ეპიდემიოლოგია

პირველად VEEV გამოყოფილ იქნა 1933 წელს ცხენის ტვინისგან, რომელიც მოკვდა ენცეფალიტის გამო.[6] ადამიანის დაავადების შემთხვევა პირველად კოლუმბიაში, 1950 წელს დაფიქსირდა..[6] იდენტიფიცირებულია VEEV-ის ექვსი ქვეტიპი (კლასიფიცირებული I-VI). I ქვეტიპში, არსებობს ხუთი ანტიგენური ვარიანტი (IAB, IC, ID, IE, და IF). IAB და IC ვარიანტები ეპიზოოტურია და ადამიანებში იწვევს დიდი მასშტაბის ეპიდაფეთქებებს.[5] ID, IE, და IF ვარიანტები ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში აღმოჩენილი ენზოოტური ვირუსებია. II-დან VI-მდე ქვეტიპები ასევე ენზოოტური ვირუსებია. ქვეტიპი II (ენდერგლეიდის ვირუსი) ფლორიდაში ცირკულირებს. III-დან VI-მდე ქვეტიპები (ასევე ცნობილი როგორც Mucambo/Tonate, Pixuna, Cabassou, Rio Negro შესაბამისად) ცირკულირებს ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში.[7] ენზოოტური ქვეტიპების გადაცემა ხდება მღრღნელებსა და კოღოების Culex სახეობის Melanoconion ქვესახეობას შორის, მაშინ როცა ეპიზოოტური შტამები ვრცელდება ცხენებში და გადაეცემა კოღოს მრავალი სახეობით, რომელთაგან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია კოღო Aedes (Ochlerotatus) taeniorhynchus.[7] არსებობს VEEV-ის გადაცემის ანგარიშები აეროზოლით, რაც ლაბორატორიულ ინფექციებს უკავშირდება. არ არსებობს ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის მტკიცებულება.[8]

VEEV ფართოდ არის გავრცელებული მთელი ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის ტერიტორიაზე, ადამიანებში და ცხენებში აღრიცხულია ეპიდაფეთქებები სულ მცირე 12 ქვეყანაში, მათ შორისაა ვენესუელა, კოლუმბია, პერუ, ეკვადორი, კოსტა რიკა, ნიკარაგუა, ჰონდურასი, ელ სალვადორი, გვატემალა, პანამა და მექსიკა.[6] ეპიდაფეთქებები ასევე დაფიქსირებულია აშშ-ში. 1959 წელს, ფართოდ გავრცელებული და ხანგრძლივად მიმდინარე აფეთქება დაფიქსირდა ელ სალვადორში და გვატემალაში, გავრცელდა ცენტრალური ამერიკის უმეტეს ნაწილებში და მექსიკაში, 1971 წელს მიაღწია აშშ-ის ტეხასის შტატის სამხრეთამდე.[6] ამ ეპიდაფეთქების ფარგლებში, ადამიანებში დაფიქსირდა რანდემიმე ასეული ათასი შემთხვევა. ფართომასშტაბიანი ვაქცინაციის პროგრამის დაწყების შემდეგ ეპიდაფეთქება კონტროლს დაექვემდებარა. 

VEEV ინფექციით გამოწვეული ვენესუელის ცხენის ენცეფალიტი გვხვდება მთელს ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში, და პასუხისმგებელია შემთხვევათა იმ 10%-ზე, რომელსაც მიაკუთვნებენ დენგეს.[6] 1995 წელს, კოლუმბიასა და ვენესუელაში დაფიქსირდა ერთ-ერთი ყველაზე დიდი ეპიზოოტური ეპიდაფეთქება, რომლის ფარგლებში დაინფიცირდა 75,000-100,000 ადამაიანი, საიდანაც 3000-ს ნევროლოგიური გართულება აღენიშნა, ხოლო 300 შემთხვევა ფატალურად დასრულდა.[9]

ერთ-ერთი მოცულობითი კვლევის მიხედვით, რომელშიც ჩართულნი იყვნენ ფებრილური პაციენტები სამხრეთ ამერიკიდან, მამაკაცებში უფრო ხშირად დაფიქსირდა ენზოოტური VEEV, ვიდრე ქალებში. თუმცა, ინფექცია ყველა ასაკობრივ ჯგუფში თანაბრად გვხვდებოდა.[10] ტეხასში (აშშ) ეპიზოოტური VEEV-ის აფეთქებამ გამოავლინა, რომ ინფიცირების მაჩვენებელი  ყველაზე მაღალი იყო 20-დან 39 წლამდე მამაკაცებში და ნევროლოგიური სიმპტომები და ენცეფალიტი უფრო  ხშირად ბავშვებში გვხვდებოდა.[11][2]

ვენესუელური ცხენის ენცეფალიტის ვირუსის (VEEV) ეპიდაფეთქების დროს ჯამური სიკვდილობა არ აღემატება შემთხვევათა 1%-ს.[2]ზოგადად სიკვდილობა გვხვდება უმეტესად ბავშვებში და ის ძირითადად მიეკუთვნება ნევროლოგიურ გართულებებს.[3]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას