ეტიოლოგია
საშარდე გზების ინფექცია (UTI) ვითარდება საშარდე გზებში პათოგნომური მიკროორგანიზმების შეღწევისა და მათი განადგურების წარუმატებლობის შედეგად. ბაქტერია, როგორც წესი, ნაწლავური წარმოშობისაა და აღმავალი გზით ვრცელდება შარდსადინარში; შესაბამისად, ქალებსა და მამაკაცებში UTI-ის უმეტეს შემთხვევაში იწვევს Escherichia coli.[5][12][13][14]
თუმცა, მამაკაცებში უფრო ხშირად აღინიშნება UTI, რომელიც კლასიფიცირდება როგორც რთული და ასოცირდება გამომწვევი ორგანიზმების მრავალფეროვან ჯგუფთან. მამაკაცებში UTI-ის იწვევენ სხვა გრამ-უარყოფითი ბაქტერიებიც, როგორიცაა Klebsiella, Proteus და Providencia.[3][6][12][13][14] საშარდე გზების გართულებული ინფექციის შემთხვევაში გვხვდება გრამ-დადებითი მიკროორგანიზმებიც. ჩატარებულმა 5-წლიანმა კვლევამ მამაკაცი ვეტერანების მონაწილეობით აჩვენა, რომ არაჰოსპიტალური ინფექციების 40% და ჰოსპიტალური ინფექციების 55% გამოწვეული იყო ისეთი მიკროორგანიზმებით, როგორიცაა ენტეროკოკი და სტაფილოკოკი.[15] თუ საშარდე გზების ინფექცია ვითარდება გრძელვადიანი მოვლის დაწესებულებებში ან კათეტერიზაციის შედეგად, გასათვალისწინებელია ფსევდომონას, კანდიდას და რეზისტენტული მიკროორგანიზმების არსებობა[16][17]
პათოფიზიოლოგია
საშარდე გზების ინფექცია (UTI) ვითარდება მაშინ, როცა ირღვევა ბალანსი მასპინძელი ორგანიზმის დამცავ მექანიზმებსა და ინვაზიური ორგანიზმების ვირულენტობას შორის.[18] მაგალითად, აივ ინფექციის შედეგად იმუნოდეფიციტურ მამაკაცებს ხშირად აქვთ საშარდე გზების ინფექცია.[3][19] კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დაცვითი მექანიზმი შარდის დინებაა. აღნიშნული დაცვითი მექანიზმის დარღვევა ხელს უწყობს მამაკაცებში საშარდე გზების ინფექციების განვითარებას და ინფექციის გართულებას. ჩვეულებრივ, გართულებული ინფექცია გამოწვეულია საშარდე ტრაქტის სტრუქტურული ან ფუნქციური დარღვევებით, რომელიც ხელს უშლის შარდის დინებას, მაგ.:[1]
წინამდებარე ჯირკვლის დაავადებები
კენჭები შემკრებ სისტემაში ან თირკმელში
გარე სადრენაჟო მოწყობილობები ან შიდა მოწყობილობები, მაგ. სტენტები
საშარდე ტრაქტის ცვლილებით მიმდინარე ოპერაცია
რეფლუქსი შარდის ბუშტსა და შარდსაწვეთს შორის
შარდის ბუშტის ნეიროგენული დისფუნქცია (ნეიროგენული შარდის ბუშტი}, მათ შორის გამოწვეული შაქრიანი დიაბეტით.
მამაკაცებში კვლევებით ხშირად დგინდება შარდის დინების დარღვევა, როგორც საშარდე გზების ინფექციის ხელშემწყობი ფაქტორი, წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერპლაზიის, საშარდე კენჭების ან შარდსადინრის სტრიქტურის გამო.[16][20][21][22] მამაკაცებში საშარდე გზების ინფექციების ეპიდემიოლოგიის მიმოხილვის შედეგად მტკიცდება ჰიპოთეზა იმის შესახებ, რომ შარდის დინება მნიშვნელოვანია საშარდე გზების ინფექციის პათოფიზიოლოგიისათვის.
ასაკის მატებასთან ერთად, გართულებული ინფექციების ინსიდენტობა იმატებს, რაც აისახება ხანდაზმულ მამაკაცებში საშარდე გზების ინფექციების ინსიდენტობაზე. საშარდე გზების სტრუქტურული ან ფუნქციური დარღვევები უფრო ხშირად გვხვდება ხანდაზმულ მამაკაცებში.[13] საშარდე გზების ინციდენტობა ყველაზე მაღალი იმ მამაკაცებშია, რომლებიც გრძელვადიანი მოვლის დაწესებულებებში ცხოვრობენ.[9]
სხვა რისკ ფაქტორებს მიეკუთვნება ანალური სქესობრივი კავშირის ისტორია, რომელიც ასოცირდება უროლოგიურ სიმპტომებთან და ინფექციასთან როგორც მამაკაცებში, ასევე ქალებში.[23] ერთ კვლევაში, საშარდე გზების ინფექცია უფრო ხშირი იყო მამაკაცებში, რომლებსაც აქვთ სექსი მამაკაცებთან, ვიდრე მამაკაცებში, რომლებსაც აქვთ სექსი მარტო ქალებთან.[24]
ვაგინალურმა სქესობრივმა აქტმა ასევე შეიძლება გამოიწვიოს UTI, თუ საშო კოლონიზებულია პათოგენური ორგანიზმებით.[19]
საერთო ჯამში, მამაკაცებში საშარდე გზების ინფექციის განვითარების ხელშემწყობი ფაქტორებია მასპინძლის დაცვითი მექანიზმების მოშლა და შარდის დინების დარღვევა.
კლასიფიკაცია
ნოზოკომიური ან საზოგადოებაში შეძენილი
საშარდე გზების ნოზოკომიური (სამედიცინო დაწესებულებასთან დაკავშირებული) ინფექცია გულისხმობს პათოგენური ორგანიზმებით ინფიცირებას სამედიცინო დაწესებულებაში, მაშინ როცა არაჰოსპიტალური ინფექცია ასეთი დაწესებულების გარეთ ვითარდება.
გართულებული
საშარდე გზების გართულებული ინფექცია გულისხმობს, სხვა ფაქტორების არსებობას, რომლებიც ხელს უშლიან მკურნალობის ეფექტურობას, მაგ.:[1][2][3]
საშარდე გზების სტრუქტურული ან ფუნქციური პათოლოგიები
იმუნოდეფიციტი (მაგ. აივ ინფექცია)
მუდმივი კათეტერი
რეზისტენტული მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექცია.
მამაკაცებში საშარდე გზების ინფექცია ხშირად რთულდება.
განმეორებითი
საშარდე გზების განმეორებითი ინფექცია გამოწვეულია არასაკმარისად ნამკურნალები, პერსისტენტული ინფექციით ან ახალი ინფექციით.
უსიმპტომო ბაქტერიურია
თუ პაციენტის ერთი ნიმუშის კულტურაზე ≥10⁵ კოლონიის წარმომქმნელი ერთეული/მლ-ზე გვხვდება, თუმცა პაციენტს არ აწუხებს დიზურია, გახშირებული ან გაძლიერებული შარდვა, ბოქვენზედა ან ნეკნ-ხერხემლის კუთხის ტკივილი, მდგომარეობას ეწოდება უსიმპტომო ბაქტერიურია.[4]
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას