუმის იმდენად მძიმე ნაკლებობა, რომ რაბდომიოლიზი განვითარდეს.
სტატინები
აქვს რაბდომიოლიზის მნიშვნელოვანი არასასურველი ეფექტი.[8][9] ამჟამად მსოფლიოში ლიცენზირებული სტატინები მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება შემდეგი პრეპარატებით: როზუვასტატინი, ატორვასტატინი, სიმვასტატინი, პრავასტატინი, ფლუვასტატინი და ლოვასტატინი. მექანიზმი მკაფიოდ არ არის განსაზღვრული. სტატინებს და სხვა მედიკამენტებს (მაგ., დაპტომიცინს) შეიძლება ჰქონდეთ სინერგიული ეფექტი კუნთების დაშლაზე.[16]
სალიცილატების ტოქსიკურობა
სალიცილატების ტოქსიკური ეფექტით ხდება ჟანგვითი ფოსფორილირების გათიშვა, რაც თრგუნავს ადენოზინ ტრიფოსფატის (ATP) წარმოქმნას.
ტოქსინები
როგორიცაა ციანიდი, ვერცხლისწყალი, სპილენძი, ნახშირჟანგი და ტოლუენი.
მოშხამვა
როგორიცაა გველის, ცხრაფეხას ან ფუტკრის ნაკბენი.
ანთებითი დაავადებები
დერმატომიოზიტი და პოლიმიოზიტი ანთებითი დაავადებებია, რომლებიც თითქმის ყოველთვის იწვევენ ქრონიკულ რაბდომიოლიზს, თუმცა გართულებები იშვიათია.[21]
კუნთების ჰიპოქსია
ნებისმიერი მდგომარეობა, რომელიც ქსოვილში სისხლის მიწოდებას აქვეითებს, შეიძლება იწვევდეს კუნთის უჯრედების დაზიანებას. იშემიური დაზიანება შეიძლება განვითარდეს სისხლძარღვის ოკლუზიის გამო ან ხანგრძლივი იმობილიზაციისა და კიდურის კომპრესიის დროს. არტერიული თრომბოზი ან ემბოლია, ვასკულიტები (მაგ. ნამგლისებრუჯრედოვანი ანემია), გერიატრიულ პაციენტებში უმოძრაობა ან სხვამხრივ დასუსტება შეიძლება გახდეს მიონეკროზის მიზეზი.
გენეტიკური დაავადებები
მემკვიდრული რაბდომიოლიზი ნახშირწყლებისა და ლიპიდების მეტაბოლიზმის იშვიათი გენეტიკური დეფექტია.[1][5][22] სიხშირით მეორე ადგილზეა კარნიტინ პალმიტოილტრანსფერაზას უკმარისობა და მიოფოსფორილაზას უკმარისობა (მაკარდლის სინდრომი).
დიაგნოზზე ეჭვი მიგვაქვს ოჯახური ანამნეზის შემთხვევაში. პაციენტს აწუხებს ვარჯიშით გამოწვეული რაბდომიოლიზის განმეორებითი ეპიზოდები.
სუსტი
მეტაბოლური დაავადებები
მეტაბოლური და ენდოკრინული დაავადებები ზოგჯერ იწვევენ ჰიპოკალიემიას ან ჰიპოფოსფატიემიას.[1][5]
კალიუმის ნორმალური დონე საჭიროა ანაერობულ კუნთებში სისხლის მიწოდების გასაძლიერებლად. კალიუმი გლიკოგენის სინთეზსა და შენახვაშიც იღებს მონაწილეობას, რაც წარმოადგენს კუნთის ენერგიის წყაროს; ჰიპოკალიემიის ფონზე ვითარდება შეუძლოდ ყოფნა, ზოგადი სისუსტე და მიალგიები.
ფოსფორი წამყვანი უჯრედშიდა ანიონია და აუცილებელია ATP-ის სინთეზისთვის.
ნებისმიერი დაავადება, რომელიც ამ ორი იონის დეფიციტს იწვევს, შეიძლება გახდეს რაბდომიოლიზის მიზეზი. მაგალითებია: ჰიპერნატრიემია, ჰიპეროსმოლური მდგომარეობა, მიქსედემა, თიროიდული კრიზი, დიაბეტური კეტოაციდოზი, ფეოქრომოციტომა, ნერვული ანორექსია, ხელოვნური კვება და მალნუტრიციის სხვა ფორმები.
ინფექცია
ინფექციური ეტიოლოგია განპირობებულია მიოციტების პირდაპირი ინვაზიით ან ტოქსინების სინთეზით.
A და B გრიპი ყველაზე ხშირი ვირუსული მიზეზია, თუმცა ასევე აღწერილია აივ ვირუსისა და კოქსაკივირუსების როლი.
ისეთი ბაქტერიული ინფექციები, როგორიცაა ლეგიონელა, ფრანციზელა ტულარენტის, სტრეპტოკოკური პნევმონია, სალმონელა და ოქროსფერი სტაფილოკოკი, დოკუმენტურად დაფიქსირდა როგორც გამომწვევი კლებადი რიგითობით.[5][23]
სხეულის ტემპერატურის მატება
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას