ეპიდემიოლოგია

კავასაკის დაავადება თითქმის ექსკლუზიურად აზიანებს მცირეწლოვან ბავშვებს, ინციდენტობის პიკით 13-24 თვის ასაკში.[2] იშვიათია სიცოცხლის პირველი 6 თვის განმავლობაში, და შემთხვევათა 80% ვითარდება 5 წლის ასაკამდე.[3] დაავადება ყოველწლიურად აღენიშნება დაახლოებით 5000 ბავშვს აშშ-ში, სიხშირე 24.7 შემთხვევა ყოველ 100000 ბავშვზე 5 წლამდე ასაკში 2010 წელს, ჰოსპიტალიზაციის მონაცემებზე დაყრდნობით.[4] სიხშირე დიდ ბრიტანეთში არის 4.5 შემთხვევა ყოველ 100000 ბავშვზე <5 წლამდე ასაკში.[5]

თუმცა, კავასაკის დაავადება აღწერილია ყველა ეთნიკურობის ჯგუფში მსოფლიოს გარშემო.[6] სიხშირე ყველაზე მაღალია პაციენტებში ჩრდილო-აღმოსავლეთ აზიიდან, განსაკუთრებით იაპონიიდან და კორეიდან, რაც მიუთითებს გენეტიკის მნიშვნელოვან როლზე პათოგენეზში. აშშ-ში, აზიური/წყნარი ოკეანის რეგიონის წარმომავლობის მქონე ბავშვებში ჰოსპიტალიზაციის სიხშირე ყველაზე მაღალია (50.4 ყოველ 100 000-ზე), რასაც შავკანიანი (29.8) და თეთრკანიანი (22.5) ბავშვების ჰოსპიტალიზაციის სიხშირე მოჰყვება.[4] ადრე არსებული 1997 - 2000 მოხსენების თანახმად აშშ-ში 5 წელზე უმცროსი ასაკის შავკანიან, ლათინოამერიკელ და თეთრკანიან 100,000 ბავშვზე ინციდენტობის წლიური მაჩვენებელი შესაბამისად 16.9, 11.1 და 9.1 იყო.[7] ამასთან, კავასაკის დაავადების წლიური ინციდენტობა 5 წელზე უმცროსი ასაკის ინდიელ-ამერიკელ და ალასკელ აბორიგენ ბავშვებში ყოველ 100 000-ზე მხოლოდ 4.3 იყო მიუხედავად ამ ბავშვების აზიური წარმოშობისა.[8] აზიურ-ამერიკული და წყნარი ოკეანის კუნძულების წარმომავლობის ბავშვებში მონაცემები უფრო მაღალია, ყოველ 100 000-ზე 32,5 შემთხვევა.[7]

იაპონიაში წლიური ინციდენტობა 1999 წელს 5 წელზე ნაკლები ასაკის ყოველ 100 000 ბავშვზე 75-125 შემთხვევა იყო.[9] თუმცა, უფრო ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ იაპონური წარმოშობის ბავშვებს აქვთ ბევრად უფრო მაღალი ინციდენტობა 243.1 დან 264.8 მდე შემთხვევა ყოველ 100000 ბავშვზე.[4][10] რეციდივის მაჩვენებელი იაპონელ ბავშვებში არის 3%.[4]

იაპონიაში კავასაკის დაავადების მეთვალყურეობის პროგრამებმა აჩვენა, რომ დაავადების ინციდენტობა იზრდება შობადობის კლებასთან ერთად.[11]

იზრდება ინფორმირებულობა კორონარული არტერიის ანევრიზმთან დაკავშირებული გრძელვადიანი ავადობისა და სიკვდილობის შესახებ; კორონარული არტერიის თრომბოზის, გახეთქვის და მიოკარდიუმის ინფარქტის რისკი მთელი ცხოვრების განმავლობაში ფიქსირდება.[12]

მკურნალობის გარეშე მიმდინარეობისას, კორონარული არტერიის ანევრიზმის ინციდენტობა მერყეობს 20%-დან 25%-მდე. ბრიტანული პედიატრიული მეთვალყურეობის განყოფილების კვლევის თანახმად, გაერთიანებულ სამეფოში კავასაკის დაავადებაზე ნამკურნალები პაციენტების 19%-ს მაინც განუვითარდა კორონარული არტერიის ანევრიზმა. ინციდენტობა იზრდება 39%-მდე 1 წლამდე ასაკის პაციენტებში, ინტრავენური იმუნოგლობულინის მიღების მიუხედავად.[5]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას