ეტიოლოგია
ორგანოფოსფატები გამოიყენება პესტიციდების სახით არაერთ შემთხვევაში: აგრიკულტურული შეწამვლის დროს, სახლის პირობებში დეზინფექციისთვის და მწერებთან გასამკლავებლად, ტერმიტების მიმართ სამკურნალო საშუალებად და ტილებისა და ტკიპების ცხოველქმედების პროდუქტებისთვის.
მათი გამოყენება ასევე შესაძლებელია ქიმიური შეტევის ნერვულ-პარალიტიკური აგენტის სახით; თუმცა ეს ნივთიერებები განსხვავდებიან პესტიციდებისგან, ვინაიდან მათ სპეციფიკურად არასასურველი ნიშნებით ირჩევენ (მაღალი ტოქსიკურობა ადამიანების მიმართ, მაღალი პოტენციალი, მოქმედების სწრაფი დაწყება, ძლიერი აორთქლებადობა, კარგი შეწოვის უნარი დერმული ან ინჰალაციური ექსპოზიციების დროს და რეზისტენტობა ანტიდოტების ეფექტების მიმართ).
პათოფიზიოლოგია
ორგანოფოსფატების მოქმედების უმთავრესი ფორმა ნეირონული აცეტილქონილესთერაზას (AChE) ინჰიბირებაა. ეს პროცესი იწვევს აცეტილქოლინის სიჭარბეს სიმპატიკურ, პარასიმპატიკურ, ცენტრალურ ნერვულ სისტემაში (ცნს) და ნერვ-კუნთოვანი შეერთების ადგილებში. მოწამვლის შემთხვევათა უმრავლესობის დროს გამოხატულია პარასიპატიკური ეფექტები ადრეულ ეტაპებზე, რაც იწვევს ჭარბ სეკრეციას, ბრონქოსპაზმს, დიარეასა და გუგების ძლიერ შევიწროებას. სიმპატიკური ეფექტები განაპირობებენ ჰიპერტენზიასა და ტაქიკარდიას. მძიმე მოწამვლის დროს მნიშვნელოვანია ცენტრალური ნერვული სისტემის ქოლინერგული ეფექტები, ვინაიდან ეს უკანასკნელი ხელს უწყობს გულყრებისა და სუნთქვის უკმარისობის განვითარებას. ნერვ-კუნთოვანი შეერთების სტიმულაცია იწვევს ადრეულ ფასციკულაციებს (კუნთების შეკუმშვას/თრთოლვას), რამაც შესაძლოა განაპირობოს სისუსტე, რომელიც თავის მხრივ გრძელდება დღეებისა და კვირების განმავლობაში სხვა ნიშნების გამოვლენამდე. იშვიათია ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის (მეტწილად მოტორული) გვიანი ნეიროპათია, თუმცა ის შეიძლება იყოს მძიმე და გამოიწვიოს სამუდამო უნარშეზღუდულობა. გამომწვევი მექანიზმები და ინდივიდუალური მიდრეკილება არასათანადოდაა შესწავლილი.[3]
ესთერაზების (მაგ. აცეტილქოლინესთერაზა და ნეიროტოქსიკური სამიზნე ესთერაზა) დაინჰიბირება ხდება ორგანოფოსფორით ფოსფორილაციის გზით. ინჰიბირებული აცეტილქოლინესთერაზე სპონტანურად განიცდის რეაქტივაციას ძალიან ნელი ტემპით; ამ რეაქციას აჩქარებენ ოქსიმები. თუმცა ფოსფორირებულმა აცეტილქოლინესთერაზებმა შესაძლოა დაკარგონ ტუტე გვერდითი ჯაჭვი არაფერმენტურად და დატოვონ ჰიდროქსილის ჯგუფი საკუთარ ადგილას ("დაბერება"). შემდგომ რეგენერაცია შეუძლებელია.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას