მიდგომა
დივერტიკულურ დაავადებაზე განსაკუთრებული ეჭვი უნდა მივიტანოთ 40 წელს გადაცილებულ პირებში, რომელთაც აღენიშნებათ მუცლის მარცხენა ქვედა კვადრანტის ტკივილი და მტკივნეულობა, ცხელებით ან მის გარეშე. ატიპური გამოვლინებაა მუცლის ქვედა მარჯვენამხრივი ტკივილი, რომელიც ასოცირებულია მარჯვენამხრივ დივერტიკულოზთან და გვხვდება უფრო ახალგაზრდა, ჭარბწონიან პაციენტებში.
გასინჯვით მიღებული მონაცემები დამოკიდებულია დაავადების კლინიკურ ტიპსა და სიმძიმეზე. გართულებული დივერტიკულური დაავადების შემთხვევაში, განსაკუთრებით თუ ვლინდება დივერტიკულიტი და/ან აბსცესი, ვლინდება პერიტონიზმის ნიშნები (უკუცემითი ტკივილი, რიგიდობა) და შეიძლება პალპირებადი იყოს მტკივნეული წარმონაქმნი.
ყველა შემთხვევაში საჭიროა სისხლის საერთო ანალიზი ნეიტროფილიის ან ანემიის გამოსავლენად და ანთების მარკერების შემოწმება, მათ შორის ტესტირება C-რეაქტიულ ცილაზე.
სისხლის კულტურა უნდა გავითვალისწინოთ სისტემური სეფსისის ნიშნებისა და სიმპტომების მქონე პაციენტებში, მძიმედ ავადმყოფ პაციენტებში ან გართულებების არსებობისას (მაგ. პერფორაცია, ფისტულა, ფლეგმონა).
მუცლის ღრუს კომპიუტერული ტომოგრაფია არის მწვავე დივერტიკულიტის და გართულებული დივერტიკულური დაავადების უპირატესი რადიოლოგიური გამოსაკვლევი მეთოდი, რომელმაც დიდწილად ჩაანაცვლა საკონტრასტო ნივთიერებით ოყნის გამოყენება.[42][43] CT სკანირებით შეიძლება გამოვლინდეს ანთების ნიშნები, მათ შორის პერიკოლიკური ცხიმის ჩალაგება მწვავე დივერტიკულიტის დროს. ასევე შესაძლებელია გამოვრიცხოთ გართულებები, როგორია პერი და პარაკოლიკური აბსცესები და ფლეგმონა.
რექტული სისხლდენის შემთხვევაში შეიძლება საჭირო გახდეს ადრეული კოლონოსკოპია ან დრეკადი სიგმოიდოსკოპია.
ასიმპტომური პაციენტები
უსიმპტომო დივერტიკულოზს ხშირად შემთხვევით აღმოაჩენენ, სკრინინგულ კოლონოსკოპიის ან ბარიუმით კვლევის დროს (სხვა ჩვენებით). უსიმპტომო პაციენტებში გასინჯვა და სისხლის ანალიზი ძირითადად ნორმაშია.
სიმპტომური, არამწვავე პაციენტები
სიმპტომური დივერტიკულური დაავადების მქონე პაციენტებს შეიძლება აღენიშნოთ მუცლის ქვედა მარცხენა კვადრანტის ტკივილი, ცხელება, შებერილობა, ყაბზობა და დიარეა.[29] გაურთულებელი სიმპტომური დაავადების შემთხვევაში, სისხლის ანალიზი ძირითადად ნორმაშია.
მწვავე მუცელი/ტკივილი
მწვავე დივერტიკულიტის მქონე პაციენტებში მტკივნეულობა, უკუცემითი ტკივილი და გარდინგი შეიძლება აღინიშნოს მუცლის ქვედა მარცხენა კვადრანტში. თავისუფალი პერფორაციისა და გენერალიზებული პერიტონიტის შემთხვევაში ვლინდება მუცლის დიფუზური მტკივნეულობა. აბსცესის წარმოქმნის შემთხვევაში შეიძლება პალპირებადი იყოს წარმონაქმნი. დამხმარე ნიშანია მენჯის მტკივნეულობა (სწორი ნაწლავის თითით გასინჯვისას).
მწვავე დივერტიკულიტის დროს სისხლის საერთო ანალიზი ლეიკოციტური ფორმულით ავლენს პოლიმორფონუკლეურ ლეიკოციტოზს. როდესაც ლეიკოციტოზი ვლინდება ხანდაზმულ პაციენტებში, რომელთაც დივერტიკულოზის ანამნეზი აქვთ, დიაგნოზი სავარაუდოდ მწვავე დივერტიკულიტი იქნება.
მარჯვენამხრივი დივერტიკულიტი შესაძლოა გავდეა მწვავე აპენდიციტს, მაგრამ პაციენტებმ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ აღწერონ აპენდიციტის პროდრომული სიმპტომები.[44]
რადიოლოგიური კვლევები მწვავე მუცლის/ტკივილის დროს
მწვავე დივერტიკულიტის შესაძლო შემთხვევებში კტ სკანირება უპირატესი დიაგნოსტიკური მეთოდია კლინიკური ეჭვის დასადასტურებლად და დივერტიკულური გართულებების გამოსარიცხად.[42][43][45] ექიმთა ამერიკული კოლეჯი (ACP) რეკომენდაციას უწევს მუცლის ღრუს CT სკანირებას პაციენტებთან, ვისთანაც არის ეჭვი მსხვილი ნაწლავის მწვავე მარცხენამხრივ დივერტიკულიტზე და დიაგნოსტიკური გაურკვევლობაა.[46] თუმცა, ამერიკის გასტროენტეროლოგიური ასოციაცია (AGA) მუცლის ღრუს რუტინულ CT კვლევას რეკომენდაციას მხოლოდ იმ პაციენტებთან უწევს, რომლებსაც რადილოგიური გამოსახულებით დადასტურებული მწვავე დივერტიკულიტის დიაგნოზი არასდროს ჰქონიათ.[43]
იმ შემთხვევაში, თუ კტ სკანირება ვერ ტარდება, ალტერნატივას წარმოადგენს მუცლის ულტრაბგერა ან ერთჯერადი საკონტრასტო ოყნა. კიდევ ერთი ვარიანტია მუცლის რენტგენი, რომელზეც შეიძლება გამოვლინდეს პნევმოპერიტონიუმი, ილეუსი და სიმკვრივეები რბილ ქსოვილებში. მუცლისა და გულმკერდის რენტგენი გამოსადეგია მწვავე მუცლის მსგავსი სხვა მდგომარეობების გამოსარიცხად, რადგანაც ნაწლავის პერფორაციის შემთხვევაში რენტგენზე გამოჩნდება თავისუფალი ჰაერი მუცელში.
შეზღუდული დრეკადი სიგმოიდოსკოპია ჰაერის შეყვანის გარეშე დაგვეხმარება პერფორირებული რექტოსიგმოიდური კარცინომის გამოვლენაში, რომელიც მწვავე დივერტიკულიტს წააგავს. დრეკადი სიგმოიდოსკოპია ან კოლონოსკოპია შეიძლება განვიხილოთ როცა დივერტიკულური დაავადების დიაგნოზი ნათელი არ არის ან ეჭვია კიბოზე ან ნაწლავის იშემიაზე. ამ ენდოსკოპიური პროცედურების დროს დიდი სიფრთხილეა საჭირო პერფორაციის თავიდან ასაცილებლად.
მსხვილი ნაწლავის მარცხენამხრივი დივერტიკულიტის გართულებული ეპიზოდის შემდეგ ACP რეკომენდაციას უწევს პაციენტების რეფერალს კოლონოსკოპიაზე, თუ ამ პაციენტებს კოლონოსკოპია არ ჩატარებიათ. ეს საჭიროა კოლორექტული კიბოს ან მსხვილი ნაწლავის შორსწასული ნეოპლაზიის გამოსარიცხად, თუ დიაგნოსტიკური გაურკვევლობაა.[47] თუმცა, AGA კოლონოსკოპიას რეკომენდაციას უწევს გართულებული დივერტიკულიტის ეპიზოდის შემდეგ და გაურთულებელი დივერტიკულიტის პირველი ეპიზოდის შემდეგ. AGA თვლის, რომ კოლონოსკოპია შეიძლება გადაიდოს, თუ მაღალი ხარისხის კოლონოსკოპია ბოლო პერიოდში (1 წლის განმავლობაში) ჩატარებულია.[43]
მწვავე სისხლდენა
დივერტიკულური სისხლდენა, როგორც წესი, უეცრად იწყება, უმტკივნეულოა და წარმოადგენს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ქვედა ნაწილის პროფუზულ, არტერიულ სისხლდენას. დივერტიკულური დაავადება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ქვედა განყოფილებების სისხლდენის ყველაზე ხშირი მიზეზია ხანდაზმულ პაციენტებში და, როგორც წესი, გამომწვეულია მარჯვენამხრივი დივერტიკულების სისხლდენით, განსაკუთრებით აზიელ პაციენტებში.[40]
კოლონოსკოპია შეიძლება გამოყენებულ იქნას ზუსტი დიაგნოსტიკისთვის მწვავე სისხლდენის დროს.[40][48] თუ სისხლდენა იმდენად პროფუზულია, რომ შეუძლებელია მისი კოლონოსკოპიით იდენტიფიცირება, განხილულ უნდა იქნას CT ანგიოგრამა.[40]
დიაგნოსტიკური ლაპაროსკოპია
თუ პირველადი დიაგნოზი კვლავ უცნობია, ტარდება დიაგნოსტიკური ლაპაროსკოპია, რომელმაც შესაძლოა თერაპიული მიდგომის საშუალებაც მოგვცეს.
მიმოხილვითი ლაპაროტომია
თ დიაგნოზი გაურკვეველია, შესაძლოა აუცილებელი იყოს მიმოხილვითი ლაპარატომია.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას