მიდგომა
ეს არის უმნიშვნელო ავადმყოფობა, რომელიც ვლინდება რამდენიმე დღით და ახასიათებს ცხელება და შედარებით მსუბუქი ნიშნები და სიმპტომები. დიაგნოზი ძირითადად კლინიკურია, ეფუძნება ტიპიურ ანამნეზსა და დამახასიათებელ კლინიკურ ნიშნებს. ტესტირება ძირითადად არ არის საჭირო, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ეჭვია 71 ტიპის ენტეროვირუსზე (EV71). EV71 იწვევს დაავადების მძიმე ფორმას, რომელიც საჭიროებს მეტ კვლევას გართულებების ადრეულ ეტაპზე აღმოსაჩენად.
ანამნეზი
შემთხვევათა უმეტესობაში, პაციენტი არის <10 წლის და ცხადდება კლინიკაში სწრაფად განვითარებული ნიშნებით: სუბფებრილური ცხელება, უმადობა, ყელის ტკივილი, ხველა, მუცლის ტკივილი, დიარეა და ზოგადი შეუძლოდ ყოფნის შეგრძნება. ზოგჯერ ვლინდება ართრალგია. ეს პროდრომული პერიოდი შეიძლება გაგრძელდეს 3-4 დღეს. პერიოდს ტიპურად მოსდევს პირის ღრუს ლორწოვან გარსზე წყლულების გაჩენა. გამონაყარი ხელისგულებზე, ფეხისგულებსა და დუნდულებზე შეიძლება განვითარდეს 1-2 დღეში. დაავადება შეიძლება ვლინდებოდეს ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ნიშნითა და სიმპტომით, ან მხოლოდ რამდენიმე მათგანით.
ფიზიკური გამოკვლევა
პირ-ხახა ანთებითია, გაფანტულად ფიქსირდება პაპულები, მაკულები, ვეზიკულები ან წყლულები ერითემული ფუძით ენაზე, ხახაში, ლოყის ლორწოვან გარსზე, ღრძილებზე და ზოგჯერ ტუჩებზე. თუ ბავშვი გვიან მოიყვანეს, აღინიშნება მხოლოდ მოყვითალო წყლულები, რადგან ვეზიკულები საკმაოდ მალე სკდება. წყლულის ზომა მერყეობს 4-8 მმ ფარგლებში და შესაძლოა წარმოდგენილი იყოს ბასრი საზღვრებით. დაზიანებები ძირითადად არ ვრცელდება რბილ სასაზე, ასევე იშვიათია გავრცელებული დაწყლულება პირის ღრუში. ასევე შეიძლება განვითარდეს ენის ერითემა და შეშუპება.
როგორც წესი, აკრალური გამონაყარი პატარა ოვალური ან ხაზოვანი ნაცრისფერ-თეთრი ბუშტუკებით ჩნდება ხელისგულებსა და ფეხისგულებზე. ვეზიკულები ფხვიერია, თხელკედლიანი, ერითემატოზური რგოლით. ზოგჯერ მტკივნეულია და იწვევს ქავილს. ისინი წყლულებისკენ და ქერქისკენ მიდრეკილნი არიან. დაზიანებები ხორცდება 1 კვირის განმავლობაში. მაკულოპაპულური გამონაყარი შეიძლება გამოჩნდეს დუნდულებზე.[12] მცირეწლოვან ბავშვებში ყველა ნიშანი შეიმჩნევა, მაგრამ უფროს ბავშვებში შეიძლება დაფიქსირდეს მხოლოდ პირის ღრუს ან მტევნის ან ტერფის არის დაზიანებები.
[Figure caption and citation for the preceding image starts]: ხელის მტევნის, ტერფისა და პირის ღრუს დაავადება. პირის ღრუს გარშემო არსებული გამონაყარი 1 წლის ბიჭში, რომელსაც აღენიშნება ხელის მტევნის, ტერფისა და პირის ღრუს დაავადება (HFMD). HFMD გამოწვეულია picornaviridae-ის ოჯახის ნაწლავური ვირუსების მიერ. HFMD-ის გამომწვევი ყველაზე ხშირი შტამებია კოქსაკის A ვირუსი ტიპი A16 და ენტეროვირუსი 71 (EF-71).ექიმი P. Marazzi/სამეცნიერო ფოტოგრაფიული ბიბლიოთეკა [Citation ends].[Figure caption and citation for the preceding image starts]: ხელის მტევნის, ტერფისა და პირის ღრუს დაავადება. მტევანზე არსებული გამონაყარი (ვეზიკულები) 3 წლის ბიჭში, რომელსაც აღენიშნება ხელის მტევნის, ტერფისა და პირის ღრუს დაავადება (HFMD). HFMD გამოწვეულია picornaviridae-ის ოჯახის ნაწლავური ვირუსების მიერ. HFMD-ის გამომწვევი ყველაზე ხშირი შტამებია კოქსაკის A ვირუსი ტიპი A16 და ენტეროვირუსი 71 (EF-71).ექიმი P. Marazzi/სამეცნიერო ფოტოგრაფიული ბიბლიოთეკა [Citation ends].
ენტეროვირუსი 71-ის ინფექციის დროს გამონაყარი შეიძლება იყოს პაპულური სახის და თან ერთვოდეს პეტექიები. შესაძლოა შეინიშნებოდეს ერითემის დიფუზური მიდამოები ტანსა და კიდურებზე. ამასთანავე ვლინდება ღებინება და მაღალი ცხელება >39°C (>102.2°F) , რომელიც, როგორც წესი, გრძელდება >3 დღის განმავლობაში და თან ახლავს თვის ტკივილი და გაღიზიანებადობა. აღნიშნული ვირუსით გამოწვეული ინფექცია უფრო მძიმედ მიმდინარეობს და ხასიათდება მძიმე გართულებებისა და ფატალობის მნიშვნელოვნად მაღალი სიხშირით.[7][8][9][10]
ლაბორატორული ტესტები
ლაბორატორიული კვლევები შესაძლოა საჭირო გახდეს თუ ეჭვი გვაქვს EV71-თან ექსპოზიციაზე, მაგალითად აღმოსავლეთ ან სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში მოგზაურობის დროს. გამომწვევი ვირუსის იდენტიფიცირების მიზნით, უმჯობესია განავლის ან ვეზიკულას სითხის კულტურის დათესვა, თუმცა შეიძლება ხახის ნაცხის გამოყენებაც. პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის მოლეკულური ტესტირებით სწრაფად არის შესაძლებელი კოქსაკის ვირუსის A16 და EV71 გარჩევა, თუმცა ეს კვლევა ფართოდ ხელმისაწვდომი არ არის. რუტინულად არ არის საჭირო სისხლის საერთო ანალიზი, მაგრამ თუ კეთდება, ავლენს მომატებულ ლეიკოციტებს და ატიპურ ლიმფოციტებს.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას