შემთხვევის ანამნეზი
შემთხვევის ანამნეზი #1
38 წლის მამაკაცი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილებაში მოიყვანეს მოტოციკლეტზე ავარიის შემდეგ. პაციენტს კიდური არტაშანით დაუფიქსირეს მარცხენა წვივის დიდი ძვლის პლატოს დახურული მოტეხილობის გამო. ასევე მოტეხილია წვივის დიდი ძვლის შუა ნაწილი და წვივის მცირე ძვალი. რეანიმაციის პარალელურად იგი მოთავსდა კლინიკაში და მეორე დღეს დაიგეგმა ოპერაცია მოტეხილობების ქირურგიული კორექციისთვის. პაციენტი უჩივის ძლიერ ტკივილს მარცხენა კიდურში, რის გამოც მიეცა ფენტანილის ერთი დოზა. პაციენტი ერთი საათის შემდეგ ითხოვს მეორე დოზას, რომელსაც ექთანი უკეთებს. ექთანს მიეცა ინსტრუქცია, რომ პაციენტს ჰიდრომორფინის საშუალო დოზა ყოველ 4 საათში, საჭიროებისამებრ, გაუკეთოს. მომდევნო დილით პაციენტს ტკივილი აღარ აწუხებს, თუმცა მარცხენა კიდურს ვეღარ გრძნობს.
შემთხვევის ანამნეზი #2
23 წლის მამაკაცი მოყვანილია გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილებაში მას შემდეგ რაც მას 3 დღის განმავლობაში აწუხებდა ზურგის ტკივილი. ის ექსტრემალურ ვარჯიშებს ასრულებდა ამტანობის მომატებისა და ბოდიბილდინგისთვის, ასევე ბოლო 2 თვის განმავლობაში იღებდა კუნთის ცილოვან დანამატებს. ბოლო 3 დღის განმავლობაში მან მიიღო 800 მგ იბუპროფენის 3 ტაბლეტი, რამაც ტკივილი არ მოუხსნა. მას განუვითარდა დაღლილობა და ზოგადი სისუსტე. ის აღნიშნავს, რომ შარდი მუქი ფერის აქვს და მისი გამოყოფა თანდათან მცირდება.
სხვა გამოვლინებები
ტრავმისაგან განსხვავებით, რაბდომიოლიზის არატრავმული შემთხვევები ხშირად თანდათანობითია და კლინიკური მდგომარეობის მიხედვით უნდა გავითვალისწინოთ. პაციენტს შეიძლება არ ჰქონდეს სიმპტომები ან უჩიოდეს გადაღლილობას, ზოგად შეუძლოდ ყოფნას. კუნთოვანი დისკომფორტის ნაცვლად, პაციენტს, რომელსაც მდგომარეობა მედიკამენტების მიღების გამო ან ინფექციის შედეგად განუვითარდა, აღენიშნება მუქი შარდი ან კიდურების შეშუპება. ერთი ზოგადი მიმოხილვის მიხედვით, პაციენტთა მხოლოდ 50% უჩიოდა კუნთოვან სიმპტომებს, ხოლო რაბდომიოლიზის ფიზიკალური ნიშნები ჰოსპიტალიზაციისას მხოლოდ 4%-ს აქვს.[3] გარდა იმ შემთხვევებისა, როცა დიაგნოზზე ეჭვი არსებობს და მიღებულია სპეციფიკური ლაბორატორიული მტკიცებულება, რაბდომიოლიზის დიაგნოსტირება მის გართულებამდე არ ხდება.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას