ურგენტული საკითხები

იხ. დიფერენციული დიაგნოზები დამატებითი დეტალებისთვის

მწვავე დიარეის გარკვეული გართულებები საჭიროებს ურგენტულ შეფასებას და მკურნალობას.

დეჰიდრატაცია და ელექტროლიტების დარღვევა

წარმოადგენენ მწვავე დიარეის ყველაზე ხშირ გართულებებს. მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან ბავშვები და ხანდაზმულები. მზრუნველი ბავშვებში შესაძლოა ვერ ახერხებდეს დაკარგული სითხის დროულად ჩანაცვლებას. სითხის მოცულობის შემცირება ვლინდება წყურვილის გაძლიერებით, შარდის გამოყოფის შემცირებით (გამოიყოფა მუქი ფერის შარდი), ოფლიანობის უნარის შეზღუდვით და ორთოსტატული სიმპტომებით. მძიმე შემთხვევებში ვითარდება თირკმლის მწვავე უკმარისობა და ფსიქიკური სტატუსის ცვლილებები (კონფუზია და ძილიანობა). Vibrio Cholerae-ს ინფექციის დროს Cholera gravis იწვევს სითხის მოცულობის ძლიერ შემცირებას, ელექტროლიტების დისბალანსს და არითმიებს. აუცილებელია ჰიდრატაციის სტატუსის სასწრაფო კორექტირება დაბალო ოსმოლარობის მქონე პერორალური რეჰიდრატაციული ხსნარითა და ინტრავენური სითხეებით, თუ ვერ ხერხდება პერორალური ან ნაზოგასტრული მიწოდება. ბავშვებში თუთიის დანამატების გამოყენება რეკომენდებულია პირის ღრუს რეჰიდრატაციის ადიუვანტური საშუალების სახით.[46] ანტისეკრეტორული აგენტის რაცეკადოტრილის გამოყენება პერორალური რეჰიდრატაციის ხსნართან ერთად, ნაჩვენებია, რომ უსაფრთხოდ ამცირებს განავლის გამოყოფას, 10 წლამდე ასაკის ბავშვების კვლევების საფუძველზე.[8]

მსხვილი ნაწლავის პერფორაცია

მეტწილად ვითარდება ჩვილებში ან მძიმე მალნუტრიციის მქონე პაციენტებში და შესაძლოა შეგვხვდეს Clostridium difficile, Salmonella, და Shigella მიკროორგანიზმების ინფექციების დროს.[47] არჩევის მიდგომაა ურგენტული ქირურგიული ჩარევა.

ტოქსიკური მეგაკოლონი

აღნიშნული გართულების პათოგენეზი უცნობია; იგი ვითარდება პანკოლიტის პირობებში. ფართო სპექტრის ანტიბიოტიკების გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს C difficile-ს ინფექცია და მასთან დაკავშირებული გართულებები, როგორებიცაა ტოქსიკური მეგაკოლონი, სეფსისი, პერფორაცია და სიკვდილი. ტოქსიკური მეგაკოლონი შესაძლოა განვითარდეს Shigella-ს, ციტომეგალოვირუსის ან Yersinia-ს ინფექციების დროს. ტოქსიკური მეგაკოლონი წყლულოვანი კოლიტის და კრონის დაავადების დროსაც გვხვდება.[48] დადასტურებული წყლულოვანი კოლიტის მქონე პაციენტებში ტოქსიკური მეგაკოლონის გამომწვევ მიზეზს შესაძლოა ზედდართული ინფქეცია წარმოადგენდეს. მკურნალობა მოიცავს დამხმარე თერაპიას ინტრავენური სითხეებით, ნაწლავის დასვენებით და ტოტალური პარენტერული ნუტრიციით. სპეციფიკური მიზნობრივი თერაპია ეფუძნება მოცემულ გამომწვევ ეტიოლოგიას, მაგ. კორტიკოსტეროიდები წყლულოვანი კოლიტის დროს, ანტივირუსული აგენტები ციტომეგალოვირუსით გამოწვეული კოლიტის დროს და C difficile-ს მიმართ მოქმედი ანტიბიოტიკები ან კოლექტომია C difficile-ს ინფექციის დროს.

ნაწლავის ობსტრუქცია და გართულებები

ხსენებულ მდგომარეობას ვხვდებით Shigella-ს ინფექციების, ჰელმინთური ინფექციების და შიდსის მქონე პაციენტებში ოპორტუნისტული ინფექციების დროს. კრონის დაავადება აგრეთვე ვლინდება შემდეგი მდგომარეობების დროს: მწვავე ნაწლავური ობსტრუქცია, ნაწლავის პერფორაცია, პერიტონიტი და ინტრააბდომინური აბსცესის ფორმაცია. პირველადი სიმპტომებია სპაზმური ტკივილი მუცლის არეში, გულისრევა, ღებინება და მუცლის შებერილობა. მკურნალობა შედგება ნაზოგასტრული ასპირაციისგან, პერორალური ნუტრიციის სრული შეწყვეტისა და ინტრავენური სითხეებისგან. შესაძლოა საჭირო გახდეს ანტიპარაზიტული საშუალებების და ანტიბიოტიკების გამოყენება. ხოლო მედიკამენტური მკურნალობის წარუმატებლობის შემთხვევაში განიხილება ქირურგიული ჩარევა.

გართულებები სხვა ორგანოებში, ბაქტერიემია და სეფსისი

შეიძლება შეგვხვდეს მძიმე ინფექციის დროს. ნორმალური მიკრობიომი შეიძლება გადავიდეს ანთებითი ეპითელიუმიდან სისხლის მიმოქცევაში. სალმონელოზი შეიძლება გართულდეს ენდოკარდიტით და ოსტეომიელიტით. იერსინიოზი შეიძლება გართულდეს მიოკარდიტით, გლომერულონეფრიტით, ღვიძლის უკმარისობით, პერიტონიტით და სუპურაციული აპენდიციტით. იერსინიოზი შეიძლება აგვერიოს მწვავე აპენდიციტში. C difficile ინფექცია შეიძლება გართულდეს ნაწლავის ნეკროზით, მულტიორგანული უკმარისობითა და სიკვდილით. ანტიბიოტიკოთერაპია და დამხმარე მოვლენა ნაჩვენებია მძიმე ინფექციური დიარეის შემთხვევებში, განსაკუთრებით დამატებითი გართულებების დროს. კონკრეტულად, ნაწლავის რეზექცია ზოგჯერ საჭიროა მძიმე C difficile-თი გამოწვეული ნაწლავური ნეკროზის დროს.

სეფსისი დაავადების სპექტრია, რომლის დროსაც აღინიშნება ინფექციის მიმართ მასპინძლის სისტემური და დისრეგულირებული პასუხი.[49]​გამოვლინება მერყეობს სუსტი, არასპეციფიკური სიმპტომებიდან (მაგ., შეუძლოდ ყოფნა ნორმალური ტემპერატურით) მძიმე სიმპტომებამდე მულტიორგანული დისფუნქციის და სეპტიკური შოკის მტკიცებულებით. მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ სეფსისის შესაძლებლობა ნებისმიერ პაციენტში, რომელთაც აღენიშნებათ შესაძლო ინფექციის ნიშნები და სიმპტომები (მაგალითად, მწვავე დიარეა).[50] პაციენტებს შესაძლოა აღენიშნოთ ტაქიკარდია, ტაქიპნოე, ჰიპოტენზია, ცხელება ან ჰიპოთერმია, ცუდი კაპილარული ავსება, აჭრელებული ან მონაცრისფრო ფერის კანი, ციანოზი, ფსიქიკური მდგომარეობის მწვავე ცვლილება ან შარდის გამოყოფის შემცირება.[50] სეფსისი და სეპტიკური შოკი სამედიცინო გადაუდებელ მდგომარეობებს წარმოადგენს.

სეფსისის რისკფაქტორებია: ერთ წლამდე ასაკი, 75 წელზე უფროსი ასაკი, სისუსტე, დაქვეითებული იმუნიტეტი (ავადმყოფობის ან მედიკამენტების გამო), ახლახან გადატანილი ქირურგიული ჩარევა ან სხვა ინვაზიური პროცედურები, კანის მთლიანობის ნებისიერი დარღვევა (მაგ., ჭრილობა, დამწვრობა), ინტრავენური ნარკოტიკების მოხმარება, ინტრავენური გადასხმის სისტემები ან კათეტერები და ორსულობა ან ბოლო ორსულობა.[50]

სეფსისის ადრეული ამოცნობა მნიშვნელოვანია, რადგან მკურნალობის ადრეული დაწყება აუმჯობესებს შედეგებს.[50][51][მტკიცებულების დონე A][მტკიცებულების დონე A]​​​​​​​​თუმცა სეფსისის გამოვლენა შესაძლებელია გართულდეს, ვინაიდან სეფსისის კლინიკური გამოვლინება შესაძლოა მიმდინარეობდეს ფარულად და არასპეციფიურად. ამიტომ, მნიშვნელოვანია სეფსისის არსებობაზე უმცირესი ეჭვის გამოვლენაც კი. ადრეული ამოცნობის წინაპირობაა სისტემატური იდენტიფიკაცია პაციენტისა, რომელსაც აქვს ინფექციის ნიშნები ან სიმპტომები და არის გაუარესების რისკის ქვეშ ორგანოების დისფუნქციის გამო. შემოთავაზებულია რისკის სტრატიფიკაციის რამდენიმე მეთოდი. ყველა მათგანი ეყრდნობა სტრუქტურირებულ კლინიკურ შეფასებას და პაციენტის სასიცოცხლო ნიშნების ჩანაწერს.[50][52][53]​​​​​[54][55]​​მნიშვნელოვანია შეამოწმოთ ლოკალური გზამკვლევი ინფორმაციის მისაღებად, თუ რა მიდგომას გირჩევთ თქვენი დაწესებულება. შემდგომი გამოკვლევებისა და მკურნალობის ვადები უნდა განისაზღვროს ამ ადრეული შეფასებით.[54]

"სეფსისის გადარჩენის" კამპანიის მკურნალობის გაიდლაინები შემუშავებულია და კვლავაც ყველაზე ფართოდ მიღებულ სტანდარტებად რჩება.[51][56] სეფსისზე საეჭვო პაციენტებისთვის რეკომენდებული მკურნალობაა:

  • ლაქტატის დონის გაზომვა და მისი ხელახლა გაზომვა, თუ თავდაპირველად მომატებულია (>2 მმოლი/ლ)

  • სისხლის კულტურის მიღება ანტიბიოტიკების დანიშვნამდე

  • დანიშნეთ ფართო სპექტრის ანტიბიოტიკები (მეთიცილინ-რეზისტენტული ოქროსფერი სტრაფილოკოკის [MRSA] გადაფარვით, თუ არსებობს MRSA-ს მაღალი რისკი) შესაძლო სეპტიკური შოკის მქონე მოზრდილებში ან სეპტიკური შოკის მაღალი ალბათობის მქონე პაციენტებში

  • სეფსისის ან სეპტიკური შოკის მქონე მოზრდილებში, სოკოვანი ინფექციის მაღალი რისკით, უნდა ჩატარდეს სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატით ემპირიული თერაპია

  • კრისტალოიდური სითხეების სწრაფი შეყვანა ჰიპოტენზიის შემთხვევაში ან თუ ლაქტატის დონე ≥4 ​მმოლ/ლ. გაეცანით ლოკალურ პროტოკოლებს

  • შეიყვანეთ ვაზოპრესორები პერიფერიულად, თუ აღინიშნება ჰიპოტენზია რეჰიდრატაციის დროს ან მის შემდეგ, რათა შენარჩუნებული იქნას საშუალო არტერიული წნევა (MAP) ≥65 mmHg, არ დააყოვნოთ ცენტრალური ვენური კათეტერის ჩადგმამდე. ნორადრენალინი (ნორეპინეფრინი) უპირატესი ვაზოპრესორია

  • მოზრდილებში სეფსისით გამოწვეული ჰიპოქსემიური სუნთქვის უკმარისობის დროს საჭიროა ნაზალურად მაღალი ნაკადით ჟანგბადის მიცემა

  • იდეალურ შემთხვევაში, აღნიშნული ჩარევები უნდა დაიწყოს სეფსისის ამოცნობიდან პირველი საათის განმავლობაში.[56]

შესაძლო სეფსისის მქონე მოზრდილებში (შოკის გარეშე), თუ არსებობს ეჭვი ინფექციაზე, ანტიბიოტიკები უნდა დაიწყოთ სეფსისის ამოცნობიდან 3 საათის განმავლობაში.[51]​ მოზრდილებში, ინფექციის დაბალი ალბათობით და შოკის გარეშე, ანტიბიოტიკების დანიშვნა შეიძლება დაყოვნდეს. ამასთან, უნდა გაგრძელდეს პაციენტზე ინტენსიური მეთვალყურეობა.[51]

სეფსისის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ სეფსისი მოზრდილებში და სეფსისი ბავშვებში.

ნევროლოგიური პრობლემები

გულყრა ყველაზე ხშირი ნევროლოგიური გართულებაა. იგი Shigella-ს ინფექციის კარგად ნაცნობი გართულებაა. შესაძლოა განვითარდეს ენცეფალოპათია ლეთარგიასთან, კონფუზიასთან და თავის ტკივილთან ერთად. იშვიათია ცნობიერების დაბინდვა ან კომა და დარღვეული ნევროლოგიური ნიშნები, მათ შორის კიდურების არასწორი მოხრა/გაშლა. ფატალური ენცეფალოპათიის შემთხვევების დროს აუტოფსიით გამოვლინდა ცერებრალური შეშუპება. Salmonella-ს ინფექციის დროს შესაძლოა განვითარდეს დელირიუმი და კომა. გიენ-ბარეს სინდრომი, რიგ შემთხვევებში, ვითარდება Campylobacter-ით გამოწვეული ენტერიტის გვიანი გართულების სახით. Listeria-ს ინფექცია ასევე იწვევს მენინგიტს.

რეაქტიული ართრიტი

შეიძლება გამოვლინდეს ცალკეულად ან კონიუნქტივიტთან, ურეთრიტთან ერთად. აღნიშნულ ტრიადას წარსულში რეიტერის სინდრომს უწოდებდნენ.[57] იგი შესაძლოა შეგვხვდეს Shigella, Salmonella, Campylobacter, და Yersinia მიკროორგანიზმების ინფექციების დროს. ართრიტი არის სტერილური ანთებითი ართრიტის ხასიათის. მკურნალობა, ძირითადად, არის დამხმარე ხასიათის და შედგება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტებისგან.

ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომი და თრომბოზული თრომბოციტოპენიური პურპურა

ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომი ვლინდება ჰემოლიზისა და თირკმლის მწვავე უკმარისობის სახით, ხოლო თრომბოზული თრომბოციტოპენიური პურპურა კი თავს იჩენს ცხელებით, ჰემოლიზური ანემიით, თრომბოციტოპენიით, თირკმლის უკმარისობითადა ნევროლოგიური ფუნქციის ცვლილებებით. მათი განვითარების მიზეზი შესაძლოა იყოს ენტეროჰემორაგიული E coli-ის ინფექცია, იშვიათ შემთხვევებში, Shigella, განსაკუთრებით ანტიბიოტიკებთან და ანტიდიარეულ აგენტებთან ექსპოზირებულ მცირეწლოვან ბავშვებსა და ხანდაზმულებში. ასევე ფიქსირდება ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომის იშვიათი შემთხვევები, რომლებიც გამოწვეულია Campylobacter და Aeromonas მიკროორგანიზმებით. მკურნალობა დამხმარე ხასიათისაა, თუმცა შესაძლოა განვიხილოთ პლაზმის ჩანაცვლება და გლუკოკორტიკოიდების გამოყენება. ენტეროჰემორაგიული E coli-ის შედეგად განვითრებული ინფექციების დროს თავიდან უნდა ავირიდოთ ანტიბიოტიკოთერაპია, ვინაიდან უცნობია, თუ რამდენად ზრდის მათი მოხმარება ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომის რისკს.[22]

ღვიძლის ნეკროზი

იშვიათად უკავშირდება Bacillus cereus ინფექციას.[58]

ნეკროზული ენტერიტი

Clostridium perfringens-მა შეიძლება გამოიწვიოს ნეკროზული ენტერიტი.[59]

ინფექცია ორსულობის დროს

ლისტერიოზი ორსულებში შეიძლება დასრულდეს ნაყოფის სიკვდილით, ნაადრევი მშობიარობით ან ახალშობილის დაინფიცირებით.

ნაწლავის განგრენა

იშემიური კოლიტი შეიძლება გართულდეს ნაწლავის განგრენით. პაციენტს შეიძლება ჰქონდეს მძიმე დეჰიდრატაცია და შოკი. შეიძლება საჭირო გახდეს ქირურგიული ჩარევა.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას