მიდგომა
დიაგნოზის დასაზუსტებლად VEEV ინფექციის დიაგნოსტირება ეფუძნება კლინიკურ ეჭვს, ანამნეზს, და კლინიკურ გასინჯვას, ლაბორატორიულ ტესტირებასთან ერთად. დაავადების კლინიკური სპექტრი გადაფარავს სხვა ვირუსული ინფექციებით გამოწვეულ სურათს. ამის შედეგად, დიფერენციული დიაგნოსტირება ფართოა და მოიცავს ჰერპეს ენცეფალიტს, დენგეს, ზიკას და ჩიკუნგუნიას ვირუსულ ინფექციებს.
ეჭვის მაღალი მაჩვენებელია საჭირო VEEV ინფექციის დიაგნოსტირებისთვის, რადგან შემთხვევები როგორც წესი, სპორადული ხასიათისაა. მიუხედავად იმისა, რომ VEEV ინფექციები ენდემური რეგიონებით შემოიფარგლება (ანუ, ცენტრალური და სამხრეთ ამერიკა), დაფიქსირებულია ინფექციის მრავალი შემთხვევა ისეთ რეგიონებში, რომელიც ტრადიციულად არ წარმოადგენს VEEV-თვის ენდემურს, რამაც დიაგნოსტირების დაგვიანება გამოიწვია.
VEEV ინფექციების დიაგნოსტირება რეკომენდებულია კლინიკური ნიშნებით (მაგ., ცხელების უეცარი დაწყება, თავის ტკივილი, მიალგია, ფსიქიკური სტატუსის ცვლილებები, და გასტროინტესტინური სისხლდენები) ეპიდემიოლოგიურ კრიტერიუმებთან ერთად (მაგ., მოგზაურობა ახლო წარსულში, მუშაობა ან ცხოვრება ენდემურ რეგიონებში, განსაკუთრებით ტროპიკულ და სოფლის მიდამოებში, სადაც კოღოებთან ექსპოზიციის რისკი მაღალია). სხვა ეპიდემიოლოგიური და გარემო ფაქტორები, რომლებმაც უნდა აღძრან ეჭვი, მოიცავს კოღოების სეზონის პიკს, ახლო წარსულში უხვ ნალექს ან პარალელურ ეპიზოოტურ ეპიდაფეთქებას ცხენებში. დიაგნოზის დაზუსტება მოითხოვს სეროლოგიურ კვლევას, უკუტრანსკრიპციისს პოლიმერაზას ჯაჭვურ რეაქციას (RT-PCR), ან ვირუსის იზოლაციას.
ანამნეზი
ხშირად პაციენტები აღნიშნავენ კოღოებთან ექსპოზიციას და ცენტრალური ან სამხრეთ ამერიკის ტროპიკულ ტყეებში ან მათ სიახლოვეს ცხოვრებას და მუშაობას. პაციენტებმა შესაძლოა იცოდნენ, რომ მათი კოღოებთან ექსპოზიციის ადგილის სიახლოვეს ცხენები გახდნენ ცუდად. თუ ექსპოზიციას ადგილი აქვს ეპიზოოტური აფეთქების დროს (მაგ., ინფიცირებული ცხენების ჩართვით), მაშინ ნევროლოგიური დაავადება (მაგ., ენცეფალიტი) განხილულ უნდა იქნას ნევროლოგიურ გართულებად, რომელიც, გავრცელებულია VEEV-ის ეპიზოოტურ ქვეტიპებს შორის (IAB და IC).[5] სოფლად, სადაც ენზოოტური შტამები დომინირებს (მაგ., მღრღნელებსა და კოღო Culex [Melanoconion]სახეობებს შორის), ნევროლოლოგიური დაავადება უფრო იშვიათია; აქედან გამომდინარე, მწვავე ფებრილური დაავადება უნდა იქნას განხილული.
ადამიანებში VEEV-ის ინკუბაციური პერიოდი მერყეობს 1-დან 10 დღემდე.[1][11] ინკუბაციური პერიოდის შემდეგ პაციენტებს ხშირად უვითარდებათ გრიპის ან დენგეს ცხელების მსგავსი სიმპტომები, როგორიცაა ცხელების უეცარი დაწყება, თავის ტკივილი, შემცივნება, შეუძლოდ ყოფნა და მიალგია, რომელიც გრძელდება დაახლოებით 3-დან 4 დღემდე.[6][25][11][30] გულისრევა, ღებინება, ფაღარათი, და ართრალგია ზოგადად თან ახლავს ამ სიმპტომებს. უფრო იშვიათად აღრიცხული სიმპტომებია რინორეა, ხველა, ყელის ტკივილი, ცემინება, გამონაყარი და ნევროლოგიური სიმპტომები (მაგ., კისრის გაშეშება /კეფის რიგიდობა, ლეთარგია, ძილიანობა, გონების არევა, გულყრები, პარესთეზია, ატაქსია, ჰემიპარეზი).[6][5] ნევროლოგიური სიმპტომები, როგორც წესი, თავს იჩენს დაავადების განვითარებიდან რამდენიმე დღეში. წარმდგენ სიმპტომებად ინტენსიური თავის ტკივილის ან მსუბუქი თავის ტკივილის არსებობის დროს, რომელიც პროგრესირებს მძიმე თავის ტკივილში, კისრის კუნთების გაშეშება/რიგიდობაში, უნდა ვივარაუდოთ ნევროლოგიური დაზიანება. თუმცა, ზოგიერთი პაციენტი შეიძლება იყოს ასიმპტომური ან ძალიან მსუბუქი სიმპტომებით წარმოდგენილი. ენდემურ რეგიონებში კვლევებმა გამოავლინა VEEV-ის ძალიან მაღალი სეროპრევალენტობა (პოპულაციის 80%) აშკარა ავადობის გარეშე, რაც მიანიშნებს VEEV ასიმპტომური ინფექციის მაღალი მაჩვენებლის ალბათობაზე.[23]
ცნს-ის გართულება, კერძოდ ენცეფალიტი, VEEV ინფექციის სერიოზულ გართულებას წარმოადგენს. მიუხედავად იშვიათობისა, იგი უფრო პრევალენტურია ბავშვებში (სიმპტომური ბავშვების თითქმის 36%-ში).[9][11][31] დასაწყისში, პაციენტებს ცნს-ის გართულებით უვითარდებათ კისრის გაშეშება, გულყრები და გონების არევა, რომელიც დღეების განმავლობაში შეიძლება პროგრესირდეს სომნოლენციამდე და კომამდე.[4][9] ასეთ პაციენტებში სიკვდილობა მაღალია (10%-მდე).[9] ნევროლოგიური ჩართულობა შესაძლოა იყოს უფრო მსუბუქი და გამოვლიდნეს კონფუზიით, ძილიანობით, სიარულის დარღვევებით და/ან ჰალუცინაციებით.[11] მაშინ, როცა პაციენტების უმეტესობა სრულად გამოჯანმრთელდება კვირის განმავლობაში, გრძელვადიანი შედეგები მოიცავს დაღლილობის, თავის ტკივილს, სისუსტეს, და მიალგიას. ასევე შეიძლება ადგილი ჰქონდეს დიპლოპიას, კრანიალური ნერვების პარეზს და პიროვნების ცვლილებებს.[11] VEEV ინფექციით გამოწვეული ენცეფალიტის მძიმე შემთხვევების დროს აღრიცხულია გასტროინტესტინური სისხლდენა.
ფიზიკური გამოკვლევა
დაავადების ადრეულ ეტაპებზე, გასინჯვამ შეიძლება გამოავლინოს პირექსია, რეტრო- ორბიტური ტკივილი, ტაქიპნოე და ტაქიკარდია. ეს სიმპტომები საერთოა სხვა არბოვირუსული ინფექციებისთვის.[4][32] მათში, ვისაც აღენიშნება მძიმე ცნს-ის გართულება, შეიძლება განვითარდეს შეცვლილი ფსიქიკური სტატუსი, კრანიული ნერვების დაზიანება, ატაქსია, და გულყრები. თვალის ფსკერის (ფუნდოსკოპია) გამოკვლევისას შეიძლება აღმოჩნდეს მხედველობის ნერვის დისკოს შეშუპება. სიფერმკრთალე, პეტექია, ჰემატემეზი, მელენა, ჰემატურია, და ეპისტაქსი შეიძლება იყოს ჰემორაგიის და/ან ჰემორაგიული დიათეზის შედეგი.[5] გასინჯვის დროს პაციენტში ასევე შეიძლება დაფიქსირდეს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გართულებები (მაგ., სიყვითლე, გასტროინტესტინური სისხლდენა, მარჯვენა ზედა კვადრანტის ტკივილი, და ასციტი).
1995 წელს ვენესუელაში დიდი ეპიდაფეთქების დროს, ვენესუელის ცხენის ენცეფალიტის (VEE) მქონე 313 ჰოსპიტალიზებული პაციენტიდან 92.3% წარმოდგენილი იყო ცხელებით, 90.7% შეცვლილი ფსიქიკური სტატუსით, 70.6% გულყრებით, 55.9% თავის ტკივილით, და 54.6% ღებინებით.[25] VEE-ით ჰოსპიტალიზებულთა შორის, 75.5% 15 წლამდე ასაკის იყო.
საწყისი კვლევები
VEEV ინფექციის ნიშნებით და სიმპტომებით წარმოდგენილ პაციენტებში ჩასატარებელია ლაბორატორიული კვლევები. სპეციფიკური კვლევები დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი ტესტია ხელმისაწვდომი ადგილობრივად, და თუ რა ნევროლოგიური სიმპტომები ან სისხლდენის ნიშნებია სახეზე. თუ შესაძლებელია, მალარიის სწრაფი ანტიგენის ტესტი, ან მალარიის ნაცხის ანალიზი უნდა ჩატარდეს, რომ გამოირიცხოს მალარია.
მწვავე ფაზის შრატის ნიმუშებში უკუტრანსკრიპციისს პოლიმერაზას ჯაჭვური რეაქციის (RT-PCR) საშუალებით VEEV-ის აღმოჩენით ან in Vero უჯრედებში ვირუსის გამოყოფით შესაძლებელია სპეციფიკური დიაგნოსტირება. თუმცა, RT-PCR-ის და ვირუსის იზოლაციის მგრძნობელბოა დაბალი შეიძლება იყოს პაციენტებში, რომლებიც არ არიან ვირემიულნი; შესაბამისად, ეს ტესტები უნდა შესრულდეს ავადმყოფობის დაწყებიდან 3 დღის ფარგლებში, როდესაც ვირემია შესამჩნევ დონეს აღწევს. სეროლოგია შეიძლება ჩატარდეს შეწყვილებულ მწვავე და გამოჯანმრთელების ფაზების შრატში (მაგ., ენზიმშეკავშირებული იმუნოსორბენტული ანალიზის [ELISA] გამოყენებით). IgM და IgG ორივე დადებითი ხდება დაავადების გამოვლენიდან დაახლოებით 5 დღეში. IgM რჩება დადებითი დაავადების გამოვლენიდან სულ მცირე 1 თვის განმავლობაში, ხოლო IgG შესაძლოა შენარჩუნდეს ათწლეულების განმავლობაში. თუმცა, ELISA-ს (განსაკუთრებით IgG ELISA) VEEV-ის მიმართ აქვს დაბალი სპეციფიკურობა, ვინაიდან იგი ჯვარედინად რეაგირებს სხვა ალფავირუსებთან (მაგ. აღმოსავლური ცხენის ენცეფალიტი, მაიარო და ჩიკუნგინიას ვირუსები); შესაბამისად, ELISA გამოიყენება სეროლოგიისთვის, ხოლო დიაგნოზის დადასტურება საჭიროა ბალთის შემცირების განეიტრალების ტესტით.
თუ არსებობს ეჭვი ცენტრალური ნერვული სისტემის ჩართულობაზე, უნდა ჩატარდეს ლუმბური პუქნცია და მისი უჯრედების რაოდენობრივი ანალიზი, სტანდარტული ქიმიური ტესტები (მაგ. გლუკოზა, ცილა), კულტურა და ვირუსის გამოლენა RT-PCR-ით, ან ვირუსის გამოყოფა. უჯრედების რაოდენობის დათვლამ შეიძლება აჩვენოს პლეოციტოზი ლიმფოციტების პრედომინირებით. VEEV-ის დროს გლუკოზის დონე ზომიერად მცირდება, მაშინ, როდესაც ცილა შეიძლება მომატებული იყოს.
გარკვეული დიაგნოსტიკური ტესტები ხელმისაწვდომია მხოლოდ ზოგიერთი ენდემური ქვეყნის და დაავადების სახელმიწფო მეთვალყურეობის დაწესებულებების ცენტრალურ ლაბორატორიებში (მაგ. აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრებში, რომელთაც შეუძლიათ მოთხოვნისამებრ შეასრულონ ტესტირება). მცირე რესურსების მქონე რეგიონებში, დამადასტურებელი ლაბორატორიული ტესტები, როგორც წესი, არ არის ხელმისაწვდომი; ასე რომ, შეიძლება ჩატარდეს საბაზისო ლაბორატორიული ტესტები (მაგ., სისხლის საერთო ანალიზი ჰემატოკრიტის ჩათვლით, და ღვიძლის ფუნქციური სინჯები). სისხლის საერთო ანალიზმა შეიძლება გამოამჟღავნოს ლეიკოპენია (კონკრეტულად ლიმფოპენია) ან ლეიკოციტოზი (ნაკლებ დომინანტური ვიდრე ლეიკოპენია), ანემია, და/ან თრომბოციტოპენია. თუ სახეზეა სისხლდენა, გამართლებულია ჰემოგლობინის ან ჰემატოკრიტის ხშირი მონიტორინგი. ჰეპატიტის ან ღვიძლის უკმარისობის ნებისმიერი ნიშნის (მაგ., ტკივილი ზედა მარჯვენა კვადრანტში, სიყვითლე, ასციტი, ან ჰეპატომეგალია) შემთხვევაში, უნდა ჩატარდეს ღვიძლის ფუნქციური სინჯები.
სხვა გამოკვლევები
ცნს-ის გამოსახვითი კვლევები რეკომენდებულია, თუ სახეზეა ნებისმიერი ნევროლოგიური სიმპტომი. თავის CT ან თავის ტვინის MRI შეიძლება აჩვენოს ცერებრიტი, შეშუპება, ან ჰემორაგია.[33] ენცეფალიტის აღმოსაჩენად MRI უკეთესი დიაგნოსტიკური მეთოდია, ვიდრე CT, ვინაიდან ადრეულად ხდება შეშუპების და ინფექციის სიმპტომების გამოვლენა, მაგრამ მისი ხელმისაწვდომობა, განსაკუთრებით ენდემურ რეგიონებში, შეზღუდულია. VEEV-ის მქონე პაციენტებში შეიძლება ჩატარდეს ელექტროენცეფალოგრამა (ეეგ) არაკონვულსიური გულყრების იდენტიფიცირებისთვის.
VEEV ინფექციის დიაგნოსტირებისთვის გულმკერდის რენტგენი არ არის აუცილებელი; თუმცა, თუ ნევროლოგიური ნიშნებია წარმოდგენილი, გულმკერდის რენტგენმა შეიძლება აღმოაჩინოს ინფილტრატები, რომელიც მიანიშნებს ინტერსტიციურ პნევმონიაზე.[33]
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას