შემთხვევის ანამნეზი
შემთხვევის ანამნეზი
50 წლის ფერმერი ალკოჰოლის ჭარბი მოხმარებისა და დეპრესიის ანამნეზით მოყვანილია გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილებაში. 4 საათით ადრე მან განზრახ მიიღო 200 მლ პესტიციდი . მას ცნობიერება ნახევრად დაკარგული აქვს, გუგები შევიწროვებულია (წერტილოვანი გუგები) და აღენიშნება დიდი რაოდენობით სეკრეცია, რომელიც პირის ღრუდან გადმოსდის. გულისცემის სიხშირე 120 დარტყმა წუთში, არტერიული წნევა 90/60 მმ.ვწყ.სვ. ხოლო ჟანგბადით გაჯერება 65%. გულმკერდის აუსკულტაციით ისმინება ფართოდ გავრცელებული ხიხინი. პერიორბიტალურად, გულმკერდზე და ფეხის კუნთებზე ვლინდება მცირე ფასციკულაციები. მას აგრეთვე უვლინდება შარდვის და დეფეკაციის შეუკავებლობა.
სხვა გამოვლინებები
გამოვლინება საკმაოდ ვარიაბელურია, რისი მიზეზიც გახლავთ განსხვავებული დოზები, ტოქსიკურობა და ექსპოზიციის ხარისხი. ნაკლებად მნიშვნელოვანი ექსპოზიციის დროს (მაგ. კანით) გამოვლინებები ხშირია, თუმცა მძიმე ტოქსიკურობა ასეთ დროს იშვიათია და შემოიფარგლება გრიპის სიმპტომებისგან რთულად გასარჩევი ნიშნებით (მაგ. დაღლილობა, სურდო, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, მადის დაქვეითება, ოფლიანობა, დიარეა და კუნთების სისუსტე). ზოგჯერ აღინიშნება გულისრევა, ღებინება და მხედველობის დარღვევები. შესაძლოა გამოვლინდეს გამხსნელის განსხვავებული სუნი. მძიმე მოწამვლა (როგორც წესი, განზრახ გადაყლაპვის ან ქიმიური საომარი მოქმედებების შემდეგ) შესაძლოა გამოვლინდეს გულყრებით ან სუნთქვის უკმარისობით. იშვიათია ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის (მეტწილად მოტორული) გვიანი ნეიროპათია, თუმცა ის შეიძლება იყოს მძიმე და გამოიწვიოს სამუდამო უნარშეზღუდულობა.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას