მიდგომა
პოლიოვირუსული ინფექციის კლინიკური გამოვლინება დამოკიდებულია პაციენტის იმუნურ სტატუსზე და ვირუსის გამრავლებაზე გასტროინტესტინურ ტრაქტსა და ნერვულ სისტემაში. პოლიომიელიტის შესაძლო შემთხვევის შესახებ (მწვავე დუნე დამბლით ან მის გარეშე) აუცილებლად უნდა ეცნობოს ჯანდაცვის ადგილობრივ ორგანოს. ჯანმრთელობის საერთაშორისო რეგულაციების მიხედვით ყველა ქვეყანა ვალდებულია WHO-ს შეატყობინოს პოლიოს შემთხვევის შესახებ.[1] ასევე აუცილებელია გარემოში აღმოჩენილი ბუნებრივი პოლიოვირუსის შესახებ WHO-ს შეტყობინება (როგორც წესი, ჯანდაცვის ადგილობრივი ორგანოების მიერ). მწვავე პოლიომიელიტი დიდ ბრიტანეთში შეტყობინებადი დაავადებაა.
ანამნეზი.
პარალიზური პოლიომიელიტის ძირითადი ანამნეზური ფაქტორებია: ასაკი <36 თვე, აუცრელი სტატუსი, ცხოვრება ან მოგზაურობა პოლიოვირუსის ენდემურ ქვეყანაში, გასტროინტესტინური პროდრომი. თანდაყოლილი ან შეძენილი იმუნოდეფიციტის მქონე პაციენტები მეტად მოწყვლადი არიან პოლიოვირუსის პერორალურ ვაქცინაში შემავალი შესუსტებული ვირუსით ინფექციის მიმართ.
პოლიოვირუსის შემთხვევათა უმეტესობა უსიმპტომოა (90-95%), თუმცა ზოგიერთ ბავშვს აღენიშნება ვირუსული გასტროენტერიტის მსგავსი სიმპტომები, როგორიცაა დაღლილობა, ცხელება, გულისრევა, ღებინება და დიარეა. სიმპტომები, როგორც წესი, 5 დღეზე მეტს არ გასტანს. ზოგიერთი პაციენტი შეიძლება უჩიოდეს ყელის ტკივილს, თავის ტკივილს, ფოტოფობიას - მენინგეალური ანთების ნიშნებს.
ინფიცირებული პირების 1%-ზე ნაკლებს ექნება მწვავე დუნე დამბლა. ინკუბაციურ პერიოდში ინტრამუსკულარული ინექციების გაკეთება ასოცირებულია მწვავე დუნე დამბლასთან. თავდაპირველი კლინიკური ნიშნებია: დაღლილობა, ცხელება, გულისრევა, ღებინება (მსუბუქი ავადმყოფობის ნიშნები); შემდგომში შეიძლება განვითარდეს მძიმე ავადმყოფობა, ტიპურ შემთხვევებში ქვედა კიდურების ასიმეტრიული სისუსტითა და დამბლით. დამბლის მაქსიმალური ხარისხი აღინიშნება დამბლის სიმპტომების გამოვლენიდან 1 კვირაში.
მწვავე დუნე დამბლის შემთხვევათა უმცირესობა მძიმდება სიცოცხლისათვის საშიში ბულბური დამბლითა და რესპირატორული ფუნქციების დარღვევით.[1][39]
პოლიომიელიტის შემდგომი სინდრომი შეიძლება განვითარდეს მწვავე პოლიომიელიტის გადატანიდან წლების ან ათწლეულების შემდეგ; პაციენტები უჩივიან დაღლილობას, სისუსტესა და კუნთების განლევას. აღნიშნული მდგომარეობა, როგორც წესი, მოიცავს კუნთების იმ ჯგუფს, რომელიც თავდაპირველი ავადმყოფობის დროს იყო დაზიანებული.[39][40]
გამოკვლევა
მსუბუქი ავადმყოფობისა და ვირუსული გასტროენტერიტის დროს ბავშვები უჩივიან სითხის მოცულობის შემცირების სიმპტომებს, ცხელებას და მუცლის ტკივილს. გასინჯვით ვლინდება პარალიზური პოლიომიელიტის ნიშნები, მაგ. ასიმეტრიული დამბლა ან კიდურების მამოძრავებელი ფუნქციის მნიშვნელოვანი დაქვეითება, განსაკუთრებით ქვედა კიდურებში. ზოგადად შენახულია მგრძნობელობა, შესუსტებულია ღრმა მყესების რეფლექსები დაზიანებულ კიდურში და შემდგომში ვითარდება კიდურის კუნთების ატროფია.[1][39][Figure caption and citation for the preceding image starts]: ბავშვი, რომელსაც პოლიომიელიტის გამო მარჯვენა კიდურის დეფორმაცია აღენიშნებაCDC Public Health Image Library [Citation ends].
ბულბური პარალიზური პოლიომიელიტის დროს რესპირატორული უკმარისობა წარმოადგენს გადაუდებელ მდგომარეობას და შეიძლება განვითარდეს დამბლის მქონე პაციენტებში. აღნიშნული მდგომარეობის სიკვდილობის მაჩვენებელი 60%-ს აღწევს.[27]
კვლევები
დიაგნოზი კლინიკურია. დიაგნოზის დადგენა ასევე შესაძლებელია პოლიოვირუსის 3 შტამიდან რომელიმეს გამოყოფით განავლის ნიმუშში (უხშირესი მეთოდი), თავზურგტვინის სითხეში ან პირის ღრუს სეკრეტში. შრატში ანტისხეულების არსებობა ნაკლებად დაგვეხმარება, რადგანაც ანტისხეული შეიძლება ჰქონდეს აცრილ ბავშვს, ასევე მანამდე პოლიოვირუსულ ინფექციაზე ექსპოზირებულ პაციენტს, რომელსაც სიმპტომური ავადმყოფობა არ ჰქონია.[1][41]
ექიმს, როგორც წესი, არ უხდება პოლიოს დიაგნოსტირებისთვის ნიმუშების შეგროვება. დასავლეთ ჰემისფეროში (სადაც პოლიოვირუსი აღმოფხვრილია) ნიმუშების შეგროვებას უძღვება ჯანდაცვის ადგილობრივი ორგანო. როგორც წესი, შრატისა და განავლის ნიმუშები გროვდება ჯანდაცვის ადგილობრივი ორგანოს მიერ და იგზავნება აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრებში ან სხვა რეგიონულ რეფერალურ ლაბორატორიაში ტესტირებისათვის. დგინდება შტამი ბუნებრივია თუ ვაქცინასთან დაკავშირებული.
შრატის ნიმუშების აღება რეკომენდებულია წითელთავსახურიან ან სხვა სინჯარაში, რომელიც არ შეიცავს ანტიკოაგულანტს, როგორც მწვავე (მწვავე დუნე დამბლის დაწყებისთანავე), ასევე კონვალესცენტურ (მწვავე ფაზიდან სულ მცირე 3 კვირის შემდეგ) ფაზაში. როგორც წესი, ვირუსული კულტურების კონტეინერებში იღებენ განავლის ორ ნიმუშს და ხახის ორ ნაცხს. ორივე ნიმუში უნდა აიღონ მწვავე ავადმყოფობის პერიოდში, სულ მცირე 24 საათის ინტერვალით. სეროლოგიური ტესტირება ტიპურ შემთხვევებში მოიცავს IgG-ს, ხოლო განავლის/ხახის ნიმუში იგზავნება კულტივირებისათვის. თავზურგტვინის სითხის ნიმუშს რუტინულად არ იღებენ თუმცა მისი ლაბორატორიული შესწავლა შეიძლება საჭირო გახდეს სხვა მდგომარეობის გამოსარიცხად, როგორიცაა ენცეფალიტი ან მენინგიტი.
MRI შეიძლება დაგვეხმაროს წინა რქის ჩართულობისა და ზურგის ტვინის ანთების შეფასებაში, ასევე მსგავსი გამოვლინების მქონე სხვა დაავადების გამორიცხვაში.[1] პოლიომიელიტის სადიაგნოსტიკოდ მისი გამოყენება შეზღუდულია. ელექტრომიოგრაფია და ნერვის გამტარებლობის კვლევები შეიძლება დაგვეხმაროს პარალიზური პოლიომიელიტისა და პოლიომიელიტის შემდგომი სინდრომის დროს.[40] მიუხედავად იმისა, რომ კლინიკური გამოვლინება საკმარისია დამბლის სადემონსტრაციოდ, აღნიშნული კვლევები ადასტურებენ გასინჯვით მიღებულ მონაცემებს და გვეხმარებიან პარალიზის სხვა მიზეზების გამოსაკვლევად როცა პოლიომიელიტის შემდგომი სინდრომი ერთ-ერთი დიფერენციული დიაგნოზია.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას