მიდგომა
მცენარით მოწამვლის უმრავლეს შემთხვევაში მკურნალობის ქვაკუთხედია სიმპტომური თერაპია და დამხმარე მოვლა. რაიმე სპეციფიკური მკურნალობა ან ანტიდოტი საჭიროა მცენარეების ძალიან მცირე რაოდენობის სახეობასთან ექსპოზიციის დროს.[40] ასიმპტომურ პაციენტებზე, რომელთაც მოგვმართეს შეფასებისთვის პოტენციურად შხამიანი მცენარის მოხმარების შემდეგ, დაკვირვება უნდა მოხდეს რამდენიმე საათის განმავლობაში და ძალისხმევა მიმართული იყოს მცენარის სწორად ამოცნობისკენ. გააქტივებული ნახშირი მცენარით მოწამვლის უმრავლეს შემთხვევაში ნაკლებად სასარგებლოა, ვინაიდან მცენარის მიღება ძალიან ხშირად თავად იწვევს ღებინებას. არ არსებობს ხელმისაწვდომი მონაცემები, თუ რამდენად კარგად უკავშირდება მცენარესა ან ბოსტნეულში არსებული ნივთიერებები გააქტივებულ ნახშირს; ნებისმიერი მცენარის ექსტრაქტი ან მათი ნახარში თხევადია და სწრაფად შეიწოვება. იმ მცენარეებით მოწამვლის შემთხვევაში, რომელთა მიღება იწვევს კომას და გულყრებს ან ცენტრალური ნერვული სისტემის დათრგუნვას, თავი უნდა შევიკავოთ გააქტივებული ნახშირის გამოყენებისგან, სანამ არ იქნება დაცული სასუნთქი გზების უსაფრთხოება და თავიდან აცილებული ასპირაციის რისკი. ზოგიერთი ძლიერტოქსიკური მცენარეებით მოწამვლის შემთხვევაში (მაგ., სათოვლია) შეიძლება განიხილებოდეს გააქტივებული ნახშირის გამოყენება და/ან ნაწლავების სრული ირიგაცია.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეფექტები
მცენარის ტოქსინით გამოწვეული გულისრევის, ღებინების, მუცლის სპაზმური ტკივილის და დიარეის კონტროლი შესაძლოა რთული გახდეს. შეიძლება ინტრავენური სითხის, ღებინების საწინააღმდეგო, კუჭის მჟავიანობის დამაქვეითებელი აგენტებისა და მკურნალობის სხვა მეთოდების გამოყენება, თუმცა აღნიშნული საშუალებები მცენარით ინდუცირებული გასტროენტერიტის სიმპტომების კონტროლისთვის შესაძლოა საკმარისი არ აღმოჩნდეს.
ჰეპატოტოქსიკური ეფექტები
მცენარეებით მოწამვლის დროს ანტიდოტების გამოყენების თაობაზე მონაცემები ძალიან მწირია. N-აცეტილცისტეინით გარკვეული წარმატებით უკვე ფართოდ გამოიყენება პიროლიზიდინური ალკალოიდების და ომბალოს ზეთის მოხმარების შედეგად განვითარებული ღვიძლის დაზიანების დროს. იმის გათვალისწინებით, რომ არ არსობობს N-აცეტილცისტეინის გამოყენების მნიშვნელოვანი უკუჩვენება, ის რეკომენდებულია მცენარით ინდუცირებული ჰეპატოტოქსიკურობის დადასტურებულ ან შესაძლო შემთხვევებში.[41]
პაციენტებს, რომელთაც აღენიშნებათ გახანგრძლივებული აციდოზი (pH <7.3) მაქსიმალური რეანიმაციული ძალისხმევის მიუხედავად ან ღვიძლის სინთეზური ფუნქციის დარღვევა (მაგ. კოაგულოპათია), ჰეპატოტოქსიკურობის ოპტიმალური მართვისთვის ესაჭიროებათ რეფერალი ღვიძლის ტრანსპლანტაციის ცენტრში. ღვიძლის დაზიანების ნიშანი და შრატში ამინოტრანსფერაზების ან ბილირუბინის მატება თავისთავად არ წარმოადგენს ღვიძლის ტრანსპლანტაციის მიზეზს.
კარდიული ეფექტები
ტაქიკარდიის სტანდარტული მკურნალობა, რაც მოიცავს ინტრავენური ბენზოდიაზეპინების გამოყენებას პაციენტის სედაციისათვის და ამასთანავე, კატექოლამინების გადინების შემცირებას, ნაჩვენებია იმ მცენარეებით მოწამვლის შემთხვევაში, რომელიც იწვევს სიმპატომიმეტურ ან ანტიმუსკარინულ კარდიულ ეფექტებს. ბრადიკარდიის მკურნალობა უნდა ჩატარდეს ჰემოდინამიკური დარღვევის სიმძიმისა და პარკუჭშიდა გამტარებლობის დაყოვნების გათვალისწინებით, ატროპინის, ვაზოპრესორების/ინოტროპული საშუალებების და პეისმეიკერის (ჩვენების მიხედვით) გამოყენებით.
აღწერილია რამდენიმე შემთხვევა დიგოქსინ-სპეციფიკური ანტისხეულის ფრაგმენტების (digoxin immune Fab) გამოყენების თაობაზე ბრადიკარდიისა და ჰიპოტენზიის სამკურნალოდ პაციენტებში, რომლებიც მოიწამლნენ საგულე გლიკოზიდების შემცველ მცენარეთა კონცენტრატების მიღების შემდეგ.[9][42] დიგოქსინ-სპეციფიკური ანტისხეულის ფრაგმენტები განსხვავებული წარმატებით უკავშირდება საგულე გლიკოზიდებს და მისი ინაქტივაციით ახდენს შემდგომი ტოქსიკური ეფექტის პრევენციას.
მწირ მონაცემებზე დაყრდნობით, ამიოდარონი და ფლეკაინიდი არჩევის პირველი რიგის მკურნალობაა აკონიტინთან დაკავშირებული პარკუჭოვანი არითმიების დროს, თუ არითმია არ არის დაკავშირებული QTc ინტერვალის გახანგრძლივებასთან. აკონიტინი ბლოკავს კალიუმის გამმართველ შიდა ნაკადს, რამაც შესაძლოა გააუარესოს QTc ინტერვალის გახანგრძლივება. ცხოველებზე ჩატარებულმა ორმა კვლევამ აჩვენა, რომ მაგნიუმის მაღალი დოზა თრგუნავს ადრეულ შემდგომ დეპოლარიზაციას და ამცირებს აკონიტინის ტოქსიკურობასთან დაკავშირებულ მოქმედების პოტენციალის ხანგრძლივობას, რის შედეგადაც წყდება პოლიმორფული პარკუჭოვანი ტაქიკარდია.[43][44] ორი წარმატებული შემთხვევაა აღრიცხული, სადაც მონოთერაპიის სახით მაგნიუმი იყო გამოყენებული.[45][46] აკონიტინთან დაკავშირებული პარკუჭოვანი არითმიის უმეტესი ნაწილი ხშირად რეფრაქტერულია კარდიოვერსიის მიმართ. თუ აღნიშნული მკურნალობა წარუმატებელია და კარდიოგენული შოკია გამოხატული, შეიძლება განხილული იყოს: ექსტრაკორპორალური კარდიოვასკულური მხარდაჭერა ინტრააორტული ბალონური ტუმბოს დახმარებით, ექსტრაკორპორალური მემბრანული ოქსიგენაცია, მარცხენა პარკუჭის დამხმარე მოწყობილობა ან კარდიოპულმონური აორტოკორონარული შუნტირება.[10][43][44][45][46] გამტარებლობის შეფერხების დროს შეიძლება განხილული იყოს მაგნიუმის სულფატის გამოყენებაც.
ნევროლოგიური ეფექტები
მცენარის მოწამვლით გამოწვეული ნევროლოგიური ტოქსიკურობა საჭიროებს მკურნალობას ბენზოდიაზეპინებით, რათა შემცირდეს კატექოლამინების სიჭარბე და გაიზარდოს გულყრების განვითარების ზღურბლი. რადგანაც მცენარეებით გამოწვეული გულყრების დიდი ნაწილის აქტივობა გამაამინოერბომჟავას (GABA) ინჰიბირებას უკავშირდება, ბენზოდიაზეპინების გარდა შეიძლება ეფექტური იყოს სხვა GABA აგენტები. ესაა: ბარბიტურატები, მათ შორის ფენობარბიტალი, რომელიც გახანგრძლივებული მოქმედებისაა და შეუძლია განმეორებითი გულყრების კონტროლი. ის მოქმედებს ბენზოდიაზეპინების სინერგიულად. ფენობარბიტალის ალტერნატივაა პროპოფოლი, GABA აგონიზმისა და NMDA ანტაგონიზმის გამო.
ციანიდით მოწამვლა
მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ლიტერატურაში აღწერილი არ არის, ციანოგენური გლიკოზიდებით (მაგ. კასავა ან კურკოვანი კულტურები) მოწამლული სიმპტომური პაციენტების მკურნალობა ლოგიკურად, უნდა ჩატარდეს ციანიდის ანტიდოტით. Nithiodote® შეიცავს ნატრიუმის ნიტრიტს და ნატრიუმის თიოსულფატს. ალტერნატიულად, CyanoKit® შეიცავს ჰიდროქსოქობალამინს და აჩვენა ეფექტურობა ციანიდით მოწამლული პაციენტების მკურნალობაში. ორივე ეს პრეპარატი გამოსაყენებლად არის უსაფრთხო ზოგიერთი ინსტიტუტი თვლის, რომ ჰიდროქსოქობალამინი ამ ორიდან უფრო უსაფრთხოა, მაგრამ არ არსებობს მონაცემები, რომლებიც აჩვენებენ ჰიდროქსოქობალამინის გაზრდის ეფექტურობას ან უსაფრთხოებას ნატრიუმის ნიტრიტზე/ნატრიუმის თიოსულფატზე მცენარეთა მოწამვლისას. ამ ნაკრების ბრენდის სახელები არის აშშ-ს ბრენდის სახელები და ისინი შეიძლება განსხვავდებოდეს სხვა ქვეყნებში; გაიარეთ კონსულტაცია თქვენი ადგილობრივი წამლის ფორმულირებით ან პროტოკოლით
თუ ციანიდის ანტიდოტები ხელმისაწვდომი არ არის, დამხმარე ღონისძიებების (მაგ., ოქსიგენაციის და ინტუბაციის) სათანადოდ ჩატარება ხშირად დაკავშირებულია კარგ გამოსავალთან.
ჰემატოლოგიური ტოქსიკურობა და მიელოტოქსიკურობა
ჰემატოლოგიური ტოქსიკურობისა და ძვლის ტვინის სუპრესიის (მიელოტოქსიკურობის) მკურნალობა დამხმარეა. ყველაზე მნიშვნელოვანი ჩარევაა ტოქსინთან ექსპოზიციის შეწყვეტა. თუ პაციენტს აღენიშნება ანემია, თრომბოციტოპენია ან ნეიტროპენია, შეიძლება საჭირო გახდეს შესაბამისი უჯრედების ტრანსფუზია. პანციტოპენია და სისხლის ყველა შტოს ზოგადი დაქვეითება ლეიკოციტების ჩათვლით (ნეიტროპენია) იწვევს იმუნუკომპრომისს, რის გამოც საჭიროა ინფექციებზე გაძლიერებული მონიტორინგი. სასარგებლო დამატებითი ნაბიჯი შეიძლება იყოს ერითროპოეტინის ან გრანულოციტების მასტიმულირებელი ფაქტორის გამოყენება. მცენარით გამოწვეული მიელოტოქსიკურობის სამკურნალოდ არ არსებობს სპეციფიკური მკურნალობა ან ანტიდოტი.
სისხლდენას
იმ შემთხვევაში, თუ სისხლდენა გამოწვეულია მცენარიდან გამოყოფილი კუმარინული ნარევით, K ვიტამინის გამოყენებამ შეიძლება შეაჩეროს კოაგულოპათია. K ვიტამინის ანტაგონისტებით მკურნალობაზე მყოფი პაციენტების მართვის რეკომენდაციები INR-ის (საერთაშორისო ნორმალიზებული თანაფარდობის) მომატებისას შეიძლება შეიცვალოს ინდივიდუალურად, თუ დაფიქსირდა მცენარეული კუმარინის დერივატების მოწამვლით გამოწვეული კოაგულოპათია. აღნიშნული რეგულირდება ადგილობრივი სპეციალისტის პროტოკოლით.[47]
დერმატოლოგიური ტოქსიკურობა
საპნითა და წყლით დეკონტამინაციის შემდეგ მცენარით მოწამვლის დერმატოლოგიური გამოვლინების უმეტესობა ექვემდებარება ტოპიკური ემოლიენტებითა და კორტიკოსტეროიდებით მკურნალობას.
მულტიორგანული ტოქსიკურობა: ნიკოტინური ტოქსიკურობა
ნიკოტინით მოწამვლა შეიძლება რთული სამართავი იყოს, მძიმე ავტონომიური არამდგრადობის გამო. დამხმარე მოვლა გადამწყვეტია, ინტენსიურ კარდიოპულმონურ მონიტორინგთან და აციდემიის კორეგირებისთვის ინტრავენურად სითხის გადასხმასთან ერთად. ბენზოდიაზეპინები ნაჩვენებია გულყრების, აგზნების და ჰიპერტენზიის სამკურნალოდ; ვაზოპრესორები გამოიყენება ჰიპოტენზიის მკურნალობისთვის.
მულტიორგანული ტოქსიკურობა: ანტიმუსკარინული ტოქსიკურობა
ანტიმუსკარინული ტოქსიკურობის მკურნალობა პირველ რიგში გულისხმობს დამხმარე მოვლას, კარდიოპულმონურ და ტემპერატურის მონიტორინგს და ინტრავენური სითხის გადასხმას. გულყრები და ტაქიკარდია, როგორც წესი, ექვემდებარება ბენზოდიაზეპინებით მკურნალობას. ფიზოსტიგმინი შეიძლება ნაჩვენები იყოს პაციენტებში, მკაფიოდ გამოხატული ანტიმუსკარინული ტოქსიდრომით და მნიშვნელოვანი ცენტრალური ტოქსიკურობით, რომელსაც ახასიათებს შეცვლილი ფსიქიკური მდგომარეობა, კერძოდ, დელირიუმი, რაც საჭიროებს ქიმიურ და/ან ფიზიკურ გაკავებას. ანტიმუსკარინული ტოქსიკურობის დროს ფიზოსტიგმინის გამოყენების შემთხვევები იზრდება და არსებობს სულ უფრო მეტი მტკიცებულება, რომ ის ეფექტურია და აქვს მინიმალური ქოლინერგული გვერდითი ეფექტები.[48][49]Physostigmine არ არის კომერციულად ხელმისაწვდომი შეერთებულ შტატებში, მაგრამ ის შეიძლება იყოს ხელმისაწვდომი დროებითი იმპორტის სერვისით საკვებისა და წამლების ადმინისტრაციის მეშვეობით.[38][39]ფიზოსტიგმინი შეიძლება ასევე არ იყოს ხელმისაწვდომი სხვა ქვეყნებში; გაიარეთ კონსულტაცია თქვენი ადგილობრივი წამლის ფორმულირებისთვის. ფიზოსტიგმინის გამოყენებამდე რეკომენდებულია ეკგ-ს ჩატარება, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს არითმიები. არ არის რეკომენდებული ტრიციკლური ანტიდეპრესანტებით საეჭვო ან ცნობილი ინტოქსიკაციის მქონე პაციენტებში. ფიზოსტიგმინის გამოყენებამდე რეკომენდებულია კონსულტირება ტოქსიკოლოგიის ცენტრთან ან სამედიცინო/კლინიკურ ტოქსიკოლოგთან, რადგან საჭიროა შესაბამისი გარემო და მონიტორინგი.
თუ ფიზოსტიგმინი არ არის ხელმისაწვდომი, ზოგიერთი ექსპერტი გვირჩევს რივასტიგმინის გამოყენებას; თუმცა, ეს არის არალეიბლური გამოყენება.[50]
მულტიორგანული ტოქსიკურობა: მუსკარინული ტოქსიკურობა
მუსკარინული ტოქსიკურობა პირველ რიგში გულისხმობს დამხმარე მოვლას, კარდიოპულმონურ და ტემპერატურის მონიტორინგსა და ინტრავენურად სითხის გადასხმასთან ერთად. ბრადიკარდიისა და ჰიპოტენზიის მკურნალობა ტარდება ატროპინით და ვაზოპრესორებით/ინოტროპულებით ან ჩვენების მიხედვით, პეისმეიკერის გამოყენებით. ატროპინის გამოყენება ასევე შეიძლება ფილტვის შეშუპების სამკურნალოდ, რასაც ემატება ოქსიგენაცია, სუნთქვის დამხმარე დამატებითი თერაპია, ენდოტრაქეული ინტუბაცია და საჭიროებისამებრ- მექანიკური ვენტილაცია. იპრატროპიუმი შეიძლება გამოგვადგეს ბრონქოსპაზმის მოსახსნელად. გულყრების მკურნალობა ტარდება ბენზოდიაზეპინებით.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას