ეტიოლოგია

რეტროფარინგიალური აბსცესების შემთხვევათა დაახლოებით 45% ზედა სასუნთქი გზების ინფექციის გართულებას წარმოადგენს (მაგ:. ფარინგიტი, ტონზილიტი, სინუსიტი, კბილის ინფექცია). უმეტესად რეტროფარინგიალური აბსცესები პოლიმიკრობულია, განურჩევლად გამოვლინების ასაკისა.[9][10] ყველაზე ხშირი მიკროორგანიზმებია Streptococcus viridans, Staphylococcus aureus, Streptococcus epidermidis და ბეტა-ჰემოლიზური სტრეპტოკოკი. ნაკლებად ხშირი შემთხვევებია Veillonella species, Bacteroides melaninogenicus, Haemophilus parainfluenzae და Klebsiella pneumoniae. ასევე დაფიქსირდა ინფექციები მეთიცილინ-რეზისტენტული ოქროსფერი სტაფილოკოკით და ტუბერკულოზური მიკობაქტერიით.[11][12] ზედა სასუნთქი გზების კომენსალური ბაქტერიები შეიძლება რფა-ის მაპროვოცირებელ პათოგენურ აგენტებად გარდაიქმნან.[13][14][15][16] რეტროფარინგიალური აბსცესების შემთხვევათა დაახლოებით 27% დაკავშირებულია რეტროფარინგული რეგიონის უნებლიე ტრავმასთან, მაგალითად უცხო სხეულის მიღების, ღეროიანი შაქარყინულის ჭამის დროს დავარდნის ან ბასრი ნივთების გადაყლაპვის (მაგ:. ქათმის ძვალი) შედეგად. დანარჩენი 28% იდიოპათიურია.[13][14][15]

პათოფიზიოლოგია

რეტროფარინგული სივრცე მდებარეობს კისრის ხერხემლისწინა ფასციის წინ, რომელიც თავის ქალის ფუძიდან იწყება და ქვემოთ, ხახის მთელ გაყოლებაზე გრძელდება. დაკავშირებულია პარაფარინგულ სივრცესა და საფეთქლის ქვედა ფოსოსთან. რეტრო და პარაფარინგული სივრცეები ერთმანეთისგან გამოყოფილია ლოყის კუნთის ხახის ფასციით, რომელიც, როგორც ჩანს, ინფექციის გავრცელების რეალურ ბარიერს არ წარმოადგენს. რადგან რეტროფარინგული სივრცე დაკავშირებულია შუასაყრის ზედა და უკანა ნაწილებთან, ეს კავშირი ინფექციის გულმკერდის ღრუში გავრცელების შესაძლო გზას წარმოადგენს.

რეტროფარინგული სივრცე ლიმფურ სადინრებსა და ხახის უკანა ფაშარ შემაერთებელ ქსოვილის შრეს მოიცავს, ეს უკანასკნელი ყლაპვისას ხახასა და საყლაპავას მოძრაობის საშუალებას აძლევს. ლიმფა, რომელიც აღნიშულ სივრცეში გაივლის, ცხვირის, პარანაზალური სინუსების, ევსტაქის მილის და ახლომდებარე ფარინგული ქსოვილებიდან მოედინება. რეტროფარინგულ კვანძებში ფორმირებული ჩირქგროვა, როგორც წესი, მყარად არის შემოფარგლული, შესაბამისად, ინფექციის ვერტიკალური გავრცელება ძირითადად უფრო შორსწასული შემთხვევების დროს ხდება, თუმცა პრაქტიკაში აღნიშნული გართულებაც იშვიათია.

რფა-ის დამახასიათებელი სიმპტომებისა და ნიშნების უმრავლესობა ზედა სასუნთქი და საჭმლის მომნელებელი გზების პროგრესულ დახშობასა და ადგილობრივად კუნთების გაღიზიანებასთან არის ასოცირებული (მაგ:. სტერნომასტოიდი და პტერიგოიდები).

კლასიფიკაცია

ეტიოლოგიური კლასიფიკაცია

რფა-ის ფორმალური კლასიფიკაცია არ არსებობს, თუმცა დიფერენცირება ეტიოლოგიის მიხედვით შეიძლება, რომელიც მოიცავს:

  • ზედა სასუნთქი გზების ინფექცია

  • ტრავმა/უცხო სხეულის გადაყლაპვა

  • იდიოპათიური.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას