ეტიოლოგია

მწვავე დიარეის კლასიფიცირება შესაძლებელია პათოფიზიოლოგიითა და ეტიოლოგიით.[16]

დიარეის პათოფიზიოლოგიური კლასიფიკაცია

აღნიშნული ხშირად გამოყენებული პათოფიზიოლოგიური კლასიფიკაცია დიარეას ორ კატეგორიად ყოფს.

ანთებითი დიარეა

  • მიუთითებს ანთებითი პროცესის არსებობაზე, რომელიც შეიძლება იყოს ბაქტერიული, ვირუსული ან პარაზიტული ინფექციით გამოწვეული ან განვითარდეს ნაწლავის იშემიის, რადიაციული დაზიანებისა და ანთებითი ნაწლავის დაავადების ადრეულ ეტაპებზე.

  • როგორც წესი, დაკავშირებულია ლორწოვან, სისხლიან განავალთან, ტენეზმებთან, ცხელებასთან და ძლიერ, სპაზმურ ტკივილთან მუცლის არეში.

  • ინფექციური ანთებითი დიარეა, ჩვეულებრივ, მცირე მოცულობისაა, მიმდინარეობს ხშირი დეფეკაციით. შესაბამისად, მოზრდილებში მეტწილად არ იწვევს სითხის მოცულობის დაქვეითებას (დეჰიდრატაციას), თუმცა შეიძლება გამოიწვიოს ბავშვებში და ხანდაზმულებში.

  • აშშ-ში ინფექციური დიარეის ყველაზე ხშირი მიზეზი არის ბაქტერიული ინფექცია: მეტწილად Campylobacter, Salmonella, Shigella, Escherichia coli, ან Clostridium difficile. ვირუსები უფრო ხშირია იმ ბავშვებში, რომლებიც დადიან ბაღებში. პროტოზია და პარაზიტები მწვავე დიარეის ძირითადი მიზეზია განვითარებად ქვეყნებში.

  • განავლის გამოკვლევით შეიძლება გამოვლინდეს ლეიკოციტები. განავალში ფარული სისხლდენის ტესტირება შეიძლება იყოს დადებითი. ფეკალური ლეიკოციტების ტესტი ტარდება ცრუ-უარყოფითი შედეგების მაღალი მაჩვენებლით, რაც იწვევს დაბალ მგრძნობელობას, მაგრამ დადებითი ტესტი ძალიან ინფორმაციული ხასიათისაა.

  • გასტროინტესტინური ტრაქტის ჰისტოლოგია პათოლოგიურია ანთებითი დიარეის დროს.

არაანთებითი დიარეა

  • როგორც წესი, ვლინდება წყლიანი, დიდი მოცულობის, ხშირი დეფეკაციებით (>10-დან 20-მდე დღეში).

  • დეჰიდრატაცია შესაძლებელია ნაწლავის მოძრაობების დიდი მოცულობისა და სიხშირის გამო.

  • არ ვლინდება ტენეზმები, სისხლი განავალში, ცხელება ან ფეკალური ლეიკოციტები.

  • ჰისტოლოგიურად შენახულია გასტროინტესტინური ტრაქტის არქიტექტურა.

არაანთებითი დიარეა შეიძლება დავყოთ ქვეკატეგორიებად:

ა) სეკრეტორული დიარეა

დარღვეულია ლორწოვანის გავლით იონების ტრანსპორტირება, რაც იწვევს გაძლიერებულ სეკრეციას და სითხეებისა და ელექტროლიტების შეწოვის დაქვეითებას, განსაკუთრებით წვრილ ნაწლავში. როგორც წესი, სეკრეტორული დიარეა არ მცირდება შიმშილის ფონზე. გამომწვევი მიზეზების მაგალითებია:

  • ენტეროტოქსინები: შეიძლება შეგვხვდეს ისეთი ინფექციების დროს, როგორიცაა Vibrio cholerae, Staphylococcus aureus, ენტეროტოქსიკური E coli, შესაძლოა აივ და როტავირუსიც.

  • ჰორმონული ნივთიერებები: ვაზოაქტიური ნაწლავის პეპტიდი, ფილტვის წვრილუჯრედოვანი კარცინომა, ნეირობლასტომა.

  • ლაქსატივების გამოყენება, ნაწლავის რეზექცია, ნაღვლოვანი მარილები, ცხიმოვანი მჟავები.

ასევე გვხვდება ქრონიკული დიარეის სახით, ცელიაკიის, კოლაგენური კოლიტის, ჰიპერთირეოზის და კარცინოიდული სიმსივნეების ფონზე.

ბ) ოსმოსური დიარეა

განავლის მოცულობა შედარებით მცირეა (სეკრეტორულ დიარეასთან შედარებით), დიარეა კი აუმჯობესებს ან ჩერდება შიმშილის ფონზე. ეს გამოწვეულია ნაწლავის ტრაქტში შეუწოველი ან ცუდად შეწოვილი გამხსნელების (მაგნიუმი, სორბიტოლი და მანიტოლი) არსებობით, რაც იწვევს სითხის სეკრეციის გაზრდას ნაწლავის სანათურში. განავლის ელექტროლიტების გაზომვა გვიჩვენებს მომატებულ ოსმოსურ გრადიენტს ( > 50), მაგრამ ტესტს აქვს ძალიან შეზღუდული პრაქტიკული მნიშვნელობა. განავალი (ნორმალური ან დიარეა) ყოველთვის არის იზოსმოსტიკური (260 - 290 მ.ოსმლ/ ლ).

ოსმოსური დიარეა შეიძლება დაიყოს:

  • არასრული მონელება - გულისხმობს ნუტრიციული ნივთიერებების მონელების დარღვევას კუჭ-ნაწლავის ტრაქტში, ლორწოვანი ეპითელიუმის უჯრედების მემბრანის ხაოიან ზედაპირზე. შეიძლება შეგვხვდეს პანკრეასის ეგზოკრინული უკმარისობისა და ლაქტაზას უკმარისობის დროს.

  • მალაბსორბცია - გულისხმობს საკვები ნივთიერებების დარღვეულ შეწოვას. შეიძლება შეგვხვდეს წვრილ ნაწლავში ბაქტერიების ჭარბი ზრდის, მეზენტერული იშემიის დროს, ნაწლავის რეზექციის შემდგომ (მოკლე ნაწლავის სინდრომი), ლორწოვანი დაავადებების დროს (ცელიაკია).

მწვავე დიარეის ეტიოლოგიური კლასიფიკაცია

ეტიოლოგიურად დიარეა შეიძლება დაიყოს ორ ფართო კატეგორიად: ინფექციური და არაინფექციური.

ინფექციური დიარეა

  • მსოფლიოში მწვავე დიარეის ყველაზე ხშირი გამომწვევი მიზეზი არის ინფექცია (ვირუსები, ბაქტერიები და პარაზიტები). ინფექციების უმეტესობა გადაეცემა ფეკალურ-ორალური გზით, დაბინძურებული წყლით ან საკვებით. ინფექციების უმეტესობა თვითგანკურნებადია ან მარტივად იკურნება. სპეციფიკური გამოკვლევები საჭიროა საშუალო-მძიმე დაავადების დროს ან საზოგადოებრივი ჯანდაცვის რისკის შემთხვევაში, როცა არსებობს სხვების დაინფიცირების რისკიც (შესაბამისი რესურსების არსებობის დროს).[2] მსოფლიოს მასშტაბით, მწვავე გასტროენტერიტის შემთხვევების უმეტესობა ვირუსულია. ბაქტერიებზე განავლის კულტივირება მწვავე დიარეის მქონე პაციენტების მხოლოდ 1.5%-5.6%-შია დადებითი.[17] თუმცა, დიარეის მძიმე შემთხვევების დროს მეტია ბაქტერიული ეტიოლოგიის ალბათობა.

  • ბაქტერიული ინფექციები

    • Escherichia coli: დიარეის უფრო ხშირი გამომწვევია განვითარებად, და არა განვითარებულ ქვეყნებში. ინფექციური დიარეის გამო ჰოსპიტალიზაციის ყველაზე ხშირი მიზეზია განვითარებად ქვეყნებში.[18] როგორც წესი, გვხვდება ეპიდემიების სახით ზაფხულში. ინფექციის შესაძლო წყაროებია: საქონლის, ღორის ხორცი, სწრაფი კვების ობიექტები (არასაკმარისად მომზადებული ჰამბურგერი), ვაშლის საიდერი, სალათის ფურცლები, რძე, ყველი, ისპანახი და კომბოსტოები. ყველაზე ხშირია მცირეწლოვან და ხანდაზმულ პირებში. შეიძლება მოიცვას წვრილი ნაწლავი (ენტეროტოქსიკური და ენტეროპათოგენური E coli). ხშირად იწვევს მოგზაურთა დიარეას (ენტეროტოქსიკური) და დიარეას ბავშვებში, შეიძლება მოიცვას მსხვილი ნაწლავიც (ენტეროინვაზიური და ენტეროჰემორაგიული, ენტეროაგრეგაციული E coli). ენტეროინვაზიური ქვეტიპის დროს რთულდება დიზინტერიით. ენტეროჰემორაგიული E coli (მეტწილად E coli O157:H7) იწვევს ჰემოლიზურ-ურემიულ სინდრომს, რომელიც მაღალ სიკვდილობასთანაა დაკავშირებული.[19] ზოგიერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ანტიბიოტიკების გამოყენება E coli O157:H7 -ის სამკურნალოდ იწვევს ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომის ან სიკვდილიანობის უფრო მაღალ ინციდენტობას.[20][21] თუმცა, რამდენიმე კვლევის მიხედვით ეს მოსაზრება თანმიმდევრული არ აღმოჩნდა, შესაბამისად, საბოლოოდ არ არსებობს მკაფიო მტკიცებულებები ანტიბიოტიკების ავკარგიანობასთან დაკავშირებით.[22]

    • Campylobacter: ინფექცია, ძირითადად, ადამიანზე ვრცელდება განვითარებულ ქვეყნებში თერმულად არასაკმარისად დამუშავებული დაბინძურებული ფრინველიდან.[23]Campylobacter წარმოადგენს აშშ-ში ორი ყველაზე ხშირად დაფიქსირებული საკვებისმიერი დაავადებიდან ერთს (მეორე არის salmonella). დიარეა შესაძლოა იყოს როგორც წყლიანი, ასევე სისხლიანი და ხშირად თან ახლავს სპაზმური ტკივილები მუცლის არეში. ინფექცია უკავშირდება ისეთ მძიმე გართულებებს, როგორებიცაა რეაქტიული ართრიტი და გიენ-ბარეს სინდრომი.[24][25]

    • Salmonella: არატიფოიუდური სალმონელოზი ერთ-ერთი წამყვანი საკვებისმიერი დაავადებაა და განვითარებულ ქვეყნებში ხშირად იწვევს დიარეას, რომელიც თავის მხრივ საჭიროებს ამბულატორიულ მოვლას.[23]Salmonella-ს განვითარება ხშირად დაკავშირებულია ფირნველეულის, კვერცხების და რძის პროდუქტების მიღებასთან. პაციენტი შესაძლოა გახდეს ასიმპტომური მატარებელი.

    • Shigella: ეს მიკროორგანიზმი არის კოლინჯის ან დიზენტერიული დიარეის კლასიკური მიზეზი. Shigella კვლავაც მნიშვნელოვანი პრობლემაა საბავშვო ბაღებსა და სხვა დაწესებულებებში. Shigella-ს ინფექცია ვლინდება სისხლიანი განავლით, ცხელებით, მუცლის სპაზმური ტკივილითა და ტენეზმებით.

    • Clostridium difficile: წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე ხშირ ჰოსპიტალურ (ნოზოკომიურ) ინფექციას. აღნიშნული მიკროორგანიზმი, ამასთანავე, არის ხანდაზმულ ჰოსპიტალიზებულ პაციენტებში ავადობისა და სიკვდილობის ხშირი მიზეზი. C difficile იწვევს ადამიანის კუჭ-ნაწლავის ტრაქტის კოლონიზაციას. ხოლო ანტიბიოტიკოთერაპიის შემდეგ ნორმალური მიკროფლორის ცვლილების შემდეგ C difficile-მ შეიძლება გამოიწვიოს ფსევდომემბრანული კოლიტი. ხშირია დაავადების რეციდივი, რომლის მიზეზად ვარაუდობენ მასპინძლის იმუნიტეტის ცვლილებას. C difficile წარმოქმნის ტოქსინებს, რომლებიც ჩართული არიან დაავადების განვითარებაში. დაავადების მძიმე ფორმების დროს შესაძლოა განვითარდეს ლეიკემოიდური რეაქცია და ჰიპოალბუმინემია, თირკმლის უკმარისობა და შოკი. მძიმე შემთხვევებში საჭირო ხდება კოლექტომია. დიაგნოზი დგინდება A და B ან მხოლოდ B ტოქსინის გამოვლენით, უჯრედის ციტოტოქსიკურობის ტესტით ან ტოქსიგენური C difficile-ს აღმოჩენით განავალში.[26]

    • Yersinia: ინფექცია, როგორც წესი, ადამიანზე ვრცელდება ღორის ხორცის ან ღორის ნაწლავების მირთმევის შედეგად. იგი იწვევს მწვავე ან ქრონიკულ კოლიტს, რომელიც, ზოგიერთ შემთხვევაში, წააგავს კრონის დაავადებას ან მწვავე აპენდიციტს.

    • Aeromonas: არის ხშირი იზლატი ასიმპტომურ პაციენტებში, თუმცა ასევე იწვევს დიარეას, მეტწიალდ მოგზაურის დიარეას.[27]

    • Plesiomonas: ინფქეციის შემთხვევები ფიქსირდება დაბინძურებული წყლით ან ამ მიკროორგანიზმის შემცველი ხამანწკებით განპირობებული დიარეის ეპიდაფეთქებების ფარგლებში.[28]

    • Listeria: ეს მიკროორგანიზმი იწვევს ბაქტერიული დიარეის საერთო აღრიცხულ შემთხვევათა <1%-ს. იგი, ძირითადად, გადადის დაბინძურებული რძის პროდუქტების ან წყლის მეშვეობით. მას გამრავლება მაცივრის ტემპერატურაზეც შეუძლია.

    • Staphyloccocus aureus: იწვევს ღებინებას და, რიგ შემთხვევებში, დიარეას, წინასწარ ფორმირებული ტოქსინით დაბინძურებული საკვების მიღებიდან 4-8 საათის ფარგლებში.

    • Bacillus cereus: სითბოგამძლე წინასწარ ფორმირებული ტოქსინები იწვევენ სიმპტომების განვითარებას საკვების მიღებიდან 6 საათის ფარგლებში. იშვიათ შემთხვევებში, ინფექცია იწვევს ღვიძლის მწვავე ნეკროზს.[29]

    • Clostridium perfringens: წინასწარ ფორმირებული ტოქსინების მოქმედების შედეგად იწვევს წყლიან დიარეას. C perfringens-ის სპორების გადაყლაპვა, როგორც წესი, ხდება ფრინველეულის, ხორცპროდუქტებისა და სასაწებლის მოხმარების შემდეგ. იშვიათად იწვევს მძიმე გართულებას - enteritis necroticans-ს, რომელიც არის მლივი ნაწლავის ჰემორაგიული ნეკროზი.[30]

    • Vibrio cholerae: ამ ინფექციის უმთავრესი ნიშანია მძიმე, ტოქსინით განპირობებული, დიდი მოცულობის, უსისხლო, სეკრეტორული, დეჰიდრატაციის გამომწვევი დიარეა. იგი შეიძლება იყოს ასიმპტომური; გამოვლინდეს მსუბუქი დაავადების სახით, რომელიც არ განსხვავდება გასტროენტერიტისგან; ან გამოვლინდეს მძიმე ფორმით (cholera gravis), რომლის დროს ჯანმრთელი პაციენტი შესაძლოა ძალიან სწრაფად უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდეს. სიკვდილობა აღწევს 50-70%-ს. მისი დიაგნოსტირება ხდება განავალში ბაქტერიების ან ქოლერატოქსინის გამოვლენის შედეგად.

    • Klebsiella oxytoca: უკავშირდება C difficile-ზე უარყოფით, ანტიბიოტიკოთერაპიით გამოწვეული ჰემორაგიული კოლიტის ზოგიერთ შემთხვევას.[31]

  • ვირუსული ინფექციები

    • როტავირუსი: ვირუსული გასტროენტერიტისა და დიარეით განპირობებული სიკვდილის წამყვანი მიზეზი მსოფლიოს მასშტაბით. ექვემდებარება ვაქცინით პრევენციას.[32] იწვევს დიარეას, რომელიც მიმდინარეობს დეჰიდრატაციით ბავშვებსა და მოზარდებში. ინფექციის პიკი ფიქსირდება სიცივეში.

    • ნოროვირუსი: ეპიდემიური ვირუსული გასტროენტერიტის მნიშვნელოვანი გამომწვევი აგენტი. ნოროვირუსები წარმოადგენენ არაბაქტერიული გასტროენტერიტის ეპიდაფეთქებების ყველაზე ხშირ გამომწვევ მიზეზს აშშ-ში.[33] საკვებისმიერი ავადმყოფობების ეპიდზედამხედველობის შედეგად დადგინდა, რომ შემთხვევების ორი მესამედი გამოწვეულია ნოროვირუსებით.[34] უფრო და უფრო ხშირად იწვევს სამედიცინო დახმარების საჭიროებით მიმდინარე მწვავე გასტროენტერიტს იმ ქვეყნებში, სადაც როტავირუსის აცრის მოცვა მაღალია.[35]

    • ადენოვირუსი: ენტერული ადენოვირუსი მეორე ადგილზეა როტავირუსის შემდეგ, განსაკუთრებით ბაღებში.

    • ასტროვირუსი: იწვევს დიარეის შემთხვევების 4-7%-ს ბაღებში. ცნობილია, როგორც მცირეწლოვანი ბავშვების ნოზოკომიური დაავადება.[36][37] ასტროვირუსი ასევე იწვევს დაავადებას იმუნოკომპრომისულ პირებში და ხანდაზმულ, ინსტიტუციონალიზებულ პაციენტებში.[38] ნოროვირუსისგან განსხვავებით, ასტროვირუსი იშვიათად იწვევს ეპიდემიურ გასტროენტერიტს.

  • პარაზიტული/პროტოზოული ინფექციები

    • Entamoeba histolytica: მსოფლიო მასშტაბით, ამ მიკროორგანიზმით ინფიცირების შედეგად, ყოველწლიურად კოლიტით ან ექსტრაინტესტინური დაავადებით ავადდება დაახლოებით 40-50 ადამიანი, საიდანაც დაახლოებით 40,000 შემთხვევა ფატალურად სრულდება.[39] ხშირად უსიმპტომოა. კლინიკურ ამებიაზს, როგორც წესი, ქვემწვავე გამოვლინება აქვს, 1-3 კვირის განმავლობაში. სიმპტომები ვარიაბელურია და შეიძლება იყოს როგორც მსუბუქი დიარეა, ასევე მძიმე დიზინტერია, მუცლის ტკივილი (12-80%), დიარეა (94-100%) და სისხლიანი განავალი (94-100%). წონის კლება ვლინდება პაციენტების 50%-ზე ცოტა ნაკლებში.[40] ასევე გვხვდება ცხელება.

    • Giardia lamblia: იწვევს როგორც ეპიდემიურ, ასევე სპორადულ დაავადებას. არის წყლისმიერი და საკვებისმიერი დიარეის, საბავშვო ბაღის ეპიდაფეთქებების, ასევე საერთაშორისო მოგზაურების და შვილად აყვანილების დიარეის მნიშვნელოვანი ეტიოლოგია.[41] იგი უფრო ხშირად იმუნოგლობულინის A-ს დეფიციტის მქონე პირებში გვხვდება. დიაგნოზი დგინდება Giardia-ს ანტიგენის განავლის ტესტით (გააჩნია უფრო მაღალი მგრძნობელობა, ვიდრე განავალში კვერცხებისა და პარაზიტების გამოვლენის ტესტს).

    • Cryptosporidium: გავრცელებულია 1976 წლიდან, თუმცა გახდა უფრო პრევალენტური აივ/შიდსის გაზრდილი პრევალენტობის, ტრანსპლანტანტების და იმუნოსუპრესიის საჭიროების მატების, ამასთანავე, მოსახლოების საშუალო ასაკის ზრდის პარალელურად.[42] დიარეა შეიძლება იყოს როგორც მწვავე, ასევე ქრონიკული; გარდამავალი, ხანგამოშვებითი ან უწყვეტი; მცირე ან დიდი მოცულობის, შეიძლება გამოვლინდეს 25 ლ/დღე-მდე წყლიანი განავალი.

    • მიკროსპორიდიოზი: მოგზაურთა დიარეის ნაკლებად ცნობილი მიზეზი, რომელიც ჯანმრთელ მასპინძლებში გვხვდება. ასევე ასოცირებულია ქრონიკულ დიარეასთან იმუნოკომპრომისულ პირებში.

    • Cuclospora: ეს მიკროორგანიზმი იწვევს მოგზაურის გახანგრძლივებულ დიარეას.[43] ინფიცირებულ პირებში შეიძლება გამოვლინდეს ერთი, თვითგანკურნებადი ეპიზოდი. თუმცა, ხშირია სიმპტომების გახანგრძლივებული, მორეციდივე მიმდინარეობა, რაც კვირებს და თვეებს გასტანს.[44]

    • ჰელმინთური პარაზიტები (ჭიები) (გარდა Strongyloides-სა იმუნოკომპრომისულ პირებში) იშვიათად იწვევენ დიარეას.

არაინფექციური დიარეა

  • მედიკამენტები: რიგი მედიკამენტებისა განაპირობებს მწვავე დიარეას. მათი არასრული ჩამონათვალია: მაგნიუმის შემცველი ანტაციდები; ანტიარითმიული საშუალებები (ქინიდინი); ანტიბიოტიკები (როგორც პირველადი მიზეზი ან C difficile-ს ინფექციის გზით განპირობებული); ანტიჰიპერტენზიული მედიკამენტები (ბეტა-ბლოკერები, ჰიდროქლოროთიაზიდი); ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები (არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები, ოქროს მარილები); ანტინეოპლაზიური აგენტები; ანტირეტროვირუსულ იაგენტები; მჟავიანობის შემამცირებელი აგენტები (ჰისტამინის H2-რეცეპტორის ანტაგონისტები, პროტონის ტუმბოს ინჰიბიტორები); კოლხიცინი; პროსტაგლანდინის ანალოგები (მიზოპროსტოლი); თეოფილინი; ვიტამინები და მინერალური დანამატები; მცენარეული პროდუქტები; მძიმე მეტალები; და ყაბზობის საწინააღმდეგო მედიკამენტების ჭარბი მოხმარება.[45] მექანიზმი განსხვავდება მედიკამენტურ ჯგუფებს შორის. ამ მედიკამენტების უმეტესი ნაწილი სავარაუდოდ იწვევს სეკრეტორულ დიარეას.

  • მწვავე დიარეა შეიძლება იყოს ქრონიკული დიარეის პირველი გამოვლინებაც, მაგალითად ნაწლავის ანთებითი დაავადების, იშემიის და რადიაციული დაზიანების დროს.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას